logo_geo
ვაჟა აზარაშვილი: ახალ საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „გერაში“ გადავედი
- +

ავტორი ილონა ცაცუა

14 აგვისტო. 2020. 13:37

 

 

ადამიანი, რომლისთვისაც სიმღერა მთელი მისი ქონებაა, ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილია. სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შემოქმედებითი კუთხით,  დღემდე აქტიურად მუშაობს  და ალბათ ამიტომაა, რომ  ადვილად ვერ იღებს კრიტიკას, თითქოს ქართველი კომპოზიტორები სიმღერებს არ წერენ. რა ხდება სინამდვილეში? ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ასევე გაიგებთ, შემოქმედებითი თვალსაზრისით კომპოზიტორზე რა გავლენა იქონია მსოფლიოში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა. გარდა ამისა გეტყვით, იცავს თუ რა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) ბატონი ვაჟას საავტორო უფლებას. დაბოლოს, ალბათ საინტერესოა იქნება ისტორია, თუ ვინ და როგორ შეაყვარა მუსიკა ადამიანს, რომელსაც უკან მოხედვის არ ეშინია.

 

-  ბატონო ვაჟა, გვითხარით, წერთ თუ არა ახალ სიმღერებს?

 

-  გვაქვს, ბატონო, სიმღერები! სიმღერის ჩასაწერად სტუდია უნდა დაიქირაო და ფონოგრამა რომ ჩაწერო, 500 დოლარია საჭირო. ამის თანხები ჩვენ არ გვაქვს, თორემ სიმღერები გვიდევს  და ხშირად ვჩუქნით შემსრულებლებს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ! საკმარისი ფინანსები არ გვაქვს, რომ სიმღერა ჩავწეროთ. უნიჭიერესი თაობა მოდის. ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, თორემ ვინმე აუცილებლად გამომრჩება. სულ ვამბობ, დაგვაწერინეთ რეპერტუარი, ისე,  როგორც მე დავუწერე არაერთ ცნობილ შემსრულებელს. ახლაც კი, პარიზში მოღვაწე ქართველი მუსიკოსისთვის ნაკლებად ცნობილი სიმღერები გავაორკესტრე და ჩვენ გვსაყვედურობენ,  ქართველი კომპოზიტორები სიმღერებს არ წერენო. მე უმადური კაცი არ ვარ და ამიტომ ვიტყვი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან გვეხმარება. რასაც ეს ადამიანი აკეთებს, მსოფლიოში არ ხდება.

 

-  როგორც კომპოზიტორი, რა პრობლემების წინაშე დგახართ?

 

-  მე პირადად, რადიოსთან და ტელევიზიებთან მაქვს დიდი პრეტენზია. აი, ახლაც,  რომ  ჩართოთ რადიო,  ისმის ქართული სიმღერა, მერე ამერიკული, შემდეგ ისევ ქართული, ისევ ამერიკული და რატომ, კაცო?! ამას სომხეთი არ აკეთებს, აზერბაიჯანი არ აკეთებს და ჩვენ რატომ ვაკეთებთ?! რამდენჯერ ვამბობ, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც ჩვენი არაჩვეულებრივი მომღერლები მღერიან. გადაეცით ეს ჩანაწერები ტელევიზიით. ასე ხომ პირველ რიგში იმ ხალხს სცემ პატივს და შემდეგ ახალგაზრდა თაობაც გაიცნობს მათ. მაგრამ არა, ჩვენ უცხოური გვინდა მაინცდამაინც.

 

-  თქვენი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საინტერესოა, მათგან რომელს გამოარჩევდით?

 

-  ალბათ, ორმოქმედებიან ბალეტ „ხევისბერს“. დეტალებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ამ ბალეტთან დაკავშრებით ერთ რამეს გეტყვით. საოპერო საბალეტო სექციის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ონისესა და გუგუას სცენა ძალიან კარგია, მხლოდ გაადიდეო.  დავუჯერე და გავადიდე. ჩემმა პედაგოგმა კი თქვა: „მე აქ გუნდი მესმის“-ო. მათი კრიტიკა გავითვალისწინე. ოთხი გუნდი ჩავსვი და საბოლოოდ აი, ასეთი ტრაგიკული მუსიკა დავწერე. ხედავთ, კეთილი კრიტიკა და სურვილები რამდენს ნიშნავს?

 

 

-  საქართველოში რამდენად არის საავტორო უფლებები დაცული?

 

-  კვარტალში ერთხელ გვეხმარებოდნენ. მე ახლა გადავედი ახალ ასოციაციაში. საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია სულ ორია. ერთი ძველი და მეორე შედარებით ახალი, სამწუხაროდ, ახლა სადაც ვარ, იმ ახალი ორგანიზაციის სახელი არ მახსოვს (ავტორის შენიშვნა: ეს არის GERA-საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია). იქ, სადაც ვიყავი, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, სამი წელი ვითრიე ფეხი, მაგრამ შემდეგ აქეთ გადმოვედი. გიგა კარგი კაცია, თუმცა, არც ჩემი შვილია და არც ძმა. ასე რომ...

 

-  ბატონო ვაჟა, კორონავირუსის პანდემიას მინდა შევეხო. თქვენზე, როგორც კომპოზიტორზე, რა დადებითი და უარყოფით გავლენა იქონია covid-19-მა?

 

-  მე ჩემ შემოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემული მაქვს წიგნი „უკან მოხედვის არ მეშინია“ და ამ წიგნის მეორე კრებულის გამოცემას ვგეგმავ. მუშაობა დაწყებული მაქვს, დროც მქონდა, თუმცა, ძალიან შრომატევადია და ჯერაც ვერ დავამთავრე.

 

-  გვითხარით, ვინ შეგაყვარათ სიმღერა და რომ არა  მუსიკისადმი ასეთი სიყვარული, რომელ პროფესიას აირჩევდით?

 

-  სხვა, ვერც ერთ სფეროს ავირჩევდი, ისევ და ისევ მუსიკა. რაც შეეხება სიმღერისადმი სიყვარულს, გეტყვით. მამაჩემი კონსერვატორიაში კარგად სწავლობდა. მერე, როცა მე გავჩნდი, ოჯახს გაუჭირდა და თავი დაანება. შემდეგ იყო ომი. ყველა ჯარში წავიდა - მამაჩემიც. იმ პერიოდში მე სადაც ვცხოვრობდი, ერთი ქალბატონი იყო, მუსიკის პედაგოგი და მითხრა, რადგან ფორტეპიანო არ მქონდა, ვიოლინოს გათხოვებ, დაკვრა რომ ისწავლოო. თან დაამატა, მამაშენი რომ ჩამოვა, გაუხარდებაო.

 

თავიდან კატეგორიული უარი ვუთხარი, რა დროს სიმღერა და გართობაა, როცა არ ვიცი, მამაჩემი ცოცხალია თუ მკვდარი-თქო. თუმცა, ქალბატონმა დაიჟინა, თავი არ დამანება და მეც დავიწყე სწავლა. ახლობლები ამაზე მეხუმრებოდნენ და ლამის თავი დავანებე.

 

მე-4 კლასში ვიყავი, როდესაც თბილისის სამუსიკო სკოლების გაერთიანებულ ორკესტრში მოვხვდი. ვუკრავდით ბახს, მოცარტს და ისე  მომეწონა პოლიფონია, რომ ვთქვი: - რა კარგი ხმა ისმის, ამას თავს როგორ დავანებებ-მეთქი. ამის შემდეგ,  ჩავაბარე მე-4 სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოს განხრით. მეორე კურსზე რომ ვიყავი, კომპოზიტორთა კავშირში დახურული კონკურსი გამოცხადდა.

 

გაიცა  ხუთი პრემია და სამი მე ავიღე - რომანსებში. ამ რომანსებს კი ახლაც მღერიან. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ბევრჯერ უკრავენ კონცერტს ჩელოსთვის. საზღვარგარეთიდანაც მომდის ცნობები, რომ თურმე ერთ-ერთმა იაპონელმა მევიოლინემ ჩემი ნაწარმოები შეასრულა და მთელი დარბაზი ფეხზე დამგარი ტაშს უკრავდა. ესეც მინდა ვთქვა, სიმღერების 5 დისკი მაქვს გამოცემული და არცერთში არ არის სიმღერა „ქსოვრელები მღერიან“, მეთქი რა სიმღერაა ეს? არადა, თურმე  დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს სიმღერა რომ ჩემია, თითქმის არავინ იცის.

 

 

შესაძლოა, ქსოვრელების სიმღერა რომ ბატონი ვაჟას შემოქმედებაა ეს ბევრმა არ იცოდეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცის ისეთი ცნობილი ნაწარმოები, როგორებიცაა: „დინამო, დინამო“; „წინ ტორპედო“; „სიმღერა თბილისზე“; „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ და კიდევ მრავალი სხვა, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, აღსანიშნავია, რომ მისი სიმღერების შესრულებით არაერთმა ქართველმა მრავალ ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია.

 

 

 

 

big_banner
არქივი