logo_geo
ვინ არის ნინო სურგულაძის რჩეული - ექსკლუზიური დეტალები მეცო-სოპრანოს პირად ცხოვრებაზე
- +

28 დეკემბერი. 2019. 16:40

 

 

 

მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე მალე ტყუპის დედა გახდება. ქართველი სოპრანოს რჩეული, 39 წლის პროფესიით იურისტი - გიორგი ინწკირველია. ის ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.

 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა მომღერალს და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

- საქართველოში იშვიათად ჩამოდიხარ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

- მე და გიორგი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ ხშირი ურთიერთობები არ გვქონია, ძირითადად, მიზეზი ჩემი სამუშაო გრაფიკია. წელს, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. რამდენჯერმე, მეგობრულ წრეში შევხვდით ერთმანეთს.

 

 

- პირველი გრძნობა...

 

- მე და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რომ რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი, არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან, ორ შვილს ველოდებით.

 

- სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება?

 

- ახლაც ვერ ვხვდები, რა მოხდა. ხდება ზოგჯერ, რომ დიდი ხანი იცნობ ადამიანს და უცებ, სულ სხვა - საოცრად ძლიერი გრძნობა იბადება. იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და უკვე, სამი თვეა ერთად ვართ.

 

- ელოდით ასეთ დიდ სასწაულს?

 

- ორივე ძალიან ბედნიერები ვართ და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უფლისგან საოცარი საჩუქარი მივიღეთ. ჩემი გინეკოლოგი შოკში ჩავარდა, რომ გაიგო ჩემი ამბავი. ხელოვნურად რომ ფეხმძიმდებიან, მაშინ არ ორსულდებიანო. ყოველთვის მინდოდა ოჯახი და შვილები, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან სწრაფად აეწყო. ჩემი აზრით, ქალის ცხოვრებაში მთავარი შვილებია. სულ ვოცნებობდი და ჩემი მთავარი მოწოდება იყო - დედა გავმხდარიყავი.

 

 

- ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, ღმერთმა ინება?

 

- დღემდე შოკში ვარ. მიხარია, რომ ეს ბავშვები სიყვარულის ნაყოფია და უკვე სასწაული გრძნობა გამიჩნდა მათ მიმართ. ყველაფერს თავი დრო აქვს და ყველაფერი ზევიდან წყდება. უფლისგან მოდის და მერე ჩვენ ვიღებთ ამ საქმეში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ როცა ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს, გულით უნდა, ის აუცილებლად ეძლევა უფლისგან.

 

- რას უსურვებდით საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს?

 

- ამ ახალ წელს, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, ჩემს თაყვანისმცემლებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა - ბედნიერება, ჯანმრთელი შვილები, ჯანმრთელი მომავალი ვუსურვო.

 

 

ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს განსაკუთრებულად ბედნიერი და უდიდესი სიხარულის მომტანი. ვთვლი, რომ  ქართველი ერი და საქართველოს მოსახლეობა, ნამდვილად იმსახურებს წყნარ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას. 

 

- თქვენი მშობლების რეაქცია...

 

- ორივე მშობელი ცოცხალი მყავს და მიხარია, რომ ჩემს შვილებს მოესწრებიან. დედაჩემს, განსაკუთრებით გაუხარდა. ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, არაფერი ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერი არ გაგიკეთებია და გადაგიწყვეტია, ალბათ მართალია.

 

 

- რა გეგმები გაქვთ წინასაახალწლოდ?

 

- დაგეგმილი მაქვს საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება,  სადაც ჩამოდის ისრაელის წარმომადგენლები, როგორც პოლიტიკური ელიტის, ასევე ბიზნესმენები. ეს არის ერთობლივი პროექტი - „ნატვრის ხის„ და ბიზნესპალატის, რომლის ხელმძღვანელია - იციკ მოშე. ეს, უპეცენდენტო შემთხვევაა, რადგან ასეთი წარმომადგენლობის დელეგაცია, ჯერ საქართველოს არ ჰყოლია. მათი პროექტის მიზანია, დაეხმარონ ბავშვებს და ამის გამო ერთი დღით ეწვევიან თბილისს. თითქმის ყველა ბილეთი, უკვე გაიყიდა. შესრულდება განსაკუთრებული რეპერტუარი. ეს არის სოლო კონცერტი. მაგრამ ჩემთან ერთად იქნება ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც მსოფლიოში დიდი წარმატებით მოღვაწეობს, განსაკუთრებით პარიზში. არის არაჩვეულებრივი პიროვნება, უნიჭიერესი მუსიკოსი, პიანისტი, რომელიც გვერდში მიდგას და ერთად ვგეგმავთ საახალწლო დღესასწაულს ბავშვებისთვის. მომავალში, სარვამარტოდ ვგეგმავთ კონცერტს, მაგრამ ამის შესახებ მომავალ წელს ვისაუბრებ.

 

გარდა ამისა, მიხარია რომ ჩემი პატარებიც მოისმენენ ამ საოცარ მუსიკას, ვიცი, რომ ეს ძალიან კარგია ბავშვებისთვის.

 

- როგორც ჩანს, საქართველოში დიდიხანს აპირებთ დარჩენას...

 

- ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს - დაგეგმილი მაქვს კონცერტები ჩინეთი და მონტეკარლოში. სავარაუდოდ, ჩემი გინეკოლოგი გამიწევს რეკომენდაციას და როგორც მირჩევს ისე გადავწყვეტ. არ მინდა, რომ შევჩერდე. უფრო მეტი ენერგია მაქვს და შემართება. ამჯერად, მხოლოდ წლის ბოლოს დაგეგმილ კონცერტს ველოდები.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი