logo_geo
ნინო სურგულაძე: საერთოდ არ მახსვოს თუ ვმღეროდი
- +

22 სექტემბერი. 2020. 21:46

 

 

„ვერ წარმომედგინა, ჩემი ტყუპები ასეთი ტიპები თუ იქნებოდნენ“

 

 

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე, 3 თვის ტყუპების, ზაქარიას და ნატალიას აღზრდით არის დაკავებული, პანდემიის გამო დაპაუზებული ცხოვრება რომც არ ყოფილიყო, ახალბედა დედას ალბათ მაინც არ ექნებოდა არც ერთი თავისუფალი წუთი, რადგან, როგორც „სარკესთან“ გულახდილად ამბობს, ერთდროულად ორი ჩვილის მოვლა იმდენ დროს და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან შეიძლება მთელი დღე თმის დასავარცხნადაც ვერ მოიცალოს.

 

 

ტყუპების გაზრდაში მთლიანად არის ჩართული მამაც, გიორგი ინწკირველი, ნინოს და გიორგის დაოჯახების ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ გამჟღავნდა, რასაც მალევე მოჰყვა ინფორმაცია მომღერლის ორსულობის შესახებ. შვილების დაბადებამ მათი ოჯახური ჰარმონია უფრო განამტკიცა, მეცო-სოპრანოს ცხოვრება და შეხედულებები კი თავდაყირა დააყენა.

დედობრივ ემოციებსა და ოჯახურ იდილიაზე ნინო სურგულაძე „სარკესთან“, ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს:

 

 

– ნინო, როდესაც ტყუპების დედა გახდით, ძალიან ემოციური პოსტი დაწერეთ. უკვე სამი თვე გავიდა ბავშვების დაბადებიან, ახლა როგორია დედობრივი ინსტინქტები და ემოციები?

 

 

– ასე მგონია, ტყუპების დაბადებიდან უკვე დიდი დრო გავიდა, რადგან მთელი ეს სამი თვე სავსეა ემოციებით და პოზიტიური მოვლენებით. ტყუპების დაბადებით ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, პირველ რიგში, სამყაროს აღქმა, პრიორიტეტები. გავაცნობიერე, რომ უკვე უკვე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, თუმცა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პრინციპში დიდი ხანია ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო გამძაფრებულია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის. აქამდე თუ მეგონა, რომ ცხოვრების აზრი სხვა რაღაცეებში იყო, ახლა ზუსტად ვიცი, სად არის ცხოვრების მთავარი აზრი.

 

 

 

– ქალი ორსულობის 9 თვის განმავლობაში ემზადება დედობისთვის, როგორი იყო ემოციები, როდესაც რეალურად პირველად შეხედეთ თქვენს შვილებს?

 

 

– პირველ რიგში, დაბადებისას გაინტერესებს, როგორები იქნებიან. ბევრჯერ მიფიქრია, ბევრჯერ წარმოვიდგინე, როგორები იქნებოდნენ, მაგრამ ასეთი ტიპები ნამდვილად ვერ წარმომედგინა. დავრწმუნდი, რომ მუცლად ყოფნისას დედასა და შვილებს შორის ნამდვილად არის უხილავი კავშირი. გარეგნულად მათი დანახვა თუ სიურპრიზი იყო, შინაგანად ჩემთვის მონათესავე სულები დაიბადნენ, რომლებსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეკონტაქტებოდი.

მიუხედავად იმისა, მთელი 9 თვის განმავლობაში ვემზადებოდი, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი, როცა დაიბადნენ, მაინც ბოლომდე ვერ გავაცნობიერე დედობა. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ გვიან ასაკში გავხდი დედა... არ ვიცი, პასუხი არ მაქვს, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდა.

 

 

– ტყუპები დაგეგმილ დროს დაიბადნენ?

 

 

– 9 ივნისს მქონდა საკეისრო დაგეგმილი და ძალიან მშვიდად ველოდებოდი ამ დღეს. მეორე მხრივ, ცოტა გული მწყდებოდა, რომ დაგეგმილად დაიბადებოდნენ და ეს ბუნებრივად არ მოხდებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უფალს უნდოდა, ორი დღით ადრე, 8-ში, ძილის წინ ამტკივდა მუცელი და მომიწია სამშობიაროში წასვლა. ასე რომ, ბავშვები მაინც არ დაიბადნენ იმ დროს, როდესაც მე და ექიმმა გადავწყვიტეთ.

 

 

– სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როდესაც საკეისრო კვეთისას ავე-მარიას მღეროდით.

 

 

– საქმე ისაა, რომ საერთოდ არ მახსვოს თუ ვმღეროდი. სპინალური გაუტკივარება მქონდა გაკეთებული და თან დამამშვიდებელი, ამიტომ სრულიად გაუცნობიერებლად დამიწყია სიმღერა.

 

 

– გაგვაცანით თქვენი ტყუპები, როგორი ხასიათი აქვთ, რით გაოცებენ.

 

 

– ყოველ წამს და ყოველ წუთს მაოცებენ, როგორც ტყუპების მშობლები მეუბნებიან, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. არ ვიცი, შეიძლება ძალიან სუბიექტური აღქმაა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამი თვის არიან, ძალიან აზრიანი გამოხედვა აქვთ, უყვართ თამაში, ისწავლეს გაბუტვა. რასაც ვაკვირდები, ფიზიკურად ერთმანეთს ვერ აღიქვამენ. სამაგიეროდ, ემოციურად ძალიან დიდი კავშირი აქვთ. არ ვწუწუნებ, მაგრამ ტყუპების გაზრდა მართლა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ერთი წუთი არ მაქვს თავისუფალი, ხანდახან შეიძლება მთელი დღე ჭამისთვის ან თმის დასავარცხნად ვერ მოვიცალო. მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები ძალიან მეხმარებიან, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. უშუალოდ ბავშვებთან რომც არ ვიყო, ემოციური კონტაქტი მუდმივად მაქვს, ჩემს ფიქრებში მხოლოდ მათზე ზრუნვაა და მეტი არაფერი.

 

 

– მაინც რა გიჭირთ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე, ღამის თენება, არეული რეჟიმი თუ სხვა რამ?

 

 

– ყველა ეტაპი რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, ბავშვები ტირილს რომ იწყებდნენ, შევიყვანდით ოთახში, დავაწვენდით და გამოვიდოდით, მალე თავისით გაჩუმდებოდნენო. მე ასეთი რამ ვერ შევძელი, რადგან, როცა ბავშვი ტირის, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავამშვიდო, დავაწყნარო. ფიზიკურად დიდი დატვირთვაა, განსაკუთრებით – ტყუპების გაზრდა, მაგრამ ეს პარალელურად ისეთი სიხარული და დადებითი ენერგიაა, რომ ღირს ყველაფერი. მთელი ჩემი ცხოვრება გამოწვევები და სირთულეების დაძლევაა, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ არ გამიჭირდება.

 

 

– ნატალია და ზაქარია ალბათ ძალიან განებივრებულები არიან თქვენი იავნანით.

 

 

– გაგიკვირდებათ, მაგრამ – არა. სხვა მომღერლების ნამღერს ვასმენინებ, მე სრულად დადუმებული ვარ. იმისთვის, რომ მუსიკალურ ფორმაში ვიყო, დავდივარ პედაგოგთან, ვავარჯიშებ ხმას. მოვდივარ სახლში და ამ პატარებს რომ ვხედავ, სრულად ვდუმდები.

 

 

ყველას წარმოედგინა და მათ შორის მეც, რომ ყოველდღე ვუმღერებდი, მაგრამ მგონი, ერთხელ ვუმღერე და ისიც ძალიან დაბალ ხმაზე. ასე მგონია, რომ ყველაზე მაგარი მსმენელები ჩემი შვილები იქნებიან და მინდა მათ ისე ვუმღერო, როგორც არასდროს, მაგრამ ჯერ ამას ვერ მოვახერხებ. მთავარია, რომ მუსიკა ძალიან უყვართ და ხშირად ვასმენინებ.

 

 

– რამდენად განსხვავებულ მიდგომას ითხოვენ ბიჭი და გოგო?

 

 

– გამორჩეულად ბიჭი ჰგავს ბიჭს და გოგო – გოგოს, არასოდეს აგერევა. გოგო არის მეტად ნაზი და დინჯი, ბიჭი კი ძალიან მამაკაცურია. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, რომელი რომელს ჰგავს, მგონი, ჩვენგან, მშობლებისგან ყველა ნაკვთი აქვთ აღებული.

 

 

– თქვენსას რას პოულობთ მათში?

 

 

– გოგონაში ვპოულობ ჩემს იერს, გამოხედვას, კანის ფერს. უკვე ეტყობა, რომ საკმაოდ ხასიათების ქალბატონი იქნება. ბიჭი უფრო მამის მხარეს არის. საოცარია, რომ ტყუპები აბსოლუტურად არ ჰგვანან ერთმანეთს და თან ძალიან ჰგვანან.

 

 

– ადვილად მოახერხეთ მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა?

 

 

– ამ კუთხით ადრიდანვე დავიწყე ზრუნვა, რადგან ვიცი, რომ ორსულობა და ბავშვის გაჩენა დიდი სტრესია ქალის ორგანიზმისთვის. რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი მკაცრად დავიცავი. ორსულობამდეც ვცდილობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონოდა. ორსულობის ბოლო ეტაპამდე ვიყავი აქტიური, ბევრს დავდიოდი და ვაკონტროლებდი კვებას. დღეს იმაზე ნაკლებიც ვარ, ვიდრე ორსულობამდე ვიყავი. ერთადერთი, რასაც ახლა ვერ ვაკეთებ, მუცლის პრესია. ჩემი სასიმღერო ფორმისთვის მუცლის კუნთების ვარჯიში აუცილებელია, მაგრამ 6 თვემდე მუცლის პრესების გაკეთება აკრძალული მაქვს. სამაგიეროდ, ფიზიკურად მაქსიმალურად აქტიური ვარ, ვცხოვრობთ წყნეთში, კერძო სახლში და ეზოს საქმეებს მთლიანად მე ვაკეთებ. ასეთი ბუნებრივი გზით მოვდივარ ფორმაში.

 

 

– ბავშვების დაბადებამ რა გავლენა იქონია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, სიყვარულზე?

 

 

– მე და ჩემი მეუღლე ჯერაც შეცნობის პროცესში ვართ, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თაფლობისთვიდან უკვე ორსულობის ეტაპზე გადავედით. მივხვდი, რომ თუ დიდი სიყვარული და პატივისცემა არ არის წყვილს შორის, ძალიან რთული იქნება სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნება. როდესაც იწყება უძილო ღამეები, ნერვიულობა და მშფოთვა შვილებზე, ამ დროს გვერდით აუცილებლად უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელიც გიგებს.

 

 

მე იშვიათად მინახავს ისეთი მზრუნველი მამა, როგორიც გიორგია. ყოველთვის პოულობს დროს, რომ ფიზიკურად იყოს ბავშვებთან და იზრუნოს მათზე. ტყუპებმა ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო გაამყარა, ვუყურებთ ტყუპებს, მათში ჩვენს თავს ვხედავთ და ვხედავთ, რომ ისინი ჩვენი სიყვარულის ნაყოფები არიან.

 

 

– რა ტიპის დედა აღმოჩნდით?

 

 

– დედა, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს თავისი შვილებისთვის, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში. უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან გამიჭირდება ცხოვრების იმ სტილთან დაბრუნება, რომელიც მქონდა – კონცერტები, გასტროლები... ვერ წარმომიდგენია ჩემს შვილებთან განშორება, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო მეტი სტიმული მექნება მუშაობისთვის, რადგან სახლში ჩემი შვილები დამელოდებიან.

 

 

ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული მივცე მათ, მინდა ჩემი ცხოვრებით მივცე მაგალითი, თუ როგორები უნდა იყვნენ. ისინიც თავის მხრივ, ბევრ რამეს მასწავლიან და უკვე მასწავლეს კიდეც.

 

 

– როდის დადგებით სცენაზე?

 

 

– ასე კონკრეტულად არაფერია ცნობილი, რომ არა კოვიდი, უკვე სცენაზე ვიდგებოდი. თუ მსოფლიოში ამ კუთხით სიტუაცია არ გაუარესდა, დეკემბერში ბარსელონაში მაქვს დაგეგმილი სპექტაკლები. ვნახოთ, ყველაფერი ამ პანდემიაზეა დამოკიდებული.

 

 

ავთო ჩიტიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი