logo_geo
ვთამაშობდით ქართულად, ყველასთვის უცხო ენაზე, მაგრამ ისე გასაგებად, ყველა გაოგნებული იყო - ინტერვიუ რამაზ იოსელიანთან
- +

13 ოქტომბერი. 2020. 20:32

 

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობს, ამჟამად კი ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რამაზ იოსელიანს თეატრი დედამ შეაყვარა.

 

ყოველ კვირა დღეს შვილს ლამაზად ჩააცვამდა და იმ ჯადოსნურ სამყაროში მიჰყავდა, რასაც თოჯინების თეატრი ერქვა.

 

შემდეგ იყო მოზარდმაყურებელთა და მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრი.

 

მისი ნათლია დიდი მსახიობი გიორგი შავგულიძე გახლდათ და ალბათ, ამანაც ითამაშა თავისი როლი მომავალი არტისტის ბედის ხაზის წარმართვაში.

 

 

მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი იყო და საყვარელ პედაგოგს ფიქრით და გონებით დღემდე არ დაშორებია, ყოველი როლის შესრულებისას იდუმალად ბატონ მიშას ესაუბრება.

 

ყოველთვის ცდილობს დიდი მაესტროს თვალით შეაფასოს და დაინახოს საკუთარი ნაშრომი.

 

 

სხვადასხვა მიზეზთა გამო დედაქალაქში ბინა დაკარგა და ბუდე ქართლის შუაგულში, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მოიწყო.

 

როგორც თავად ამბობს, საწყისს ანუ მიწას დაუბრუნდა.

 

იქ თავისი სამყარო აქვს საყვარელი ძაღლებით, შინაური ცხოველებით, ფრინველებითა და სოფლის კამკამა ჰაერით.

 

 

ერთი წელია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, უამრავი პრობლემა დახვდა, ყველაზე მთავარი კი ლამის ჩამონგრეული შენობაა.

 

სხვა მის ადგილზე შეიძლებოდა იქიდან გაქცეულიყო, რამაზს კი უყვარს სიძნელეებთან ჭიდილი, უყვარს თეატრი და მიზნად დაისახა ფოთის თეატრი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, საყვარელ სივრცედ აქციოს.

 

 

– საზოგადოებამ იცის, რომ ერთ–ერთი სამშენებელო კომპანიის უპასუხისმგებლობით დაზარალდით და თბილისში ბინა დაკარგეთ, რის შემდეგაც სოფელში გადაბარგდით. მოგვიყევით ქალაქელი რამაზ იოსელიანის სოფლური ცხოვრება.

 

 

– ჩემი ბინის დაკარგვა ბევრ მიზეზს უკავშირდება, ცოტათი ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. ეს უკვე ჩავლილი ამბავია და აღარ ღირს გასახსენებლად.

 

როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვმუშაობდი, სოფელ ხიდისთავში, შევიძინე ძალიან იაფად ეზო-კარი, რომელიც საბოლოოდ ჩემი ნავსაყუდელი გახდა.

 

 

ასფალტზე ფეხადგმული, ქალაქიდან გაუსვლელი ადამიანების უმეტესობამ შეიძლება ვერ გაიგოს, მაგრამ ალბათ ბევრმა იცის, რა ენით აუწერელი ბედნიერებაა, როცა ალიონზე ჩიტების ჭიკჭიკი გესმის, როცა მიწიდან თავამოყოფილი მცენარის პირველ გამოღვიძებას დაინახავ, როცა შენ თვალწინ კვერცხიდან პატარა ღუნღულა წიწილა გამოიჩეკება, როცა ოხშივარადენილ მიწის სუნს ჩაისუნთქავ, როცა ეზოს კარს შეხსნი და შენი დანახვით გახარებული შენი ერთგული ოთხფეხა მეგობრები გულზე შემოგახტებიან.

 

 

შეიძლება ასაკის ბრალიც არის, რომ მიწის ფასი სხვანაირად გავიგე.

 

თუ შენ არ დაიზარებ და მიწას მოუვლი, ისიც აუცილებლად სიყვარულით გიპასუხებს და სარჩოს მოგაწვდის.

 

ვთვლი, რომ სოფელში ცხოვრება უფრო ოპტიმისტურია, რადგან მუდმივად უყურებ ბუნების განახლებას, ფოთოლცვენას და ახალი კვირტების გაფურჩქვნას.

 

შენც ხვდები, რომ მარადიულად ვერ იცხოვრებ, რომ აუცილებლად მოვა დრო გარდაცვალების, ამიტომ უნდა იჩქარო, მოასწრო შენი სათქმელი, გააკეთო შენი გასაკეთებელი, არ იზარმაცო, არ იყო მუქთახორა და დატკბე ყოველი წამით, რასაც სამყარო გჩუქნით.

 

 

– თქვენი მეურნეობა მხოლოდ თქვენთვისაა საკმარისი თუ შემოსავლის წყაროც არის?

 

 

– ადრე ძროხები მყავდა, გადასარევ გემრიელ ყველს ვამზადებდი და ვყიდდი კიდეც.

 

კლიენტების მოძიებაც არ მჭირდებოდა, თბილისში ჩემს ყველს ნაცნობები ელოდებოდნენ.

 

რაც ფოთის თეატრში გადავედი, ძროხების მოვლა ვეღარ შევძელი და გავყიდე.

 

ან თეატრი უნდა ამერჩია, ან ძროხებთან უნდა დავრჩენილიყავი.

 

ჩემთვის თეატრი მთელი სიცოცხლეა, ძროხები კი უჩემოდაც გაძლებენ.

 

ისევ მირეკავენ ნაცნობები და მეკითხებიან, ყველი რატომ აღარ ჩამოგაქვსო.

 

სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისაც ჩავაბარებდი და გასამრჯელოს საფასურად მოუვლიდა.

 

ჩვენ, ყველას ბევრი ლაპარაკი უფრო გვიყვარს, ვიდრე შრომა.

 

სოფელშიც მრავლად არიან ისეთები, ვისაც უჭირთ, მაგრამ ბირჟაზე დგომა ურჩევნიათ ფიზიკურ შრომას.

 

 

დეკორატიული ჯიშის ქათმები მყავდა, ძალიან ლამაზები და მედიდურები, რადგან დიდი ხნით მიწევს ფოთში ყოფნა, ისინიც გავაჩუქე, ჩემს მოძღვართან დაიდეს ბინა.

 

წელს ორ გოჭს ვზრდიდი, ერთი მეზობელს ვაჩუქე ორი თვის წინ.

 

ახლახან სანახავად გადავედი და ჩემი ხმის გაგონებაზე გოჭი კი არა, უკვე გაზრდილი ღორი გამოვარდა შესახვედრად.

 

ხომ წარმოგიდგენიათ, ღორმაც კი არ დაივიწყა ის პატარა ამაგი, რაც მასზე მქონდა, ადამიანები კი ხშირად ყველაფერს ივიწყებენ.

 

 

ორი ძაღლი მყავს, ერთი გერმანული ნაგაზი და ერთიც – უბრალო, ე.წ. დვარნიაშკა, ერთად გაიზარდნენ და სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.

 

ფისოც მყავდა, ისიც მათთან გაზრდილი.

 

ძალიან მოსიყვარულე იყო, უსიტყვოდ მაგებინებდა ყველაფერს, მხრებზე შემომახტებოდა, ჩამეხუტებოდა და შეეძლო მთელი დღე ასე ყოფილიყო.

 

სულ ერთად თამაშობდნენ და თამაშის დროს ძაღლებმა გაგუდეს, ეტყობა, ვერ მოზომეს.

 

 ძალიან შევწუხდი, მაგრამ რაღას ვუშველიდი? ქათმები მყავს და წიწილებს ვზრდი, ესეც საოცარი პროცესია.

 

 

– როგორი ურთიერთობა გაქვთ მეზობლებთან?

 

 

– კეთილმეზობლური, მე არ ვცხოვრობ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, დაშორიშორებული ვართ.

 

ალბათ ასეც არის ერთი მიზეზი, რომ ყველასთან თბილი ურთიერთობა, სალამი და მოკითხვა მაქვს.

 

ხშირი ჩხუბი ერთი ყორის მეზობლებმა იციან, ჩვენ ყავაზე ვსტუმრობთ ერთმანეთს, ვბაასობთ მთისა და ბარისას და კეთილად ვშორდებით.

 

 

სოფელს ყველანაირი ადამიანი უნდა ჰყავდეს, ბრძენიც და გიჟიც, კეთილიც და ბოროტიც, რადგან სოფელი მოდელია სამყაროსი, მინიატურული მოდელი.

 

 

თითქმის გორზე მიბმული სოფელია სამარშრუტო ტაქსი ხშირად დადის და ჩემს სახლთან აქვს გაჩერება.

 

კერძო ტაქსებმაც იციან ჩემი მისამართი, მეგობარმა მითხრა, შენთან მოვდიოდი, ტაქსი გავაჩერე გორში, მისამართი ვუთხარი და მაშინვე მითხრა, ხომ იოსელიანთან მიდიხარო.

 

ასე რომ, ტაქსისტებში ცნობილი კაცი ვარ.

 

 

– ერთი წელია, რაც ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ, რა მდგომარებაშია თეატრი, გყავთ თუ არა მაყურებელი და რა გეგმები გაქვთ?

 

 

– ფოთის თეატრის ახალ შენობაში ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, უგულისყურო ხელმძღვანელობამ და უხარისხოდ ჩატარებულმა სამუშაოებმა სავალალო შედეგი გამოიღო და არ ვიცი, შენობა ბოლომდე გამართული როდის იქნება.

 

 

ყველა საქმე ისე უნდა აკეთო, როგორც საკუთარი ოჯახის საქმეს გააკეთებ.

 

სულ არ არის ქვეყნის ან ქალაქის მართვა ძნელი, ამოსავალი წერტილია, არ მოიპარო.

 

შენს ოჯახში ხომ არ იპარავ, პირიქით, მოგაქვს და არ გაგაქვს, როგორც შვილის გაზრდას, საქმეს ისე უნდა შეხედო, შვილს ხან დაუყვავებ, ხან გაუბრაზდები, ხან საყვედურს ეტყვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არ გიყვარს, პირიქით, მისი კეთილდღეობისთვის ირჯები ასე, ნებისმიერი საქმის ხელმძღვანელობაც ასეა.

 

 

სტანისლავსკიმ თქვა, თეატრი გარდერობიდან იწყებაო.

 

ნამდვილად ასეა, კარს რომ შეაღებ, ისეთი გარემო უნდა გხვდებოდეს, თავი დღესასწაულის მონაწილედ იგრძნო.

 

კულტურის სახლი, სადაც ჩვენ სპექტაკლებს ვმართავთ, ფაქტობრივად გამოუსადეგარია, უბერავს ორპირი, ჩამონგრეულია ჭერი, არ თბება დარბაზი.

 

რომელ დღესასწაულზეა ლაპარაკი, რა უნდა შესთავაზო მაყურებელს, რომ ჩაცმულ-დახურულმა, ლამის ქოლგებით ხელში ორი საათი დარბაზში გაატაროს და სულიერად ამაღლებული გამოვიდეს?!

 

 

მპირდებიან, რომ რემონტი მალე დასრულდება.

 

მინდა, არტ-კაფე გავხსნა, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ სპექტაკლის შემდეგ დასხდნენ და ფინჯან ყავაზე ან ჩაიზე ერთმანეთთან ისაუბრონ, ახალგაზრდებს, თუნდაც შეყვარებულ წყვილს, ნორმალური ადგილი არ აქვთ შეხვედრებისთვის.

 

 

ძალიან კარგია რეგიონული თეატრების ფესტივალი, ყოჩაღ ნინელი (მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე. – ავტ.), რომ ამ ფესტივალს ატარებს!

 

ეს გვაძლევს საშუალებას რეგიონული თეატრის მსახიობები, რეჟისორები ერთმანეთს შევხვდეთ და ერთმანეთის შემოქმედებას გავეცნოთ.

 

ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, ყველა სპექტაკლზე თელავში ჩავიდეთ, ან ახალციხეში, ან ბათუმში, ან სხვაგან, ამიტომ ყველანი ზაფხულს ველოდებით, რომ ფოთში ეს ფესტივალი გაიმართოს.

 

ფოთელ მაყურებელსაც ეძლევა შესაძლებლობა, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს.

 

 

ახლახან გამოგვიყვეს 8 ჰექტარი მიწის ფართობი, რისთვისაც მადლობელი ვართ.

 

ვეძებთ ინვესტორს, რომ ავაშენოთ კორპუსები, სადაც ჩვენს მსახიობებს თვითღირებულებით შეეძლებათ ბინის შეძენა, პარალელურად სამ სპექტაკლზე ვმუშაობთ და მალე შევთავაზებთ მაყურებელს, მოკლედ, გეგმა ბევრი გვაქვს და ჩვენი შრომითა და უფლის ნებით კეთილად ასრულდება.

 

 

– თქვენი მრავალრიცხოვანი გასტროლებიდან რომელიმე გაიხსენეთ, თქვენთვის გამორჩეული.

 

 

– გასახსენებელი ბევრია.

 

 ავსტრალიაში ვიყავით მსოფლიო ხელოვნების ფესტივალზე, წაღებული გვქონდა, „ბაკულას ღორები“ და „დონ ჟუანი“.

 

სპექტაკლების ჩვენების შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ ჩამოსული იყო ფანტასტიკური თეატრი საქართველოდან.

 

 ისე იყო ფესტივალი დაგეგმილი, რომ მონაწილეთაგან ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა, რადგან თავადაც ჰქონდათ სპექტაკლები, გვთხოვეს იქნებ ჩვენთვის ითამაშოთ კიდევ ერთხელო და წარმოვადგინეთ „ბაკულას ღორები“.

 

 

ეს იყო სენსაცია!

 

ტაშისკვრით რომ დაიღალნენ, ფეხების ბაკუნით გამოხატავდნენ აღტაცებას, ჩვენ ვთამაშობდით ქართულად, ყველასთვის უცხო ენაზე, მაგრამ ისეთი გასაგები იყო, ისეთი გამომსახველობითი, ყველა გაოგნებული იყო.

 

ამბობდნენ, სცენაზე დგას 18 ვარსკვლავი, რომლებიც ნამდვილი ჯადოქრები არიანო.

 

 

– სად გაატარეთ ვირუსის გამო დაწესებული აკრძალვების პერიოდი, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ჩვენი მკურნალობის მეთოდებთან და ჩართული ხომ არ ხართ საარჩევნო ციებ-ცხელებაში?

 

 

– მთელი ეს პერიოდი სოფელში ვიყავი, სოფლის საქმეებით დაკავებული და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იოლად გადავიტანე.

 

 ჩვენს ექიმებზე, კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი, აი, ხალხზე კი შემიძლია ვთქვა, რომ მთლად სწორად არ იქცევა: შე დალოცვილო, რას გთხოვენ შეუძლებელს, ატარე პირბადე და დაიცავი ჰიგიენა! პირბადე ხომ 24 საათი არ უნდა ატარო?

 

რამდენი დრო ხარ მაღაზიაში, ტრანსპორტში, შეეგუე, ნუ მოიცილებ, ეს ხომ შენი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.

 

 

ძნელია ეკონომიკის ასეთი რყევა, ყველას შეგვეხო, ყველას ოჯახი ჰყავს გამოსაკვები, მაგრამ ჩვენ ხომ 90-იანი წლები გადავიტანეთ – პურის უსასრულო რიგები, ავტომატების კაკანი, კიბის უჯრედზე დანთებული ცეცხლი და საერთო ქვაბში მომზადებული მცირეოდენი კერძი, ვინც რას ვიშოვიდით, ერთმანეთს ვუნაწილებდით, ამასაც გავუძლოთ.

 

 

რაც შეეხება პოლიტიკურ ციებ-ცხელებას, ვთვლი, რომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის, რა უნდა ხელოვან კაცს, სპორტსმენს პარლამენტში?!

 

ვერც კანონშემოქმედებით საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და თავისი სფეროსთვისაც დაკარგულია.

 

არადა, შეიძლებოდა ერთი კარგი როლი შეესრულებინა, ერთი კარგი სპექტაკლი დაედგა, ერთი კარგი სპორტსმენი გაეზარდა. პარლამენტში იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები უნდა ისხდნენ.

 

 

– რატომ არის რამაზ იოსელიანის პირადი ცხოვრება დახურული, რატომ არ შექმენით ოჯახი, თქვენ იწუნებდით თუ უიღბლო სიყვარული გახდა თქვენი მარტოხელობის მიზეზი?

 

 

– პირადი ცხოვრება მხოლოდ პირადია და არავის განსჯის თემა არ არის.

 

ერთს ვიტყვი, იყო ჩემს ცხოვრებაში რომანები, ძალიან ძლიერი უიღბლო სიყვარულიც იყო, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა.

 

ფაქტია, რომ ოჯახი არ შევქმენი, დანარჩენი დავტოვოთ ბურუსში.

 

 რაც უფრო მიუწვდომელია შენი პირადი, მით უფრო საინტერესო ხარ.

 

 

თქვენი აზრით, ვინ არის რამაზ იოსელიანი?

– კაცი, რომელსაც შეიძლება ენდო.

 

ია ქუთათელაძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი