logo_geo
ზალიკო სულაკაური: ჩემს ხელში გაიზარდა და ყველას გვახარებს თავისი წარმატებებით
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:21

 

 

ზალიკო სულაკაურის სახელი საქართველოში თითქმის ყველამ იცის, ხალხში ხუმრობენ, რომ ნახევარ საქართველოს ხატვა სწორედ მან ასწავლა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პატარებს უყვართ. ბოლო ხანებში მხატვარი პოპულარულ გადაცემა „მასტერშეფშიც“ გამოჩნდა, ოღონდ, როგორც გულშემატკივარი, გადაცემაში მისი ძმისშვილი – მირიან სულაკაური მონაწილეობს, ზალიკო მისთვის ჩვეული ხალისით გვესაუბრება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ტყუპისცალზე, რომელიც მას ძალიან ჰგავს და ძმისშვილზე, რომელიც მხატვარს „მეორე მამას“ ეძახის.

 

 

– დღევანდელი სიტუაცია და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები მეც მტკივნეულად შემეხო, მაგრამ საბედნიეროდ, დეპრესიაში არ ვვარდები. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მთელ მსოფლიოს გაუჭირდა და მე რით ვარ გამორჩეული? პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა უამრავი ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე. არაერთი ბიზნესი თუ სამსახური დაიკეტა, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მეც, კარგა ხანს ჩემი ცოლის კმაყოფაზე ვიყავი, ჩემი მეუღლე – ნინო განუგრავა ტელეჟურნალისტია და საბედნიეროდ, კარანტინის დროსაც მუშაობდა.

 

– რაღაც კარგი და დადებითი თუ მოგვიტანა ამ ვირუსმა?

 

– შეიძლება ის, რომ ონლაინურთიერთობა გვასწავლა – ჩემთვის სხვა კარგი არაფერი მოუტანია. რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა, მწერენ, შორიდან მეფერებიან და ჩემი საქმის სიყვარულს კიდევ უფრო მიმძაფრებენ. ზოგჯერ, სულ უცხო ბავშვები, რომლებმაც ინტერნეტით გამიცნეს, ისეთ თბილ სიტყვებს მწერენ, ძალიან მახარებენ. იცით, კიდევ კარგი რა მომიტანა? – კარანტინის დროს, იძულებით სახლში დავრჩი და ოჯახის წევრები უფრო ახლოს გავიცანი, როგორც ერთ ანეკდოტშია – არ ყოფილან ცუდი ხალხი.

 

– თქვენს შვილებზე რას გვეტყვით?

 

– 4 შვილი მყავს: უფროსი ვაჟია – 24 წლის, მიხეილი, გოგონა – 16 წლისაა და სალომე ჰქვია. მეხუმრებიან, პრეზიდენტების სახელები დაგირქმევიაო, მაგრამ ეს არაფერ შუაშია – უბრალოდ, მომწონდა ეს სახელები და ამიტომ დავარქვი. სულ პატარები გოგონები არიან: 2 და 3 წლის. მოკლედ, ერთი ვაჟის და სამი არაჩვეულებრივი გოგონას მამა ვარ... როგორც ყველას, მეც მიხარია, რომ პირველი ოქტომბრიდან სწავლა დავიწყეთ, მაგრამ ძალიან მეშინია, ისევ არ ჩაგვკეტონ – ამას ვერც ჩვენი მოსახლეობა გადაიტანს და ვერც – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ, როგორც გვირჩევენ, ისე უნდა მოვიქცეთ და ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მართალია, ძნელია ძველ ჩვევებზე უარის თქმა, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვიმეორებ – ყველაფრის ჩაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს.

 

– როდის გაიხსნება თქვენი საბავშვო-გასართობი ცენტრი, რომელიც არაერთი პატარის საყვარელი ადგილი იყო?

 

– საბავშვო ცენტრი რომ გავხსნა, 15 ათასლარიან ჯარიმას გამომიწერენ, თანაც, ძალიან კანონმორჩილი ვარ და სახელმწიფო რასაც მეუბნება. უკლებლივ ყველაფერს ვასრულებ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაივლის, მსოფლიო დაწყნარდება და ჩემი ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

 

– დიდი ხანია ბავშვებთან მუშაობთ და როგორც მასწავლებელი, რით ახსნიდით, რომ ასე მოიმატა მკვლელობებმა, აგრესიამ და სისასტიკემ ახალგაზრდებს შორის?

 

– დავიწყებ იმით, რომ ჩვენი თაობა სრულიად განსხვავებული იყო, ჩვენი შვილები კი, სულ სხვა წესით ცხოვრობენ, მათ ფსიქიკაზე ბევრი რამ მოქმედებს – პირველ რიგში, არასწორი აღზრდა, ინტერნეტით მიწოდებული მავნე ინფორმაცია, სტრესული გარშემო, სოციალური პრობლემები, პანდემია – მოკლედ, ბევრი რამ, და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მოზარდს ძალადობისა და აგრესიისკენ უბიძგებს. თანამდეროვე ეპოქამ ძირეულად შეცვალა ბავშვის ფსიქოლოგია, დღევანდელ პატარებს გაცილებით მეტი სიყვარული და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, რასაც ყველა მშობელი ვერ ახერხებს. სხვა გზა არა გვაქვს: ამ ეპოქას ფეხი უნდა ავუწყოთ, ცუდი თუ კარგი, რაც თანამდეროვე ცხოვრებას მოაქვს, უნდა მივიღოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ მხოლოდ კეთილი საქმე გვაკეთოთ, დანარჩენი კი – ცხოვრებას მივანდოთ, ყველა ჩემს მოსწავლეს ვეუბნები: არ უნდა გაბოროტდეთ ცხოვრებისგან, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ და წარმატებას მხოლოდ ასე მიაღწევთ-მეთქი. იმის გამო, რაც ცუდი ხდება, გული რომ დაიმძიმო, არაფერი გამოვა, პირიქით, უნდა გამონახო ის წერტილი, რომელიც ყველაფერს გაგილამაზებს და შენს სამყაროს, შენ ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ბედნიერად აქცევს. კარანტინის დროს მეც ზუსტად ასე მოვიქეცი: ონლაინგაკვეთილები დავიწყე და ხალხთან ურთიეთრობა არ გავწყვიტე. სახლში უსაქმოდ არ ჩავჯექი და არც დეპრესიაში გადავვარდნილვარ, ყველაზე მეტ სიხარულს ის მანიჭებდა, რომ სულ უცხო ბავშვები მწერდნენ, მადლობას მიხდიდნენ და რჩევას მეკითხებოდნენ, ახლაც, ბევრი ისეთი მსმენელი მყავს, რომელსაც ხელში ფანქარი პირველად ავაღებინე და ხელოვნება შევაყვარე. როცა მოზარდი ხატვას იწყებს, როცა შემოქმედებით წვაშია, ის ცუდს არ ჩაიდენს, მისგან თანდათან კარგი ადამიანი ყალიბდება, მე მგონი, ადამიანებმა მხოლოდ სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი, უხილავი ძაფები გვაკავშირებს და თუ ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით და მოვეფერებით, ცხოვრება აზრს დაკარგავს.

 

– ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა მიდრეკილება დეპრესიისკენ, რატომ?

 

– მე ამას უსიყვარულობას და უიმედობას ვაბრალებ, ძალიან ბევრ ადამიანს დეპრესია უცბად ერევა, ადამიანებს სიხარული და დადებითი ემოციები სჭირდება, ამიტომ, ახლაც კი ამ ინტერვიუს რომ ვიწერთ, ვცდილობ სიტუაცია არ დავამძიმო და მხოლოდ დადებითზე ვილაპარაკო, ეს თვისება ბავშვებთან ურთიერთობის წყალობით ჩამომიყალიბდა, სადაც მივდივარ, ყველგან პატარების გარემოცვაში ვარ, სულ მათ საზოგადოებაში ვტრიალებ და ეს მოდუნების სურვილს მიკლავს, მომავლის იმედს მიმძაფრებს... სტუდიაში ჩემი აღსაზრდელები მახალისებენ, ოჯახში მივდივარ და ჩემი პატარა თანანო და თებროლე მხვდებიან, მოკლედ, პატარების გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმომიდგენია.

 

– რას გვეტყოდით თქვენს ძმისშვილზე – მირიან სულაკაურზე, რომელიც „მასტერშეფის“ წარმატებული მონაწილეა?

 

– მირიანი ჩემი ტყუპისცალის ვაჟია და ამბობს, რომ ორი მამა ჰყავს, ჩემს ხელში გაიზარდა და ყველას გვახარებს თავისი წარმატებებით, ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ხშირად გვიკვირს – საიდან კულინარიის ნიჭი? მეც და ჩემი ძმაც მხატვრები ვართ, მე სადილების გაკეთება საერთოდ არ მეხერხება, უფრო მეტიც, აზრზე არა ვარ, მე მგონი, მირიანი ერთადერთი სულაკაურია, რომელიც კულინარიით არის გატაცებული. ისე, ჩვენს გვარში თითქმის ყველა მხატვარია – ალბათ, ეს ჩვენი საგვარეულო ნიჭია. მირიანს კი პატარაობიდან ჭკუა ჭკუა ეკეტებოდა კულინარიაზე. ადრე მოყვარული მზარეული იყო, მაგრამ თანდათან პროფესიონალად იქცა დღესაც, ათასგვარ ექსპერიმენტს ატარებს და მთელი გულით ამ საქმეშია ჩართული. ძალიან ნიჭიერი შეფ-მზარეულია და თბილისის ერთ–ერთ პოპულარულ ბარში მუშაობს, ასე რომ, ეს მისთვის რჩეული გარემოა.

 

– ამბობთ, რომ სულაკაურებს მხატვრობის ნიჭი გაქვთ, თქვენი შვილები თუ ხატავენ?

 

– ყოველთვის ვაღიარებ, რომ უფროსი ბიჭი მხატვრობაში ჩემზე მაგარია. გოგონა უცხო ენებისკენ გადაიხარა, უმცროსები ჯერ პატარები არიან და სულ ხატავენ – მთელი სახლი მათი ხელით არის გაჯღაბნილი. რომ ხედავენ მამა ხატავს, მათაც სურვილი აქვთ ხატონ და ხატონ. სხვათაშორის, მე და ჩემმა ტყუპისცალმაც ასე დავიწყეთ: თავდაპირველად კედლებზე ვხატავდით, თანდათან ჩავერთეთ ამ ჯადოსნურ სამყაროში და ახლა ორივე მხატვრები ვართ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი