logo_geo
„ავტორიტარული მასწავლებლების ხელში ონლაინ-განათლება „ჩაფლავდება!“ – ცნობილი ფსიქოლოგი დისტანციურ სწავლებაზე
- +

23 სექტემბერი. 2020. 01:04

 

 

კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა, საქართველოს 6 დიდ ქალაქში, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. პრემიერმინისტრის განმარტებით, 15 სექტემბერს სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლა დაიწყო, პირველი ოქტომბრიდან კი, საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს.

 

ონლაინ-სწავლებასთან დაკავშირებით, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს უამრავი პრობლემა გაუჩნდათ. ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ბავშვთა ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ონლაინ-სწავლების შედეგად, სავარაუდოდ, ბევრი მასწავლებლის „სიღატაკე“, უწიგნურობა და ბავშვებისადმი უნდობლობა გამოაშკარავდება:

 

“ახალი სიტყვა დამკვიდრდა – „ციფრული განათლება“, იმდენად განვითარდა ტექნიკა, რომ მის მიმართ წინააღმდეგობა გაგვიჭირდება. ის შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, როგორც აუცილებელი ელემენტი. როგორც ჩანს, ასეთი სწავლება, სკოლაშიც დამკვიდრდება.

 

ვითარება, რაც თავს დაგვატყდა ახალი კორონავირუსის გამო, არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. არ გამოვრიცხვავ, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შეიძლება სხვა პრობლემებიც გაჩნდეს. ამიტომ საზოგადოებას და სკოლას მოუწევს ცხოვრების სტილის შეცვლა და ახლის დაწყება.

 

მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ბავშვებს. რამდენიმე დღის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, პირველკლასელი ბავშვების ონლაინ-სწავლების. გამოდის, რომ მასწავლებელმა 6-7 წლის ასაკის ბავშვს, ეკრანიდან უნდა ასწავლოს წერა-კითხვა და ანგარიში. ეს, მართლაც წაროუდგენელია, თავის მოტყუებაა!

 

ამ შემთხვევაში მშობლებს, ბებიებს უნდა ასწავლო, როგორ ამეცადინოს ბავშვი, სახლის პირობებში. ამის გარდა სხვა პრობლემებიც გვხვდება – პირობები, გვაქვს ოჯახში? შეიძლება ერთ ოჯახში 3 და მეტი ბავშვი ცხოვრობდეს. გაკვეთილები კი, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა.

 

– მშობელი იძულებულია, ბავშვები ცალ-ცალკე ოთახში დასვას და სავარაუდოდ, ამის საშუალება, ყველას არ აქვს…

 

- რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს ამის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს შეუშლიან. ამავე დროს, ეკრანი, არ იპყრობს ბავშვის  ყურადღებას თავისი სილამაზით, ხალისით, მრავალფეროვნებით, მასწავლებლის მხრიდან, ხალისიანი დამოკიდებუელებით. ამიტომ, ბავშვის დასმა ეკრანთან, ძალიან რთულია. ჯერჯერობით, ამის გამოცდილება, ნაკლებად გვაქვს.

 

რადგან ასეთი ვითარება შეიქნმა და გაურკვეველია, როდემდე გაგრძელდება, უნდა ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ. პირველ რიგში, ბავშვებს კარგად უნდა ვასწავლოთ ტექნიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამავე დროს, მასწავლებელმაც კარგად უნდა იცოდეს კომპიუტერის გამოყენება.

 

მაგრამ რაც მთავარია, როგორ დონეზეც არ უნდა ვიცოდეთ ტექნიკის გამოყენება, საქართველოში ეს მდგომარეობა, სამარცხვინოდ ითვლება. აქამდე მასწავლებელი დაფარული იყო თავისი გაკვეთილებით, რას აკეთებს პედაგოგი კლასში, მშობლებმა ფაქტიურად არ იციან. ჩვენ ეს ძალიან გვაინტერესებს. ზოგი მასწავლებელი, შეიძლება თავად იყოს „ოროსანი“ და ბავშვებს ათიანებს უწერდეს.

 

– გამოდის, ბევრ პრობლემას აეხდება ფარდა…

 

- აუცილებლად! ონლაინ-სწავლების შედეგად, ბევრი მასწავლებლის „სიღატაკე“, უწიგნურობა, ბავშვებისადმი უნდობლობა გამოაშკარავდება. მაგალითად, ზოგიერთი მათემატიკის მასწავლებელი ხსნის ფორმულას, რომელიც თან გაურკვევლად „ბუტბუტებს“ და რა უნდა გაიგოს ბავშვმა? კლასშიც რთულია ამის გაგება და მით უმეტეს ონლაინში. ბევრი წინაღობები გვაქვს, როგორც ჩანს, უნდა მოხდეს პედაგოგების მასობრივი გადარჩევა, გადამზადება.

 

– გადარჩევაში, რა იგულისხმება?

 

- მასწავლებელი ეკრანზე უნდა იყოს ლამაზი, რომ ბავშვის თვალი მიიზიდოს. სხვა შემთხვევაში, წავა და საინტერესო ფილმს ნახავს, კომპიუტერული თამაშებით გაერთობა. ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, ისე მივიზიდოთ ბავშვი, რომ მხოლოდ, ვალდებულების განცდა არ ჰქონდეს.

 

 – თვლით, რომ პრობლემები, არა მარტო ბავშვის, არამედ გარკვეულწილად, პედაგოგის მხრიდანაც არის…

 

- რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემები ხშირად, არა მხოლოდ მასწავლის, არამედ ოჯახის მხრიდანაც ვლინდება. მშობელი თუ დაკავებულია, ბავშვი ეკრანთან, თავისი ნებით არ დაჯდება. შეიძლება ერთხელ, ან ორჯერ, მაგრამ მერე გააპროტესტებს. ამიტომ ბავშვებმა უკვე ისწავლეს, როგორ იეშმაკონ მასწავლებელთან.

 

თავად ბავშვებმა მიამბეს, როგორ ატყუებენ მასწავლებელს, ვითომ უყურებენ, სინამდვილეში, ასე არ არის. სავარაუდოდ, ეს ვითარება გაგრძელდება და მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სკოლაში ისინი ახალ ქცევებს გამოავლენენ. ახალი ვირუსი, ნელ-ნელა შემოდის ჩვენ ცხოვრებაში და ამ ვითარებას, ვერსად გავექცევით.

 

– რა მეთოდები უნდა გამოიყენოს პედაგოგმა?

 

 - დადგა საკითხი, თუ რა მეთოდით ვასწავლოთ მასწავლებელს, ეკრანის სწორად გამოყენება. აუცილებელია, საინტერესო მასალების ჩვენება ეკრანზე, რომელიც მიიზიდავს ბავშვს. ყველაზე მთავარია, ეკრანიდან ბავშვთან ურთიერთობა.

 

 მასწავლებელმა ბავშვს უნდა მოესიყვარულოს, გაუღომოს, მოიკითხოს, ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა. თუ ამას ვერ მოახერხებს, ეს ციფრული ტექნოლოგია, საქართველოში განათლების საკითხს, მხოლოდ გააბითურებს.

 

იქნებ მოახერხონ მშობლებმა და იქირაონ ერთი ოთახი, სადაც რამდენიმე ბავშვს დასვამენ, ან კომპიუტერულ კაფეებში ამეცადინონ, სადაც ბავშვები ისედაც ხშირად დადიან. როგორმე ჩვენც მხარში უნდა დავუდგეთ მშობლებს, შევეშველოთ, მართლაც ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებს.

 

ავტორიტარული მასწავლებლების ხელში, ონლაინ-განათლება „ჩაფლავდება“. ბავშვებიც ვერ შეიძენენ ცოდნას. რაც მთავარია, მშობელსა და ბავშვს შორისაც გამწვავდება მდგომარეობა, რადგან ბავშვს არ მოუნდება კომპიუტერთან ჯდომა, რაც პრობლემებს გამოიწვევს.

 

სკოლაში, ხან დერეფანში დარბოდა, ხან ეზოში. დედას კი გაუჭირდება, როგორ მიაჯაჭვოს ბავშვი კომპიუტერთან? თან, როცა თავადაც დაკავებულია. ამიტომ, თუ ავტორიტარული მასწავლებელი გააგრძელებს თავის ქცევებს, ის მხოლოდ დააფრთხობს ბავშვს – გაჩნდება, უფრო მეტი ძნელად აღსაზრდელი, სწავლაში ჩამორჩენილი ბავშვი.

 

მაგრამ ამავე დროს, ღვთისნიერი მასწავლებლებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მაგალითს მისცემენ. ასეთები უნდა განვაზოგადოთ, ვაჩვენოთ საზოგადოებას თქვენი და ტელევიზიის მეშვეობით – როგორ ატარებენ საუკეთესო გაკვეთილებს, უყვართ ბავშვები და როგორ ექცევიან მათ. ხომ არსებობენ გმირები, რომლებიც გვიყვარს, მასწავლებელიც, გმირი უნდა გახდეს!

 

გული უნდა შეუცვალო მასწავლებელს! მას უნდა შეეძლოს ბავშვის მიმართ გულწრფელობა, სიყვარული, თავმდაბლობა, ბავშვის პატივისცემა და არა ზემოდან ყურება, ყვირილი, ჯაჯღანი და ნიშნებით გრავირება. ოჯახში ბავშვის ეკრანთან გაჩერება, ძალიან რთულია. ხშირად, მუხლებზე უდევთ მობილური და „ჩასჩიჩინებენ“. უამრავია, გახალტურების მცდელობებიც.

 

ბავშვება ისიც კი მასწავლეს, როგორ უკეთებენ ბლოკირებას მასწავლებელს. გერმანიიდან იყო ჩამოსული ერთი ბავშვი და ერთი კი თბილისიდან – ორივე სასწაულ კურიოზებს მიყვებოდნენ, ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

– საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის…

 

 - ეს ბავშვები, ინდიგოები არიან. მათში ბევრი ნიჭი, თავისუფლების მოთხოვნაა, უნდა იცოდე, ბავშვს როგორ უნდა მიანიჭო თავისუფლება. მას უნდა უხაროდეს სწავლა. თუკი მასწავლებელი ეკრანიდან ყვირილს და თითის ქნევას დაიწყებს, ეს რასაკვირველია, ციფრული ტექნიკის დარღვევა იქნება.

 

– ბ-ნო შალვა რას ურჩევთ პედაგოგებს?

 

 - ვიტყოდი, რომ ამ საკითხში, ცოტა გამოცდილება მაქვს, მეც ვსწავლობ. მასწავლებლებს კი ვურჩევდი:

 

  1. ახალი კორონავირუსი შემთხვევით არ გავრცელებულა. ამ უბედურებიდან მასწავლებლები და მშობლები ახლებური აზროვნებით უნდა გამოვიდეთ – ყველა ჩვენგანმა უნდა შევცვალოთ, ჩვენი აზროვნების წესი, სანდო ქვეყნის და ერთმანეთის მიმართ.

 

ეს არის, პირველ რიგში იმის დანახვა, რომ ჩვენ სიახლეთა სამყაროში შევდივართ. ბავშვებთან ჩვენი ურთიერთობა, ყველაზე მთავარი საკითხია.

 

მასწავლებელო, ჩემო საყვარელო, ისწავლე ადამიანებთან, მათ შორის ბავშვებთან თავმდაბლური ურთიერთობა! ბავშვები ჩვენი ტოლები არიან, შეიძლება ზოგჯერ, მასწავლებელზე მეტიც კი იციან. ისინი მომავლიდან მოდიან, ჩვენ კი წარსულს ვებღაუჭებით. ჩვენ უნდა ავყვეთ და მათთან ერთად შევიდეთ მომავალში.

 

რა უნდა ბავშვს ჩვენგან! – სიყვარული, პატივისცემა, თავისუფალი არჩევანის განცდა, მეგობრობა. მათთვის თავშესაფარი უნდა ვიყოთ, როცა გაუჭირდებათ, ჩვენთან მორბოდნენ და არა სხვასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკის, სუიციდის და ბევრი სხვა უბედურების მსხვერპლი გახდება.

 

ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, ფილმებს ხომ უყურებთ! შენც გახდი ფილმის გმირი! შექმენი, უფრო სანახაობითი ეკრანი. ტექნიკა ხომ შენ ხელშია! გაამზადე პრეზენტაციები, გააცოცხლე ეკრანი, რომ მეტად დააინტერესო ბავშვი. ისეთ „მკვდარ“ ეკრანს, როცა მასწავლებელი თავისთვის ბუტბუტებს, შეიძლება ბავშვმა, ზედ კიდეც „მიაფურთხოს“.

 

მშობლებს, მათი დამორჩილება გაუჭირდებათ, ამიტომ ვეუბნები მასწავლებელს, ისწავლე ტექნიკა! ამაში, დიდი სიმდრეა ჩადებული. შეიძლება, ეს არ იყოს მთავარი, მაგრამ დღესდღეობით, ამის გარეშე ვერ გავდივართ, რადგან ხშირად გვიწევს სარგებლობა.

 

ვისწავლოთ ლამაზი პრეზენტაციები! ეკრანიდან ჟღერდეს მასწავლებლის სიყვარულით სავსე, მოალერსე, ხავერდოვანი ხმა. სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბავშვი, არ დაჯდება ეკრანთან სასწავლებლად.

 

ეს არის გულწრფელობა, საკუთარ თავთან, მშობელთან, მეუღლესთან, შვილთან, რაც სკოლაში თუ ეკრანზე, ძალიან აკლია დღევანდელ გაკვეთილებს. მასწავლებელმა ისწავლოს ღიმილი. საკუთარი ცხოვრება და თუნდაც პირადი პრობლემები, უამბოს ბავშვებს, დაე, იცოდნენ ბავშვებმა!

 

როცა მათი ცხოვრება იცი, მის სულში შედიხარ. ამის შემდეგ, ბავშვიც ჩაგახედებს და სულიერი ერთობა ჩამოყალიბდება. როცა სულიერი მხარე მოგვარებულია, აღარ გაექცევა ბავშვი ეკრანს.

 

  1. დედებს ვურჩევ, არ „ეჯაჯღანოთ“ ბავშვებს! რაც მეტს დაუყვირებთ, მით მეტი კონფლიქტი გექნებათ, მტრად გაგეზრდებათ. თუ დაიმორჩილებთ, მაინც მტრად იქცევა, რად გინდათ ასეთი შვილი. ხომ შეიძლება, რომ შეეხვეწოთ, შეევედროთ, რომ დაასვენოს მშობელი. თუ მშობელს თავისუფალი დრო აქვს, თვითონაც ისწავლოს ბავშვთან ერთად, რომ უკეთ შეძლოს დახმარება.

 

 

 

ძვირფასო მშობლებო, დაიმშვიდეთ ნერვები! ნელ-ნელა დაწყნარდება ყველაფერი, ჩვენც უკეთ ავითვისებთ კომპიუტერს და სავარაუდოდ, მდგომარეობაც გამოსწორდება, მაგრამ აუცილებლად ეცადეთ, ბავშვთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ.

 

ხშირად ეთამაშეთ ბავშვს, გაიყვანეთ სკვერში, ბუნებაში, იქ სადაც არ დაგჭირდებათ პირბადეების გაკეთება. ღვთის წყალობით, საქართველოში, უამრავი დასასვენებელი ადგილები და სკვერებია. ბევრი წიგნები იკითხონ. რაც ბავშვს სკოლაში დააკლდება, ახლა უნდა შეიძინონ.

 

  1. მივმართავ ასევე მამებსაც, ხშირად გამოძებნონ დრო, ბავშვებთან ურთიერთობისთვის! როცა მამის მხრიდან პრობლემაა, ხშირად ბავშვი „ქალაჩუნა“ გვეზრდება. ცუდია, რომ ბიჭებს, ხშირად ქალების გარემოცვაში ზრდიან – დედა, ბებია, დეიდა. ბავშვი ამ დროს ქალის ენერგიას იღებს.

 

მამის ხმა და შვილთან კაცური საუბარი, ეს დიდი აღმზრდელობითი ძალაა. მოვუწოდებ მშობლებს, რომ ბავშვის აღზრდაში, ეს ძალები არ დაკარგონ!

 

ჩვენ ამ ვირუსით, დიდ ქვას წამოვკარით ფეხი, ან უნდა ავიღოთ და გადავაგდოთ, ან უნდა ვისწავლოთ, როგორ ავუაროთ გვერდი. უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც ჩვენი ცხოვრების, ასევე აზროვნების მიმართ.

 

ასევე ჩვენი პროფესიების მიმართ – ჩვენი პროფესია, ვეღარ გაგრძელდება გუშინდელივით. კედელს ვეხეთქებით, ვეღარ წავალთ წინ. ზოგიერთი მასწავლებელი, იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეს, შეიძლება ამ საქმეს ჩამოშორდეს კიდეც.

 

თქვენთან ერთად ვისურვებდი, რომ ეს ახალი კორონავირუსი ბოლოსდაბოლოს წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან. დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ სკოლებს, გაკვეთილებს, მაგრამ რაც არ უნდა ჩვეულებრივი დრო დადგეს, ჩვენ მაინც „ახლები“ უნდა გავხდეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი