logo_geo
"დედა რომ გარდამეცვალა, ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები
- +

15 სექტემბერი. 2020. 01:51

 

 

 

ჩვენი რესპონდენტი პოლიმერული თიხისგან ამ რეალისტურ მინიატიურებს ქმნის, ნამუშევრებში სულსა და გულს დებს და შედეგიც საუკეთესოა.

 

მერი (მარია) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი უცხო ენის სპეციალისტია, ფილოლოგიის განხრით, მაგრამ, როგორც ამბობს, ამჟამად უმუშევარია... მეორე წელია, პოლიმერულ თიხაზე მუშაობს, - ამ საქმის დაწყება კი მისთვის ძალიან მტკივნეულ თემას დაუკავშირდა. "მოულოდნელად დედა გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ პერიოდის განმავლობაში ჩემში ისეთი რაღაც მოხდა, რასაც შემიძლია, სასწაულიც ვუწოდო... მანამდე თიხასთან შეხება საერთოდ არ მქონია, მაგრამ ერთ დღესაც რომ დავჯექი და გაკეთება დავიწყე, დღემდე ამ მინიატიურებს ვქმნი. როგორც აღმოჩნდა, შინაგანად იმდენი ემოცია მქონდა დაგროვებული, რომ რაღაცით უნდა გადმომეცა... თვალებიც რომ დამეხუჭა, თითები თავისას გააკეთებდა. რასაც ვაკეთებდი, არ მჯეროდა, რადგან ჩემთვის მანამდე წარმოუდგენელი იყო ასეთ პატარა დეტალებზე მუშაობა. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ადრე ფერების შერჩევა მიჭირდა, მაგრამ თითქოს თავად მკარნახობდა, რომელი ფერისთვის რომელი შემერია, სასურველი ტონი რომ მიმეღო", - გვეუბნება რესპონდენტი.

 

- რა მოცულობისაა ნატურალურთან ასე მიახლოებული ეს ნამუშევრები?

 

- ჩემი მინიატიურები ყველანაირი ზომისაა - 1/6, 1/10, 1/12, 1/24, 1/34 - ეს ბოლო 2 ზომა ძალიან პატარაა და ძირითადად მაკეტებისთვის გამოიყენება. უმეტესად 1/6 - 1/12-ს ვაკეთებ... ზომა რაც უფრო მცირეა, მით რთული და შრომატევადია მისი შექმნის პროცესი.

 

თითოეული მინიატიურა რამდენიმე ეტაპს გადის - გააჩნია, რას ვაკეთებ. ყალიბის გარეშე ვმუშაობ და ყველაფრის ახლიდან სათითაოდ გამოძერწვა მიწევს. ამ საქმეს დრო სჭირდება და არც აჩქარება უყვარს. მხოლოდ დღის შუქზე ვქმნი - ეს სამუშაოს ხანგრძლივობასაც ზრდის.

 

- თქვენ ნახელავს მე ჰიპერრეალისტურ ჟანრს მივაკუთნებ...

 

- ჰიპერრეალიზმამდე ამ მინიატიურებს, ვფიქრობ, მეტად დახვეწა სჭირდება, თუმცა გამიკეთებია ისეთებიც, ნამდვილი მგონებია... მაქვს თოჯინებით შექმნილი რამდენიმე სცენა, სურათებს რომ ვუღებდი, ჩემთვის საოცრად რეალური აღმოჩნდა და ამის გამო მიტირია კიდეც.

 

მარიასთვის მუშაობის პერიოდში მთავარია, რასაც აკეთებს, შინაგანად ხედავდეს და გრძნობდეს. ამბობს, რომ ესა თუ ის მინიატიურა ბევრჯერ დაუწყია და თავი დაუნებებია, რადგან ვერ "ხედავდა“... მისი ნახელავი მნახველს მოსწონს და სხვადასხვა ფიგურის გაკეთებას სთხოვს, მაგრამ თუ შეკვეთამ ინტერესი, ემოცია არ გამოიწვია, გულს ვერ უდებს. მაგრამ რასაც ქმნის, იმ ყველაფერში მთელ მისი დადებითი ემოციაა ჩადებული - თითოეული დეტალი უყვარს, ეფერება.

 

მიაჩნია, რომ მისი მთავარი შემფასებელი მაინც მნახველია, - "ისინი რომ არ იყვნენ, არავინ ვიქნებოდი. თითოეული სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სურვილი იმის, რომ ნამუშევრები მეტად დავხვეწო და მუდმივად ახალი შევქმნა. ვგრძნობ ადამიანების სითბოს, რაც ჩემი დიდი გულისტკივილის გადატანაში მეხმარება", - გვიყვება მარია, რომელიც იშვიათად ხატავს. ამბობს, რომ ბავშვობაში კი უნდოდა, აკადემიაში, დიზაინის განხრით სწავლა, მაგრამ უცხო ენებიო - მშობლებმა უთხრეს. მისი თქმით: "ადამიანს რაც შინაგანად აქვს, საბოლოოდ მაინც იმისკენ ისწრაფის“.

 

- ე.ი. ეს ყველაფერი მაინც მძიმე და ტკივილიანი ემოციის ბრალია...

 

- ალბათ, არ ვიცი, შინაგანად ისეთ რაღაცას ვგრძნობდი, რომ არ გადმომეცა, ალბათ "ავფეთქდებოდი"... თან, თითქოს ამ ყველაფერს ვიღაც მკარნახობდა - სასწაული იყო... თავიდან თიხა რომ არ მქონდა, შაქრისგან და ცომისგან ვაკეთებდი ფიგურებს, თიხაზე მერე გადავედი... თან, ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ შეკვეთებზეც გადავედი და ჰობი პროფესიაში გადაიზარდა.

 

- როგორც შევიტყვე, კონდიტერიც ყოფილხართ...

 

- კი, კონდიტერი ვიყავი და დედას გარდაცვალების შემდეგ კი თავი დავანებე. ბრიტანეთის რესტორნების საუკეთესო ოცეულის სიაში გახლდით. ასევე მოგვანიჭეს "მიშლენის ვარსკვლავი“. მოგვიანებით კი "ჰოლიდეი ინიში“ მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი.

 

- ისე, თქვენს ნამუშევრებში ხილი, ბოსტნეული და კვების პროდუქტები რომ ჭარბობს, ეს ალბათ თქვენი კონდიტერობის ბრალია...

 

- ალბათ, ვითომ დავანებე კულინარიას თავი, მაგრამ კვების პროდუქტებს თიხისგან მაინც ვამზადებ. კულინარია ჩემთვის იგივე ხელოვნებაა...

 

***

 

ადამიანის შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავია. მთავარია, გულით მოინდომო და ყველაფერს შეძლებ... ჩვენს რესპონდენტს სამომავლოდ, საინტერესო გეგმები აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება - "გამოფენა მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რესურსი არ მყოფნის, ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო, ამიტომაც, დრო მჭირდება. მანამდე კი ჩემს გულშემატკივრებს მხოლოდ ასე ვირტუალურად მოუწევთ ჩემი ნაკეთობების დათვალიერება“.

 

- რა ეტყოდით მკითხველს, - ასეთი ნამუშევრების შექმნა ყველას შეუძლია?

 

- რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა. როგორც ვთქვი, ამ საქმეს აჩქარება არ უყვარს, დაკვირვებული თვალი და მონდომებაც აუცილებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი