logo_geo
ირმა ზავრადაშვილი - თბილისის პირველი ქალი გამგებელი
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:25

 

 

 

ირმა ზავრადაშვილი  ექვსი წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგებელი იყო. პროფესიით  ექიმმა, საყვარელ საქმეში ბევრი წელი გაატარა,  წარმატებული პროფესიული კარიერის პარალელურად, ის საარჩევნო ტექნოლოგიების  ტრენერიც გახდა, რასაც  2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა მოჰყვა. დღეს უკვე სახელისუფლებო გუნდის საპარლამენტო სიის წევრია.

 

 

„თბილისი პოსტთან“ საუბრისას ქ-ნმა ირმა აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონთან შელევა უჭირს და პარლამენტარის მანდატს დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ „ცვლის“, რომ აქტიური მონაწილე გახდეს იმ პროცესების,  რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი ორი სფეროს - ჯანდაცვის და თვითმმართველობის განვითარებას წაადგება. 

 

 

ირმა ზავრადაშვილი:

 

-თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არც ერთ ეპიზოდს არ გამოვტოვებდი. იგივე გზას გავივლიდი.  გამგებლად დანიშვნის პირველ პერიოდში მქონდა განცდა, დამემტკიცებინა, რომ მამაკაცებზე ნაკლებად არ შემეძლო  საქმის გაძღოლა და  უფრო  მეტიც, შემეძლო   „გამესწრო“  კიდეც  მამაკაცებისთვის. დიდუბის რაიონის მართვა არ იყო იოლი,  სირთულეები თითქოს თავიდანვე დამებედა.

 

 

ბოლო  რამდენიმე ათეული წელია, თბილისს არ ჰყოლია ქალი გამგებელი, არა მარტო თბილისში, ერთადერთი ქალი  ვარ  დამოუკიდებელ საქართველოში,  ვინც გამგებლის პოზიციაზე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში. ეს  იყო  დიდი უპირატესობაც  და პასუხისმგებლობაც. თანამდებობაზე დანიშვნის პირველ პერიოდში მქონდა განცდა, დამემტკიცებინა, რომ მამაკაცებზე ნაკლებად არ შემეძლო საქმის გაძღოლა და  უფრო  მეტიც, შემეძლო „გამესწრო“  ამ მამაკაცებისთვის. ორივე გამოწვევას მალე  გავართვი თავი.  თავიდან ქალაქის მმართვეობაში მაღალ პოზიციაზე ქალი მარტო მე ვიყავი, შემდეგ მერის მოადგილეები „შემომეშველნენ“ სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ გამჭირვებია სამეურნეო საქმეების  გაძღოლა, ტერმინოლოგიაშიც იოლად გავიწაფე. ასფალტის დასხმის პროცესში მამაკაცებზე ნაკლებად არ ვერკვეოდი, ზედმიწევნით ვიცოდი, ასფალტის ფენების სისქე,  რამდენ სანტიმეტრზე უნდა ჩაიდოს კანალიზაციის  თუ წყლის მილი, რომ მოვინდომო მუშადაც გამოვდგები. როცა საქმეს გულით  აკეთებ,  ადამიანს  ყველაფერი გამოგივა.  

 

 

დიდუბის რაიონის მართვა არ იყო იოლი, სირთულეები თითქოს თავიდანვე დამებედა. ძალიან უცნაურად დაემთხვა, ჩემი ამ პოზიციაზე დანიშვნიდან ერთ თვეში მოხდა დიდი  ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე,  29 ოჯახი ღამის  ათ საათზე თითქმის ფეხშიშველი დამრჩა ქუჩაში. ეს იყო პირველი შეჯახება პრობლემებთან, რომელიც მოითხოვდა  აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას.  ამ ადამიანებს უნდა ეგრძნოთ, რომ მათ რაიონს ჰყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც დაეყრდნობოდნენ და ენდობოდნენ. უფლის წყალობით და ჩემი გუნდის  დიდი შრომით შევძელით ამ პრობლემის ძალიან სწრაფად  მოგვარება.  ეს იყო პირველი გამოწვევა. ექვსი წლის განმავლობაში დიდუბის რაიონში მოხდა  124  ხანძარი და 2 აფეთქება,  რაც ერთი რაიონისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო.

 

 

-როგორ მოხვდით  დიდუბის გამგებლის პოზიციაზე?

 

 

-მე გამგეობაში მოვედი სამედიცინო სფეროდან.  პროფესიით და  მოწოდებით ვარ ექიმი, სულ ვთვლი, რომ ექიმობა არის ყველაზე მაგარი პროფესია დედამიწაზე, კაცობრიობა იყოფა ორ  ნაწილად -  ექიმები და დანარჩენი პროფესიები.  პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი, მე დავარღვიე ტრადიცია და ექიმი  გავხდი.  ამისთვის ბევრი ვიშრომე,  იმ პერიოდში  სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან რთული იყო. 16 წლიდან ვმუშაობდი, სტუდენტობის პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ვიყავი  სანიტარი, სანამ ექთნად მუშაობის უფლება მომცეს. ყოველ მეოთხე მორიგეობაზე ღამის გათენება მიწევდა.

 

 

ამ  წლებში პროფესიული  თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე,  მე მუშაობა მომიწია ისეთ ცნობილ ექიმებთან როგორებიც იყვნენ ოთარ დუგლაძე, ნონა კაჭარავა, ეთერ ცხაკაია, სოსო დანიელაშვლი, რომელიც დღეს ისრაელში ძალიან ცნობილი პედიატრია. ასე დაიწყო ჩემი სამედიცინო პრატიკა, შემდეგ  რამდენიმე წელი ვიმუშავე გინეკოლოგიაში, მაგრამ როგორც  კი მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო,   გავაკეთე კვალიფიკაცია და გადავედი პალიატიურ მედიცინაში. წლები ვიმუშავე პალიატიურ მედიცინაში, რომელიც  მაშინ   იდგამდა ფეხს და ვითარდებოდა. ეს ძალიან  რთული  სპეციალობაა, მე მიწევდა  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გვერდით დგომა და დახმარება,  ეს ბევრ უნარ-ჩვევას, თვისებას მოითხოვს ექიმისგან.

 

 

პალიატიურმა მედიცინამ მთელი ჩემი ცხოვრება, შინაგანი სამყარო თავდაყირა დააყენა. ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. იყო პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი ფერისცვალების მონასტრის ჰოსპისში. უმძიმესი  იყო იმ ადამიანების ხვედრი, ვისაც ხშირად ჩემს ექიმობაზე მეტად ჩემი ადამიანური თანადგომა სჭირდებოდათ.  ისინი საათობით მიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე, დაშვებულ შეცდომებზე, მიზნებზე.  წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ პერიოდმა, რომელიც გავატარე ფსიქიატრიულ კლინიკაში და ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში.  თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არც ერთ ეპიზოდს არ გამოვტოვებდი. იგივე გზას გავივლიდი.  იმ წლებმა მოახდინა ჩემი ფორმირება, საქმისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. როდესაც გამგებლობა შემომთავაზეს, პირველი რაც ჩემს თავს ვუთხარი,  იმაზე უარესი რა უნდა  შემხვედროდა,  რაც მე მქონდა გავლილი. სამწუხაროდ, მართლაც უფრო რთულ  პრობლემებს შევეჯახე.

 

 

გამგებლობა  არის ხელისუფლებაში ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან გამგებელს პირველს უწევს შეხება მოსახლეობის პრობლემებთან, გამგეობა არის  მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის  პირდაპირი კავშირი.  ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ყველა ადამიანს,  რომელიც ხელისუფლებაში  მოდის,  ასეთ  გზას რომ ჰქონდეს გავლილი,  მისი საქმიანობა შემდეგ ეტაპებზე უფრო ეფექტური იქნებოდა. გამგებელს პულსზე უდევს ხელი, მან  ყველაზე კარგად იცის, რა  მოწონს და რა არ მოწონს  მოსახლეობას, როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მაგრამ ჩემი ამ პოზიციაზე დანიშვნა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობისთვის  უნდა დაგვეღწია თავი - გამგეობას და მოსახლეობას შორის ყველა  ხიდი ჩატეხილი იყო,  მათი აღდგენა არ იყო იოლი საქმე.  მოსახლეობა კი არა, თანამშრომლები არ იცნობდნენ გამგებელს, არ იცოდნენ  როგორ გამოიყურებოდა.  ეს იყო მიღებული ნორმა. 

 

- როგორ დაარღვიეთ ეს სტერეოტიპი?

 

 

-დღე და ღამე გარეთ ვიყავი, სამუშაო კაბინეტი მესაჭიროებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური  საკითხებისთვის კომპიუტერთან ყოფნა მჭირდებოდა. მიმეღო.  ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის ექვსი  წლის განმავლობაში, არ ყოფილა არც ერთი დღე, მე და ჩემს თანამშრომლებს მხოლოდ ის ფუნქციები შეგვესრულებინა, რაც ჩვენი უფლება-მოვალეობებით იყო  განსაზღვრული. ჩვენთვის არ არსებობდა დღე, ღამე,  ჩემი სამუშაო დღე  არასდროს არ დამთავრებულა ექვს საათზე. ასე გრძელდებოდა ექვსი წელი.  ის, რომ  ქალი ვარ,  იყო ჩემი  ერთგვარი უპირატესობა. ტრადიციულად ასეა და ვერავინ  უარყოფს, რომ  სახლში  წამყვანი ფიგურა არის ქალი, რომელიც ერთდროულად ფიქრობს და ზრუნავს  ოჯახის ყველა წევრზე, ბიუჯეტზე, სამეურნეო ნაწილზეც კი, ეს უპირატესობა ამ თანამდებობაზე ძალიან გამომადგა.  ჩემი აზრით,  პრიორიტეტების  სწორად დაგეგმვა,  რომელი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ქალს უფრო  კარგად გამოსდის, და  რაც ყველაზე მთავარია, შემეძლო  სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, რაშიც  ჩემი, როგორც ქალის ხასიათი და ბუნება ძალიან მეხმარებოდა. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, თვითმმართველობის პირევლი პირების, მერის, მისი მოადგილეების, რომელთაგან დიდი მხარდაჭერა მქონდა და ასევე თანხმობა,  ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილება მიმეღო  ადგილზევე, სწრაფად  და დამოუკიდებლად.

 

 

-რატომ არ იყარეთ კენჭი  დიდუბის რაიონში, როგორც მაჟორიტარი   დეპუტატატობის კანდიდადტმა?

 

 

-ჩემი წასვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაპირობა  ჩემმა განვლილმა  საქმიანობამ.  რა ფორმით მოვხვდებოდი  აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არ ჰქონდა მნიშვნელობა.  ჩემი მიზანია მივიღო  აქტიური მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რომ  თვითმმართელობაში გაუადვილდეს მუშაობა იმ ადამიანებს,  ვინც ჩემ შემდეგ იმუშავებს, და იზრუნებს  მოსახლეობის კეთილდღეობაზე . ჩემნაირი ადამიანისთვის, პარლამენტში მოხვედრა იმის გამო რომ მანდატი ჰქონდეს მიუღებელია.  ჩემთვის მთავარია ვიყო ქმედითი და დავდო  შედეგი, მე თუ საქმეში  თუ ვერ ვხედავ შედეგს,  ვთვლი, რომ დროს ტყუილად ვკარგავ.

 

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი  პრაქტიკის კანონმდებლობაში გატარება, რაც მე მაქვს. ეს ეხება ორ მიმართულებას - თვითმმართველობას და ჯანდაცვის სფეროს.  მინდა ვიმუშავო იმ სფეროებში,  რაც კარგად ვიცი და რაც დაეხმარება ადამიანებს,  უკეთესად იცხოვრონ.  

 

საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს თვითმმართველობის მიმართულებით. 2011 წლიდან, როდესაც ქვეყნაში  დაიწყო ძირეული ცვლილებები,  რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, ჩავთვალე, რომ მქონდა რესურსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა ქვეყნის მომავლისთვის.  მე არ მიმიტოვებია ჩემი პროფესია,  მაგრამ ვინაიდან ვიყავი  რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტირებული ტრენერი, დავიწყე საარჩევნო ტრენინგების ჩატარება და იმ პერიოდში აქტიურად ჩავერთე  პოლიტიკურ პროცესებში. 2012 წლის გაზაფხულზე შემომთვაზეს დიდუბის რაიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. მე ჩამაბარეს რთული და ძნელად ასაწყობი საქმე, იმ დროს ამ საქმის გაძღოლა საშიში იყო. შემდეგ დავინიშნე  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად და ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა.

 

 

-როგორ  შეელიეთ რაიონს, სადაც  ყველაზე დიდხანს მოგწიათ მუშაობა?

 

 

- მაქვს განცდა, რომ  არსად არ მივდივარ და ეს რაიონი არის ჩემი მშობლიური რაიონი.  ყველა პრობლემა, რაც ეხება დიდუბეს არის ჩემი პირადი პრობლემა, ვერც კი წარმომიდგენია, სად უნდა ვიყო, რომ ამ რაიონს ჩემი დახმარება სჭირდებოდეს და მე არ ჩავერთო.  მე რომ საჯარო სამსახურში აღარ ვიყო და დადგეს მომენტი, კერძო სექტორში მომიწიოს საქმიანობა,  მაინც ვიქნები დიდუბის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ამ რაიონში  ყველას ვიცნობ, დიდუბეში 24 ათასამდე ოჯახია და არ არსებობს ოჯახი, რაიმე  ფაქტორით არ ვიყო დაკავშირებული. ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი  ბათუმის ქუჩაზე, შემდეგ, როდესაც გავთხოვდი, ვაკეში მომიწია გადასვლა, 17 წელი გავიდა, მაგრამ ვაკელი ვერაფრით  გავხდი.  ჩემი მენტალობა მთლიანად დიდუბესთან არის დაკავშირებული.

 

 

-ეს წლები  ოჯახშიც „გამგებელი“ იყავით?

 

 

-სახლში რომ შევდივარ, მაშინვე მაფრთხილებენ, ახლა დაამთავრე სამსახურიო, ან შენ სამსახურში ხომ არ გგონია თავიო, სახლში გამგებლობა არ გამომივიდა (იცინის)  ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, სახლშიც ყველაფერს ვუძღვებოდე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.  მე მყავს 11 წლის ქალიშვილი, რომლის დაბადებასაც რამდენიმე წელი ველოდით, ის ჩვენთვის ჩემთვის უფლის  საჩუქარია. ჩემი შვილი  დღემდე მხოლოდ დედის  გაკეთებულ სადილს  ჭამს, შესაბამისად, სახლში რა დაღლილიც  არ უნდა ვბრუნდებოდე, სადილის გაკეთება მაინც მე მიწევს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეხმარებიან დედა და დედამთილი, ჩემს შვილთან  დაკავშირებული საკითხები  მაინც ჩემი მოსაგვარებელია, მაგალითად, ისეთ  დროს დამირეკავს და მთხოვს განტოლების ამოხსნას, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. ჩასაფრებულივით ამომირჩევს ხოლმე დროს, რომ ახალი მათემატიკური თავსატეხი გამიჩინოს.

 

 

ძალიან მიწყობს ხელს საქმეში ჩემი მეუღლე, ის პროფესიით ჟურნალისტია, აჩიკო პირველი ჟურნალისტია, რომელმაც პირველი პირდაპირი ეთერი წაიყვანა პირველ არხზე. მას კარგად  ესმის ჩემი სამსახურის სპეციფიკა.  მთელი ოჯახი შეგუებულია, რომ ყოველ არჩევნებზე ერთი თვე მე მათთვის დაკარგული ვარ (იცინის) მე დიდი რეჟისორის არჩილ ჩხარტიშვილის რძალი ვარ, ჩემს ოჯახში  ხელოვნების კულტია, ჩვენს სახლში  დიდი წინაპრების აურაც კი შენარჩუნებულია. მე პატივს ვცემ  ამ  ოჯახის დიდ  ტრადიციებს,  სამწუხაროდ, ხელოვნება არ არის ჩემი მაინცდამაინც ძლიერი მხარე, თუმცა  მე კარგად ვხატავ,  მიყვარს ხატვა,  ბუნება.

 

 

ყველას ხომ აქვს თავისი ოცნება, ჩემი ოცნებაა  მქონდეს პატარა კერძო სახლი, კარგი ეზო, სადაც დავრგავ ყვავილებს, გავაკეთებ  ბოსტანს, როცა მინდა დავხატავ. ბავშვობის ბევრი წლები მაქვს გატარებული  სოფელში ბებიასთან. ის დუშეთის რაიონში ცხოვრობდა. სოფელი, სადაც ბებია ცხოვრობდა, მთლიანად დაიცალა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ბებიას სოფელი არ მიუტოვებია. მე 9 წლის ვიყავი, როდესაც მამა დავკარგე. დედამ  ძალიან გმირულად აიღო თავის თავზე ჩემი და ჩემი დის აღზრდა, რომელიც ჩემზე პატარა იყო. დედა ჩემთვის ქალის იდეალია, ყველა ჩემი წარმატება მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა და მას ეძღვნება. დედა  მთელი ცხოვრება იყო  მაგალითი ჩემთვის და საკუთარი ცხოვრებით მასწავლა, თუ  რას ნიშნავს და როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ღირსებით, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი