logo_geo
დავით კვირცხალია: თეატრში თუ არ ვივლი, გადაღება არ მექნება, რა მინდა თბილისში
- +

16 სექტემბერი. 2020. 21:29

 

 

 

რუსთაველის თეატრის მსახიობმა დავით კვირცხალიამ, მთელი ზაფხული მშობლიურ სამტრედიაში გაატარა. იქიდან თბილისში დაბრუნებას მანამდე არ აპირებს, ვიდრე თეატრში რეპეტიციები არ აღდგება ან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები არ დაიწყება და თავისი ცნობილი პერსონაჟის, გრიშა კაკაჩიას როლის თამაში არ მოუწევს.

 

 

„სარკესთან“ ამბობს, რომ ახალმა საშიშმა ვირუსმა ბევრ რამეზე დააფიქრა და ხასიათიც საგრძნობლად შეუცვალა.

 

 

დავით კვირცხალია: ახლა ქალაქ სამტრედიაში ვარ. აქ სახლი გვაქვს, კორონას გამოვერიდეთ და ჩავრჩით. ნებით ჩავრჩით, რა თქმა უნდა, წასვლაც შეიძლებოდა.

 

 

– სამტრედიაში გაატარეთ კარანტინის პერიოდი?

 

 

– არა, კარანტინი რომ მოიხსნა, მერე წამოვედით. პანდემიას სერიოზულად მივუდექით და არც ერთი რეკომენდაცია არ დაგვირღვევია. ამ ამბავს სერიოზულად ვუყურებ. ამდენი წელი დავაგროვე და ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ამ ყოველივემ ჩემზე ძალიან იმოქმედა. კორონავირუსის თემაზე ზოგი იცინის, მე კი ნერვები მეშლება, სასაცილო ნამდვილად არ არის და ძალიან სერიოზულად აღვიქვამ.

ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ მხიარულების გარკვეული პროცენტები დამაკლდა და უფრო სერიოზული გავხდი, ჩავფიქრდი. ყველა მაფიქრებს – ახლობლები, ნათესავები. ადვილი არ არის იმის განცდა, რა მდგომარეობაშიც ვართ, მაგრამ ეს არაფერი, უნდა გავუძლოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები და წესები, რასაც გვეუბნებიან და ყველაფერი კარგად იქნება.

მეფიქრება სამყაროზე, ყველაფერზე, მარტო ჩვენთან ხომ არ არის, თორემ საკუთარ თავს დავაბრალებდით. მთელი სამყარო განსაცდელშია და საფიქრალის მეტი რა არის...

 

 

პირველ რიგში, ფიქრობ შვილებზე, შვილიშვილებზე. მერე გენატრება შენი ახლობლები, ვისთანაც ყოველდღიური შეხვედრები უკვე აღარ გამოდის. მეგობრებს, ნათესავებს ვეღარ ნახულობ. მთლად იზოლაციაში ვერ მოექცევი კაცი, მაგრამ მაინც შორს ვარ იმ ხალხისგან, რომლებსაც აქამდე ყოველდღე ვნახულობდი.

 

 

ასეთ სიტუაციაში სხვადასხვა ჭორები ამ ვირუსზე ძალიან ცუდ როლს თამაშობს.

 

 

– სერიალში გრიშა კაკაჩიამ მთელი საახლობლოს გახიზვნა გადაწყვიტა. იმავეს გაკეთება მოგინდებოდათ, თქვენი გმირის შესაძლებლობები რომ გქონდეთ რეალურ ცხოვრებაში?

 

 

– სერიალში ეს ამბავი ადვილია, მაგრამ ცხოვრებაში იმდენად გლობალურია პრობლემა, რომ არც გრიშას ეკითხება და არც ფაშას. ცხოვრებაში გმირობას ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო ახდენენ თავიანთი თავდადებით.

 

 

გრიშა კაკაჩია როგორ მოიქცეოდა... ისეთი გაუგებარი პიროვნებაა... გაუგებარი კაცისგან რაიმეს მოლოდინი, თუ რას გააკეთებს, უაზრობაა.

გრიშა კაკაჩია მისი შემქმნელის, ავტორის, საკუთრებაა და ამ გმირს იმას გააკეთებინებს, თვითონ რაც უნდა. გრიშას პანდემიის დროს სწორი იდეა გაუჩნდა, მაგრამ მერე იფიქრა, სისულელეა, რასაც ვაკეთებო და ელარჯის საჭმელად სახლში შევიდა. ეს ალბათ ქართულ ხასიათზე მიანიშნებს, უდარდელობაზე და ა.შ.

 

 

– რაიმეთი გგავთ კაკაჩია?

 

 

– აბსოლუტურად არაფრით. ჩემს ცხოვრებაში ფული არ მქონია და არც ასეთ უკუღმართ საქმეებზე მიფიქრია, თითქოს სიკეთის გაკეთება უნდა, მაგრამ თავისი შაბლონური აზროვნება აქვს, რომელიც არანაირ პარამეტრებს არ ერგება.

 

 

– არ გიფიქრიათ ბევრი ფულის შოვნაზე და იმიტომ არ გქონიათ თუ როგორც ამბობენ, იღბალი უნდა ამ ყველაფერს?

 

– მდიდრები და ღარიბები ადრეც იყვნენ, მაგრამ ჩემებს ბევრი ფული არ ჰქონდათ. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ფაქტობრივად არაფერი გვაკლდა და მე და ჩემი ძმა მდიდარი მშობლების შვილებისგან სულაც არ განვსხვავდებოდით. კარგ მოქალაქეებად გავიზარდეთ, ზოგი მეტს მიაღწევს ცხოვრებაში, ზოგი ნაკლებს, მაგრამ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ყველანაირი პირობა გვქონდა, რომ ამ ქვეყნის კარგი მოქალაქეები ვყოფილიყავით.

დრო შეიცვალა და სხვა ცხოვრება დადგა. ფული საჭიროა და თავისუფლება ფულის გარეშე, მგონი, არ არსებობს. ახლა გადარჩენის პერიოდი დგას როგორც ქვეყნის, ისე პიროვნული გადარჩენის და აქ ფული რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს.

 

 

ბევრი ფული ვისაც აქვს, ღმერთმა მოახმაროს სიკეთეში, მაგრამ მე დავაგვიანე, 70 წლის ვარ. არ გეგონოთ ვტირი, ჩემი ცხოვრება ასეთი იყო და ასეთივე მივიღე, თუმცა გამიხარდებოდა, ფული რომ მქონოდა. რაც უნდა მოვინდომო, ალბათ აღარ მექნება საშუალება, რომ დიდი ფული ვიშოვო.

მთელი ცხოვრება ვმსახურობდი სახელმწიფო დაწესებულებაში – 50 წელია რუსთაველის თეატრში ვმუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვამაყობ ჩემი თეატრით, მთელი მისი ისტორიით აწმყოთი და მომავლით. სულ ესაა.

 

 

– სამტრედიაში სახლი გაქვთ?

 

 

– დიახ, მე სამტრედიაში გავიზარდე. სამტრედიელზე დავქორწინდი და ჩვენი სახლი გვაქვს. ზაფხულობით ჩამოვდივართ, აქაურობა ძალიან მიყვარს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და ვნებებისგან სუფთა ქალაქია. კარგი მეზობლები და ძველი ნაცნობები მყავს, კომფორტულად ვგრძნობ თავს.

კარგი ბავშვობა მქონდა, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ და, საერთოდ, სამტრედიამ ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. რაც დღეს ვარ, ამ ქალაქის დამსახურებაა. ამ ქალაქიდან ჩემზე ბევრად დიდი ხალხიც გამოსულა. ჩემი პროფესიის მქონე სამტრედიელებს რომ გადავხედოთ, ყველა ვარსკვლავია. მე ვარსკვლავობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ, მგონი, სწორი ორიენტირი მაქვს აღებული და ვცხოვრობ ისე, რომ რაც ჩემი საქმე არ არის, არ ვერევი. ვფიქრობ ჩემს საქმეზე, ჩემს შეცდომებზე, ბევრი რამ მაქვს გამოსასწორებელი. სხვისი არც შემოსავალი მიანგარიშია და არც მათი წარმატება თუ წარუმატებლობა. ჩემთვის ეს საინტერესო არასოდეს იყო.

 

 

– პოლიტიკითაც არ ინტერესდებით?

 

 

– არასდროს. მოქალაქე ხარ და პოლიტიკის გარეშე ცხოვრება რთულია. ყველა მთავრობის მიმართ შემგუებელი ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ურთულესი საქმე და საკითხებს ჩემზე ბევრად ჭკვიანი ხალხი წყვეტს.

კარგია, როცა პოლიტიკაში მაშინ დაგიძახებენ, როცა გიცნობენ შენი შემოქმედებით, ცხოვრებით... შენ რომ მოინდომებ და გინდა, კარგად იცხოვრო და იმიტომ მიდიხარ პოლიტიკაში, აქედან არაფერი გამოდის.

ვხედავდი, როგორ რადიკალურად იცვლიდნენ პოლიტიკოსები მრწამსს, რაც ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, შეიძლება წესია ასეთი, მაგრამ მე, პირადად, ეს არ მხიბლავს.

 

 

– ბევრი მსახიობიც ვნახეთ პოლიტიკაში წასული...

 

 

– დიახ და ბევრმაც თავის პროფესიაში ბევრი რამ დაკარგა. შეიძლება რამე მოიგეს თავიანთ გზაზე, მაგრამ ჩემი გზა მათნაირი არ იყო და რა ვქნა?!

 

 

– რითი იქცევთ თავს სამტრედიაში, როგორი დასვენება გიყვართ?

 

 

– აქტიური დასვენება მიყვარდა. მდინარეზე ჩავდიოდი და ვთევზაობდი. სამტრედიის გარშემო ბევრი მდინარეა და ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდი, სამტრედიიდან 4 კმ–შია სოფელი მარანი, რომელიც ჩემი მამულეთია. თითქმის ყველა ზაფხულს იქ ვატარებდი, გამონაკლისს მხოლოდ მაშინ ვუშვებდი, ცოლ-შვილი რომ ზღვაზე მიმყავდა. მათთან ერთი-ორი დღე ვრჩებოდი. სხვა დროს სულ სამტრედიაში ვიყავი.

 

 

– სოფლის მეურნეობაც გაქვთ?

 

 

– არა, მხოლოდ ეზო გვაქვს და მის მოვლაში მეზობლის ბიჭი მეხმარება, რომელიც ხან ბალახს თიბავს, ხან ყვავილებს რგავს... აქ ჩემი საქმე ის არის, რომ სმარტფონი მაქვს და ყველა ინფორმაციას ვიგებ, რაღაც ჩანაფიქრიც მაქვს, რის გამოც წიგნებს ვკითხულობ და...

 

 

– რა ჩანაფიქრია, შეიძლება გვითხრათ?

 

 

– შემოქმედებით ამბავს ეხება. ბატონმა რობერტ სტურუამ მოგვცა უფლება, ვისაც რა სურვილი გვაქვს, შეძლებისდაგვარად განვახორციელოთ. რაღაცებს მეც ვფიქრობ.

 

 

– როგორც რეჟისორმა, ისე უნდა განახორციელოთ თქვენი სურვილი?

 

 

– დიახ, მე სარეჟისორო ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული, ოღონდ კინოსარეჟისორო. ვფიქრობ, რაღაცის მონახვა შეიძლება და ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ისაა გადასაწყვეტი, რა იქნება თეატრში, გაიხსნება სეზონი თუ არა. პირველი ნოემბრიდან გვპირდებიან თეატრების ამუშავებას, მაგრამ რას იზამს კორონა, გაძლიერდება თუ შესუსტდება, არავინ იცის.

 

 

მეც ვეძებ რაღაცებს, ბევრს ვკითხულობ, თუმცა ახალგაზრდობაში რომ ვკითხულობდი, იმ სისწრაფით ? ვეღარ, რადგან ვიღლები. ვკითხულობ როგორც დრამატურგიას, ისე პოეზიას და პროზას. მინდა რამე კარგი ვიპოვო, სადაც 2-3 კაცი ითამაშებს, რადგან ეს დღევანდელ სიტუაციას შეესაბამება. ასეთ ვითარებაში რთულია, რამე კარგი იპოვო და ვნახოთ, როგორ იქნება.

მსახიობებისთვის საშინელი პერიოდია შემოქმედებითი თვალსაზრისით. მსახიობი თუ არ დგას სცენაზე და ყოველდღე არ თამაშობს, არ ტრიალებს თეატრალურ სამზარეულოში, დუნდება. თამაში ყველა მსახიობს უნდა. ქვეყანაში არ მეგულება დალხენილი მსახიობი, რომელსაც შემოსავალი თავზე გადასდის, მაგრამ აქ შემოსავალზე მეტად თამაში უნდა ყველას. ხანდახან თუ ითხოვენ ანაზღაურებას, ეს იმიტომ, რომ ძალიან უჭირთ. მაყურებლის ტაში კი ყველას ენატრება.

 

 

ჩვენში ინსტინქტის დონეზეა სცენაზე დგომა, რეპეტიციები. 6 თვეა, რაც კორონა დაიწყო და ეს ბედნიერება აღარავის გვაქვს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

 

 

– რაც შეეხება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რა ინფორმაცია გაქვთ, კვლავ ითამაშებთ?

 

 

– სერიალიც გაჩერებულია. ნოემბრის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა. ეს სერიალი ძალიან კარგი იყო ჩემთვის, ფორმას ვინარჩუნებდი, მაგრამ რა ქნან, 10 კაცით ფილმს ვერ გადაიღებ, თან უკვე დიდი ხანია გადის.

სერიალის ავტორებს თავიანთი გეგმები აქვთ. ვნახოთ, რა იქნება. ხალხს თუ უნდა იქნება, რადგან ტელევიზია ხალხისაა. მე არაფერი ვიცი, მიწვეული მსახიობი გახლავართ და რასაც შემომითვლიან, იმას ვაკეთებ. თუ იქნება გადაღება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები და მუშაობას სიამოვნებით გავაგრძელებ, რადგან შესანიშნავი კოლექტივია. ამ სერიალს უნიჭიერესთა არმია ქმნის. მათ შეუძლიათ, მაყურებელს ყოველ კვირას სამი სერია მიაწოდონ.

 

 

– ამბობთ, ნოემბრის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სერიალიო, ანუ მის გაჩერებაზეც იყო საუბარი?

 

 

– ჩემთან ამ თემაზე არავის უსაუბრია, შიდა საუბრებს არ ვესწრები. მათ თავიანთი შემოქმედებითი პოლიტიკა აქვთ, რომლის მიხედვითაც ლაგდება, რა უფრო მოთხოვნადია. მე მხოლოდ მესიჯი მომივიდა, ნოემბრის ბოლოს შეგატყობინებთ, რა იქნება სერიალთან დაკავშირებითო.

 

 

– ზაფხული გავიდა, ბრუნდებით თბილისში?

 

 

– არა, ჩემი შვილები და შვილიშვილები თბილისში არიან. მე კი აქ მეუღლესთან ერთად ვარ. როგორც კი ყველაფერი აღდგება, იმ წუთში წამოვალ. ახლა საქმე არ მაქვს თბილისში, თეატრში თუ არ ვივლი, გადაღება არ მექნება, რა მინდა თბილისში, აქ ვიქნები.

 

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი