logo_geo
“ნატო ვაჩნაძე ამ რეისზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო” – მფრინავის შვილიშვილი 67 წლისწინანდელ ავიაკატასტროფაზე
- +

17 ივლისი. 2020. 19:59

 

 

ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს გამორჩეულ მშვენიერებად საუკუნეების მანძილზე დარჩება. მისი ცხოვრება 1953 წლის 14 ივნისს დასრულდა, მსახიობი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

 

თვითმფრინავს პილოტი ირაკლი ხახუტიშვილი მართავდა, ბორტზე ნატო ვაჩნაძის გარდა, 17 ადამიანი იყო, მათ შორის 8 წლის გოგონა, რომელიც მშობლებმა ნათესავებს საქართველოში გამოატანეს.

 

“პრაიმ ტაიმის” რესპოდენტი ცნობილი ქართველი მწერალი თეა ინასარიძეა. სწორედ ის გახლავთ, მფრინავ ირაკლი ხახუტიშვილის შვილიშვილი, რომელიც ბურუსით მოცული ავიკატასტროფის, მისი მგზავრების და საკუთარი ბაბუის შესახებ აქამდე უცნობ ამბებს გაგვაცნობს.

 

– თეა, გვიამბეთ თქვენი ბაბუების შესახებ…

 

– ჩემი ორივე პაპა მფრინავი იყო. დედის მამა, ირაკლი ხახუტაშვილი მართავდა თვითმფრინავს, რომელიც ზუგდიდთან ახლოს ჩამოვარდა 1953 წლის 14 ივნისს და რომლითაც ქართული კინოს ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძეც მგზავრობდა.

 

არადა, წესით მაგ რეისზე ჩემი მეორე პაპა, ვახტანგ ინასარიძე უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ ირაკლის მეწყვილე პილოტმა, ნიკალაი ბოჟენკომ რეისის გაცვლა ითხოვა. ანუ, ამ თვითმფრინავში ჩემი პაპებიდან ერთ-ერთი აუცილებლად  დაიღუპებოდა, რაც ძალიან უცნაურია.

 

ჩემი მშობლები მაშინ პატარები იყვნენ და რა თქმა უნდა, არ იცნობდნენ ერთმანეთს. ირაკლი სულ რაღაც 38 წლის იყო… მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მინახავს, მასზე პატარაობიდან ვიცოდი ყველაფერი. ძალიან მიყვარდა პაპას ამბების მოსმენა, რომელსაც ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე.

 

მიყვარდა დიდი ალბომის თვალიერება. ირაკლის ძალიან უყვარდა ფოტოების გადაღება და ბევრი ფოტო დაგვრჩა მისი.

 

– რა გახსოვთ, რას გიყვებოდათ ბებია მასზე?

 

– პაპა ძალიან მხიარული, ხუმარა და ნიჭიერი ადამიანი იყო. ხატავდა, ლექსებს წერდა, ფორტეპიანოზეც უკრავდა. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა.

 

მიყვებოდა მათი გაცნობის ისტორიას, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი თელავში. როგორ ცხოვრობდნენ, ირაკლიმ ძალიან ბევრი ტიპის თვითმფრინავზე იფრინა. მონაწილეობდა ომში.

 

პირველი პარაშუტისტები საქართველოში სწორედ მან მოამზადა. ასევე, მრავალი პილოტი. 2000 ახალგაზრდა მოამზადა, რისთვისაც 6 სიგელი დაიმსახურა.

 

შემდეგ მერვე გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში შტურმანად დანიშნეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური ავიაკლუბის სოხუმის ფილიალს.

 

თვითონ ხომ მრავალი ტიპის თვითმფრინავზე იფრინა. ცაში სულ 3182 საათი გაატარა, 7 000-ჯერ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. მხოლოდ ერთხელ უმტყუნა ბედმა…

 

– რა მოხდა 14 ივნისს?

 

– ამ საბედიწერო რეისზე მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც წესით იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. არც ნატო ვაჩნაძე უნდა ყოფილიყო, რადგან როდესაც აეროპორტში მივიდა, ბილეთები გაყიდული დახვდა და ვიღაც პოლკოვნიკმა იცნო და თავისი ბილეთი დაუთმო.

 

მგზავრებს შორის ასევე იყო 8 წლის გოგონა, რომელიც მშობლებმა ნათესავს გააყოლეს, რომ მატარებელში არ გაწვალებულიყო. ბორტზე თვრამეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამათგან ექვსი ეკიპაჟის წევრი და თორმეტი მგზავრი.

 

იმ პერიოდში გავრცელდა ვერსიაც, რომ ეს ავიაკატასტროფა ბერიას მოწყობილი იყო, მაგრამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი იყო უამინდობა და გარკვეული ადამიანების არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

 

ამ ყველაფერს დაწვრილებით მოთხრობაში წაიკითხავთ. უცნაურია, რომ არასოდეს გაუცილებია ოჯახს ირაკლი. მხოლოდ ამ ბოლო გაფრენის წინ გააცილეს.

 

დედაჩემმა წითელი ფეხსაცმელები დააბარა… ბებია იხსენებდა, რომ უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მოეფარა.

 

კატასტროფის ღამეს ძალიან ცუდი სიზმარი უნახავს და როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, სახლში კედლის საათი გაჩერებულა.

 

– ვიცი, რომ ახალი ფაქტები აღმოაჩინეთ ამ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რა არ ვიცოდით აქამდე?

 

– მე მაქვს გამოძიების მასალები, სადაც ყველაფერია აღწერილი და განხილულია მიზეზები, თუ რატომ მოხდა ეს ავიაკატასტროფა. ამ მასალებს ვამუშავებ და მინდა, რომ მოთხრობაში დავწერო ყველაფერი.

 

მიზეზი იყო ცუდი ამინდი. თვითმფრინავი ელჭექის ღრუბლებში მოყვა, მეხი დაეცა და ჩამოვარდა, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო…

 

ავიაკატასტროფაში დამნაშავე პირებიც იყვნენ, რომელთა შესახებაც მოთხრობაში დავწერ.

 

– რატომ გადაწყვიტეთ წიგნის სახით გამოსცეთ ამ საბედისწერო ავიაკატასტროფის და ბაბუის შესახებ, ამ ამბავზე დაწერილა არაერთხელ, მაგრამ იმის გარდა რომ მისი შვილიშვილი იქნება წიგნის ავტორი, კიდევ რა იქნება საინტერესო?

 

– ჩემამდე მოაღწია პაპას წერილებმა, მაქვს ბევრი ფოტო, პაპას და ბებიის. მისი ლექსები, ნახატები.  საინტერესო მასალებიც.

 

მაშინდელი გაზეთებსაც კი ინახავდა ბებია. მოთხრობის დაწერა ამ რეალური ამბის მოტივებზე ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ვიყავი საკმარისად მზად, რომ ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის მომეკიდა ხელი.

 

მთავარი ამბის გარდა,  ამ მასალების გაერთიანებით მინდა შევქმნა წიგნში 40-50-იანი წლების ანტურაჟი და მაშინდელ ტფილისში ვამოგზაურო მკითხველი, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება.

 

მოთხრობაზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და ძალიან საინტერესოა, რადგან ამ შემთხვევაში ვერ დაეყრდნობი მხოლოდ ფანტაზიას. საფუძვლიანად ვიკვლევ არქივს.

 

ვეძებ იმ პერიოდის მასალებს, ფოტოებს, გაზეთებს, ყოველი დეტალი მოსაძიებელია, მაგალითად, ქუჩების დასახელებები, მათი აღწერები, შენობები, პერსონაჟების ჩაცმულობა.

 

არაფერს ვწერ მხოლოდ ფანტაზიის მიხედვით. მინდა გავაცოცხლო იმ პერიოდის თბილისი. უამრავი ინფორმაციის მოკვლევა მჭირდება.

 

თუნდაც,  რა სასმელები გამოდიოდა, მათი დასახელებები და მაშინდელი ფასები. ისტორიის მთავარი გმირები ირაკლი და ნინა არიან. თხრობა მესამე პირშია. მინდა, ამ წიგნის საშუალებით, ის ცნობილი ისტორია სხვა რაკურსიდან ვაჩვენო მკითხველს.

 

ამ შემთხვევაში აქცენტს არ ვაკეთებ ნატო ვაჩნაძეზე. თვითმფრინავში მის გარდა 17 ადამიანი იყო და წიგნსაც ბებიას, პაპას და იმ რეისზე დაღუპულ ყველა ადამიანის ხსოვნას მივუძღვნი.

 

 “ნატო ვაჩნაძე ამ რეისზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო” – მფრინავის შვილიშვილი 67 წლისწინანდელ ავიაკატასტროფაზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი