logo_geo
ვაჟა დურგლიშვილი: უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი
- +

28 სექტემბერი. 2020. 20:45

 

 

სნის ხეობაში, სადაც მდინარე ლიახვი მიედინება, ულამაზეს ქართულ გარემოში, დაბა ახალგორში, 72 წლის წინ დაიბადა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, უამრავი პოპულარული საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორი, ვაჟა დურგლიშვილი. როცა გაიზარდა, მშობლიური წყალჭალის ხმები უმშვენიერეს მელოდიებად გადაიტანა სანოტო ფურცლებზე.

 

საცირკო-საესტრადო სასწავლებელში სწავლისას ბედმა დიდ კომპოზიტორებს შეახვედრა – გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, ოთარ თევდორაძე, ლილი იაშვილი და კიდევ უამრავი გამოჩენილი კომპოზიტორი ამ სასწავლებელში მუშაობდა.

 

მისი პირველი სიმღერების შემსრულებლები იყვნენ პოპულარული ანსამბლები – „ორერა“, „რერო“, „ლალე“, „ივერია“, მოგვიანებით – „75“. ისინი თავიანთ რეპერტუარს ვაჟა დურგლიშვილის სიმღერებით ამდიდრებდნენ, პირველი გრამფირფიტა, რომელიც თბილისის სტუდიამ გამოუშვა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

 

საბავშვო ანსამბლ „მთიების“ შექმნა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაწყვიტა. ამ ანსამბლმა თაობები აღზარდა და მომრავლებულ საბავშვო კოლექტივებს შორის დღესაც ერთ-ერთი წარმატებულია. ჰქონდა უამრავი გასტროლი საბჭოთა კავშირსა და იმ დროისთვის არსებულ სოციალისტური სისტემის ქვეყნებში ევროპაში.

 

დღესაც უამრავი ახალი სიმღერა აქვს, მუშაობა პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია. სურვილი აქვს, საკუთარი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს თავი მოუყაროს და გემოვნებიან ქართველ მსმენელს დიდი კონცერტი შესთავაზოს.

 

– გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ, როგორი იყო მაესტროების შეფასებები და როდის შედგა თქვენი ნათლობა, როგორც სრულფასოვანი კომპოზიტორის.

 

– ყველაფერი დაიწყო საცირკო-საესტრადო სასწავლებლიდან, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგები მასწავლიდნენ. წარმოიდგინეთ სასწავლებლის დიდი შენობა, სადაც ნებისმიერი ოთახის კარი რომ შეგეღო, დაგხვდებოდა გოგი ცაბაძე, ოთარ თევდორაძე, შოთა მილორავა, ბიძინა კვერნაძე, ლილი იაშვილი და სხვები. ისინი არამარტო თეორიულ ცოდნას გადმოგვცემდნენ, ჩვენს ყოველ ნაწარმოებს ისმენდნენ, შენიშვნებს გვაძლევდნენ და, საბოლოო ჯამში, სწორ, გამართულ ნაწარმოებებს ვიღებდით.

 

კომკავშირის ცკ-მა გამოაცხადა კონკურსი – „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“, გავბედე და წარვადგინე ჩემი სიმღერა – „მამა, სიზმარში გიხილე“. სიმღერამ მეორე ადგილი აიღო და საჩუქარიც გადმომცეს – მაშინ ძნელად საშოვნელი და ბევრისთვის სანატრელი „სპიდოლა“.

 

წარმატებამ ფრთები შემასხა, თითქოს კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. მერე იყო სიმღერა ვახტანგ გოგოლაშვილის ლექსზე „გაზაფხული“, რომელიც „ორერამ“ შეასრულა. იმ დროისთვის „ორერა“ მიდიოდა მოსკოვში, სადაც მათი სიმღერების გრამფირფიტა უნდა გამოსულიყო. ჩემი სიმღერა პირველ ნომრად შეიტანეს და მაშინვე გაჟღერდა „მაიაკით“, ანუ მთელ საბჭოთა კავშირში გადაიცემოდა ცენტრალური რადიოსადგურის საშუალებით. ეს უკვე დიდი ნაბიჯი იყო და პოპულარული გავხდი.

 

საქართველოს ფილარმონიაში ბევრი ცნობილი ანსამბლი ირიცხებოდა: „რერო“, „ორერა“, „ივერია“, „ლალე“, „75“, ჩემი სიმღერები ყველა ანსამბლის რეპერტუარში იყო.

 

დღეს ძალიან მარტივია კომპოზიტორის საქმიანობა – დაწერე სიმღერა, ვინც გინდა, ამღერე და არავინ გიმოწმებს არც ტექსტს, არც მელოდიას, არც ხარისხს, მაშინ სხვანაირად იყო. კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი კომისია არსებობდა და შენი ნაშრომი მათთვის უნდა წარედგინა. ზოგჯერ ოცი სიმღერა მიმქონდა და მხლოდ ერთს იწონებდნენ. დაწუნებულ სიმღერებს მაინც არ ვყრიდი, თაროზე ვდებდი და მოგვიანებით ვუბრუნდებოდი.

 

ყოფილა შემთხვევა, ორი–სამი სიმღერიდან ერთი კარგი სიმღერა გამიკეთებია, ისე შევაერთებდი სხვადასხვა მოტივებს, მისამღერებს, სრულიად ახალი გამოდიოდა. მაგალითად, „გოგონია ალვისტანა“, რომელსაც ჯერ ჩიხლაძეების ცნობილი დუეტი, შემდეგ ნანი ბრეგვაძე და რობერტ ბარძიმაშვილი ასრულებდნენ, სამი სიმღერის ნაზავია.

 

მოგვიანებით მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, სადაც მუსიკის კათედრა იყო და მას ლეგენდარული რეზო ლაღიძე ხელმძღვანელობდა. რეზომ მითხრა, ვაჟა, რა გინდა ჩვენთან, წადი კონსერვატორიაში, პოტენციალი გაქვსო. ვუპასუხე, ბატონო რეზო, ასაკითაც არ ვარ პატარა, ოჯახი მყავს, ორი შვილი, მოგეხსენებათ, კონსერვატორია უზარმაზარ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თან უნდა ვიმუშაო, ამიტომ თქვენთან მირჩევნია-მეთქი.

 

– თქვენ მეგობრობა გაკავშირებდათ ბევრ გამოჩენილ კომპოზიტორთან, მათ შორის – რეზო ლაღიძესთან. როგორები იყვნენ გენიოსები ჩვეულებრივ ურთიერთობაში?

 

– ძალიან თავმდაბლები და უბრალოდ ადამიანურები, მიუხედავად მეგობრობისა, უფროს-უმცროსობის წესი არასდროს დამირღვევია. მახსოვს, ინსტიტუტში ბატონ რეზოსთან მივედი და ვუთხარი, ახალგორიდან ვარ, ყოველი სემესტრის ბოლოს იქ სუფრას ვშლი, ახლობელი ადამიანები ვიკრიბებით და ძალიან მინდა ჩამობრძანდეთ, ჩემი საპატიო და სანატრელი სტუმარი იყოთ, ხომ იცით, ქართლელი კაცი ვარ, ბევრი ხვეწნა არ შემიძლია, სულით და გულით გეპატიჟებით-მეთქი, მითხრა, აუცილებლად გესტუმრები, ოღონდ ბევრი ხალხი არ გინდა, ვიწრო წრეში გააკეთეო.

 

ზამთრის პირი იყო, სუფრა გამზადებული მქონდა, როცა მესტუმრა. პირველ რიგში, ჩემი მეუღლე მოიკითხა – მანანა სად არისო. ვუპასუხე, ბიჭი შეგვეძინა და სამშობიაროშია-მეთქი. მომილოცა და თქვა, აბა, ახლა ოჯახის შეწუხება როგორ შეიძლება, თბილისში დავბრუნდეთო. ვუპასუხე, რას ამბობთ, ბატონო რეზო, ახლა ორმაგად უნდა ვიქეიფოთ-მეთქი.

 

ეზოში ვისხედით, ციოდა, მაგრამ ძალიან კარგი, მზიანი ამინდი იყო, მეზობლის ეზოში დიდი მსხლის ხე იდგა. ფოთლებგაცვენილი, მაგრამ მსხმოიარე საზამთრო მსხალი იყო, მახრჩობელას ეძახიან, დიდი ნაყოფია და მაგარი.

 

ეტყობა, ბატონ რეზოს არ ენახა, გაოცდა, ამას რას ვხედავ. ზამთარია, აქ კი ხეებს ხილი ასხიათ, ეს რა საოცარ ადგილზე მოვხვდიო. დავკრიფეთ და ერთი დიდი კალათა გავატანეთ, მერე ხშირად იგონებდა, ზამთარში ხეებზე ხილს ვკრეფდითო.

 

ბიძინა კვერნაძე განუმეორებელი იუმორის პატრონი იყო, რაიმე ამბავს ისეთი სერიოზული სახით მოყვებოდა, ჩვენ სიცილით ვიხოცებოდით, მას კი წარბიც არ შეუტოკდებოდა. გოგი ცაბაძე – კარგი მომლხენი და ყველას გვერდით მდგომი, გია ყანჩელი – უნიჭიერესი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მე და ვაჟა აზარაშვილი მათ ხშირად ვიგონებთ და სევდა გვერევა.

 

– რა გრძნობაა, როცა შვილი ხდება ისეთი სერიოზული კონკურსის გამარჯვებული, როგორიც „იურმალაა“ – მაკა ზამბახიძის და თქვენი ვაჟის, რატის დუეტმა წლების წინ ფურორი მოახდინა.

 

– რატი ფაქტობრივად ჩემს საბავშვო ანსამბლ „მთიებში“ გაიზარდა და ვინ, თუ არა მე, ვიცოდი მისი შესაძლებლობები. როცა დუეტ „ჯორჯიას“ სახელით მათი წასვლა იურმალაზე გადაწყდა, თან გამიხარდა, თან ძალიან ავფორიაქდი.

 

მართალი რომ გითხრათ, ასეთ კონკურსებს დიდად არ მივესალმები, რადგან, წმინდა მუსიკალურის გარდა, შეფასების სხვა კრიტერიუმებიც არსებობს, განსაკუთრებით რუსეთში. მართალია, იურმალაში ტარდება, მაგრამ სუფთა რუსული პროექტია, სადაც გადამწყვეტი პოლიტიკური სიმპათია და პირადი ნაცნობობაა.

 

მესამე გამოსვლის წინ რატის დავურეკე და ვუთხარი, რომ უნდა ებრძოლათ. მიპასუხა, არც იოცნებო, აქ ისეთი სიტუაციაა, შეიძლება მეორე ადგილი ავიღოთ, რადგან თავიანთი ფავორიტი ჰყავთ და მასზე მუშაობენო. ვუთხარი, შვილო, თქვენ იმღერეთ მთელი სულით და გულით, გრძნობით და ემოციით, თუ პირველ ადგილზე არ გახვალთ, მერე რა, საქართველო გიყურებთ და მიხვდებიან, რომ თავი არ დაგიზოგავთ-მეთქი. მესამე გამოსვლა სენსაციური იყო. რატის ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულეს და გაიმარჯვეს.

 

აეროპორტში დასახვედრად წავედი. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ვინმე „ჯორჯიას“ ელოდებოდა, გარდა რამდენიმე ნაცნობისა. რეისის ჩამოფრენა რომ გამოაცხადეს, მთელი ხალხი გამოსასვლელ კარს მიაწყდა და შიგნით შეცვივდა. კართან მარტო მე დავრჩი. გადავწყვიტე, შიგნით შევსულიყავი, მაგრამ კარში მდგომი მამაკაცი გადამეღობა და არ მიშვებდა, შენ რაღა გინდაო. ერთმა ყმაწვილმა მიცნო და დაუყვირა, რას ამბობ, გამოატარე, ის არის მთავარი, რატის მამააო.

 

აეროპორტიდან მანქანების უზარმაზარი კორტეჟი წამოვიდა საყვირებითა და ანთებული ფარებით. ისეთი სანახაობა იყო, ჟრუანტელი მივლიდა. თბილისის „დინამოს“ მოგება და თასის ჩამოტანა გამახსენდა.

 

მერე ახალგორში წავედით და იქ დიდი საზეიმო სუფრა გავშალეთ. იყო სიხარული, სიმღერა, გულიანი ქართული ნადიმი, ეზო-კარი რატის და მაკას მეგობრებით იყო სავსე. ამ ქეიფში შემოგვაღამდა და უეცრად გაისმა საშინელი ხმები სროლის, აფეთქების, ცა გაწითლდა და განათდა. სწორედ იმ ღამეს დაიწყო ავადსახსენებელი აგვისტოს ომი, რომელსაც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები შეეწირა, მათ შორის/ ჩემი მამაპაპური, მშობლიური სახლი.

 

შემდეგ ჩვენ წეროვანში მოგვცეს კოტეჯი და პატარა ნაკვეთი, სადაც ვფუსფუსებ, ცოტაოდენი მოსავალი მომყავს. ნეტავ, იცოდეთ, როგორი მტკივნეულია, ერთი ხელის გაწვდენაზე შენი ფუძე, შენი კერა რომ გეგულება, საიდანაც შენი ბავშვობა და ახალგაზრდობა გეძახის და ვერ მიდიხარ, ჯერჯერობით ჩვენი სახლი ხელუხლებლად დგას, მერე რა იქნება, არ ვიცი.

 

– ვიცით, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ამის შესახებ „სარკესთან“ რატიც საუბრობდა, ახლა როგორ გრძნობთ თავს?

 

– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მქონდა, ჯერ გულმა შემაწუხა, შემდეგ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე გამიჩნდა, რის გამოც თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. შემდეგ რადიოლოგიური თერაპიის კურსი გამატარეს – 39 სეანსი დამჭირდა. ამან სისხლის გათეთრება გამოიწვია და უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი.

 

საბედნიეროდ, სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც კი დამავიწყდა. ჩემთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო. ყველაზე საყვარელი საქმე, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი, ლამის ხელიდან გამომეცალა. დრომ სასიკეთოდ იმოქმედა და ნელ-ნელა მეხსიერება მთლიანად აღმიდგა.

 

რატიმ შეუძლებელი გააკეთა. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლო ასეთი მობილიზება, ფინანსების მოძიება. ერთი წუთითაც არ მომშორებია. ინგლისური შესანიშნავად იცის და ყველაფერს ის აგვარებდა. ძალიან ვწუხდი, რომ ჩემს შვილს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდე. მშობელი რა ასაკშიც უნდა იყოს, სურს, რომ შვილებს თავად დაეხმაროს, ყოველთვის ასე ვიყავი. უცებ კი შვილების მოსავლელი და საზრუნავი გავხდი.

 

ჩემი მკურნალი ექიმი კონსულტაციებს თბილისში ატარებდა და ყოველ სამშაბათს თურქეთიდან ჩამოდიოდა, როცა ჩემი ვარსკვლავი იხსნებოდა, ისიც მოვიპატიჟეთ. გაგიჟდა, ამდენი ხალხი რომ ნახა, ასეთი სიყვარული და დაფასება რომ დაინახა. ჩემს კნცერტს დაესწრო და აფრთოვანებული დარჩა. ამის მერე კონსულტაციაზე ჩავედი თურქეთში და ფული აღარ გამოგვართვა.

 

– მე-20 საუკუნეში თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ დაწერილმა სიმღერებმა დროს გაუძლო და უმეტესობა ახლაც ძალიან პოპულარულია. რა ხდება დღეს, რატომ აღარ იწერება კარგი სიმღერები?

 

– მეც, ვაჟა აზარაშვილიც და სხვებიც, ბევრ ახალ სიმღერას ვწერთ, მაგრამ მომღერლები რატომღაც აღარ ინტერესდებიან. ურჩევნიათ ძველი, ცნობილი სიმღერა აიღონ, რაღაც შეცვალონ, ტექსტი ან არანჟირება გადააკეთონ და ისე შეასრულონ, საბოლოოდ კი უხარისხო პროდუქტს იღებენ.

 

ერთხელ რადიოში მოვუსმინე „ქართული ხმების“ ერთ-ერთ მომღერალს. ამბობდა, კომპოზიტორები აღარ გვყავს, სიმღერები აღარ იწერებაო, დავურეკე და ვუთხარი, რატომ მოგვკალი, შვილო, ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი ხალხი, უამრავი ახალი სიმღერა მაქვს, მოდი, მოგასმენინებ და ამოირჩიე-მეთქი.

 

ამას წინათ მითხრეს, ვაჟა, ხომ იცი, დღეს „შალახოს“ ტიპის სიმღერები ფასობს და დაწერე, შენ კარგად გამოგივაო. ჩავუჯექი, ვიმუშავე და „შალახოს“ მაინც ვერ დავამსგავსე, სულ სხვა გამოვიდა, ქალაქურ-კლასიკური სიმღერა. რა ვქნათ, ასეა, ჩვენ სხვა სკოლა გავიარეთ, სხვა ღირებულებებს ვეზიარეთ, სხვა ხალხი გვზრდიდა, იაფფასიანი მუსიკა ჩემი საქმე არ არის.

 

მინდა გითხრათ, რომ კარგ საქმეს ვარ შეჭიდებული. უკვე გამოიცა ჩემი ასი სიმღერის კრებული, სადაც ნახევარი საბავშვოა. ერთი ათი სიმღერის კრებულიც მზად მაქვს და დაფინანსებას ველოდები.

 

მადლობა თქვენს ჟურნალს, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას, წარმატებებს გისურვებთ!

 

 

ია ქუთათელაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი