logo_geo
ოთარ მიქელაძე: ჩემთვის გეგა ცოცხალია, უბრალოდ, სადღაც არის წასული გადაღებაზე
- +

3 სექტემბერი. 2020. 23:03

 

 

რეჟისორისა და მსახიობის ოთარ მიქელაძის კარიერაში ბევრი მომენტია საინტერესო. დღეს მისი ბიოგრაფიიდან შედარებით ნაკლებად ცნობილი პერიოდი მინდა გაგაცნოთ. მოქმედება თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში ვითარდება, სადაც 23 წლის ოთარ მიქელაძე მოსწავლეებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლის. მათი საახალწლო ღონისძიება ყველასთვის საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2 მოსწავლე – ირაკლი ჩარკვიანი და გეგა კობახიძე. მოსწავლე-მასწავლებელს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელიც არ იყო, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ წლების შემდეგ ბატონი ოთარისა და გეგას ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

 

– 1975-76 წლის საახალწლო ღონისძიება დავდგით და გეგა კობახიძე და ირაკლი ჩარკვიანი სწორედ მაშინ გავიცანი. 14-15 წლისანი იყვნენ. იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მომავალში ჩვენი დრამწრე საქართველოში პირველ დამოუკიდებელ მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრ-სტუდიად გადაკეთდა. სტუდიამ კარგა ხანს იარსება, ბევრი სახელოვანი ხელოვანის ისტორია დაიწყო აქედან.

 

მაშინ ძალიან პოპულარული იყო მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ძველი ვოდევილები“, ვასო გოძიაშვილის და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ. ჩვენც დავდგით და ვოდევილ „ოინბაზში“ ტიგრანას როლი ირაკლი ჩარკვიანს მივეცი. ისე მოირგო ყველაფერი – როლი, რეკვიზიტი, სამოსი, მანერები, საოცრად შეუფერა. გეგაც და ირაკლიც საოცარი ბავშვები იყვნენ, გამოირჩეოდნენ ინტელექტით, ინტერესებით, საუბრით, ხასიათით, ნიჭზე აღარაფერს ვამბობ.

 

– დიდი ასაკობრივი სხვაობა არც იყო თქვენ შორის. სხვა სიტუაციაში რომ შეხვედროდით და არა როგორც მოსწავლე და მასწავლებელი, ალბათ, ბევრად განსხვავებული ურთიერთობა გექნებოდათ.

 

– მათთვის პედაგოგი კი ვიყავი, მაგრამ სკოლა რომ დაამთავრეს, მართლაც ვმეგობრობდით, გეგას ცნობილი ფოტო, ოპერის ფანჯარასთან რომ დგას, მე გადავიღე, იმ პერიოდში უკვე გაზეთის კორესპონდენტი ვიყავი, გეგა კი – უკვე ცნობილი მსახიობი. გადაღებული იყო ფილმებში „ლაზარე“, „აურზაური სალხინეთში“, „ოთხი შარვალი და ერთი კაბა“... ის პერიოდი იყო, „მონანიებაში“ იღებდნენ, ცნობილი ფაქტის შემდეგ კი გეგას ეპიზოდები ამოჭრეს ფილმიდან და ვარლამის შვილიშვილის, თორნიკეს როლი ასევე ძალიან კარგმა მსახიობმა მერაბ ნინიძემ შეასრულა. გეგა ძალიან თავმდაბალი იყო, არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. თვითმფრინავის ამბების შემდეგ, ვისაც ამ ბიჭებთან კავშირი ჰქონდა, ბუნებრივია, არ გამორჩებოდათ. არც ჩვენი ნაცნობობა გამოპარვიათ. მეც მოვიქეცი კაგებეს ინტერესში, მაკონტროლებდნენ. რა თქმა უნდა, გეგას თავისი გეგმის შესახებ არაფერი უთქვამს.

 

– ირაკლისთან თუ გქონდათ შემდგომში ურთიერთობა?

 

– სკოლის შემდგომ არა. ყველაზე ხშირად გეგასთან ერთი შეხვედრა მახსენდება. საავადმყოფოში ვიწექი და ჩემი დაბადების დღე დაემთხვა. გეგამ მომინახულა და გაზეთში შეხვეული რაღაც მომართვა. მითხრა, შენ დაგხატეო. გავხსენი და დავხედე, ეს მე როგორ ვარ-მეთქი, მეუცნაურა – ახალგაზრდა კაცის პორტრეტი იყო, დიდი ცხვირით, შუბლითა და თვალებით. ფოტოს გადაღება რომ მნდომოდა, გადაგიღებდი, მე შენი სული დავხატე, მე ასე გხედავო, მითხრა და დასძინა, სულ დადიხარ და რაღაცას ეძებ, ამიტომ ამ ნახატს „გზაზე“ დავარქვიო. მასთან ერთად ახალი აღთქმა და ბიბლიაც მისახსოვრა, ყურადღებით წაიკითხეო.

 

ჩემთვის გეგა ცოცხალია, უბრალოდ, სადღაც არის წასული გადაღებაზე, სულ მგონია, რომ შევხვდები... შემომანათებს ულამაზეს თვალებს და როგორც იცოდა, მეტყვის: „ოთარ, როგორ ხარ?“

 

ეკა სალაღაია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი