logo_geo
„შემიყვარდა... მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი“ - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან „მე ვხედავ მზეს“
- +

20 მარტი. 2017. 14:38



„სად მიდიხარ, შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი", - ამბობს ნოდარ დუმბაძის სოსოია და თავის ხატიასთან ერთად მიდის „უსასრულოდ ხელიხელჩაკიდებული".


სოსოიას ეკრანზე გამცოცხლებელი, უკვე 68 წლის გელა ჭიჭინაძე კი თავის ხატიას და სულ სხვა ცხოვრებას ირჩევს და დარწმუნებულია, თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, მაინც ამ შარაგზას გაივლის.


- თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრე კლასში ვსწავლობდი, ფილმ „მე ვხედავ მზის" გადაღებას რომ იწყებდნენ და მთავარი როლებისთვის ბავშვებს სკოლებში არჩევდნენ. იმხანად მე და მურმან ჯინორია პიონერთა სასახლის დრამწრეზე დავდიოდით, წრეს მსახიობი ვახტანგ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა და ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ვასრულებდი. პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც ვსწავლობდი გია ფერაძესთან ერთად. მან მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ „ჯარისკაცის ქვრივში" ზურიას როლი მათამაშა. ასე რომ, რაღაც სამსახიობო გამოცდილება მქონდა. ლანა ღოღობერიძემ ფილმისთვის ჯერ სკოლაში შემარჩია, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც მნახა. სხვათა შორის, ბევრი კონკურენტი მყავდა, მაგრამ რატომღაც მე დამტოვეს. ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. გამოცდის ჩაბარებაც არ დამჭირდებოდა, რადგან აკაკი ხორავას ჩემთვის ადგილიც კი ჰქონდა შენახული. მაგრამ მსახიობობას სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ვამჯობინე.


- ფილმის გადაღების დღეები გაიხსენეთ, ის ადამიანებიც, ვინც იქ გაიცანით...


- იმხანად ყველანი ახალგაზრდები და უდარდელები ვიყავით. რეჟისორი ბუბა ხოტივარი იქ მასობრივ ეპიზოდებში მონაწილეობდა. თენგიზ არჩვაძე იყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი კაცი. ძალიან დავმეგობრდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, თუმცა - არცთუ ბევრით. მისი დონის მსახიობი ამ თაობაში არც მეგულება.


- ფილმს სად იღებდით?


- ქართლის ახალქალაქიდან დავიწყეთ, მერე სოხუმშიც ვიღებდით, ეშერაშიც, აფხაზეთის ტყეებში - თევზაობის ეპიზოდები იქ, მდინარის პირასაა გადაღებული.


მახსოვს, ძალიან ციოდა, წყალში ჩასვლის ეპიზოდს რომ ვიღებდით. - არ გაცივდესო, ჩაილაპარაკა „სოსოიას რუსმა, ანატოლიმ" - მსახიობმა გლებ სტრიჟენოვმა, ჩექმიდან „ჩეკუშკა" დააძრო და არაყი დამალევინა, არადა, ბავშვი ვიყავი და არაყს არ ვსვამდი. ერთმა ჭიქამ ტანში დამიარა და ისე შევხტი წყალში, თითქოს ტანკს ვუვარდებოდი. მოგვიანებით მეუბნებოდნენ, - ანატოლიმ გაგალოთაო. ცხონებული გლებ სტრიჟენოვი შესანიშნავი კაცი იყო. ეჰ, რა გითხრათ? დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არც მჯერა, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და ის პერიოდიც მე გავიარე! სულ სხვა ემოცია იყო მაშინ. ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, საერთოდ, ახალგაზრდებს რომ ვაკვირდები, სრულიად განსხვავებულები არიან, ჩვენ განცდაც კი სხვაგვარი გვქონდა. ჩემთვის დრამწრის სცენაზე უმნიშვნელო როლის თამაში იყო ყველაფერი და წარმოიდგინეთ, ამხელა ფილმში მთავარი როლი - ნოდარ დუმბაძის სოსოია მანდეს!


- მანამდე წაკითხული გქონდათ ეს ნაწარმოები?


- როლზე რომ დამამტკიცეს, მერე წავიკითხე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა - 15 წლის ბიჭს ანცობაც მიყვარდა, გართობაც, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ცუდის გაკეთების უფლება არ მქონდა და ყოველთვის მობილიზებული ვიყავი. ცხონებულმა ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდანვე გამომიცხადეს ნდობა და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიმაჩვიეს. მცირეწლოვანი ვიყავი, მამაჩემმა თოფი რომ მანდო.


- ეტყობა, ძალიან გგავდათ სოსოია ან - პირიქით...


- ასე გამოდის. შემდეგშიც, სოსოიას ამბავივით წარიმართა ჩემი ცხოვრება - მართლა ომი დაიწყო და ბევრმა უბედურებამ გადაიარა ჩემს კისერზე. პროფესიით არქიტექტორი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ხატვა ვარჩიე. ყოველთვის ნორმალურ ადგილას ვმუშაობდი, კარგ თანამდებობებზე, მერე კი... გავყიდე სახლ-კარი, ყველაფერი და ახლა ჯანმრთელობაც აღარ მივარგა - ოთხჯერ გადავიტანე ინსულტი.


- მოდი, ისევ ფილმს დავუბრუნდეთ - სოსოიას ხატია - ლეილა ყიფიანი როგორი იყო?


- ოო, ხატია? მაგას ვენაცვალე! „ხატია" ზღაპარი გოგოა. მე და ლეილა ყიფიანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა გადაღებისასაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. ძალიან საყვარელი ადამიანია... იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა, ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო!...


- ბავშვობაში ვის არ შეჰყვარებია, ბატონო გელა!


- თანაც რა კარგი გოგო მიყვარდა!... ეჰ, ლელუჩია!


- კიდევ რა ხდებოდა გადაღებებზე?


- თბილისში, პავილიონში ვიღებდით და არ მავიწყდება იპოლიტე ხვიჩია - რაც უნდა გაეკეთებინა, შეუძლებელი იყო, არ გაგცინებოდა. წისქვილის ეპიზოდის გადაღებისას კინაღამ გაგიჟდა - აპარატურის გაუმართაობის გამო რამდენიმე დუბლის გადაღება დაგვჭირდა, არადა, იპოლიტეს ფეხები უსველდებოდა და ძალიან ბრაზობდა, მაგრამ მის გაბრაზებას ყველანი სიცილით ვპასუხობდით... კიდევ, ლანა ღოღობერიძესთან ურთიერთობა მახსენდება კარგად. საოცარი ქალია, საყვარელი და მზრუნველი. გადაღების დასრულების შემდეგაც ძალიან ზრუნავდა ჩემზე. აკადემიაში ჩაბარებისას პრობლემები შემექმნა და ლანა დამეხმარა.

 

- მაინც რატომ არ ჩააბარეთ თეატრალურში?


- ჯერ ერთი, ხატვა მეტად მიყვარდა, მეორეც - კარგად გავიცანი მსახიობის ცხოვრება და არ მომეწონა. ამიტომ სხვა ფილმებზეც უარი ვთქვი. მხოლოდ მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ისევ ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალებაში" გადაღებას დავთანხმდი, ისიც იმიტომ, რომ პრაქტიკაზე არ წავსულიყავი და გია ფერაძესა და ჩემს სხვა მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი. სხვათა შორის, რეზო ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში" თემურის როლი შემომთავაზა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და აღარ წავედი, ამიტომ ყველა დანარჩენ როლზეც უარი ვთქვი...

 

- წასულ წლებს რომ იხსენებთ, გული არაფერზე გწყდებათ?


- არაფერზე. ხელახლა რომ დავიწყო ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი.

 

- თუმცა რომ შემოვედი, დაიჩივლეთ, ჯანმრთელობამ ასე რომ მიმტყუნა, ჩემივე დაუდევრობის ბრალიაო...


- ჩემი ბრალია, აბა, ვისი? ზედმეტი მომივიდა, უფალს განვუდექი და ყველაფერი იმიტომ დამემართა.

 

- ოჯახზეც მიამბეთ, თქვენს რომელიმე შვილს მსახიობობა ხომ არ აურჩევია?


- მეუღლე მყავს, ოთხი ქალიშვილი, ერთი ვაჟი და რვა შვილიშვილი, მსახიობი კი არავინ გამოსულა, თუმცა... მოდი, ბოლოდან დავიწყებ: უმცროსი ქალიშვილი - ქრისტინე რეჟისორია, სალომე - მხატვარი, ნინო - გერმანული ენის სპეციალისტი, მარიანა ყველაზე ადრე გათხოვდა და ხელოვნებასთან საერთოდ არ აქვს კავშირი, ვაჟმა კონსერვატორია გერმანიაში დაამთავრა და დღესაც ცოლ-შვილთან ერთად იქ ცხოვრობს... მე კი, კვლავ ვხატავ, მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა. ახლახან ჩემმა ახლობელმა ძალიან მოინდომა და ნახატების გამოფენაც მომიწყო, მაგრამ... ფაქტობრივად, ინვალიდი ვარ, დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ. სასმელს წვეთსაც აღარ ვსვამ, მაგრამ ალბათ იმ დაუდევრად გატარებულმა წლებმა და ამდენმა ინსულტმა უმოძრაობის გარდა დეპრესიაც დამიტოვა - ყველაფერზე გული მიჩუყდება და ვტირი. აგერ, ხომ დაინახეთ, გია ფერაძე ვახსენე, ფოტოს დავხედე და იმ წამს ავქვითინდი კაცი... აბა, მეტი რაღა გითხრათ? მე ალბათ ბევრს აღარც ვახსოვარ, მაგრამ ხატიას სოსოია ხომ ახსოვთ? ჰოდა, ესეც პატარა სიხარულია და კიდევ... იმედი.


Description: http://www.kvirispalitra.ge/images/new_photo/2016/21/page333333.jpg


Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image7/62143ea9fb0696a2049f64217b28c31b.jpg


Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image7/7e9c80d4f27cbf7a7f843cadc6121115.jpg


Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image7/73d290cd4a8c62679efca4db60f30180.jpg


Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image7/e1d2a5fbed8557f44353bd9b5cc6e7eb.jpg


Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image7/24771963c660ccb2936d81f83d56682f.jpg



 

ირმა ხარშილაძე



 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი