logo_geo
„მეტი პოზიტივი ერო“ - ქველმოქმედების მიზნით შექმნილი გვერდი სოციალურ ქსელში
- +

30 მარტი. 2017. 02:29


 

„მეტი პოზიტივი, ეროს"  შექმნის მიზანი პირველ რიგში იმ ადამიანების დახმარება იყო, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. იუმორისტული ვიდეოებით შევძელით, შემოგვეკრიბა ასიათასობით ადამიანი და ამის შემდეგ მაყურებლისთვის შეგვეთავაზებინა ქველმოქმედება და გაგვეხარებინა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მიზანს მივაღწიეთ და ყოველ შაბათს უამრავ ბედნიერ თვალს ვხედავთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებით (მიზეზს ვერ ვხვდებით), სამაგიეროდ თქვენს სიყვარულს პირადად მე ყოველდღიურად ვგრძნობ და უდიდეს სტიმულს მაძლევთ'', - Facebook-ზე არსებობს გვერდი სახელად „მეტი პოზიტივი ერო!" და ეს სიტყვები სწორედ ამ გვერდის შემქმნელს, გუჯა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. გვერდს ასსამოცი ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს, გუჯა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებულ იუმორისტულ ვიდეოებს კი - ათასობით მოწონება, კომენტარები, გაზიარება და ასიათასობით მაყურებელი. იუმორისტული სკეტჩების გარდა, გვერდზე ხშირად იდება საქველმოქმედო შინაარსის ვიდეოებიც, რომლებშიც გუჯა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სხვადასხვა კომპანია გაჭირვებულ ადამიანებს პროდუქციით ეხმარება. გთავაზობთ ინტერვიუს გვერდის შემქმნელსა და ახალგაზრდა მსახიობთან, რომელიც საკუთარი საქმიანობით გამუდმებით მოუწოდებს ერს მეტი პოზიტივისკენ.


- რატომ გადაწყვიტე, რომ ამ შინაარსის გვერდის შექმნა იყო საჭირო?


- გვერდის შექმნა დაახლოებით 1 წლის წინ გადავწყვიტე და შეიძლება ითქვას, მიზანი გავამართლე: გვერდი შევქმენი იმისთვის, მომეზიდა აუდიტორია, რომლის ხელშეწყობითაც შემდეგ დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. ამ მიზნის მიღწევა იუმორისტული ვიდეოების გადაღებით ვცადე, რამაც გაამართლა.


- როგორ გამოიხატება პოზიტივის დეფიციტი ერში და რა არის ამის მიზეზი?

- პოზიტივის დეფიციტი ნამდვილად გვაქვს და ამის დანახვა მარტივად შეიძლება, თუნდაც ქუჩაში ადამიანის სახეებზე. რა თქმა უნდა, ვხვდები, რაც იწვევს ამას და ვიცი, რომ ბევრი ადამიანია გაჭირვებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, აუცილებელია პოზიტივის პოვნა, ნათელი მხარის დანახვა, რაც ისევ ჩვენ დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის რაღაც ისეთი შევქმნა, მნახველს გაეღიმოს, პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოს, მოტივაცია მიეცეს. გუშინ შემხვდა ადამიანი, რომელსაც მაისური ეცვა წარწერით: „მეტი პოზიტივი ერო!" ამაზე კარგი შეგრძნება არაფერია, როცა იცი, რომ შენი შექმნილით სხვაც სარგებლობს და სიამოვნებას იღებს.


- შენი გვერდი სოციალურ ქსელში ერთგვარი პოზიტიური სივრცეა, თუმცა შიგადაშიგ ნეგატიური კომენტარების პოვნაცაა შესაძლებელი. შეგიძლია გაიხსენო ყველაზე დაუსაბუთებელი ან დასაბუთებული კრიტიკა?


- ნეგატიურ კომენტარებს ადრე უფრო განვიცდიდი, შემდეგ ფართო აუდიტორიაზე გავედი და... მაგალითისთვის, ადრე თუ 20 ათასი ნახვა ჰქონდა ვიდეოს, ახლა მილიონ ხუთასი ათასი ნახვა აქვს. შესაბამისად, ვხვდები, ამდენ ადამიანში ყოველთვის იარსებებს ის კატეგორია, რომელსაც რაღაც არ მოეწონება. ქველმოქმედებასაც კი ვერ გააკეთებ ისე, ყველა კმაყოფილი დარჩეს. ზოგს პრობლემა აქვს, რომ ვარეკლამებთ კომპანიებს, რომლებიც ქველმოქმედებაში მონაწილეობენ. ვერ ხვდებიან, რომ საკვებისა თუ სხვა ნივთებისათვის აუცილებელ თანხას ჩვენით ვერ ვიშოვით. ეს აუდიტორია სწორედ იმისთვის შემოვიკრიბე, დამეინტერესებინა სპონსორები, ცალკეული კომპანიები, რომლებიც პიარის სანაცვლოდ დაეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველ ვიდეოს არც ისე ხშირად ვდებ. ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა მიმაჩნია, რომ ის შეიძლება იქცეს უამრავი ადამიანის მოტივატორად. გაჭირვებულებს კი ყოველ შაბათს ვეხმარებით.


- ერთი პერიოდი გქონდათ ანგარიშის ნომერი, რომელზეც ხალხს შეეძლო თანხის გადმორიცხვა, თუმცა შემდეგ გააუქმე და განმარტე, იმდენად მიჩვეულნი ვართ ტყუილებს, ვერ წარმოვიდგენთ სხვების სანდოობასო. ახლა რა გზებითა და რესურსებით ეხმარები გაჭირვებულებს?


- როცა ანგარიშის ნომერი გვქონდა, მახსოვს, კომენტარებში ვიღაცამ იკითხა, სად მიდის ეს ფულიო. დავუკავშირდი, შევხვდი და პირადად ვაჩვენე, როგორ ხდებოდა ფულის ტრანზაქცია და რაშიც იხარჯებოდა. როცა კრიტიკა 12 წლის ბავშვიდან მოდის, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როცა ის ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, თავს მოვალედ მივიჩნევ, საქმის კურსში ჩავაყენო.


თავიდან ჩვენი გეგმა იყო ის, რომ ვიდეოების გადაღებით მოზიდული აუდიტორია გაიღებდა თანხას გაჭირვებულებისთვის. მალე მივხვდით, რომ მათი თანხა არ გვჭირდება, რადგან იმდენი ნახვა გვაქვს ვიდეოებზე, ნებისმიერ სპონსორს დავაინტერესებთ. კომპანიები ეხმარებიან გაჭირვებულებს იმ პიარის სანაცვლოდ, რომელსაც ვუკეთებთ. თანხასთან შეხება არ გვაქვს და ანგარიშის ნომერიც ამიტომ გავაუქმეთ - დამატებითი თავის ტკივილი არ გვინდა.


- ხშირად მოუწოდებ ხალხს, უშუალოდ ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში და წამოგყვნენ საჩუქრების დასარიგებლად. ითვალისწინებენ ამ მოწოდებას?


- ხშირად, გვპირდებიან, წამოვალ, დაგეხმარებითო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იშვიათად მოდიან. არ მინდა, ამ საქმეში მარტო მე და ჩემი მეგობრები ვიყოთ ჩართულები. არიან ისეთებიც, ვინც ფულად დახმარებას გვთავაზობს. ყოველთვის ვეუბნები მათ, თუ დახმარება გსურთ, პირადად ჩაერთეთ პროცესში-თქო. გადავწყვიტეთ, ფულთან შეხება არ გვქონდეს, ამიტომ ასეთ შეთავაზებებზე ძირითადად უარს ვამბობთ.


- ცოტა ხნის წინ გვერდზე დაიდო პოსტი, რომელშიც გამოთქმული იყო დაბინძურებული ადგილების დასუფთავების ინიციატივა. „დასასუფთავებელ ადგილებს შევესევით ხოლმე ყოველ კვირა დღეს!" - როგორ ჩაიარა ამ წამოწყებამ?


- ამინდის გამოსვლასა და ინვენტარით მომარაგებას ველით. ამჟამად დასუფთავების სამსახურთან გვაქვს მოლაპარაკებები, მოგვამარაგონ უფასო ხელთათმანებით, მანქანებითა თუ ნიჩბებით. ამ მოლაპარაკებების გამო თარიღმა ცოტა გადაიწია, მაგრამ აპრილის შუა რიცხვებიდან აუცილებლად შესრულდება ეს გეგმა. ამ პროცესშიც რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება, მით უკეთესი და ძალიან გამიხარდა, როცა ვნახე, რამხელა გამოხმაურება გამოიწვია ინიციატივამ.


- რამდენიმე დღის წინ დააანონსე, რომ „მეტი პოზოტივი ერო!" გააქტიურდება Youtube-ზეც. რა სახის ახალი პროექტები გაქვს გეგმაში?

 

- ამის შესახებ ჯერ არსად არაფერი მითქვამს, ამიტომ ექსკლუზიურად გეტყვი, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან „მეტი პოზიტივი ეროს" ვიდეოები, იუმორისტული თუ საქველმოქმედო ხასიათის, გაერთიანდება ერთ ოცწუთიან გადაცემაში, რომელიც Youtube -ზე რეგულარულად დაიდება. გადაცემაში გამოყენებული მასალა მთლიანად ჩვენი ჯგუფის პროდუქტი იქნება. მასალების ასე თავმოყრა, ჩემი აზრით, უფრო პროდუქტიულია და იქიდან გამომდინარე, რომ ახლო მომავალში მაისურებისა და სხვა პროდუქციის ბრენდირებას ვაპირებთ, ეს ნამდვილად დაგვეხმარება. ამის პარალელურად გავაგრძელებთ Facebook-გვერდზე აქტიურ საქმიანობასაც.



ბექა ბერულავა


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი