logo_geo
გუგული ვაჩნაძე: ბატონო ბიძინა, გააკეთეთ კიდევ ერთი მადლიანი საქმე!
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:12

 

 

დაახლოებით ორიოდე თვეში, საზოგადოება 2017 წლის 24 ნოემბრის ტრაგედიას გაიხსენებს. დაიდება „ნიუსები“ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ და კიდევ ერთი წელიც ჩაივლის. არადა, ტრაგიზმით სავსე ისტორია ჯერ არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინათ ბათუმიდან გუგული ვაჩნაძის წერილი მივიღეთ, 85 წლის ბებია შვილიშვილის საფლავზე დაწყებული ტაძრის დასასრულებლად დახმარებას ითხოვს:

 

– სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ გამომეხმაურებოდით, თუმცა, გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ გადავღალე ჩემი წერილით რედაქტორი, რამდენი პრობლემაა ქვეყანაში, გუგული ბებიას ისტორია რა მოსატანია-მეთქი.

– რას ბრძანებთ, პატარა ისტორიებიდან და პრობლემებიდან შედგება ქვეყნის დიდი სატკივარი, გულისყურით გისმენთ!

 

– ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პატივია თქვენი ზარი ჩემთან. „ასავალ-დასავალის“ დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოუთმენლად ველოდები ყოველი ნომრის გამოსვლას. ჩემი სულის საზრდოა და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს – ყველაზე უშიშარ, მებრძოლ და მართალი სიტყვის მთქმელ ადამიანს. ღმერთმა გამრავლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ!

სამი წლის წინათ უბედნიერესი ბებია და დედა ვიყავი, გარს მეხვია შვილები და ანგელოზივით შვილიშვილები, მაგრამ სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებულმა ტრაგედიამ ეს ბედნიერება ერთ წამში წამართვა. იმ საშინელ დღეს ხანძრის შედეგად შვილიშვილი მიშკა ქავჟარაძე დამეღუპა. მასთან ერთად დაიღუპნენ მისი თანაკლასელებიც – ნუკრი ჩანჩიბაძე და გიორგი ცინცაძე – არაჩვეულებრივი ახალგაზრდები.

ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად მოსვენება დავკარგე. სამი წელი კი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ გამნელებია, ვიფიქრე, ერთგვარი შვება იქნება, თუ ჩემს საყვარელ „ასავალ-დასავალს“ ერთ-ერთ უკანასკნელ სურვილს გავუზიარებ-მეთქი.

 

– და რა არის თქვენი სურვილი?

– ბიჭების დაკრძალვის შემდეგ ჩემი შვილიშვილის მეგობრებმა სოფელ განთიადში, სასაფლაოს ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. ძალიან მოინდომეს ბავშებმა, ბევრი ირბინეს და იწვალეს ნებართვის მიღებაზე. არაერთი ფორმალური დაბრკოლება გადალახეს.

ბოლოს, შემოწირულობების წყალობით, მშენებლობა დაიწყო. ჩვენც გადავრიცხეთ თანხა, ცხადია, მიზერული. საქველმოქმედო კონცერტის დროს გვერდში დაუდგა ბიჭებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ფერიდე უსტიაშვილი, ერთი სიტყვით, ნახევარზე მეტი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ უსახსრობის გამო მშენებლობა შეჩერდა. იმედის ნაპერწკალიც არ არის, რომ ტაძარი საბოლოო სახეს მიიღებს. ვერავის გაამტყუნებ, ამ პანდემიის გამო ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია.

 

– „ასავალ-დასავალისთვის“ გამოგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ – იქნებ მიაწვდინოთ ხმაო... შეგიძლიათ, თავადაც მიმართოთ!

– დიახ, მინდა გავკადნიერდე და თქვენი გაზეთის საშუალებით ბიძინა ივანიშვილს – მსოფლიო დონის ქველმოქმედს და ზეადამიანურ პიროვნებას მივმართო – თუ უხერხული არ იქნება, იქნებ მანაც შეიტანოს მცირეოდენი წვლილი ეკლესიის მშენებლობის დასრულებაში! სანამ ამ ქვეყნიდან წავალ, საფლავზე გასვლისას მინდა იმ ეკლესიაში ჩემი შვილიშვილის სულის საცხოვნებლად სანთელი დავანთო და ვილოცო ანგელოზი ბიჭებისთვის.

ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ადამიანია, ოჯახისა და შვილების მოყვარული. იმედი მაქვს, გულთან მიიტანს ჩემს წუხილს. მის უზარმაზარ ქველმოქმედებაში ეს პატარა ტაძარი სახსენებელიც არ არის, მაგრამ გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებისა და ოჯახებისთვის მთელი ცხოვრებაა. ბატონო ბიძინა, ამით უდიდეს მადლიან საქმეს გააკეთებთ! დაუდექით ახალგაზრდებს გვერდით, მეგობრების სახელზე ტაძარი დაასრულონ, ჩვენ კი, გარდაცვლილების ჭირისუფალმა, შვება ვიპოვოთ!

 

– ბოლოს როდის ნახეთ შვილიშვილი?

– მიშკა მეზღვაური იყო, კაპიტნობისთვის ემზადებოდა და ძირითადად, ორნი ვიყავით ხოლმე სახლში. იმ დღეს დაახლოებით ხუთის ნახევარზე გავიდა სახლიდან, კარიდან მომაძახა – მეგობრები მირეკავენ, გავალ და მალე დავბრუნდებიო. რამდენიმე წუთში უკვე ეს ამბავი მოხდა. თავიდან არ ვიცოდით სასტუმროში თუ იმყოფებოდა, მაშინღა მივხვდით, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს, როცა დედამისმა სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მიშკას ავტომანქანა შენიშნა. უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, ყველა შეგვხაროდა და ერთ წამში დაგვენგრა თავზე ყველაფერი. დღეს ჩემი უკეთილშობილესი, გამორჩეული შვილიშვილი თავის მეგობრებთან – ნუკრი ჩანჩიბაძესთან და გიორგი ცინცაძესთან ერთად არის დაკრძალული.

 

– ამ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, რა განაჩენი დადგა საქმეზე?

– დაიჭირეს ვიღაც თურქი და საწყობის თანამშრომელი ქართველი ბიჭი, ალბათ, ის ბავშვიც არაფერ შუაშია, რადგან მისი მშობლები ედავებიან გამოძიებას – ჩვენი შვილი უსამართლოდ არის დაკავებულიო... სასტუმროს შეუცვალეს სახელი და, როგორც ჩვენთვის პრესიდან არის ცნობილი, ამით დასრულდა ყველაფერი!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი