logo_geo
როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი?
- +

29 თებერვალი. 2020. 22:44

 

 

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენს კალენდარს ერთი ზედმეტი დღე ემატება. ასეთ წელს კი ნაკიანი ეწოდება. მე-16 საუკუნეში დანერგილი კალენდრის თანახმად, 1 წელი 365 დღისგან შედგება. თუმცა ამ ციფრს მიღმა, ყოველ წელს ზედმეტი 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი რჩება. ოთხი წლის განმავლობაში კი ეს დრო იკრიბება და ერთ დღე-ღამედ ყალიბდება, რათა ჩვენი და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის დრო ერთმანეთს დაემთხვეს (როგორც ცნობილია, დედამიწა მზის გარშემო სრული ციკლის შესრულებას 365, 2422 დღეს ანდომებს).

 

 

 - ყველაფერში დამნაშავე იმპერატორია?

 

 

 - დიახ. იულიუს კეისრის მმართველობის დროს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1-ლი საუკუნე) ასტრონომებს რომაული კალენდრის სრულყოფა დაევალათ. ამ უკანასკნელის მიხედვით, 1 წელი 355 დღისგან შედგებოდა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კი კალენდარს 22 დღისგან შემდგარი 1 თვე ემატებოდა. რომაელებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ კალენდარი წელიწადის დროების ცვლილებას საგრძნობლად ჩამორჩებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა დღეს მოქმედი კალენდარი, რომლის მიხედვითაც 1 წელი 365 დღისგან შედგება და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 1 დღე ემატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკიანი წელიც ძველი რომიდან მოდის.

 

 

ივლისი არის თვე, რომელსაც ადრე კვინტილისი ერქვა და იმპერატორის (იულიუს კეისარი) საპატივცემულოდ შეუცვალეს სახელი. ის 31 დღისგან შედგებოდა. ზაფხულის მომდევნო თვეს აგვისტო (ადრე - სექსტილისი) ოქტავიანე ავგუსტუსის სახელის შესაბამისად დაერქვა და ის 30 დღისგან შედგებოდა. მე-13 საუკუნეში ფრანგი მეცნიერის მიერ გაკეთებული ჩანაწერების თანახმად, როდესაც რომის იმპერატორი იულიუს კეისრის შვილიშვილი ოქტავიანე ავგუსტუსი გახდა, მან მოისურვა, რომ მისი სახელის მატარებელი თვეც ისეთივე მნიშვნელოვანი გამხდარიყო, როგორც ივლისი. აგვისტოს დღეების რაოდენობა რომ 31-მდე გაეზარდათ, ის 1 დღე  წაართვეს თებერვალს, რომელიც ჩვეულებრივ წელს 29 დღისგან შედგებოდა, ნაკიან წელს კი - 30-სგან.

 

 

თუმცა კალენდართან დაკავშირებული ექსპერიმენტები ამით არ დამთავრებულა. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, წელი, რომელიც 4-სა და 100-ზე იყოფა, მაგრამ 400-ზე არა, ტექნიკურად ნაკიან წლად არ ითვლება. ამიტომაც 2000 და 1600 წლები ნაკიანი იყო, 1700, 1800 და 1900 კი - არა. ეს წესი იძლევა საშუალებას, რომ დედამიწის ორბიტასთან დაკავშირებით, კალენდრის გარკვეული კორექტირება მოხდეს.

 

 - არის თუ არა დაკავშირებული ნაკიან წელთან ქალთა თანასწორუფლებიანობა?

 

 

- ნაკიან წელთან ქორწინების სფეროს ბევრი რიტუალი და ცრურწმენაა დაკავშირებული. კერძოდ, საბერძნეთში ზოგიერთი წყვილი ნაკიან წელს ქორწინებისგან თავს იკავებდა. ამის მიზეზი იყო შიში, რომ ამ დროს მიღებული ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება წარუმატებელი იქნებოდა. ამავდროულად ითვლება, რომ მხოლოდ ნაკიან წელს შეუძლია ქალს, რომ სასურველ კაცს დაქორწინება შესთავაზოს. ეს ტრადიცია მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული. მაშინ ძირითადად ქალები თავიანთ ხელსა და გულს საფოსტო გზავნილების მეშვეობით სთავაზობდნენ. ამ ტრადიციის ფესვები შორეულ წარსულშია, თუმცა ზუსტი დროის დადგენა ძალიან რთულია.

 

 

ზოგიერთები ამ ტრადიციას აკუთვნებენ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეს, როდესაც ირლანდიელმა მონაზონმა, წმინდა ბრიგიტამ წმინდა პატრიკს შესჩივლა, რომ ქალებს დიდხანს უწევდათ ლოდინი, სანამ მათი თაყვანისმცემლები ცოლობას სთხოვდნენ. ლეგენდის თანახმად, წმინდა პატრიკმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ქალს შეეძლო კაცისთვის ქორწინება თავად შეეთავაზებინა.

 

 

მეორე, კიდევ უფრო საეჭვო ვერსიის თანახმად, ამ ტრადიციის მიღმა შოტლანდიის დედოფალი მარგარიტა დგას. მან 1288 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, გასათხოვარ ქალებს კაცისთვის ქორწინების შეთავაზება ნაკიან წელს შეეძლოთ. ამავე კანონის მიხედვით, თუ კაცი ქალს უარს ეტყოდა, მას ჯარიმა ეკისრებოდა. თუმცა ისტორიკოსებმა, რომლებიც შოტლანდიის ისტორიის ამ პერიოდს სწავლობდნენ, მსგავსი კანონის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვეს.

 

 

ასეა თუ ისე, ტრადიცია არსებობდა და ის ზოგიერთისთვის ქალთა თანასწორუფლებიანობის სიმბოლო იყო. სხვებისთვის კი დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ტრადიციულად ქალსა და კაცს საზოგადოებაში სხვადასხვა როლი ენიჭებოდა.

 

 

1914 წელს, იმ დროის ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ელისაბედ გილმერმა დაწერა: „ეს პრეროგატივა, რომელიც ქალებს ნაკიან წელს მიანიჭეს, ისევე როგორც თავისუფლების ყველა სხვა ფორმა, არაფერია, თუ არა დაცინვა!“.

 

 

 - იზრდება თუ არა ნაკიან წელს სამუშაო დღეების რაოდენობა?

 

 

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ თქვენ ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასს  იღებთ, ნაკიანი წლის განმავლობაში დამატებით 1 დღეს ანაზღაურების გარეშე მუშაობთ. თუმცა ასეთი ეკონომიკური გათვლები არც ისე მარტივია. ბევრ სტატისტიკურ ანგარიშში,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლისას წლები თანაბრდება. ყოველი წლის საფუძვლად კი ითვლება თებერვალი, რომელშიც 28 დღე და ერთი დღის მეოთხედი შედის. ამ დროს სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ნაკიანია ის წელი თუ არა.

 

 

ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით,  მერილენდის შტატის (აშშ) სკოლის მასწავლებლებმა 2008 წელს დაიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებდნენ ყველას, რომ 29 თებერვალს არ ემუშავათ. თუმცა ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და 29 თებერვალი არც დასვენების დღედ გამოუცხადებიათ.

 

 

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ამ კატეგორიის აზრით, თებერვლის თვეში, იქნება ის ნაკიანი თუ არა, მაინც ნაკლები სამუშაო დღე გამოდის, ვიდრე - სხვა თვეებში.

 

 

დღეს მოქმედი კალენდრის ყველაზე პოპულარული ალტერნატივაა მსოფლიო კალენდარი, რომელიც 1930 წელს ნიუ იორკში შეიქმნა. მისი ავტორების შეთავაზებით, უმჯობესია, 29 თებერვალი 31 ივნისს გადაიტანონ და ეს დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უქმედ გამოცხადდეს.

 

 

 

 - დაბადების დღე 4 წელიწადში ერთხელ - ეს კარგია თუ ცუდი?

 

 

- ალბათ არც ისე კარგი, თუმცა გარკვეული ხიბლი შეიძლება ამასაც ჰქონდეს. 29 თებერვალს დაბადებული ადამიანი თავისი ნამდვილი იუბილეს აღნიშვნას მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ახერხებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კატეგორიაში მოხვედრის ალბათობა არც ისე დიდია. სტატისტიკის თანხმად, 29 თებერვალს დაბადების შანსი 1461 ადამიანიდან მხოლოდ 1-ს აქვს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 29 თებერვალს დაბადებული 4,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 29 თებერვალს დაიბადნენ მე-18 საუკუნის ინგლისელი პოეტი ჯორჯ ბაირონი, რომის პაპი პავლე მესამე, მსახიობი ალექს როკო და სხვ.

 

 

29 თებერვალს დაბადებულებს თავიანთი იუბილეს აღნიშვნა ტექსასის შტატის ქალაქ ენტონიში შეუძლიათ. სწორედ ეს ქალაქი ითვლება ნაკიანი წლის თვითგამოცხადებულ მსოფლიო დედაქალაქად. 4 წელიწადში ერთხელ ადგილობრივი ხელისუფლება მართავს ფესტივალს, რომელიც 29 თებერვალს დაბადებულებს ეძღვნებათ.

 

 

big_banner
არქივი