logo_geo
„ამ ამბავს პირველად ვყვები“ - დავით ოქიტაშვილი ზურაბ ჟვანიასა და ალა პუგაჩოვაზე
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:12



„ძალიან მიყვარს სუფრა, მაგრამ თუ სიტუაცია არ მომწონს, ვდგები და მივდივარ. ისე, ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო განწყობა შევიქმნა. თავიდან ყველას უჟმური ვგონივარ, მაგრამ ურთიერთობაში რომ შემოდიან, გაოცებულები რჩებიან. ცუდ ხასიათზეც რომ ვიყო, არ ვიმჩნევ და ბოლომდე ვილხენ. შემიძლია, სკამზეც ავიდე და სიგიჟეები ჩავიდინო. მეუღლე სულ მეუბნება: სირცხვილია, ხალხი რას იფიქრებსო?" - კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ქართული სუფრის ტრადიციებსა და თამადობის ინსტიტუტზე საუბრობს...


- ქართული სუფრის მთავარი ატრიბუტი - თამადაა, ოღონდაც, აუცილებლად კარგი თამადა! ბაბუაჩემი არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ, შემდეგ - მამაჩემიც, ახლა ჩემი სიმამრიც... არნახული თამადები არიან: გივი ბერიკაშვილი, გია ბაღაშვილი, ზურა მანჯავიძე, ივიკო საყვარელიძე... ბევრი მომწონს და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, გული ვატკინო... ჩემი შვილის ქორწილში თამადა გახლდათ ლადო კახაძე. იგი ჩემი უახლოესი მეგობარია, ერთად ვმუშაობდით საკრებულოში. დაახლოებით ექვსი სადღეგრძელოს შემდეგ, სრულ თავისუფლებას აძლევს სუფრის წევრებს და ყველას შეუძლია, თავდავიწყებით მოილხინოს. ქორწილსაც მაშინ აქვს ეშხი, როდესაც ახალგაზრდები ილხენენ. ვყოფილვარ ქორწილებში, სადაც ცუდი თამადის გამო შინ წამოვსულვარ. სუფრის წინამძღოლზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული!


- დღეს ახალგაზრდებისთვის აღარ არის ავტორიტეტული ქართული ტრადიციული სუფრა...


- ახალგაზრდებს ქართული სუფრა უყვართ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში! ვფიქრობ, გამორჩეულად კარგი თაობა მოდის! ხშირად ვხვდები მათ და ვიცი, გართობა უნდათ! ისინი ისმენენ ტრადიციულ სადღეგრძელოებს მშობლებზე, სამშობლოზე და ასე შემდეგ, მაგრამ თუ მეტისმეტს დააძალებ, შემდეგ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა!


- ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოიყვანეთ საქართველოში... როგორ იხსენებთ მათ ემოციებს, როდესაც ქართულ სუფრას უსხდნენ?


- მსოფლიო ვარსკვლავების პატივსაცემად გამართულ სუფრებზე უმეტესწილად, თამადები იყვნენ: ჯუმბერ ბერაძე, ვალერი ასათიანი... შეგნებულად ვარჩევდით ისეთ თამადებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ამა თუ იმ სტუმრის ფასი და მათი ცხოვრებაც. სხვათა შორის, ამ მხრივ გამორჩეული თამადა იყო ზურაბ ჟვანია! როდესაც ალა პუგაჩოვა საქართველოში ჩამოვიდა (პირველად ვყვები ამ ამბავს), კულტურის სამინისტროსთან ახლომდებარე რესტორანში შევიკრიბეთ. 20-30 ადამიანი ვიყავით. ალას ვუთხარი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გვეპატიჟებოდა. ალამ მთხოვა, - ძალიან დაღლილი ვარ და გთხოვ, მხოლოდ 15 წუთით წავიდეთო... წავედით ზურასთან და ალა ოთხი საათის მანძილზე იქაურობას ვერაფრით მოვაშორე. ზურა ამბობდა სადღეგრძელოებს და დეტალურად ჰყვებოდა, თუ რომელ სამშობიაროში დაიბადა ალა, როგორები იყვნენ მისი მშობლები, ქმრები, საყვარლები და ა.შ. ამ ყველაფერს ულამაზესი ფორმით ჰყვებოდა და თან, ხომ იცით, უდიდესი იუმორის გრძნობაც ჰქონდა! ალა განცვიფრებული იყო ამ ყველაფრით. მას მერე ბევრი წელი გავიდა და ალა დღემდე იხსენებს: მთელი მსოფლიო მოვიარე და ზურასნაირი ნიჭიერი ადამიანი არსად შემხვედრიაო. იგივე ხდებოდა ბეზრუკოვის პატივსაცემად გამართულ სუფრაზეც. ჯუმბერ ბერაძემ სადღეგრძელოებში დეტალურად აღწერა მისი ცხოვრება და სტუმარი ამით ძალიან ბედნიერი იყო... ლაიმა ვაიკულე გაგიჟდა, როდესაც თამადამ - ზურა მანჯავიძემ მასთან ერთად იმღერა. ამბობდა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდებაო. ვუთხარი, რომ ჩვენი თამადები ყველაზე ნიჭიერები და უნივერსალურები არიან.

 

- ზურაბ ჟვანიას განსაკუთრებული იუმორი ახსენეთ...


- ეს მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევა იყო! ჩემს ცოლს სულ ეხუმრებოდა, - ამ მახინჯს როგორ გაჰყევიო? სხვათა შორის, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა! ზურასავით არავინ იცოდა მეგობრობის ფასი! მისი განსაკუთრებული იუმორის წყალობა იყო, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი, კარგად ვხდებოდი.


- გამორჩეული ქართველი ხელოვანებისთვის „ვარსკვლავის" გახსნის შემდეგ, სუფრის წინამძღოლს რის მიხედვით ირჩევდით?


- უმეტესწილად, თვითონ იყვნენ თამადები ის მამაკაცები, რომლებსაც „ვარსკვლავებს" ვუხსნიდით: რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე... ნანი ბრეგვაძის „ვარსკვლავის" გახსნაზე მისი დეიდაშვილი, თბილისის კოლორიტი ივიკო საყვარელიძე გახლდათ თამადა. სოფიკო ჭიაურელის „ვარსკვლავი" რომ გავხსენით, მეორე დღეს სოფიკომ სუფრა გაშალა და თვითონ ითამადა, მოადგილედ კი როინ მეტრეველი ჰყავდა. ეს იყო სუფრა, როდესაც სოფიკო ყველას დაგვემშვიდობა... უკვე ძალიან ცუდად იყო, მაგრამ გვეუბნებოდა, - ნუ ხართ მოწყენილები და თავ-პირი ნუ ჩამოგტირითო... არაჩვეულებრივად ითამადა და ბოლოს, სუფრა როინს გადააბარა. სოფიკო დაგვპირდა, კიდევ შევხვდებითო, მაგრამ მას მერე აღარ მინახავს. ეს ქალბატონი განუმეორებელი იყო! ყველაზე სასიამოვნოდ მაგონდება ის დღეები, როდესაც ერთად დავდიოდით ბაზარში. ბევრს მესაუბრებოდა და ამბობდა: როდესაც შენზე ცუდს აღარავინ იტყვის, ჩათვალე, რომ ცუდად ცხოვრობო... დღეს ძალიან ბევრს მლანძღავენ და თავს სოფიკოს ამ სიტყვებით ვიმშვიდებ. ბედნიერი ვარ, ასეთ ლეგენდარულ ადამიანთან რომ მქონდა ურთიერთობა!


- პირველად ნინო რამიშვილის „ვარსკვლავი" გახსენით...


- როდესაც ნინო რამიშვილის „ვარსკვლავი" გავხსენით, თამადა თენგიზ სუხიშვილი გახლდათ. მას თამადობა არ უყვარდა, მაგრამ დამთანხმდა იმიტომ, რომ ძალიან ვიწრო წრე შეიკრიბა, მხოლოდ ახლობლები ვიყავით.

 

- თქვენ როგორი თამადა ხართ?


- ლოთი ვარ! ძალიან ბევრს ვსვამ, მაგრამ თამადობა არ შემიძლია! თუ ძალიან ვიწრო წრეში ვიკრიბებით, ყოველთვის ვცდილობთ, ყველამ თითო სადღეგრძელო წარმოვთქვათ.


- როდესაც სახლში გყავთ სტუმრები, სუფრას მაშინაც არ უძღვებით?


- ასეთ დროს, თამადობას ჩემს ქვისლს ვანდობ ან მამიდაშვილის ქმარს... მე სამზარეულოში ფუსფუსიც მეხერხება. განსაკუთრებულად კარგად გამომდის ჩაქაფული.


- ქართულ სოფლებში ყოფილხართ სუფრებზე?


- რა თქმა უნდა, ვყოფილვარ. მინდა გითხრათ, რომ ქართველ გლეხებს დიდ პატივს ვცემ! სოფელში მცხოვრები ადამიანი ბევრ ქალაქელს მირჩევნია! სულ ვამბობ, რომ როდესაც რეგიონი ძლიერია, მაშინ არის ძლიერი დედაქალაქიც!.. ზემო აჭარაში გადაღებაზე მომიხდა წასვლა და ორი დღე იქ დავრჩი - ამ ორი დღის მანძილზე არ გამოვფხიზლებულვარ. როდესაც გრძნობ, ადამიანებს უყვარხარ და ცდილობენ, პატივი გცენ, იქ ძნელია რაიმეზე უარის თქმა. ჭიშკართან გვიშლიდნენ სუფრებს... ეს არის ჭეშმარიტი სიხარული. მალე ჩოხატაურში მიწევს წასვლა და ძალიან მიხარია. რაიონებში სულ სხვანაირი დამოკიდებულება იციან სტუმრის მიმართ და მათგან ბევრს ვსწავლობ. ძალიან დიდი ხალისით დავდივარ ბაზარში და რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ვახლობლობ... რამდენიმე დღის წინ, ერთი კაცი სამსახურში მომადგა, მანქანის საბარგული გააღო და ერთი ტომარა ლობიო გადმოიღო. მითხრა, - გორიდან ჩამოგიტანეთო. ძალიან შევწუხდი. ადამიანი წვალობს, თავისთვის აგროვებს სარჩოს და როდესაც ამას გიწილადებს, ამაზე დიდი პატივისცემა რა უნდა იყოს?! ერთხელ ქალბატონმა ბაზარში საჩუქრად ტყემალი მომაწოდა. ძალიან მომერიდა, არ ვართმევდი... მითხრა, - არ კადრულობო? ეს სიტყვები იმდენად მწარედ ჩამრჩა გულში, რომ მას მერე საჩუქარზე უარს არავის ვეუბნები. იმ ქალბატონს კი ავუხსენი, - რას ამბობთ. უბრალოდ, მერიდება, თქვენი ნაწვალები რომ წავიღო-მეთქი და მას შემდეგ ძალიან დავმეგობრდით. დღეს მხოლოდ მის მომზადებულ ტყემლის საწებლებს ვჭამ.


- საუბრის დასასრულს, უნდა გკითხოთ, რა აზრის ხართ ახალ სერვისზე - თამადა გამოძახებით?


- მართლა არსებობს ასეთი რამ? სიმართლე გითხრათ, ეს „შაყირი" მეგონა. როგორ შეიძლება, ვინმემ თამადა დაიქირაოს? რანაირად უნდა გაუძღვეს სუფრას ადამიანი, რომელიც ბევრს კი სვამს, მაგრამ კონკრეტულ ოჯახზე არაფერი იცის? მგონი, ამ საქმეში მათ ბლომად უხდიან და ნეტავ, მეც ხომ არ დავიწყო იქ მუშაობა?.. მგონია, საქართველოში „თამადა გამოძახებით" დიდხანს ვერ იმუშავებს. ჩვენ არც ა-ლა-ფურშეტები გამოგვდის - ქართულ ქეიფში გადადის ხოლმე ყველაფერი...




მანანა გაბრიჭიძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი