logo_geo
100 წლის სოფიო ჩხეტიანის საუკუნის სიტყვა: თუ არჩევნებამდე არ მოვკვდი, ჩემი ხმა „ოცნებას“ უნდა მივცე!
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:24

 

 

არ დაგიმალავთ, დამწყები კორესპონდენტივით ვღელავ, რადგან დღეს ყველაზე სათნო, ყველაზე მხცოვანი და „ასავალ-დასავალის“ ყველაზე ერთგული მკითხველი უნდა გაგაცნოთ – 100 წლის სოფიო ჩხეტიანი-არჩვაძე, დიახ, 2020 წლის 2 ოქტომბერს მან საუკუნე დაამარცხა და ახლა თავის გულისნადებს გვიზიარებს.

 

– ქალბატონო სოფიო, პირველ რიგში, გილოცავთ 100 წლის იუბილეს!

– დიდი მადლობა! უფალმა ჩემი ხნის მოგყაროთ და ყველაფერი აგისრულოთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება. ჩემი საყვარელი გაზეთის მოლოცვამ ასმაგად გამახარა და გამაბედნიერა!

 

– ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით?

– ბოლო წლებია, ცოტათი ყურს და თვალს დამაკლდა, მაგრამ 100 წლის ადამიანის პირობაზე ჯანმრთელობას და აზროვნებას არ ვემდური. რაც მთავარია, ჯერჯერობით გონება არ ამრევია და შემიძლია „ასავალ-დასავალის“ კითხვა!

 

– „ასავალ-დასავალს“ კითხულობთ თქვენს ასაკში?

– 1992 წელს გავედი პენსიაში და მას შემდეგ „ასავალ-დასავალის“ მკითხველი ვარ, ნომერი არ ჩამიგდია. ორშაბათი რომ გათენდება, ჩემს შვილს ვახსენებ, რომ გაზეთის ყიდვა არ დაავიწყდეს. ბოლო დროს ცოტათი მერევა ასოები, მაგრამ ლუპა მაქვს და ვცდილობ, მისი დახმარებით წავიკითხო. მერე დათოს – ჩემს ბიჭს ვეკითხები, ხომ არ ვცდები და ხომ სწორად გავიგე ყველაფერი-მეთქი? არ ვიკვეხნი, გულწრფელად გეუბნებით ამ ყველაფერს. ერთადერთი არ მომწონს, ხშირად რომ იწერება გაზეთში სააკაშვილზე.

 

– არ უნდა დაიწეროს?

– რაღაა დასაწერი... ყველამ ჩამოწერა...

 

– და მიუხედავად ამისა, მაინც რომ არ ისვენებს?

– შეიძლება „ასავალ-დასავალიდან“ რაღაც ვუთხრა?

 

– ცხადია...

– მუხლმოდრეკით, უმორჩილესად მინდა ვთხოვო სააკაშვილს – დაანებოს თავი საქართველოს, ეყოფა, რაც ავნო ქვეყანას! გამიხარდება, თუ ჩემი სიტყვები მაინც გაჭრის და გაიღვიძებს მასში სამშობლოს სიყვარული.

 

– როგორც ჩანს, ამ არჩევნების წინ თქვენი სიმპათიები „ოცნებისკენ“ იხრება.

– თუ არჩევნებამდე არ მოვკვდი, ჩემი ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მივცე! ვისაც საქართველოს წინსვლა და გამარჯვება სურს, „ოცნებას“ უნდა დაუჭიროს მხარი! ამ ხნის ქალი ვარ, ბევრი რამ მინახავს და გადამიტანია, არა მგონია, ვცდებოდე! შეცდომა ყველას მოსდის, შვილო, ხალხის მოსაწონს ყოველთვის ვერ გააკეთებ, მაგრამ მთავარია, ქვეყანა გიყვარდეს. ამას ხალხი მაშინვე გრძნობს. არა მგნია ისე უყვარდეს სააკაშვილს ქვეყანა, როგორც გახარიასა და ივანიშვილს. მაშინ სხვანაირად მოიქცეოდა.

 

– მაინც რითი მოგხიბლათ საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერმა?

– ღირსეულად უჭირავს თავი და ეტყობა, ნაღდი მამულიშვილია, კარგ ოჯახში აღზრდილი. იმედს აძლევს ხალხს ასე მგონია, არავის დააჩაგვრინებს ქართველს. დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან – 100 წლის სოფიო ჩხეტიანი გგულშემატკივრობთ-თქო. ის ახალგაზრდა ბიჭიც მომწონს – ირაკლი კობახიძე, რასაც ამბობს, გასაგებად ხსნის.

შეიძლება ბევრი უკმაყოფილო ჰყავს, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, მოსახლეობის 70 პროცენტი მაინც ეთანხმება დღევანდელ მთავრობას. ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერს კარგს ველოდები! ჩემი თხოვნაა, დაუდგეს მას ხალხი გვერდით ერთი ადამიანი, რაც არ უნდა მონდომებული იყოს, ყველაფერს ვერ შეძლებს. კიდევ იცით, ვინ მინდა მოვიკითხო გაზეთიდან? ირმა ინაშვილი – ვაჟკაცი, მებრძოლი გოგოა და მინდა წარმატებები ვუსურვო!

 

– თქვენზეც გვიამბეთ ორი სიტყვით, სად დაიბადეთ, რამდენი შვილი გყავთ?

– ვლადიკავკაზში დავიბადე, დედაჩემიც იქ დაიბადა. მდიდარი ოჯახიდან იყო. 1930-იან წლებში ყველაფერი ჩამოგვართვეს და სხვა ქართველებთან ერთად საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად, ლენინის რაიონში დავსახლდით.

სამი შვილი გავზარდე, ქალიშვილი 56 წლის ასაკში დამეღუპა მეოთხე თაობას მოვესწარი. ჩემს ბოლო შვილთაშვილს სოფოჩკა დაარქვეს და ძალიან მიხარია.

 

– ოცნება თუ გაქვთ?

– ასი წლის ადამიანებიც ოცნებობენ, შვილო... მინდა ქართველი ხალხი მსოფლიოში სათანადო სიმაღლეზე იდგეს, ძალიან ტკბილი, თბილი ენა გვაქვს და დაფასება, მოფერება სჭირდება. დედა შემოგევლოსო... – შეგიძლიათ, მითხრათ ეს ორი სიტყვა სხვა ენაზე? ანალოგი არა აქვს და ნურაფერზე გავცვლით!

ჩემი ნატვრაა დაანებონ ქართველების ჯიჯგნას თავი, არავის ვეთოთხმეტებით და ნურც ჩვენ დაგვიწყებენ ზედმეტი ჭკუის სწავლებას. ვის რა ვუშველით? მოგვცენ საშუალება ვიაროთ ჩვენი ჭკუით!

მარტო საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას და ღმერთს ვთხოვ, ერების დაჭკვიანებას! ესაა დღეს ჩემი ნატვრაც, თხოვნაც და ოცნებაც!

 

P.S. ამ სურვილს ცხადია, „ასავალ-დასავალიც“ უერთდება და აქვე ჩვენს ყველაზე ერთგულ, საინტერესო და გულწრფელ რესპონდენტს, რომელმაც ჩვენ თვალწინ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, სიტყვასა და აზროვნებაში, უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ 100 წლის იუბილეს! ჯანმრთელობას, ოჯახურ სიმყუდროვეს და ისეთ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებთ, რომელზეც აგერ უკვე საუკუნეა, ოცნებობს!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი