logo_geo
ნატო გელაშვილი: ჯობია, შიგნიდან ანათებდე, ვიდრე გარეგნული ყალბი სიჭრელით ეჩვენებოდე ხალხს
- +

24 სექტემბერი. 2020. 02:34

 

 

 

საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევიდან დღემდე თითქმის 8 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ იყო საყოველთაო შიში და დაბნეულობა, მერე კარანტინი, რეგულაციები, უმუშევრობა... საზღვრების ჩაკეტვამ, სწავლისა და მუშაობის ონლაინ რეჟიმში გადასვლამ საზოგადოება ფსიქოლოგიურადაც დააზარალა და ეკონომიკურადაც. ბიზნესის თითქმის ყველა სფერომ განიცადა მეტნაკლებად ზიანი. ამ მხრივ, არც შოუბიზნესია გამონაკლისი.

 

ზაფხულის დადგომამ ცოტაოდენი სუფთა ჰაერი შემოუშვა დახშულ სივრცეში, მაგრამ სექტემბერმა ისევ კოვიდის შემთხვევების ზრდა და რეგულაციები მოიტანა, შესაბამისად, ხალხმრავალი თავყრილობები, კულტურული ცხოვრება კვლავ შეჩერდა.

 

პოპულარული კომპოზიტორის და  მომღერლის, ნატო გელაშვილის, საკონცერტო განრიგი პანდემიამდე ძალიან დატვირთული იყო. ზოგჯერ გასტროლი დაგეგმილზე დიდხანს გრძელდებოდა, რადგან დარბაზები ნატოს შემოქმედებაზე შეყვარებულ მსმენელს ერთჯერადად ვერ იტევდა. როგორ გაიარა ეს რთული 8 თვე კომპოზიტორმა, შეძლო თუ არა ზაფხულში კონცერტების ჩატარება და რას გეგმავს მომავლისთვის, ამაზე ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

 

– ნატო, ახალი წლიდან ცოტა დრო იყო გასული, როცა ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა კოვიდ-ინფექცია, თქვენ სად იყავით იმ დროს და როგორ გაიარეთ საყოველთაო შიშით დამძიმებული პირველი ეტაპი?

 

– რა თქმა უნდა, ბელგიაში სათანადოდ აღჭურვილი წავედი, პირბადეებით და სადეზინფექციო ხსნარებით, თუმცა ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდი, რადგან არავინ დადიოდა პირბადით. მე მაინც ვიმუშავებდი ხელებს და ვცდილობდი, ყველა წესი დამეცვა. 10 თებერვალს დავბრუნდი, შემდეგ გავიგე, რომ იმ დროს, როცა იქ ვიყავი, დიდი რაოდენობა მოსახლეობისა უკვე დაავადებული იყო. საბედნიეროდ, გადავრჩი და ვირუსი არ გადამდებია.

როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც შემაშფოთებელი იყო ცნობა ამ ახალი დაავადების შესახებ. ბუნებრივია, მეშინოდა და ეს შიში გამოწვეული იყო არა იმით, რომ მე არ გადამდებოდა, უფრო შვილებზე და ახლობლებზე დარდით. ვიჯექი ტელევიზორთან, ვუსმენდი ყველა ინფორმაციას და ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც ინტერნეტში მოვიძიებდი. მერე მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ან არსებულ უამრავ მასალაში ნამდვილის და შეთხზულის გარჩევა ძნელი იყო და შეიძლებოდა პანიკას იოლად ავყოლოდი, დავანებე თავი ყველაფერს და ვფიქრობდი, მხოლოდ კარგზე.

 

ჩემი ჩამოსვლიდან მალევე ქალაქი ჩაიკეტა, კარანტინი გამოცხადდა. შვილებთან და პატარა ცუგოსთან ერთად ვიყავი სახლში. ვსაუბრობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით, ვიღებდით მხიარულ ვიდეოებს და მინდა, გითხრათ, რომ კარგად ვგრძნობდით თავს, გვიხაროდა ერთმანეთთან ყოფნა, ოჯახური სითბო ყველაზე კარგი წამალია ყოველგვარი შიშისა და ნერვიულობის წინააღმდეგ.

 

– ამ პერიოდში გაუარესდა ადამიანების ფინანსური მდგომაროება, მოგეხსენებათ, არ ვართ მდიდრები, არც საშუალო ფენა არსებობს ქვეყანაში, თქვენ როგორ გაუმკლავდით ამ პრობლემას?

 

– მას შემდეგ, რაც ჩემი შრომით და ჩემი შემოქმედებით დავიწყე ცხოვრება, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვეების განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. კიდევ კარგი, უფროსი ვაჟი, გიორგი, მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, კარანტინის დროს დისტანციურად მუშაობდა, ხელფასს ჩვეულებრივად იღებდა და სწორედ ის გახდა ოჯახის გადამრჩენელი.

 

მინდა, გითხრათ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბევრი არც არაფერი სჭირდება, რადგან არსად დადიხარ, არც მგზავრობის და არც ბენზინის ფული არ გეხარჯება. მთავარია, საკვები გქონდეს და აუცილებელი ჰიგიენის საშუალებები. მოკლედ რომ ვთქვა, მე ისედაც მიყვარს მოკრძალებულად ცხოვრება. მთავარია, ჩემები იყვნენ კარგად, შვილები, ახლობლები, მეგობრები, დანარჩენზე არ ვიწუწუნებ.

 

– ზაფხულში სიტუაცია ცოტათი შემსუბუქდა და შეიძლებოდა ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარება. თქვენ გქონდათ კონცერტები?

 

– მე მიყვარს, როცა კონცერტისთვის სერიოზულად ვემზადები. ჩემი შემოქმედება ისეთია, საკონცერტო დარბაზი ან სალონური გარემო უხდება, ამიტომ ქუჩის და პარკების კონცერტებზე არ მიფიქრია. ზაფხულობით ყოველთვის გვქონდა საღამოები ბათუმში. წელს, 3 სექტემბერს, დაგეგმილი იყო ბათუმის „სოხოში“ დიდი კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე უნდა წარვმდგარიყავით მე, ჭოხოები (ნატოს ბიჭები), ზუკა ხუციშვილი და ბენდი. ამ პროგრამაზე ბევრი ვიმუშავეთ, გვქონდა რეპეტიციები, დაიწერა ახალი სიმღერები, დიდი შრომა ჩავდეთ და გვინდოდა, მსმენელამდე მიგვეტანა. სამწუხაროდ, 2-ში, ღამე, ყველაფერი დაიკეტა. დიდი თხოვნა გვქონდა, რომ მხოლოდ ორი საათით დაეთმოთ ჩვენთვის სცენა, რადგან ბილეთები უკვე გაყიდული იყო. ბევრი სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა. ბათუმის „სოხო“, სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, მთლიანად ჩაკეტილი სივრცე არ არის. შესაძლებელი იყო, დაეშვათ გამონაკლისი.

 

მე ვთვლი, რომ თუ არის აკრძალვები, ყველასთვის ერთნაირად უნდა იყოს. შერჩევითი შეზღუდვები ქვეყნისთვისაც საზიანოა, ხალხისთვისაც და მთავრობისთვისაც, როცა კონცერტს გიკრძალავენ ნახევრად ღია დარბაზში და ხედავ სანაპიროზე კაფე-ბარებს, სადაც უამრავი ადამიანი ზის და მიირთმევს, ცოტა არ იყოს, ბრაზდები და პროტესტის გრძნობა გიჩნდება. შეიძლებოდა 200 კაცის დასწრების საშუალება მაინც მოეცათ.

 

ჩვენ ბათუმში წინა დღეს ჩავედით მთელი ჯგუფი, 8 ადამიანი. ეს ყველაფერი ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუ ეს სიტუაცია იქითკენ მიდიოდა, რომ საკონცერტო სივრცეები უნდა დაეკეტათ, წინასწარ შეეძლოთ ჩვენი გაფრთხილება და ბევრ პრობლემას ავიცილებდით. წარმოუდგენელია, ერთ საათში გადაეწყვიტათ ამის გაკეთება და მანამდე მსჯელობა არ ყოფილიყო. ასევ ჩაგვეშალა თბილისში კონცერტი, სადაც იმავე პროგრამით უნდა გამოვსულიყავით.

 

ძნელია ასეთ რეალობაში ცხოვრება, არ ვიცი, როდის რა იქნება, გაუარესდება თუ არა სიტუაცია, კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები ხომ არ გველოდება. ასეთ დროს მხოლოდ მოლოდინის რეჟიმით ცხოვრობ და კონცერტების ჩასატარებლად არც განწყობა გაქვს, არც საშუალება და არც ადგილი არის. იცით, მე ჩემს თავზე ნაკლებად ვდარდობ, ამას გულწრფელად ვამბობ. ბოლო-ბოლო, იმდენი ახლობელი და მეგობარი მყავს, საარსებო საშუალება სულ რომ არ მქონდეს, საკვებს ყველა მომაწვდის. მე ვწუხვარ იმ ადამიანებზე და სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე, ყოველდღიურად მწირ შემოსავალზე რომაა დამოკიდებული.

 

– კარანტინის პერიოდს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, წარმომიდგენია თქვენი განცდები, როცა ვერ შეძელით მშობლების და ძმის საფლავზე გასვლა.

 

– სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია! მე ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ეს დიდი დღესასწაული, რომელიც ჩემთვის ასოცირდებოდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან, სულის მარადიულობასთან. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ კი უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. დიდი ხნით ადრე ვემზადები ამ დღისთვის, ვემზადები მათ საფლავთან მისასვლელად, პატივის მისაგებად. სადაც უნდა იყო ამ დღეს, ყოველთვის ბორჯომში მივდივარ, საშინლად განვიცდიდი გზების ჩაკეტვას, არანაირი შანსი არ იყო იქ ჩასვლის. იმასაც ვფიქრობდი, ფეხით წავალ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, შეუძლებელი იყო.

 

– მოდით, ეს მძიმე თემები გვერდით გავწიოთ და სასიამოვნოზე ვისაუბროთ. თქვენი ვაჟები, გიორგი და ლუკა, უკვე ზრდასრული ვაჟკაცები არიან, ძალიან მალე გახდნენ პოპულარულები და საზოგადოება სითბოს და სიყვარულს გამოხატავს მათ მიმართ. რა იყო ის მთავარი პრინციპი, რასაც თქვენ იყენებდით ბავშვების აღზრდისას, რომ ისინი ასეთი დადებითი პიროვნებები ჩამოყალიბებულიყვნენ?

 

– განსაკუთრებული და გამორჩეული მეთოდები არ მქონია, ყოველთვის ისე ვექცეოდი მათ, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანებს. მინდოდა, სცოდნოდათ სიტყვის და შრომის ფასი, ჰყვარებოდათ ოჯახი და ადამიანები, პატივი ეცათ ქალისთვის, დაენახათ ახლობლების ამაგი. არასდროს ვეუბნებოდი, რომ მე ვარ დედა და ამიტომ აღმატებული ვარ მათზე, რომ აუცილებლად ჩემს ბრძანებებს და სურვილს უნდა დამოჩილებოდნენ. მერე რა, რომ მე მოვავლინე ამ სამყაროს ისინი უფლის ნებით. ეს მე არ მაძლევს უფლებას, ეგოისტური სიყვარული გამოვიჩინო და მათ მოვთხოვო ჩემს ნება-სურვილზე ცხოვრება. ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი მათ აზრს, ხელს ვუწყობდი, რომ თავად გადაეწყვიტათ ცხოვრებისეული პრობლემები, პატივისცემით ვექცეოდი ბავშვობიდან და დაიზარდნენ ისეთები, როგორებიც არიან. არც მუსიკა დამიძალებია მათთვის და არც სიმღერა, ყველაფერი თავისთავად მოვიდა, დადგა დრო, რომ თავად მოუნდათ ამ სამყაროში შემოსვლა, რაც ძალიან მიხარია.

 

– ლუკა მონაწილეობდა პროექტ „მხოლოდ ქართულში“, მახსოვს თქვენ ცოტა განაწყენებულმა შენიშნა გააკეთეთ ამ კონკურსზე. შემდეგ ლუკას ბინა აჩუქეს, როგორი იყო მისი რეაქცია და რა მდგომარეობაშია ახლა ეს ბინა?

 

– მე არ ჩავრეულვარ ლუკას გადაწყვეტილებაში, რომ ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. მეტსაც გეტყვით, არც ერთ ლაივზე, არც რეპეტიციაზე ვყოფილვარ. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჩემ დანახვაზე ლუკას ზედმეტად ენერვიულა ან მაყურებელს ეფიქრა, რომ ჩემი იქ ყოფნით ჟიურიზე რაიმე გავლენას მოვახდენდი. არასდროს გამომიხატავს ჩემი დამოკიდებულება, მხოლოდ ბოლოს, როცა ძალიან უტაქტოდ მოექცნენ და ისეთი რამ უთხრეს, რასაც ჩემი შვილი არ იმსახურებდა, მაშინ მოვუწოდე მათ, ტონი და ტაქტი შეერჩიათ შეფასების დროს.

 

რაც შეეხება ბინის ჩუქებას, ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. ეს იყო უანგარო სიკეთის გამოხატულება კომპანიის იმ მფლობელის მხრიდან, ვისთანაც მე ნაცნობობაც კი არ მაკავშირებდა. ამ კეთილშობილური ჟესტით ჩემი შვილის პასუხისმგებლობის გრძნობა გაათმაგდა, ლუკა გახარებული და გაოგნებული იყო და მითხრა, დედა, ეს შენი დამსახურებაა, აბა, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, რომ ასეთი საჩუქარი მივიღოო.

 

ბინა ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია. მოგეხსენებათ, რთული დროა და ყველაფერი გაჩერებულია. როდის დამთავრდება, არ ვიცით. თავად ფაქტი, რომ ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ლუკას, მნიშვნელოვანია არამარტო მატერიალურად, არამედ მორალურადაც, რადგან ეს არის დიდი ვალი, რომელიც ლუკამ კარგი კაცობით, საქმიანობით და სიყვარულით უნდა დააბრუნოს.

 

– თქვენ თავადაც ბევრ სიკეთეს აკეთებთ. ერთ-ერთი ასეთი იყო „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტისთვის დახმარების გაწევა, ხომ არ აგრძელებთ ამ ყმაწვილთან ურთიერთობას?

 

– ეს იყო ლაშა ნანობაშვილი, ლაშას დედა ემიგრანტია და თანაც ავადმყოფობდა. სწორედ ამიტომ მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა. უნდოდა, ეპოვა გამოსავალი, რომ დედა დაებრუნებინა საქართველოში. მე ბევრი არაფერი გამიკეთებია, ჩემი მხრივ ეს იყო დედაშვილობისთვის გაწვდილი ხელი, ელემენტარულად საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფული. ძალიან მიხარია, რომ დღეს ლაშა და დედამისი ერთად არიან. რაც შეეხება მის შემდგომ წინსვლას, როგორც მომღერლისას, ახლა ცნობილ მომღერლებსაც უჭირთ რაიმე ახლის გაკეთება, დამწყებთათვის კი აქტიურად შეუძლებელია მუშაობა და ფინანსების მოძიება.

 

– სამაგალითო იყო თქვენი და გიო ხუციშვილის მეგობრობა, როგორ ურთიერთობენ თქვენი შვილები?

 

– ზუკა ჩემს ბიჭებზე რამდენიმე წლით უფროსია, 29 წლის არის. რაღაც ეტაპზე ეს სხვაობა შესამჩნევი იყო და მათი ინტერესები თანხვედრაში არ მოდიოდა. გიოს გარდაცვალების შემდეგ ძალიან დაახლოვდნენ. დღეს კარგი მეგობრები არიან, ერთად მღერიან კიდეც და ერთმანეთს მუდმივად ნახულობენ. მე და მაიას (გიო ხუციშვილის მეუღლე) ეს ძალიან გვიხარია და გვჯერა, რომ გიოც გახარებული იქნება.

 

– თქვენი სიმღერები ძალიან თბილია, მელოდიურად სასიამოვნო და ნათელი ფერებით სავსე, თავად კი ძალიან გიყვართ შავი ფერი და ძირითადად შავ სამოსს ატარებთ, რატომ?

 

– შინაგანად ძალიან ფერადი ვარ, ჩემი სული სავსეა ნათელი ღერებით და ძალიან რომ არ ვიკაშკაშო, სწორედ ამ შავი ფერით ვანეიტრალებ. საერთოდ მიყვარს უბრალოება. ჯობია, შიგნიდან ანათებდე, ვიდრე გარეგნული ყალბი სიჭრელით ეჩვენებოდე ხალხს.

 

– სადაო საკითხი გქონდათ ბორჯომის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რა ხდება ახლა?

 

– ცხოვრება – ყველაფერი სამართლებრივად მოვაგვარე, მართალია, ძალიან დამწყდა გული, რომ ამ გზის გავლა მომიწია, რადგან შეიძლებოდა, მარტივად გადაწყვეტილიყო, ზოგიერთ ჩინოსანს კეთილი რომ ენება და საბუთებში კარგად ჩაეხედა, მაგრამ, როგორც ყველგან, ჩემს მშობლიურ ბორჯომშიც ბიუროკრატიაა და გულგრილი ჩინოსნების სიმრავლე.

 

– ცხოვრება არ არის მარტივი და თქვენც ბევრი ტკივილი შეგხვდათ თქვენი გზის გავლისას. რა გამოცდილება შეიძინეთ, ამ ასაკში და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რასაც სიმღერებით და ლექსებით გვიზიარებთ?

 

– მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა ცუდი მოხდეს ცხოვრებაში, უნდა შეძლო ფეხზე დგომა, გზის გაგრძელება, არ უნდა დანებდე, არ დაიბოღმო. სამყარო ძალიან შეიცვალა, სიყვარულის და ურთიერთობის დეფიციტია ყველგან, გიჟური ლტოლვა გამდიდრებისკენ, თანამდებობისკენ, სამაგიეროს გადახდის სურვილი. შური და ბოღმა აზიანებს ადამიანის გულსა და გონებას. არადა, რა ცოტა გვყოფნის ბედნიერებისთვის – ახლობლების კარგად ყოფნა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

 

სიყვარულია მხოლოდ მუდმივი და ყველაფრის მკურნალი. ინტერნეტმა ჩაანაცვლა წიგნი, ურთიერთობები. ზერელე განათლება დამღუპველია. ისე ჩაეფლნენ სოციალურ ქსელებში, დაბადების დღის მოლოცვაც კი ეზარებათ, მხოლოდ ინტერნეტით დაგიწერენ მოსალოც სიტყვებს. მე კი ნამდვილი ურთიერთობები მიყვარს, ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვის ყურით მოსმენა. ადამიანებს უნდა უთხრა, რომ ძალიან გიყვარს.

 

ეს დროც გაივლის, არ შეიძლება ცუდმა ძალამ იბატონოს სამყაროში. გონიერი ადამიანები შეძლებენ, ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალონ.

 

ია ქუთათელაძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი