logo_geo
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილი – აგროტურიზმში ჩაბმული კომპოზიტორი
- +

13 ოქტომბერი. 2020. 19:36

 

 

 

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილმა, კომპოზიტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ერთაწმინდაში, მისივე დიზაინით აშენებულ და გამშვენებულ სახლსა და სასტუმროში გვიმასპინძლა. მისი მიზანი ადგილზე აგროტურიზმის განვითარება და მიმდებარედ არსებული არაერთი ისტორიული ადგილის პოპულარიზაციაა. აღმოჩნდა, რომ ბატონი ბადრის ერთ-ერთი გატაცება ბუხრების მშენებლობაა – სახლის თითქმის ყველა ოთახს მის მიერ აგებული სხვადასხვა დიზაინის ბუხარი ამშვენებს. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიისა და აქ არსებული ისტორიული ადგილების შესახებ არავინ იცოდა, ბოლო პერიოდში კი ამ რაიონის მიმართ ტურისტების ინტერესი სულ უფრო იზრდება. მასპინძელს სახლის ულამაზეს ვერანდაზე ბაბუის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის, თავისი პედაგოგის – ანდრია ბალანჩივაძის, ხელოვნების, ნადირობის, თევზაობისა და აგროტურიზმის შესახებ ვესაუბრეთ...

 

– პეტრეს ხელში გავიზარდე, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მას შემდეგ, რაც მანქანის ტარება დავიწყე, მცხეთაში, მის სახლში, ერთად დავდიოდით. იქ წასვლა იმიტომ მიყვარდა, რომ საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ. ეს არ გახლდათ მხოლოდ დროსტარება. ნამდვილი აკადემია იყო, სადაც ხელოვნების, კულტურის, ადამიანური ღირებულებების შესახებ ბევრს გაიგებდი.

 

– ბაბუა მკაცრი იყო?

 

– ძალიან მეგობრული იყო არა მხლოდ ჩემთან, არამედ ყველასთან გაგიკვირდებათ და, ადამიანს, რომელიც ასე საოცრად ირგებდა ტექსტს მუსიკას, მუსიკალური სმენა არ ჰქონდა. კონსერვატორიაში ჩაბარებისას საგუნდო მუსიკა დავწერე. ტექსტი მჭირდებოდა. ჩავედი თეზიკასთან (ასე ეძახდნენ მოფერებით პეტრე ბაგრატიონს. – ავტ.) მცხეთაში. დილით გავიღვიძე და ტექსტი მაგიდაზე დამხვდა. რომელ საათამდეც უნდა შეჰყოლოდა ქეიფს, დილით ადრე იღვიძებდა, ცივ წყალს გადაივლებდა და მუშაობას იწყებდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვითანამშრომლეთ.  გამოცდა წარმატებით ჩავაბარე...

 

მცხეთაში კუთხის ბუხარია, მის გვერდით – ფანჯარა. ბუხარს დაანთებდა ხოლმე, ნაცრის ჩხრეკა უყვარდა. ამ დროს ისტორიებს მოგვითხრობდა, იშვიათად, ლექსსაც წაიკითხავდა. მახსოვს, ერთხელ ძალიან ლამაზად თოვდა. თავისი ლექსი წაიკითხა. ის ლექსი არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარ მინახავს. იმ საღამოს, ბუხარსა და განწყობას კი ძალიან მოუხდა. 23 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა ცოლთან და შვილთან ერთად, მასთან ვიყავი ჩასული. მეგობრები სტუმრობდნენ, სვამდნენ, აგვისტო იყო. თებერვალში ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და დალევა აკრძალული ჰქონდა. მაინც დალია და ინფარქტმა გაუმეორა. ამჯერად, საბედისწეროდ... ორშაბათი დღე, 13 რიცხვი და ნაკიანი წელიწადი არ უყვარდა. სწორედ ნაკიან წელს, ორშაბათს, 13 აგვისტოს, სუფრაზე მეგობრების თვალწინ გარდაიცვალა...

 

– რთული ცხოვრება ჰქონდა გავლილი...

 

– „თეზიკა გრუზინსკიზე“ იყო დაწერილი. პასპორტში მეც მხოლოდ გრუზინსკი მეწერა, არანაირი „ბაგრატიონი“. სახლში ბებია მაფრთხილებდა, „ბაგრატიონი“ არსად წამოგცდესო. ბებიას მშობლები რეპრესირებული იყვნენ: მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, სამი და-ძმა ქუჩაში გამოყარეს, ბებია უფროსი იყო, 17 წლის. უმცროსი და და ძმა დარჩა. სიცოცხლის ბოლომდე ისეთი შეშინებული იყო, ვერაფერს ათქმევინებდი.

 

– ცნობილი ფაქტია, რომ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი სამეგობრო თევზაობით იყვნენ გატაცებული. თევზაობის სიყვარულით თქვენც მათგან „მოიწამლეთ“?

 

– დიახ, თევზაობაც და ნადირობაც მაშინ შემიყვარდა და დღემდე გატაცებული ვარ. თეზიკა ზღაპრულად შლიდა ბადეს. მეგობრებთან ერთად რკონის ხეობაში ხშირად დავდიოდი სანადიროდ. ეს ნაკვეთი სწორედ მაშინ შევიძინე. მიტოვებული ადგილი იყო, პატრონები მოვძებნეთ და მიწა შევისყიდეთ.

 

– ნადირობის კულტურა პირადად თქვენთვის რით გამოიხატება?

 

– ნადირობას წესებიც აქვს, კულტურაც და ღირსებაც. საერთოდ, ნადირობა თებერვლის ბოლომდე შეიძლება. 20 წლის წინ 2 მარტის იყო, როცა კურდღელი მოვკალით. მაკე აღმოჩნდა. ძალიან განვიცადე. ბოლო დროს სენტიმენტალურიც გავხდი – კურდღელზე, შველზე სანადიროდ ვეღარ გავალ, ადრე ამას სიამოვნებით ვაკეთებდი. ყინვაში, თოვლში საათობით ვიწექით – ესაა ნამდვილი ნადირობა. სამი წელია, აღარ მინადირია, თევზაობა უფრო მიყვარს.

 

– ორი წელია ადგილზე აგროტურიზმის განვითარებას ცდილობთ, წინსვლა იგრძნობა?

 

– მოგეხსენებათ, ტურისტებს გამორჩეულად აინტერესებთ ადგილობრივი კულტურული კერძები, ნატურალური საკვები, ამ საკვების მოპოვების პროცესში უშუალო მონაწილეობა. ვცდილობთ, თანამედროვე მოთხოვნები გავითვალისწინოთ. მათ საშუალებას ვაძლევთ ადგილზე საკუთარი ხელით მოადუღონ ბადაგი და ამოავლონ ჩურჩხელები. გვაქვს გეჯა ხინკლის მოსახარშად, ასევე, თონე. ერთ მეზობელს ფერმა აქვს, საიდანაც ნატურალურ ნაწარმს გვაწვდის, მეორეს ბოსტნეული მოჰყავს, მესამეს – ცხენები ჰყავს და მათი საშუალებით ტურისტებს შეუძლიათ ადგილობრივი სანახაობები ცხენებით მოიარონ. ყველა ცალ-ცალკე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ერთმანეთსაც ვეხმარებით. 5-6 წლის წინ აქაურობა არავის აინტერესებდა. ახლა უამრავი სტუმარი გვყავს. პროექტი მზად მაქვს, სასტუმროს ტერიტორიის გაფართოება და უფრო მეტად კეთილმოწყობა მაქვს დაგეგმილი. აქ, ამ პატარა ტერიტორიაზე უამრავი რამაა სანახავი: ქვათახევი, უფლისციხე, ატენის სიონი, რკონის ხეობა. აქვეა ლუარსაბის ციხე საინტერესო ისტორიით, ასევე, თევდორე მღვდლის თავის კვეთის ადგილი. 10 წლის წინ ერთი ციცქნა ბაზილიკის რესტავრაციისას უამრავი ძვალი ამოასვენეს. მათ შორის, ერთი ადამიანის ძვლები მთლიანად დანაკუწებული აღმოჩნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ის თევდორე მღვდლის ცხედარი იყო, ადრე ახალქალაქი, გარიყულა კულტურის ცენტრად მიიჩნეოდა, მაღალი საზოგადოება აქ იკრიბებოდა.

 

– სახლი და სასტუმრო თქვენი დიზაინითა და უშუალო მონაწილეობითაა აგებული. ამ მიმართულებით განათლებაც გაქვთ, თუ უბრალოდ, ეს გატაცებაა?

 

– არქიტექტურა ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, მომავალ პროფესიად არქიტექტურა ამერჩია. ჩემი მეგობრებიც არქიტექტურულზე აბარებდნენ. სამი თვით ადრე მუსიკამ გადამძლია და გულმა კონსერვატორიისკენ გამიწია. ერთი წელი კარგად მოვემზადე და საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ჩემი მეგობრები ჩემთან ურთიერთობით მუსიკას, მე კი – არქიტექტურას ვეუფლებოდი.

 

– ეს გადაწყვეტილება აღარ გინანიათ?

 

– ბოლო დროს ზოგჯერ ვნანობ. რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე. ამ სახლისა და სასტუმროს დიზაინი მთლიანად ჩემი ნამუშევარია. ჩემი ჰობია ბუხრის გაკეთება. ოთხი ბუხარი მაქვს სახლში, ავეჯის უმეტესობაზეც თავად ვიმუშავე, ხელნაკეთია.

 

– როდესაც გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრი იყო, თქვენ მისი მოადგილე ბრძანდებოდით. რა მნიშვნელოვანი საქმე შეგიძლიათ გამოარჩიოთ იმ პერიოდიდან?

 

– მიმაჩნია, რომ მართლაც, მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთება შევძელი. გამოვარჩევდი ვიზიტებს რეგიონებში, სადაც უამრავი ნიჭიერი ბავშვი აღმოვაჩინეთ. მათგან რამდენიმე თბილისში ჩამოვიყვანეთ და ახლა ათწლედში სწავლობენ. სამომავლოდ, მათი სახით ქვეყანას კარგი მუსიკოსები შეემატებიან. რეგიონებში 24 კინოკლუბი გავხსენით. კინოკლუბში კვირაში ერთხელ სკოლის მოსწავლეებს ქართულ ფილმებს აცნობდნენ. შევუძინეთ და დავუტოვეთ 47 ქართული ფილმი და მულტფილმი. ეს კინოკლუბები, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... აქტიურად ვეხმარებოდით მხატვრებს, საჭირო მასალებს გადავცემდით სახელოვნებო სკოლებს. მსოფლიო საქართველოს მისი კულტურით იცნობს. სკოლები თუ არ გვექნება, აღარც ხელოვანები გვეყოლებიან, საქართველო რუკაზე მხოლოდ გეოგრაფიულ ერთეულადღა დარჩება, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ინგლისს გერმანია უტევდა, ჩერჩილმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და წინააღმდეგობის გასაწევად თანხების მობილიზებაა საჭიროო. შესთავაზეს, საჭირო ფინანსები კულტურასა და განათლებას ჩამოვაჭრათო. ჩერჩილმა უპასუხა: რად გვინდა ინგლისი, თუ კულტურა და განათლება არ გვექნებაო?! ომისგან დაგვიფაროს უფალმა, მაგრამ ამ სიტყვებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დროსაც ვერავის ათქმევინებ (იცინის). ბატონი გურამის იდეის მიხედვით მოვამზადეთ პროექტი, რომელიც ბიზნესის მიერ ხელოვნების დარგების დაფინანსებას ითვალისწინებდა. ქველმოქმედებაში ჩართვის სანაცვლოდ, ბიზნესი შეღავათებით ისარგებლებდა. სამწუხაროდ, ამ პროექტით არ დაინტერესდნენ, თორემ ხელოვნებასა და განათლების სისტემას კერძო სექტორი დააფინანსებდა. ეს კანონი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ. რატომ უნდა დადიოდეს რეჟისორი ხელგამოწვდილი, ფილმის გადასაღებად საჭირო მინიმალური თანხის მოსაძიებლად?! ოპერის წარმატებული ქართველი მომღერლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მღერიან, თბილისში ჩამოვიყვანეთ და მათი შესრულებით დისკი ჩავწერეთ. თითოეული თითო არიას ასრულებს. ჩვენი ოპერის თეატრის ვარსკვლავების შესრულებით კი ცალკე დისკი ჩავწერეთ. სამინისტროდან წამოსულმა, არაერთი ახალი რამ ვცადე, მაგრამ ჩემი საქმე მაინც ხელოვნებაა, მთელი ცხოვრება მას ვემსახურებოდი. მე და ჯემალ სეფიაშვილმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ფესტივალი წამოვიწყეთ, სადაც ხელოვნების ყველა დარგი იყო წარმოდგენილი. ყველაფერი მზად გვქონდა, როცა ცნობილმა მოვლენებმა გაგვაჩერა, როცა დარბაზები გაიხსნება, ფესტივალს აუცილებლად ჩავატარებთ.

 

ანდრია ბალანჩივაძე თქვენი პედაგოგი იყო...

 

– კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, სურვილი მქონდა მისი მოწაფე გავმხდარიყავი და გამიმართლა კიდეც. საოცრად ერუდირებული ადამიანი გახლდათ. სხვათა შორის, ანდრია ბალანჩივაძის შესახებ გადაღებულ ფილმში მოწაფეებს შორის მე და კახა ცაბაძეც ვჩანვართ. ჩემს მეგობრებთან უთქვამს ერთხელ, ერთი სტუდენტი მყავს, ძალიან „აცვენილი“, მაგრამ უნიჭიერესი ყმაწვილია და ამის გამო ვპატიობ ასეთ საქციელსო. მთაწმინდაზე ვიზრდებოდით. დღეს რომ კომპიუტერთან სხედან ბავშვები, ასე არ იყო, არც ჩხუბი გვაკლდა და არც ერთმანეთის გატანა, პატივისცემა.

 

– ასეთ „თავმომწონეს“, მუსიკაზე სიარული უხერხულობას არ გიქმნიდათ? მაშინ ხომ ეს „დიდი სირცხვილი“ იყო?!

 

– საკმაოდ დიდხანს, არა მხოლოდ უბანში, არამედ საახლობლო წრეშიც არავინ იცოდა, რომ მუსიკაზე დავდიოდი (იცინის). ნოტები ზურგჩანთაში მედო, მუსიკოსი „კაი ბიჭობას“ გამორიცხავდა. ვმალავდი, რომ „ბეთხოვენა“ ვიყავი (იცინის), სკოლის ანსამბლში გიტარაზე ვუკრავდი, მაგრამ ფორტეპიანოზე სიარული სირცხვილი იყო. კონსერვატორია რომ დავამთავრე, სამი წელი რაიონში ვიმუშავე. ომის შემდეგ მუსიკა აღარავის აინტერესებდა. დღეს კი ჩვენი რეჟისორები მუსიკას, ძირითადად ,თავადვე ირჩევენ. ასე რომ, კომპოზიტორს თითქოს ფუნქცია დაეკარგა, საერთო ჯამში, 25 სპექტაკლი მაქვს გაფორმებული.

 

– ხელოვნების ინსტიტუტის რექტორი და დამაარსებელი ხართ...

 

– ხელოვნების ინსტიტუტი შუა ომის დროს გავხსენით, მას ცოდნისა და კულტურის „ოაზისად“ მოიხსენიებდნენ. რიგი მიზეზების გამო მისი დახურვა მოგვიხდა. სხვათა შორის, მის აღდგენას ვგეგმავთ.

 

– ოჯახზეც გვითხარით...

 

– შვილი – პეტრე კალათბურთითაა გატაცებული. ახალგაზრდობაში სპორტის ამ სახეობით მეც აქტიურად ვიყავი დაკავებული. პირველი ქორწინებიდან გოგონა მყავს, მას ორი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი საშუალო სკოლას ინგლისში ამთავრებს, მეუღლე, ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ყოფილი სპორტსმენია, მხატვრული ტანმოვარჯიშე. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია. თავისი სტუდია აქვს, მუშაობს სხვა სტუდიებშიც.

 

შორენა ლაბაძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი