logo_geo
თამარ კარელიძე: მუნის შემთხვევები დღეისათვის საკმაოდ მოხშირებულია!
- +

25 აგვისტო. 2020. 16:12

 

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, ჩვენს გვერდით არსებობს და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს უდიდეს საფრთხეს უქმნის მრავალი ისეთი დაავადება, რომელიც შესაძლოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაგვემართოს. ასეთი  კარგად მივიწყებული, თუმცა, დღესაც აქტუალური პრობლემაა მუნი, რომლის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკა „ნიუ-ვიჟენისა“ და „მედისონ ჰოლდინგის“ დერმატო-ვენეროლოგი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი თამარ კარელიძე გვესაუბრება.

 

- ქალბატონო თამარ, რას წარმოადგენს მუნი და ფიქსირდება თუ არა დღეისათვის მუნით დაავადების შემთხვევები?

 

- მუნი (სკაბიესი), იგივე ძველქართულად ბღერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ მუნი მხოლოდ დაუბანელ და ჭუჭყიან ადამიანებს ემართებათ და უჭირთ ხოლმე საკუთარი დიაგნოზის დაჯერება.

 

მუნი ძლიერი ქავილით მიმდინარეობს. ის გადამდები დაავადებაა და იწვევს პარაზიტი - ბღერის ტკიპა. ის კანზე მოხვედრის შემდეგ იწყებს ზედაპირულ, რქოვანა შრეში მოკლე არხების გათხრას, გზის გაყვანას და კვერცხების დადებას. ძლიერი ქავილი გამოწვეულია სწორედ კვერცხებით და ტკიპის ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ექსკრემენტებით. ძალიან ხშირად ექიმების, ალერგოლოგებისა და დერმატოლოგების შეცდომის მიზეზი ხდება კლინიკური სურათის ცვლილება, რომლითაც ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევები ხასიათდება.

 

- ძლიერი ქავილის გარდა, კიდევ რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ მუნი?

 

- ტკიპას ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, იყოს მშრალ და თბილ ადგილას. ამიტომ მისი მიდრეკილება - დასახლდეს იღლიის ნაკეცში, საზარდულის ფოსოში, მკერდისქვეშა ნაკეცში, სათესლე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და თითებს შორის, ამით აიხსნება. რადგან ადამიანები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს და განსაკუთრებით ბოლო თვეებში ხელების ხშირი დაბანა აქტუალური გახდა, ამან ხელი შეუწყო თითებშუა ქავილის სურათის წაშლას. ზოგჯერ სტანდარტული და კლასიკური სიმპტომები წაშლილია. ყურადღებამისაქცევია მომენტი, რომ ტკიპას უყვარს კანის ზედაპირული შრიდან ზემოთ ამოსვლა ღამის საათებში და კვერცხის დადება. ამ დროს ქავილი განსაკუთრებით ძლიერდება. ამიტომ თუკი პაციენტმა ერთხელ მაინც გააჟღერა, რომ ღამით ქავილი უძლიერდება, ექიმმა აუცილებლად უნდა მიიტანოს ეჭვი მუნზე. რადგან ოფლიანობა და ტენიანობა არ უყვარს ტკიპას, ზაფხულის პერიოდში ნაკლებია მისი გამრავლების პროცესი.

 

- ქალბატონო თამარ, რა წარმოადგენს მუნის პრევენციას და რამდენად მარტივად შეიძლება გადაგვედოს ბღერი?

 

- სხვათაშორის, მისი გადადების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ყველაზე დიდი შანსია, მუნის ტკიპა ოჯახის წევრისგან გადაგვედოს, თუმცა, ასევე მაღალია მისი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადადების შესაძლებლობა. არსებობს მუნის ტკიპის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით გადაცემის გზები. პირდაპირი გზა არის დიდი ხნის განმავლობაში უშუალო შეხება ადამიანთან, ხოლო არაპირდაპირი გზაა, როდესაც მუნის ტკიპა ან მისი კვერცხი ხვდება ზედაპირზე, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სხვა ადამიანის კანზე მოხვედრისას ფეხი მოიკიდოს პარაზიტმა. განსაკუთრებით მარტივია ინფიცირება, თუკი ადამიანს აქვს კანის დაზიანებული ზედაპირი და ალერგიული გამონაყარი სხეულზე. გადამდებლობა ღამით უფრო მეტია, რადგან ის ღამე ამოდის ზედაპირზე. მუნი შეიძლება დაგვემართოს შორ გზაზე მგზავრობისას მატარებლით, სასტუმროში, თუკი არ დამუშავდა სათანადოდ თეთრეული და ზედაპირები. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი სტუმრად ყოფნისას ინფიცირდება ან მის ოჯახში კონკრეტული სტუმრის გარკვეული პერიოდის ვიზიტის შემდეგ. შესაძლოა მუნი ტანსაცმლის მოზომვის დროსაც გადაგეგოთ, თუკი შიშველ ტანზე მჭიდროდ მომჯდარ მაისურს ან შარვალს ისინჯავთ და ტანზე ხანგრძლივად დაიტოვებთ. ამიტომ მე კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე ჩემს პაციენტებსა და ახლობლებს, აუცილებლად გარეცხონ სახლში მიტანისთანავე ახალშეძენილი ტანისამოსი და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვან მაღაზიაში დიდი ხნით ნაკიდი ტანსაცმელი. ყველაზე დიდი რისკია მუნის გადადების საბავშვო ბაღებში და სკოლებში, სადაც ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ ერთმანეთის გვერდიგვერდ.

 

- როგორ ამოვიცნოთ მუნი გამონაყარის ტიპის მიხედვით?

 

- ბღერის ტკიპას, როგორ მოგახსენეთ, უყვარს კანის რქოვან შრეში ცხოვრება. როგორც თხუნელა თხრის მიწას, მიძვრება და მერე ზემოთ ამოდის, ასევე იქცევა მუნის ტკიპა. შესაბამისად, გარკვეული დაცილებებით კანზე შეგვიძლია ამოვიცნოთ ტკიპას შესასვლელი და ამოსასვლელი, სადაც შემდეგ სხვადასახვა მოგრძო ტიპის გამონაყარი ჩნდება. მუნს ახასიათებს როგორც კვანძოვანი, ასევე წყლულოვან-ჩირქოვანი გამონაყარი. როგორც წესი, მუნთან ერთად დაზიანებულ კანზე მიმდინარებს ხოლმე თანდართული ინფექციაც. თუკი დროულად არ დაიწყო მუნის მკურნალობა, კანის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს და ალერგიული რეაქციებისა და ნაფხაჭნების შედეგად დაზიანებულ ზედაპირზე სხვა ბაქტერიული პროცესები განვითარდეს.

 

- ქალბატონო თამარ, მუნის დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ისმება?

 

- გამოცდილი დერმატოლოგი, ანამნეზის შეკრებითა და კანის დათვალიერებით, სადაც კარგად ჩანს ტკიპის კანში შესვლისა და ამოსვლის ადგილი, თავისუფლად დასვამს დიაგნოზს, თუმცა, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევა, რომელიც გამონაყარის ანაფხეკის საშუალებით კეთდება.

 

- რამდენად რთულია ბღერის ტკიპის მოცილება კანიდან?

 

- ვინაიდან აღნიშნული პარაზიტი კანის შიდა ფენაში ბინადრობს და ზედაპირზე არ ცხოვრობს, მისი მოცილება და მუნისგან განკურნება საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. არ არსებობს ისეთი კონკრეტული სამკურნალო საშუალება, რომელიც ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს თანამედროვე მარტივად გამოყენებადი საშუალებები, რომელსაც მივისხურებთ და 12 საათში ჩამოვიბანთ. ხშირად მომხდარა პაციენტის რეინფიცირება ანუ პროცესი თავიდან დაწყებულა. დღემდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა გოგირდის მალამომ, რომელიც მუნის მკურნალობაში შეუდარებელია! სამწუხაროდ, ხშირად არასწორად ხდება მისი გამოყენება, რაც გართულებას იწვევს. არავის ვურჩევ გოგირდის მალამოს თვითნებურად გამოყენებას, რადგან მისი მოხმარებისას გასათვალისწინებელია მისი პროცენტულობა კანის კონკრეტული მონაცემებიდან გამომდინარე.

 

- დაბოლოს, ქალბატონო თამარ, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

 

- უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია თქვენი გაზეთის მხრიდან აღნიშნული თემებით დაინტერესება. ზაფხულის სეზონისთვის ძალიან აქტუალურია  მწერის გაღიზიანებულ ნაკბენზე განვითარებული ბაქტერიული დაავადებები. ასეთ დროს  მცირე შეხებითაც კი ტრეპტოკოკული ინფექციები ძალიან მარტივად გადადის.  ეს საკითხი ცალკე განხილვის თემაა და თუკი მომეცემა შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ აღნიშნული საკითხის შესახებაც. ამჯერად კი თქვენს მკითხველს ვურჩევ: თუკი ძლიერი ქავილი გექნებათ, განსაკუთრებით ღამის საათებში და დიაგნოზის დასასმელად ბევრი ექიმის გამოცვლა მოგიწევთ, ნუ მოგერიდებათ და თავად მიიტანეთ ეჭვი მუნზე, რომელიც დღეისათვის საკმაოდ მოხშირებულია. ქავილის უკან ყოველთვის ალერგია არ დგას და არც მუნი წარმოადგენს სამარცხვინო დაავადებას!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

„ასავალ-დასავალი“

 

big_banner
არქივი