logo_geo
სამხატვრო აკადემიის 10 მაგისტრანტი ვენეციის ბიენალეზე წარდგება
- +

27 მარტი. 2017. 04:07



აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის 10 მაგისტრანტი, საკუთარი ნამუშევრებით, ვენეციის ბიენალეზე წარდგება.


2016 წლის ნოემბერში სამხატვრო აკადემიამ ევროპის კულტურის ცენტრის (ECC) მიერ ინიცირებულ კონკურსში  მიიღო მონაწილეობა. თანამედროვე ხელოვნების  საერთაშორისო პლატფორმა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს გამოფენებს „პერსონალური სტრუქტურები".


სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ათმა მაგისტრანტმა  ვენეციის ბიენალეს არტ გამოფენის ადგილას, პალაცო  Bembo-ში, საკუთარი ნამუშევრების გამოფენის უფლება მოიპოვა.  პალაცო  Bembo საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების  პლატფორმაა და ორგანიზებულია „პერსონალური სტრუქტურების" მიერ.


როგორც ცნობილია, ქართველი მაგისტრანტების ამ პროექტში მონაწილეობა დაახლოებით 250 000 ლარი ჯდება. ასევე „რეპორტიორმა" გაარკვია, რომ დაფინანსების მოპოვების მიზნით, სამხატვრო აკადემიამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა. კულტურის სამინისტრომ სტუდენტების გასამგზავრებლად, სამხატვრო აკადემიის მიმართვა 35 000 ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.


ირკვევა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პროექტის წარმომადგენლებმა მიიღეს დაპირება პროექტის ფინანსურ მხარდაჭერაზე.


სტუდენტებს ასევე დაფინანსება გამოუყო თბილისის მერიამ - 15 000 ლარის ოდენობით. ხოლო, სამხატვრო აკადემიამ პროექტი 5 000 ლარით დააფინანსა.


„რეპორტიორის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის განსახორციელებლად, მაგისტრანტებს დაახლოებით 75 000 ლარი აკლდებათ.


ჩვენ დავუკავშირდით კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს და მათგან მოვისმინეთ, თუ რას ფიქრობენ ზოგადად კონკურსსა და დაფინანსებაზე და როგორ აპირებენ დარჩენილი თანხის შეგროვებას.


„კონკურსის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ 2016 დეკემბერში, მოცემული იყო კონკრეტული თემა და სამუშაოდ სტუდენტებს დაახლოებით 2 კვირა გვქონდა. აკადემიაში გაიმართა კონკურსი, რომელშიც მაგისტრატურის სტუდენტებმა მივიღეთ მონაწილეობა, საბოლოოდ კი, შეირჩა ათი სტუდენტი.

 

ამის შემდეგ დავიწყეთ დაფინანსების ძიება. ზოგადად, ყველაზე მთავარია პავილიონის ქირის გადახდა, რაც დაახლოებით 35 ათასი ევრო გახლავთ. როგორც კი პროექტი დაიწერა და ხარჯებიც გაიწერა, მაშინვე მივმართეთ კულტურის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ბიუჯეტი უკვე გაწერილი იყო და პავილიონის ქირის თანხას, ვერ დაგვიფინანსებდნენ. თუმცა, გამოგვიყვეს 35 ათასი ლარი, რაც მოხმარდება მგზავრობასა და სასტუმროს.

 

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პროექტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შეგვეტანა და ასევე მივმართეთ კერძო სტრუქტურებსაც.

 

საბოლოო ჯამში, მერია გვაფინანსებს 15 000 ლარით და ჯერ კიდევ დანარჩენი თანხის ძიებაში ვართ.

 

მაგრამ, მარტის ბოლომდე უკვე თანხის პირველი ნაწილი გვაქვს შესატანი. ნამუშევრები გაიგზავნა და იქიდან ძალიან დადებითი პასუხი მოგვივიდა, ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენით, ამიტომ, ვადებიც გადაგვიწიეს და თანხებიც შედარებით შეგვიმცირეს.

 

ვენეციის ბიენალე ოფიციალურად იხსნება 13 მაისს, თუმცა 10-ში VIP სტუმრების მიღება. ჩვენ უნდა გავემგზავროთ 7 მაისს, რათა  ექსპოზიცია გავაკეთოთ და ყველაფერი მოვაწესრიგოთ.

 

თანხების მოსაძიებლად ვაკეთებთ საქველმოქმედო გამოფენას, გვეხმარებიან ცნობილი მხატვრები - ვახო ბუღაძე, გია ბუღაძე, დავით ალექსიძე და ძალიან ბევრი სხვა", - განაცხადა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტმა ანა წოწონავამ ჩვენთან საუბარში.


„ვენეციის ბიენალე ძალან მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის, რადგანაც ყველაზე პრესტიჟული და მაღალი დონის პლატფორმაა და ეს, არა მარტო სტუდენტებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ცნობილი მხატვრებისთვისაც. ზოგადად ქვეყნისთვის და კულტურული განვითარებისთვისაა კიდევ მნიშვნელოვანი, ახალგაზრდა მხატვრების ინტეგრაცია ხდება საზღვარგარეთ, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პროფესიული თვალსაზრისით, ყველაზე მნშვნელოვანია პროექტია.

 

რაც შეეხება ფინანსებს, გვაკლდება 75 000 ლარი. კულტურის სამინისტროსა და მერიის გარდა, სამხატვრო აკადემია გვიფინანსებს მასალებს, დანარჩენი თანხის მოპოვებას კი კერძო სტრუქტურების დახმარებით ვაპირებთ", - ამბობს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი მარიამ აქუბარდია.

 

„ამ პროექტს სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა. ჩვენ ვცდილობთ, ეს თანხები პირადი რესურსითაც მოვიძიოთ, თუნდაც კერძო კომპანიებისგან.

 

ამასთანავე, ჩვენ გვაფინანსებს თბილისის მერია 15 ათასი ლარით, აკადემიაც მხარს გვიჭერს ფინანსურად, მასალებს გვიფინანსებს ნამუშევრებისთვის და კიდევ არის გათვალისწინებული რაღაც დამატებითი ხარჯებიც, ასევე კულტურის სამინისტრო გვინაზღაურებს მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს. კონკრეტული თანხის მოლოდინი ასე არ გვქონია, ვიყავით კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე და გამოგვიყო ის თანხა, რისი რესურსიც ჰქონდა სამინისტროს, ეს არის 35 ათასი ლარი.

 

იმედი გვაქვს კერძო კომპანიების, რომლებთანაც ხშირად გვაქვს შეხვედრები. ყველანაირად ვცდილობთ, მოვიპოვოთ დარჩენილი თანხა და წავიდეთ ბიენალეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, ისე თბილისის აკადემიისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ დარჩენილი დრო, რათა დაფინანსება მოვიძიოთ", - აღნიშნა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტმა ავთო გახოკიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორს ანა რიაბოშენკოს, რომელმაც განგვიცხადა, რომ სამწუხაროდ, სტუდენტებმა დაფინანსების თხოვნით სამინისტროს დაგვიანებით მიმართეს, ამიტომ მათი სრულად დაფინანსება ვერ მოხერხდა.


„რა თქმა უნდა, სტუდენტების მონაწილეობა ბიენალეზე ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, აქ ერთი პრობლემაა. იმ უცხოურმა ორგანიზაციამ, რომელმაც ქართველ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა, არ უზრუნველყო არაფერი თავისი მხრიდან. ფაქტობრივად, ყველაფერი დააწვათ სტუდენტებს. ამის შესახებ სტუდენტებმა მხოლოდ 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაიგეს.

 

როგორც ვხვდები, აქ ძირითადი პრობლემა ისაა, რომ უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, წაუყენა პირობა და მოსთხოვა გადაეხადათ ტერიტორიის, მონაწილეობის, ნამუშევრების მომზადებისა და მგზავრობის თანხები. ცოტა აბსურდული გამოდის, მაშინ, საერთოდ რატომ ჩაატარა იმ კომპანიამ კონკურსი?

 

სტუდენტებმა ჩვენ რომ მოგვმართეს, ბიუჯეტი უკვე გაწერილი გვქონდა , თუმცა, მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველანაირი რესურსი გამოგვეყენებინა და რითიც შეგვეძლო, დავხმარებოდით. ჩვენ მათ გამოვუყავით 35 000-ლარიანი დაფინანსება", - განაცხადა ანა რიაბოშენკომ.


ანა რიაბოშენკოს განმარტებით, დაფინანსების პრობლემა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ სტუდენტები, სავარაუდოდ, ინფორმირებულნი არ იყვნენ, რომ ბიენალეზე გასამგზავრებლად კონკურსს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც ატარებდა. რიაბოშენკოს თქმით, სტუდენტებს აღნიშნულ კონკურსში რომ მიეღოთ მონაწილეობა, ბიენალეზე უკეთესი პირობებით გაემგზავრებოდნენ, რადგან, ამ შემთხვევაში ისინი ისარგებლებდნენ საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილი 115 კვ.მ ფართობის სივრცით Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. ასევე, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს.


„წელს კულტურის სამინისტრო პროექტებს კონკურსების გზით აფინანსებს, ამას ჩვენ მანადეც ვაკეთებდით, თუმცა, წელს მთლიანად კონკურსების ფორმატში გადავედით. არის ერთი კონკრეტული მიმართულებით კონკურსი, შეუძლიათ განაცხადის შემოტანა, კონკურსის გავლა და ამის მიხედვით დაფინანსების მიღება.

 

ვენეციის ბიენალზე ჩვენც გვქონდა კონკურსი გამოცხადებული. შარშან, დაახლოებით ნოემბრის ბოლოს გავაგზანეთ ვენეციაში გამარჯვებული პროექტი, პავილიონზე შეთანხმება დაახლოებით ერთი წლით ადრე გავაკეთეთ.

 

ჩვენ შემთხვევაში, იმ უცხოური კომპანიისგან განსხვავებით, როცა კონკურსს ვატარებთ, თავიდანვე განსაზღვრულია, რა თანხით დავუჭერთ გამარჯვებულს მხარს. სამწუხაროდ, სტუდენტები თავად აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში, ალბათ, არ იცოდნენ ვენეციის ბიენალეს ფორმატი, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ამაზე კი ცოტა ადრე უნდა ეფიქრათ, თუნდაც შარშან და რომ მოემართათ ჩვენთვის, უფრო რეალური იქნებოდა მათი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. მაგრამ, ახლა ბიუჯეტი გაწერილია და წარმოუდგენელია სხვა ცვლილებების გაკეთება. საქმის კურსშიც კი არ ვიყავით, იანვრის დასაწყისში გავიგეთ, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში და გაიმარჯვეს.

 

რეალურად, ყველა ფესტივალს და ღონისძიებას შეუმცირდა თანხები, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ძალიან არარეალური რაღაც გავაკეთეთ, რომ მოვიძიეთ თანხა და დავეხმარეთ სტუდენტებს", - განაცხადა ანა რიაბოშენკომ.


P.S. როგორც ირკვევა, სამხატვრო აკადემიის 10 მაგისტრანტს ვენეციის ბიენალეზე გასამგზავრებლად, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარა. ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ სტუდენტების ბიენალეზე წარდგენას ხელს კერძო სექტორიც შეუწყობს.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი