logo_geo
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები მუდამ თბილი აქვს
- +

18 აგვისტო. 2020. 22:04

 

 

,,დედოფალი _ სიხარულის მომნიჭებელი” – ასე ჰქვია ხატს, რომელმაც უამრავი სნეული განკურნა და  ადამიანები მრავალი სასწაულის მომსწრე გახადა. მას ქართველი მცველები ჰყავს - ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა. ისინი ხატს იმ ადამიანებთან მიაბრძანებენ ხოლმე, რომლებსაც უფლის წყალობა და შეწევნა განსაკუთრებულად სჭირდებათ. ახლა, როცა მთელი მსოფლიო განსაცდელშია, ხატის მცველებს სურდათ, სიწმინდე ხალხთან გამოებრძანებინათ, მაგრამ თავი შეიკავეს ერთადერთი მიზეზით - უამრავი ადამიანის ერთად შეკრებას მოერიდნენ.

 

,,დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” პირველად 2014 წელს საქართველოში ხარების დღესასწაულზე გამოჩნდა. მას შემდეგ მისი არაერთი ასლი შეიქმნა. ერთ-ერთი იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიც არის დაბრძანებული.

 

- დღეს უამრავი ადამიანია განსაცდელში, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება უფლის შეწევნა. არ გიფიქრიათ, სასწაულმოქმედი ხატი გამოგებრძანებინათ, რომ ადამიანებს თაყვანი ეცათ, დახმარება ეთხოვათ?

 

ზურაბ  შიოშვილი: ძალიან გვინდოდა, ხატი ხალხში გამოგვებრძანებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ. არ გვინდა, მთავრობას და ექიმებს მუშაობაში ხელი შევუშალოთ. ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.

 

მსოფლიოში გავრცელებულმა ამ საშინელმა ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ალბათ უარესიც დავიმსახურეთ, რადგან დავკარგეთ უფლის და ერთმანეთის მიმართ სიყვარული, პატივისცემა. ეს განსაცდელი ჩვენი გამოცდაა.

 

ქართველებმა ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ უფალი მოწყალეა და ჩვენ ძალიან მცირე განსაცდელი შეგვხვდება. გულის კუნჭულში დრო-ჟამისგან მიმალული სიყვარული გამოვაღვიძოთ. უნდა დავაფასოთ ის, რაც უფალმა გვიბოძა.

 

გიორგი ჭოლოკავა: კანდელი ჩაუქრობლად ანთია და ხატისგან სურნელება იფრქვევა. ჩვენ ვლოცულობთ და ამ სასწაულმოქმედ ხატს ყველას გადარჩენას ვევედრებით.

 

-  ამ ხატს ბევრი ადამიანი გადაურჩენია და იმედია, თქვენს ლოცვას ახლაც შეისმენს.

 

გიორგი: დიახ, მისი წყალობით ბევრი გამოჯანმრთელდა. არაერთხელ გვინახავს, როგორ იწყებდა წრიპინს მართვითი სუნთქვის აპარატი, როცა  უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ხელს ხატზე ვადებინებდით. მას გულისცემა და სუნთქვა უჩქარდებოდა. ეს ექიმებსაც უკვირდათ.

 

 ზურაბი: ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელიც ოდესმე შეხვედრია ,,დედოფალს _ სიხარულის მომნიჭებელს” და მის ცხოვრებაში სასწაული არ მომხდარა. მერე ეს ადამიანები ამის შესახებ გვიყვებიან და ასე ყოველდღე ახალ-ახალი სასწაულის შესახებ ვიგებთ.

 

ამ ხატის ყველა ასლს ხელები უთბება. სადაც კი ხატის გამოსახულებაა, ეს იქნება უბრალო ფურცელზე,  ჟურნალის გარეკანსა თუ კალენდარზე, შეამჩნევთ, რომ ხელების ადგილი თბილია, სხვა ადგილები _ გრილი.

 

- ეს ასე ადვილად შესამჩნევია?

 

ზურაბი: დიახ. უფრო მეტიც, ზოგჯერ ხატი მთლიანად ისე ცხელდება, რომ დაჭერაც ჭირს. ასეთი რამ ძირითადად წმინდა ადგილებზე ხდება. პირველად ეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მოხდა. მაშინ ხატი მე მეჭირა და, ტაძარში ნაბიჯი რომ გადავდგი, ისე გაცხელდა და ტემპერატურამ ისე მოიმატა, სუნთქვა გამიჭირდა, გადაადგილება ვეღარ შევძელი, მთლიანად ოფლში ვცურავდი.

 

გიორგი: ზურამ მაშინ დახმარებაც კი მთხოვა, რადგან სუნთქვა ეკვროდა. მაშინვე მივხვდი, ეს რა განცდა იყო, რადგან ამ მდგომარეობაში მეც არაერთხელ აღმოვჩენილვარ. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ვიწვოდი.

 

ზურას ხატი ხელში რომ ეჭირა, სამოსი ისე დაუსველდა, გასაწური გახდა. ეს უბრალო გაოფლიანება კი არ იყო, მაღალი ტემპერატურისას რომ იცის, სულ სხვაგვარი რაღაც ხდებოდა. ზურას გზადაგზა ტანსაცმლის გამოცვლა უწევდა, რადგან სხვანაირად გადაადგილება შეუძლებელი იყო.

 

- მხოლოდ ბატონ ზურას რატომ ეჭირა ხატი, თქვენ არ ეშველებოდით?

 

გიორგი: ფუნქციები განაწილებული გვქონდა. მე უმეტესად  ხატის დაბრძანებაში ვმონაწილეობდი, ხოლო ზურას ხატი ეპყრა ხელთ.

 

იქ, სადაც განცდის მთის მონასტერია, არის ქვა, რომელზეც უფალი  ორმოც დღეს  იჯდა და მარხულობდა. როდესაც მონასტერში მივედით, ხატი სწორედ იმ ქვაზე დავაბრძანეთ და მოხდა სასწაული: ქვა ხატის სიმხურვალისგან გაცხელდა. ეს მონასტრის მამებმაც დაინახეს და განცვიფრდნენ. მათ ხატი ხელში დაიჭირეს და ყვირილი დაიწყეს: ,,უფალო, ცხელია!  ხატი ცხელია!”.

 

კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ: წმინდა მიწაზე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე ერთი მორჩილი მსახურობდა. ზურამ შეამჩნია, რომ მას რაღაც განსაცდელი ჰქონდა და გამოელაპარაკა.

 

მორჩილმა ჯერ თავი აარიდა, მაგრამ ზურა მაინც დაელაპარაკა და დაამშვიდა. ბოლოს კი ხატის რეპროდუქცია გაუწოდა. მორჩილმა მადლობა გადაგვიხადა და უცებ, სანამ რამეს ავუხსნიდით,  ყვირილი დაიწყო: ,,მეწვის, ფეხის გულები მეწვის და ეს სიმხურვალე ზემოთ ამოდის! ხელებიც სულ გამიხურდა!”.

 

მორჩილს ავუხსენით, რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასწაული იყო.

 

ზურაბი: ერთ დღეს გოლგოთაზე კაცი მოვიდა და ნებართვა გვთხოვა, რომ ერთი დღე ხატისთვის ემსახურა. დავთანხმდით. როდესაც აღდგომის ტაძრიდან ზეთისხილის მთისკენ დავიძარით, ეს კაცი უცებ შედგა და აღელევებულმა გვითხრა, ღვთისმშობელი დამელაპარაკაო.

 

ჯერ ვიფიქრეთ, რომ რაღაც მოეჩვენა, მაგრამ გვითხრა, ღვთისმშობელი ახლაც მელაპარაკებაო. ამ კაცმა ჩვენ, ხატის მცველებს, ისეთი რამ გვითხრა, რაც მხოლოდ ხატმა და ჩვენ, მე და გიორგიმ, ვიცოდით.

 

- როგორც ვიცი, კლინიკებში მძიმე ავადმყოფებთან დადიოდით, რომ ადამიანებს ხატის წინ ელოცათ. იყო გამოჯანმრთელების შემთხვევები?

 

გიორგი: ძალიან ბევრი ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და ეს  ექიმებსაც უკვირდათ. ვცდილობთ, ყველას  დავეხმაროთ და ამავე დროს ადამიანებს ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხატთან.

 

ერთი უცხოელი ქალი ამ ხატის ასლმა განკურნა. ის ლოცულობდა და შემდეგ ხატის რეპროდუქციას სახით ეხუტებოდა. ერთ თვეში თავის სიმსივნისგან განიკურნა.

 

- როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

 

ზურაბი: განკურნებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ხატს მადლობა გადაუხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი