logo_geo
რა შემოთავაზებები მიიღო ალექსანდრე ზაზარაშვილმა „ჰოლივუდიდან“ და რა იმედგაცრუებებმა გააღვიძა მასში მეტის კეთების სურვილი
- +

21 იანვარი. 2020. 13:06

 

გასული წელი მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ის საკუთარი მიღწევებით არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში და არა მხოლოდ მშობლიური საქართველოს, სხვა ქვეყნების მსმენელის განსაკუთრებული სიყვარულიც დაიმსახურა. თუმცა, წარმატებამდე საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოიარა. საუბარი ბოლო გამარჯვებით დავიწყეთ.

 

-„ვოის გლობალმა“ გამოაცხადა გამარჯვებულების ტოპ-ათეული, რომელშიც პირველი ადგილი ავიღე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მათ რამდენიმე ნომინაცია აქვთ და მე ამის გარდა, კიდევ რამდენიმე მივიღე. ერთ-ერთი იყო „2019 წლის საუკეთესო გამომსვლელი“, შემდეგი – „ვოისის ისტორიაში საუკეთესო ბიჭი მომღერალი“ და პირველი ადგილი ტოპ-ათეულში. როდესაც პირველად მივიღე „ვოის გლობალის“ ნომინაცია, ძალიან გახარებული ვიყავი. „ვოისში“ მილიონობით ბავშვი იღებს მონაწილეობას. ეს პროექტი ევროპის მასშტაბით ყველა ქვეყანაშია და მილიონ ბავშვში რომ გამოგარჩევენ, ათეულში მოხვდები და მათგან პირველ ადგილს აიღებ, ძალიან დიდი ბედნიერებაა.

აქამდე ძალიან დიდი გზა გამოვიარე. დიდი შრომის მიუხედავად, იყო ბევრი გულისტკენა და იმედგაცრუებები. მაგრამ თუ არ იშრომებ და უბრალოდ, დაჯდები, ვერაფერს მიაღწევ. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც ამ დროში მინდოდა და წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები მაქვს.

 

ზოგს იმედგაცრუებები ფარ-ხმალს აყრევინებს. შენ შემთხვევაში პირიქით მოხდა?

 

– ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი იყო ყოველი იმედგაცრუება. გულისტკენები ჩემში აღვიძებდა ჟინს, რომ კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა. „ვოისში“ რომ გამოვდიოდი, მინდოდა, იმ ხალხისთვის, ვინც იმედგაცრუება მომიტანა, დამამეტკიცებინა, რომ მე ეს შემეძლო. ისე მოხდა, რომ მართლა დავამტკიცე. თუმცა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვისაც იმედგაცრუების გამო გული გაუტყდა და სიმღერა აღარ უნდათ. მათიც მესმის, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე. სამი ადამიანი თუ „არას“ გეტყვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოსთვის ცუდი ხარ. პირიქით, მეტი უნდა გააკეთო, რომ ისინი შეგეხვეწონ. საკუთარი თავისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლო.

 

შენი პატარაობა გავიხსენოთ, რა გიყვარდა, რა გაინტერესებდა?

 

– ქარელის რაიონის სოფელ რუისში დავიბადე. მამა წარმოშობით კარალეთიდანაა, მაგრამ დაბადებიდან რუისში, დედაჩემის სოფელში ვცხოვრობ. სიმღერა სამი წლის ასაკში დავიწყე. ჩემი და დადიოდა მუსიკალურ სკოლაში. ერთხელ გავყევი და გაკვეთილზე დავესწარი. მასწავლებელი ამღერებდა ბავშვებს. რაღაც არ მოეწონა და გაამეორებინა. მეც ჩემთვის ვმღეროდი ხმადაბლა, მასწავლებელი თანდათან მიახლოვდებოდა, რომ უფრო კარგად გაეგო, ვისი ხმა იყო. ეგონა, გუნდში მღეროდა ვიღაც და აღმოაჩინა, რომ მე ვიყავი. შემდეგ ჩემს მშობლებს დაელაპარაკნენ და გადაწყვიტეს, რუისის სამუსიკო სკოლის გუნდში მივეყვანე, მაშინ ნანა ღამბაშიძე იყო დირექტორი. შემდეგ ბევრი წარმატება მქონდა. მინდოდა, საკუთარი თავი უფრო ღიად წარმომეჩინა, როგორც სოლო მომღერალს. გორში მიმიყვანეს ნანა სამხარაძესთან და დავიწყე საესტრადო სიმღერების შესწავლა. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ საოპერო სიმღერები მესწავლა. ძალიან ბევრ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას.

პატარაობაში სტიქაროსანი ვიყავი ყინწვისის მონასტერში, მამა შიოსთან. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორ უნდა ქრისტიანულად ცხოვრება და სიკეთის კეთება. მამა დადიოდა და კვირაობით, ხანდახან, მეც ვრჩებოდი ხოლმე მონასტერში.

მომღერლობის გარდა, კიდევ ერთი ოცნება მაქვს, ძალიან მინდა, მსახიობი გამოვიდე. გარდა ამისა, ძალიან კარგად მეხერხება ვიდეოების დამონტაჟება. სხვა ქვეყანაში რომ მივდივარ, ვიდეოებს ვიღებ და ვამონტაჟებ, ჩემი „იუთუბ არხი“ მაქვს და იქ ვაქვეყნებ „ზაზარას ვლოგი“ ჰქვია. მინდა, ხალხს მოვუყვე, როგორია ჩემი ერთი დღე. ბევრ ადამიანს არ აქვს ჩვენს ქვეყანაში შესაძლებლობა, თუნდაც იმის, რომ სხვა ქვეყანაში გადაფრინდნენ და მინდა, ინფორმაციის დონეზე მაინც, ჩემგანაც გაიგონ.

 

როგორც ვიცი, შენს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი საოპერო ვარსკვლავსდავით ღვინიანიძეს მიუძღვის.

 

– დავით ღვინიანიძის ფონდი საქართველოში ატარებდა კონკურსს „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ და გავიგე, რომ გამარჯვებულები ამერიკაში მიჰყავდა, „კარნეგი ჰოლში“ სამღერლად. გადავწყვიტე, მეც მიმეღო მასში მონაწილეობა. თუმცა იმ მომენტში, ჩემს ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ იმ პროექტამდე მივსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩამოსასვლელად მინიმალურ თანხაზე იყო საუბარი. იმ დღეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო. კონკურსზე რომ მივდიოდი, მეტროშიც გავიჭედე (იცინის). თუმცა, მაინც მოვახერხე  მისვლა და ვხედავ, რომ ძალიან მკაცრი ჟიურია. ყველა კონკურსანტის გამოსვლას თავჩაღუნულები უსმენდნენ და რაღაცებს წერდნენ. როგორც კი ამოვიღე ხმა, სამივემ თავი ასწია და ვიფიქრე: ვსიო, ამერიკაში მივდივარ-მეთქი (იცინის). ასეც მოხდა. შემდეგ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში გვქონდა კონცერტები. დავით ღვინიანიძის დახმარებით, ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე „ჰოლივუდიდან“. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია.

 

თქვი, რომ თბილისში ჩამოსასვლელად ელემენტარულ თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ იმ მომენტში ოჯახს საშუალება არ ჰქონდაო. საქართველოში ეს მდგომარეობა ბევრი ოჯახისთვისაა ნაცნობი. დღეს შეიძლება, ამ ინტერვიუს კითხულობდეს ბავშვი, რომელსაც მატერიალურად უჭირს და ფიქრობს, რომ ოცნებების ასრულების საშუალება არ ექნება. ამიტომ მინდა, შენი ცხოვრების შესახებ ამ კუთხით მოუყვე.

 

– ოჯახის ძალიან მადლობელი ვარ ჩემი წარმატების გამო. არიან მშობლები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ, მაგრამ შვილს იმდენს ვერ უკეთებენ, რამდენსაც ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მშობლებს არ შეუძლიათ მათი სათანადოდ წარმოჩენა. იმის თქმა მინდა, რომ მთავარი მატერიალური მდგომარეობა კი არა, ოცნება და მონდომებაა. ადამიანი, რომელსაც პატარა ოცნებები აქვს, ცოტას მიაღწევს და ვისაც დიდი აქვს – დიდს. მე და ერთი ჩემი მეგობარი ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობდით. ის ამბობდა, რა  მაგარი იქნება, დიდი რომ გავიზრდები, კარგ რესტორანში ვიმღეროო და მე ამ დროს ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ასეთ რამეზე იოცნებო ადამიანმა? მე პატარაობიდანვე ასეთ წარმატებაზე ვოცნებობდი და როგორც ჩანს, მივაღწიე. თუ იოცნებებენ და იშრომებენ, მიაღწევენ. მატერიალური შესაძლებლობები მეორეხარისხოვანია. „რანინას“ პროექტის დროს ბებიას ყოველდღე ჩამოვყავდი სოფლიდან თბილისში და ძალიან ხშირად უწევდა ფულის სესხება, თუნდაც იმისთვის, რომ გზის ფული გადაეხადა. მაგრამ დღეს ასე აღარ გვჭირდება.

 

დღეს უკვე შენ ხარ შემოსავლის წყარო და როგორც ვიცი, სხვებსაც ეხმარები.

 

– დღეს ექიმთან ფული გადავიხადე და გაოცებულმა მკითხა, შენ იხდიო?! მე რა ბედნიერებაც ამერიკაში განვიცადე, მინდოდა, იგივე ეგრძნოთ სხვა ბავშვებსაც. ამიტომ, დავბრუნდი თუ არა, რამდენიმე დღეში ქარელის ბავშვთა სახლში მივედი საჩუქრებით და ძალიან გაუხარდათ. ერთ-ერთს რომ ვკითხე, შემდეგ ჯერზე რა მოგიტანო-მეთქი? მიპასუხა, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება, შენ რომ მოხვალ და გვიმღერებო. სიხარულისგან ლამის ვიტირე. ასევე, სურამში საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე გიორგი დოგაძის დასახმარებლად. მას საქართველოში სისხლის გათეთრება დაუდგინეს, მაგრამ თურქეთში უთხრეს, რომ ეპილეფსია ჰქონდა და შესაბამისი მკურნალობა იყო საჭირო. ძალიან მინდა, ბავშვებს მომავალშიც დავეხმარო.

 

შენ თუ გქონდა ოდესმე შეგრძნება, რადგან ჩემს მშობლებს ბევრი ფული არ აქვთ, ოცნებებს ვერ ავიხდენო?

 

– არასდროს. ჩემს მშობლებს ძალიან ბევრჯერ მოსთხოვეს ფულის გადახდა პროექტში გამარჯვების სანაცვლოდ. როცა ეს გავიგე, მშობლებს ვუთხარი, თქვენ თუ ჩემი ნიჭის დაფასებაში ერთ კაპიკს მაინც გადაიხდით, მე საერთოდ დავანებენ ყველაფერს თავს-მეთქი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი