logo_geo
ნათია ინაური - ჟურნალისტი, რომელმაც საპარლამენტო ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცის
- +

13 მარტი. 2017. 17:03



ნათია ინაური უკვე წლებია, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტია, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა საიტს „ინტერპრესის" სახელით იცნობდნენ.


გასულ წელს რედაქციამ საინტერესო თემებისა და მკითხველისთვის ბევრი ექსკლუზიური ინფორმაციის მიწოდებისთვის, წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელა.


„სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც სააგენტომ საუკეთესო ჟურნალისტის სტატუსი მომანიჭა. დიდი მადლობა ნიუსრუმს ამისთვის. ჩვენი ყველა ჟურნალისტი, რედაქტორი, თითოეული ადამიანი, რომელიც პროდუქტს „ინტერპრესნიუსისთვის" ქმნის, საკუთარი პროფესიონალიზმით ერთმანეთზე საუკეთესოა. ამიტომაც არის „ინტერპრესნიუსი" წლების განმავლობაში რეიტინგული და სანდო საინფორმაციო საშუალება. ამიტომ, ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი", - ამბობს ნათია ინაური.


იმის გამო, რომ ამ ადამიანის თვალწინ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის მუშაობამ ჩაიარა, ვინაიდან ძირითადად პარლამენტის საქმიანობას აშუქებს, სწორედ მას ვთხოვეთ, ჟურნალისტის თვალით შეეფასებინა ბოლო ათწლეულის საქართველოს პარლამენტის საქმიანობა.


- საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას 2004 წლის მოწვევის პარლამენტიდან აქტიურად ვაშუქებ. 2016 წლის მოწვევა რიგით მეოთხე პარლამენტია ჩემთვის. პარლამენტის საქმიანობას, პირველ რიგში, იმ კუთხით ვაკვირდები, ის, როგორც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, რამდენად ართმევს თავს კონსტიტუციით დაკისრებულ მთავარ ვალდებულებასა და უფლებამოსილებას - კონტროლი გაუწიოს მთავრობის საქმიანობას. პარლამენტს ამომრჩეველი მხოლოდ კანონების მისაღებად არ ირჩევს, მისი უმთავრესი ფუნქცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, მთავრობის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობაა, რასაც მას კონსტიტუცია აკისრებს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ერთგვარად დამახინჯებული და არასწორი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. მოგეხსენებათ, 2004 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი და დღეს სახელისუფლო უმრავლესობას „ქართული ოცნება" წარმოადგენს.


მაშინაც და, სამწუხაროდ, ახლაც არის მოცემულობა, როცა მთავრობა და მისი წევრები კი არ გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად პარლამენტის წინაშე, არამედ პირიქით - პარლამენტში მყოფი უმრავლესობა თავად მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად მთავრობის წინაშე. „ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ისინი ერთი გუნდის წევრები არიან და მათ შორის დამოკიდებულებაც იმდაგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ ზღვარი, როცა პარლამენტი ვალდებულია, დაიბაროს და პასუხები მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ და ნდობაგამოცხადებულ მინისტრებს, პრაქტიკულად, გამქრალია. ეს ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და იგივე ტენდენცია მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში გრძელდება ახლაც. ყველაფერი პირიქითაა... ამის ერთ-ერთი საუკეთესო დასტურია ის, რომ წინა მოწვევის პარლამენტს არც ერთხელ არ გამოუყენებია ისეთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინსტრუმენტი, როგორიცაა „სამთავრობო საათი".


- რას გულისხმობ?


- პარლამენტის რეგლამენტი საპარლამენტო კონტროლის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ასეთი ფორმა პლენარულ სხდომაზე „სამთავრობო საათის" გამართვაა, როცა ფრაქციას, დეპუტატთა ჯგუფს უფლება აქვს, მთავრობას, რომელიმე მინისტრს შეკითხვით მიმართოს და ისინი ვალდებული არიან, დასმულ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხონ. რეგლამენტის მიხედვით, „სამთავრობო საათი" ყოველი თვის ბოლო პარასკევს შეიძლება გაიმართოს, მაგრამ „ქართული ოცნების" უმრავლესობით ფორმირებულ პარლამენტში „სამთავრობო საათი" არათუ ყოველი თვის ბოლო პარასკევს, არამედ არც ერთხელ არ გამართულა.


2004 და 2008 წლების მოწვევის პარლამენტებში სააკაშვილის მინისტრები „სამთავრობო საათზე" მოდიოდნენ, მაგრამ არა იმ ამოცანითა და მისიით, რომ ოპოზიციური ფლანგიდან წამოსული კრიტიკული კითხვები და ეჭვები გაეფანტათ. პარლამენტი მაშინაც სუსტი იყო და მთავრობა მას არანაირ ანგარიშს უწევდა, მაგრამ წინა ხელისუფლება საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანისა და, გნებავთ, პიარისთვის პარლამენტის ტრიბუნას კარგად იყენებდა.


- მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ჟურნალისტი ხარ და საპარლამენტო საქმიანობის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ქმედება გინახავს, ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ რა მოლოდინები გაქვს ხოლმე?

 

- ყოველ ჯერზე უკეთესი შემადგენლობის პარლამენტს ველოდები - ბუნებრივია, მსურს ჩემი ქვეყნისთვის ცვლილებები უკეთესობისკენ, მის უფრო პოლიტიკურ  სივრცეში. სამწუხაროდ, იმედგაცრუებული ვარ. ალბათ, საქართველოში ჯერ ისევ დრო და სხვა მენტალობისა და ყაიდის პოლიტიკოსები სჭირდება იმას, რომ პარლამენტში სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს არ მოერიდოთ მათ მიერვე ნდობაგამოცხადებული მინისტრების პარლამენტის სხდომაზე დაბარება და კითხვებით საჯაროდ მიმართვა, როცა თავს არ შეიკავებენ და საჭიროების შემთხვევაში, სესიაზე პრემიერ-მინისტრის წინაშე მთავრობის რომელიმე წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამენ.


- რომელი მოწვევის პარლამენტში გეადვილებოდა და გსიამოვნებდა საქმიანობა?

 

- ბევრჯერ მითქვამს, რომ როდესაც რომელიმე პოლიტიკოსისთვის თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის მისაღები ჟურნალისტი ხდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს პროფესიულ საქმიანობაში რაღაც ვერ არის კარგად. ჟურნალისტებს, მით უფრო პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს შორის ბუნებრივად არსებობს ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი - კარგი ჟურნალისტი ყოველთვის ცდილობს, ინფორმაცია ისეთ თემებზე მოიპოვოს, ისეთი მოვლენები გააშუქოს, რის დამალვასაც პოლიტიკოსები ცდილობენ და რის გაშუქებაშიც ხელს გიშლიან. სხვათა შორის, ერთ-ერთი დეპუტატისთვის დამჭირდა იმის თქმა, რომ როდესაც ის ჩათვლიდა, რომ კარგი ჟურნალისტი ვიყავი, ეს პირადად ჩემთვის იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, როგორც საჭიროა. ჩემი ეს ნათქვამი ეწყინა და უტაქტობად შეაფასა.


- რას ფიქრობ, როგორი უნდა იყოს პარლამენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში სწორად წარიმართოს პროცესები?

 

- პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, რომელიც ბუნებრივია, უნდა იყოს ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული და გავლენიანი, რომლის სიტყვას და გადაწყვეტილებას  ფასი ექნება. პარლამენტი მაშინ არის პარლამენტი, როდესაც მთავრობისაგან მის წინაშე ანგარიშვალდებულებას ითხოვს და ამ მხრივ კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას ახორციელებს. როცა ყველაფერი პირიქითაა, პარლამენტის ნაცვლად, ვიღებთ პარლამენტის ბუტაფორიას და ასეთი პოლიტიკის პირობებში, თავად სახელმწიფო ხდება ბუტაფორიული.


წლების მანძილზე პარლამენტის არაერთი წევრის საქმიანობას ვაკვირდები და ის, ვინც მინდა, განსაკუთრებულად გამოვარჩიო, არის ვახტანგ ხმალაძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ხმალაძე მაშინდელ უმრავლესობაში გამონაკლისივით იყო თავისი პრინციპულობითა და შეუვალი პოზიციით, რომელიც ყველა საკითხს ძალიან სკურპულოზურად იხილავდა. რა თქმა უნდა, იყო თემები, რაზეც, ჩემი შეფასებით, დათმობაზე წასულა. ეს ალბათ უფრო იმის გავლენა იყო, რომ წინა პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის გუნდსაც ხმალაძე წარმოადგენდა, მთავრობასთან კონსტრუქციული ურთიერთობების პოლიტიკას არჩევდა...


ლალი ფაცია


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი