logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძის შემოსილი ხატი ორსულებს შეეწევა
- +

12 მაისი. 2020. 16:02

 

 

 

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 12 წელია ხატებს ბისერებით მოსავს. საკუთარი ტექნიკა აქვს შემუშავებული. ამბობს, რომ უკვე დაწერილი ხატების რეპროდუქციებს აბრწყინებს და ახალ სიცოცხლეს სძენს. მისი ნამუშევრები ტაძრებსა და საქართველოს პატრიარქ ილია II-ის რეზიდენციებს ამშვენებს. ერთ ხატს კი, რომელიც ორსულთა განსაკუთრებულ შემწედ ითვლება, ოჯახებში დააბრძანებენ.

 

 

– ქალბატონო თამრიკო, როგორ დაიწყო ხატებთან თქვენი შეხება?

 

 

– ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ არ შემიძლია ავიტანო ნივთი, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ხშირად ქუჩაში, ეზოში მიპოვია ნივთი, სახლში წამომიღია და გამილამაზებია, შემიმკია, ლამაზი კომბინაციაც გამიკეთებია.

 

 

მაგალითად, სახლში ამოვიტანე ტოტი, რომელიც რაღაცნაირად შემეცოდა. სახლში მქონდა ბისერები, რომლებიც დავჭეჭყე და წებოთი დავამაგრე. ისე გაცოცხლდა და გალამაზდა… სახლში უამრავი ჯვარი გვაქვს, ხან ვინ გვჩუქნის, ხან ვინ და ამ ტოტს ახლა ჯვრების საკიდად ვიყენებთ. მე კი დაახლოებით 15 წელია პატრიარქის ნაჩუქარ ჯვარს ვატარებ.

 

 

პირველად ასე გამოვიყენე ბისერები. ერთ დღეს კი რომელიღაც რელიგიური ჟურნალიდან ამოღებულ მაცხოვრის ხატს შევამჩნიე, რომ ხელის ადგილი გადაკეცილი ჰქონდა და ისე შევწუხდი… რა მეღონა, აღარ ვიცოდი და გადავწყვიტე, დაზიანებული ხელი ბისერებით გამომესწორებინა. ხელი გავასწორე, მაგრამ ვეღარ გავჩერდი. მივყევი და რომ მივხვდი, მთელ ხატს ვმოსავდი, შუა გზაში გავჩერდი, რადგან არ მქონდა კურთხევა.

 

 

წავედი მოძღვართან, დეკანოზ გრიგოლ კუმელაშვილთან, რომელიც ლურჯ მონასტერში მოღვაწეობდა და საოცარი ადამიანი იყო. ვუთხარი, ასე და ასეა და, მგონი, არ მაქვს უფლება, სანამ კურთხევას არ მომცემთ-მეთქი. მაჩვენეო, მითხრა. მეორე დღეს მივაბრძანე ტაძარში. მითხრა, აუცილებლად გააგრძელეო.

 

 

დაწერილ ხატებს ვმოსავ და ალბათ უკვე 20-ზე მეტი შევმოსე. ისეთი წმინდანის ხატს არ ვეხები, რომლის ისტორიაც არ ვიცი. როცა ვიცი, როგორ გახდა წმინდანი, უფრო ახლოს მივდივარ მის ხატთან და თავს უფლებას ვაძლევ, შევეხო. ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ და უფრო ვაბრწყინებ.

 

 

– ფერებს თავისუფლად ირჩევთ თუ გარკვეული შეზღუდვები არსებობს ამ მხრივ?

 

 

– ზოგი ფერი არ მომწონს, მაგრამ, ხატის კანონიკურობიდან გამომდინარე, არ მინდა, ჩარჩოებიდან ამოვვარდე და ყველაფერს ვითვალისწინებ, თუმცა ხანდახან კი ვცვლი ტანსაცმლის ფერს. პასტელური ფერების ტრფიალი ვარ, მაგრამ რამდენიმენაირი ცისფერი შევიმუშავე, უცნაური მეთოდით. ერთი და იმავე ბისერისგან სხვადასხვა ფერი მიმიღია. ბისერს ვჩეჩქვავ რაღაც ეტაპამდე. ძალიან არ უნდა დაჩეჩქო, თორემ მერე ფქვილად იქცევა და ბზინვარებას კარგავს. დაჩეჩქვის შემდეგ ვიღებ ორივეს – მბრწყინავსაც და ფქვილისებურსაც. არაბრწყინვადი მასა ჩრდილების გაკეთებაში მეხმარება.

 

 

ყველაფერი ჩემი შრომითა და პრაქტიკით ვისწავლე. ამით ისე ვერთობი და დრო ისე შეუმჩნევლად გადის… ორ დღეზე მეტი არც ერთი ხატის შემოსვას არ მოვდომებივარ. რეპროდუქციას ვიღებ და ვმოსავ. ხატი უკვე დაწერილია, მასზე ნაფიქრია… ამიტომაც არასოდეს მომიწერია ხელი ხატზე, რომელიც შევმოსე. წლები გავა და იმ ოჯახებში, ვისაც ჩემი შემოსილი ხატები ვაჩუქე, თუ სიტყვიერად არ გადასცეს შთამომავლობას, არავის ეცოდინება, რომ თამრიკომ შემოსა.

 

 

როცა ვმოსავ და თვალსა და ხელშუა ბრწყინდება ხატი, ვიღაცის სახელს ჩავიფიქრებ ხოლმე და მას ვჩუქნი. ჩემს დებს ვაჩუქე, ნათლულებს, მაგრამ ჯერ ყველა ნათლულისთვის არ მიჩუქებია. გამახსენდება რომელიმე ადამიანი და მინდა, მის სახელზე ხატი შევმოსო, შესაბამის ხატსაც ვპოულობ. ასეთი უცნაურობა მჭირს. სახლში ჩემი შემოსილი ორი ხატი მყავს მხოლოდ, დანარჩენი ყველა გავაჩუქე.

 

 

კარგა ხანია, ხატი აღარ შემიმოსავს, რადგან, მოგეხსენებათ, ბოლო დროს შეუძლოდ ვიყავი, 5 ოპერაცია გავიკეთე თირკმელზე და ვგრძნობდი, რომ ამ საქმეს ვერ მოვერეოდი. როცა ხატს ვმოსავ, შეიძლება შუაღამეს ავდგე, დავჯდე და დილამდე ვიმუშაო.

 

 

ჩემი მარიამი (მომღერალი მარიამ როინიშვილი, ავტ.) დედობისთვის რომ ემზადებოდა, დიდ განცდებში ვიყავი. დედისთვის ეს დიდი სანერვიულოა, რადგან თავად აქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. როდესაც შვილი ამ მდგომარეობაშია, სულ ლოცვაში ხარ. ვამბობდი, ღმერთო, გამაკეთებინე ისეთი საქმე, რომელიც ჩემს შვილს დაეხმარება ამ ამბავში-მეთქი. ათას სისულელემდე მივდიოდი განცდებისგან. მერე ვიკითხე, ფეხმძიმეების შემწე ხატი რომელია-მეთქი. მითხრეს, ყველა ხატი ფეხმძიმეს შემწეა, მაგრამ განსაკუთრებულია რიაზანის ღვთისმშობელიო.

 

 

ამ ხატის რეპროდუქცია მაშინვე შევიძინე და ჩავუთქვი, სანამ ბოლომდე არ შევმოსავ, არ ავდგები, არც საჭმელს შევჭამ, არც წყალს დავლევ და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ფაქტობრივად ცრურწმენამდე მივედი.

 

 

დავჯექი დღის 12 საათზე და მეორე დილის 7 საათზე დავამთავრე. სწორედ იმ დღეს დაიბადა ელენე და ეს ისეთი უცნაური და საოცარი ამბავი იყო…

                                                                                               

 

– არ ელოდით ელენეს ამ დღეს დაბადებას?

 

 

– მალე უნდა დაბადებულიყო, მაგრამ იმ დღეს ნამდვილად არ ველოდით. ხატი დილის 7 საათზე დავამთავრე, ჩავსვი ჩარჩოში, მიკურთხა მოძღვარმა და გაჩნდა კიდეც ელენე. შუადღე იყო.

 

 

– როგორც მითხრეს, პატრიარქისთვისაც მიგირთმევიათ თქვენი შემოსილი ხატი.

 

 

– დიახ და პატრიარქმა ფაქტობრივად მომცა კურთხევა ამ საქმეზე ჯერ კიდევ მანამ, სანამ ხატებთან ასეთ ურთიერთობას დავიწყებდი. მასთან სტუმრად ვიყავით მე, დედაჩემი და ჩემი მარიამი. უცებ მკითხა, თამრიკო, არ ხატავო. არასოდეს არაფერი დამიხატავს.

 

 

გამეცინა. მკითხა, რატომ გაგეცინაო. ვუპასუხე, ძალიან არ ვხატავ-მეთქი. ამაზე გადაიხარხარა. მერე დაახლოებით ერთწუთიანი პაუზა გააკეთა და მითხრა, უნდა ხატოო. მაშინ ჯერ მხოლოდ ეს ხის ტოტი მქონდა გაკეთებული და ამის მერე ძალიან მალე შედგა ჩემი კავშირი ხატებთან.

 

 

ფაქტია, რომ ეს უწმინდესისგან გარკვეული ხელდასმა იყო. ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა მაცხოვრის ხატის ხელი ვნახე დაზიანებული და მისი გამოსწორება გადავწყვიტე. მერე იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი შევმოსე და პატრიარქს ვაჩუქე. ძალიან მომიწონა და მითხრა, ეს ძალიან კარგია და არ გაჩერდე, რამდენჯერაც სურვილი გექნება, იმდენჯერ შემოსეო. ეს იყო კურთხევის კურთხევა.

                                               

 

ბოლო დროს ძალიან მომინდა, მაგრამ ფიზიკურად ვიყავი ცუდად და ვერ შევძელი. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ჩემი შემოსილი თითოეული ხატი მიფარავდა, რადგან მათ ძალიან დიდი სიყვარულით ვმოსავ.

 

 

– ბისერები მქონდა სახლშიო. მანამდე რამეს აკეთებდით ბისერებისგან?

 

 

– არა, არასოდეს არაფერი გამიკეთებია და არც მახსოვს, საიდან გაჩნდა სახლში ეს ბისერები, დალაგების დროს აღმოვაჩინე. მე არასოდეს მიყიდია და არც დამჭირვებია. ტოტი რომ ამოვიტანე, მაშინ გამახსენდა, რომ ბისერები მქონდა. ალბათ ეს მინიშნება იყო, რომ დავახლოვებოდი უფალს.

 

 

– რას გრძნობთ ხატების შემოსვისას?

 

 

– როდესაც ხატს ვმოსავ, უდიდესი ძალა მეძლევა. ისე ვმუშაობ, საერთოდ არ ვდგები და წყალსაც კი არ ვსვამ. არც მინდება და არც მახსენდება. ესეც თავისებური უცნაურობაა და ძალაა, რომელიც ხატებისგან მოდის.

 

 

როდესაც ჩემი მოძღვარი, მამა გრიგოლი, მოულოდნელად გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, საშინელი შოკი მივიღე. დაკრძალული არც იყო, ღვთისმშობლის ხატი რომ შევმოსე და ლურჯ მონასტერში მივაბრძანე. ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული მამა გრიგოლი. მივაბრძანე ხატი და ძალიან დიდხანს იყო ტაძრის საკურთხეველში. ეს ისეთი დიდი მადლი იყო ჩემთვის…

 

 

ერთი ხატი კი მცხეთაში, მაყვლოვანის წმინდა ნინოს მონასტერში მივაბრძანე და ვფიქრობდი, რომ დედებისთვის მეჩვენებინა. თუ მოეწონებოდათ, რამდენიმე დღე სადმე ტაძრის კუთხეში დაედოთ, რომ მადლი მიეღო და მერე უკან წამოვაბრძანებდი. რამდენიმე კვირა ანალოღიის ადგილას იყო დაბრძანებული  ჩემ მიერ შემოსილი წმინდა ნინოს ხატი. ამის მერე კი მონაზვნებმა სამთავროს მონასტრის რეზიდენციაში დაკიდეს იმ ადგილას, სადაც პატრიარქის ოთახია.

 

 

– იქნებ ხატწერაც გამოგსვლოდათ.

 

 

– ხატწერა ალბათ ნაკლებად გამომივა, მაგრამ როდესაც პატრიარქმა ნახა ჩემი ნამუშევარი, მითხრა, აუცილებლად დაგაკავშირებ ხატმწერსო. ფიქრობდა, რომ დაწერილ ხატს მე შევმოსავდი. უწმინდესს იმდენი საქმე და სადარდებელი აქვს, მომერიდა, მერე კიდევ შემეხსენებინა. ახლა ჩემი ინიციატივით ვაპირებ, ხატმწერს დავუკავშირდე და ვისწავლო კანონიკა.

 

 

ბევრი რამ მაქვს სასწავლი და ზუსტად ვიცი, ვის სახელზე შევმოსავ ხატს. ერგნეთში ცხოვრობს ანზორ ჩლაიძე, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, მაგრამ იმდენ საქმეს აკეთებს, გაოგნებული ვარ. როდესაც ამ რეგიონში ტყვიები ცვიოდა, ფეხი არ მოიცვალა, პირიქით, მშენებლობა წამოიწყო და მტერს დაანახა, რომ ქართველებს ვერ გადააშენებდნენ იმ ადგილიდან. ამ კაცის რესტავრირებულია ერგნეთის ტაძრები და მისი დიდი ღვაწლია იმაში, რომ ეს ტაძრები აღდგა.

 

 

ახლა უკვე კარგად ვარ და იქაური ტაძრისთვის უნდა შევმოსო ხატი, რადგან გამაოგნა ამ ადამიანის სულიერებამ.

 

 

ერთი ოცნება მაქვს. მინდა ვთხოვო ხატმწერს, რომ სპეციალურად დაწეროს ხატი, რომელიც ორსულებისთვის იქნება. ერთი ფრესკა არსებობს –  დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი. მისი რეპროდუქციაც შევმოსე და ორსულებთან ვგზავნი. ასე დაბრძანდება ჩემი შემოსილი ხატი ორსულების ოჯახებში და მეუბნებიან, რომ საოცარი სიმშვიდე მოაქვს.

 

 

ეს ხატი მარიამის სახელზე შევმოსე მისი ორსულობის დასაწყისში. მინდა, მსგავსი ხატი დაიწეროს და შევმოსო თეთრ-ვარდისფერ-ცისფერ ფერებში. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ორსულისთვის დიდი შემწე იქნება. ყველა ორსული ლამაზი მეჩვენება და თუ სადმე დავინახავ, მინდა, ყველა გავაჩერო, მოვეფერო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

როდესაც პირველად შევეხე პატრიარქს, ორსულად ვიყავი. მარიამი 9 დეკემბერს დაიბადა. ნოემბერი იყო და სიონში წირვაზე ვიდექი. პატრიარქმა დაამთავრა წირვა და დერეფანივით გააკეთეს, სადაც უნდა გამოევლო. მინდოდა მასთან მისვლა, მაგრამ ვგრძნობდი, ვერ მოვახერხებდი. ვიღაც ქალმა მხრებზე მომკიდა ხელი და ფაქტობრივად შემაგდო იქითკენ, სადაც უნდა ჩამოევლო და მითხრა, შვილო, შენ ყველაზე მეტად გჭირდება მისი ხელდასმაო. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა პატრიარქი, ჩამეხუტა და მითხრა, ღირსეულ დედაშვილობას გისურვებ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სირთულეები იყო მაშინ ჩემთვისაც და მარიამისთვისაც, სულ ეს სიტყვები მახსენდებოდა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 

 

– კიდევ რა გატაცება გაქვთ?

 

 

– აგარაკზე, საგურამოში, უამრავი რამ მაქვს ჩემი ხელით გაკეთებული. იქ კედლებსაც მე ვღებავ და ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ეზოც გადასარევად შევღებე და პალმები და მზეც კი დავხატე აუზთან, რომელიც გარკვეულ განწყობას ქმნის.

 

 

საგურამოს სახლში დიდი ხე ავაწყე, ადამიანზე მაღალია. გავალამაზე ბისერებით. იცით, რას ვაკეთებ? დამზადებული მაქვს პატარა, სხვადასხვა ფერის ლამაზი ქისები. ვინც მოვა სტუმრად, ყველას ვთავაზობ, დაწეროს თავისი სურვილი ჩვენი ოჯახის მიმართ და ვკიდებ ხეზე. ვამბობ, სიბერეს ვიწყობ-მეთქი. როცა დავბერდები, ჩამოვიღებ სათითაოდ იმ ქისებს, წავიკითხავ და ვიცი, ძალიან კარგი ენერგიით ავივსები. თან გავიხსენებ იმ ადამიანებს, რომელთაგან უკვე რამდენიმე აღარც არის.

 

 

როცა მივხვდები, რომ მოვხუცდი, საგურამოში დავიბუდებ და ავივსები ენერგიით. დიახ, ულამაზესი მბრწყინავი ნატვრის ხე მაქვს.

 

 

– პატრიარქთან ახლო ურთიერთობა აღადგინეთ თუ ვერა? ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ უარი თქვით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე გემღერათ და ამის გამო ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში აღარ გალობთ…

 

 

– ვერა. რა ინფორმაციასაც აწვდიან და რაც ჩემამდე მოდის, მართალი არ არის. ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, უწმინდესი ჩემზე ნაწყენი იყოს. პატრიარქს რომ შემახვედრა, ზუსტად ვიცი, მას ავუხსნი ყველაფერს და ის აუცილებლად გამიგებს. არაერთ პირს დავაბარე, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა და როგორმე შევეხვედრებინე, მაგრამ…

 

 

– იქნებ პატრიარქი თავად ამბობს უარს ამ შეხვედრაზე?

 

 

– ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ პატრიარქი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. იმდენად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, შეუძლებელია, ჩემი პოზიცია მისთვის მიუღებელი იყოს. სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ მჯერა, რომ ჩემზე ნაწყენია. ვფიქრობ, უფალი აუცილებლად შემახვედრებს. არ მიცხოვრია ისეთი ცხოვრებით, რომ იმის ღირსი ვიყო, ისე წავიდე ამქვეყნიდან, პატრიარქს არ შევხვდე. მე უკვე გადამიარა დიდმა წყენამ, რაც მომაყენეს და ერთადერთი სურვილი დამრჩა –  პატრიარქს შევხვდე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი