logo_geo
გია გორგოძე: მენანება, რომ მსოფლიო დონის დიდი ქართველი ფეხბურთელი დათო ყიფიანი გულგახეთქილი წავიდა ამქვეყნიდან!
- +

2 ნოემბერი. 2020. 22:27

 

 

 

2001 წლის 17 სექტემბერი, 18 საათი და 45 წუთი. გორი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალი, სოფელ ჩარდახთან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი შავი „მერსედეს ML“ გადადის მოძრაობის საპირისპირო მხარეს და ხეს ეჯახება. თვითმხილველებმა ავტომანქანის საჭესთან ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი ამოიცნეს.

 

თბილისამდე 33 კილომეტრიღა იყო დარჩენილი, ავარიის შემსწრე სხვა მძღოლებმა დამტვრეული და დეფორმირებული მანქანიდან ძლივს ამოიყვანეს დაშავებული ფეხბურთელი და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული იუსტინ არველაძემ მიიღო ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით ყიფიანი, თეიმურაზ სტეფანიას (ავტოავარია გორში, გარდაიცვალა 1972 წლის 28 მარტს( და ვიტალი დარასელიას (ავტოავარია ზესტაფონთან, გარდაიცვალა 198 2წლის 13 დეკემბერს) მერე გასული საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისის „დინამოს“ მესამე ფეხბურთელი იყო, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

 

გვესაუბრება დავით ყიფიანის უახლოესი მეგობარი გია გორგოძე:

 

– ბატონო გია, ამბობენ, რომ დავით ყიფიანი სწრაფად მოძრაობდა, თან მობილურზე საუბრობდა – ჯერ შვილთან, შემდეგ ბათუმში მეგობართან. დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ავარიაც ამ მიზეზით მოხდა...

 

– დათო შესანიშნავი მძღოლი იყო, არ უყვარდა მანქანით მარტო მგზავრობა, მაგრამ ამ შემთხვეის დროს მარტო იყო. ტელეფონი სავარძლის ქვეშ ნახეს, შემოსული ზარები დაფიქსირებული იყო, თუმცა ამ დროს ამის გარჩევის თავი არავის ჰქონდა. ავარიის მიზეზად მობილურზე საუბარი კი არა, გულის შეტევა დასახელდა. ბათუმიდან ბრუნდებოდა, იქ საქმეები ჰქონდა და ხშირად ჩადიოდა ხოლმე. ავარია მოხდა არმისული წეროვანთან, სოფელ ჩარდახთან, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ მას გული ჯერ კიდევ ავარიამდე გაუსკდა. სწორედ ამის გამო გაუშვა ხელი საჭეს, ხოლო მანქანა ინერციით ირიბად გადავიდა გზის საწინააღმდეგო მხარეს, და ხეს დაეჯახა. კიევ კარგი, შემხვედრ მანქანას ან ქვეითს არ შეასკდა და ცოდვა არ დაიდო.

 

– დავით ყიფიანს გული აწუხებდა?

 

– გული სტკიოდა, რადგან ძალიან ატკინეს და ანერვიულეს. თბილისის „დინამოდან“ კარგა ხნის წასული იყო, მოსკოვში უნდა გაფრენილიყო, ორი გუნდიდან – მოსკოვის „დინამოდან“ და მოსკოვის „ტორპედოდან“ ჰქონდა მიწვევა, არჩევანი უნდა გაეკეთებინა. დათოს ბრადიკარდია ჰქონდა, ეს არის გულისცემის გაიშვიათება, რომლის რიტმის სიხშირეც წუთში 55-ზე ნაკლებია. ეს არის გულის არასწორი მუშაობის მაჩვენებელი.

 

– დავით ყიფიანის მანქანის ნომერი იყო 090 – სერია გახსოვთ? ავარიის შემდეგ ის ავტომანქანა სად წაიყვანეს?

 

– მანქანის ნომერი არ მახსოვს, არც სერია, ეს იყო „მერსედესის“ ფირმის შავი ჯიპი – ML. არ ვიცი, ავარიის მერე ის მანქანა სად დააყენეს, დავით ყიფიანი მისი მშობლიური სახლიდან გასვენებდა – ჯავახიშვილის ქუჩიდან, მიიყვანეს „დინამოს“ სტადიონზე, წრე დაარტყეს, ზღვა ხალხმა ტაშით გააცილა. დაიკრძალა საბურთალოს პანთეონში ნოდარ ახალკაცის, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სიახლოვეს. მომავალ წელს დავით ყიფიანის გარდაცვალებიდან 20 წელი სრულდება, დაბადებიდან – 70 წელი, ხოლო თბილისის „დინამოს“ დიუსელდორფში გამარჯვებიდან – 40 წელი. მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილს შექმნილი აქვს დავით ყიფიანის 3-მეტრიანი ქანდაკება, ალბათ, ან სტადიონის შესასვლელთან დავდგამთ, ან დავით ყიფიანის ქუჩაზე (მუშტაიდის ბაღთან). იცით თუ არა, რომ თბილისის „დინამოს“ სტადიონი დავით ყიფიანის ქუჩა №1-შია?

 

– გაიხსენეთ დავით ყიფიანთან ბოლო შეხვედრა.

 

– 6 სექტემბერს ვნახე, ჩემს დაბადების დღეზე, თამადა იყო. ეს გახლდათ მისი ბოლო შეხვედრა ახლო მეგობრებთან და იყო მისი ბოლო ქეიფი.

 

– დავით ყიფიანი იმედგაცრუებული წავიდა ფეხბურთიდან, მას არ მისცეს უფლება, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა...

 

– მანამდე, 1981 წლის აგვისტოში თბილისის „დინამო“ ესპანეთში მადრიდის „რეალსა“ და „ბავარიას“ ხვდებოდა. „რეალთან“ 2:1 ვიგებდით, მაგრამ იმათმა მცველმა მიგელ ანხელმა დათოს უკნიდან წიხლი ჩაარტყა და წვივის დიდი და პატარა ძვალი გადაუტეხა. საშინელი ტრავმა მიიღო. გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა, მახსოვს, მარტო ვარჯიშობდა, ფორმა აღიდგინა, მაგრამ სსრ კავშირის ნაკრებში აღარ წაიყვანეს. როცა 198 2წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს ზიკოს დათოზე უკითხავს – ის ულვაშიანი ფეხბურთელი სად არისო? – უთქვამთ ? გუნდში ვერ მოხვდაო... ზიკო გაოცებულა, ის თუ ვერ მოხვდა, მაშინ მაგარი გუნდი გყოლიათო... როდესაც დათომ გაიგო, რომ ნაკრებში არ შეიყვანეს, ფეხბურთს თავი დაანება. 1982 წლის 15 ნოემბერს დანიშნული იყო მისი გაცილება, მაგრამ 10 ნოემბერს ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა და სახელმწიფოში გლოვა გამოცხადდა, ამიტომ არც გაცილების თამაში შედგა, არც საზეიმო სუფრა გაშლილა. ამაშიც არ აღმოჩნდა ბედი.

 

– როგორც ამბობენ, დათო ყიფიანი აიძულეს თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობიდანაც წასულიყო...

 

– ბოლო თამაში რუმინეთთან წააგეს. ერთმანეთს დაემთხვა ფეხბურთელთა ტრავმები, გაშვებული გოლები. დათო თავმოყვარე კაცი იყო, გულთან მიჰქონდა ყველაფერი, თავისი ნებით წავიდა და აკი, ბოლოს, გულიც გაუსკდა. დათოსგან განსხვავებით, გინახავთ საქართველოში თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასული კაცი? ბევრი მოშურნე ჰყავდა. ის იყო ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი და სიკვდილის შემდეგ, 2002 წელს, „ფიფამ“ ფეხბურთის ღირსების ორდენით დააჯილდოვა (ჯილდო მერაბ ჟორდანიას გადაეცა ჩამოსატანად). 27-ე ფეხბურთელი იყო მსოფლიოში, ვინც ეს ჯილდო მიიღო. იყო ღირსეული და თან თავმდაბალი კაცი, 1977 წელს ბრიტანეთში ერთ-ერთი თამაშის მერე გულშემატკივარმა მსხვილი კუპიურა გადასცა, კარგად თამაშობთ, მაგრამ, ალბათ, ძალიან მცირე ანაზღაურება გაქვთო. დათომ უპასუხა – ჩვენთან ფულს ქორწილებსა და დაბადების დღეებზე ჩუქნიან, ამიტომ ავტოგრაფისთვის სხვა ქაღალდი თუ ვერ იპოვეთ, ხელს ამაზე მოგიწერთო. ხელი მოუწერა და ის კუპიურა უკან დაუბრუნა. ესპანეთის კლუბი იწვევდა, საბუთიც გადასცეს, რა თანხაც გინდათ, ჩაწერეთ და გადაგიხდითო. დათო არ წავიდა, აქ კი გული გაუხეთქეს!

 

– დავით ყიფიანი სსრ კავშირის ჩემპიონატიდან თბილისის „დინამოს“ გამოსვლის წინააღმდეგი იყო...

 

– იმ პერიოდში საფეხბურთო სამყარო შეთანხმებული იყო, რომ სსრ კავშირის ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ თამაში გაეგრძელებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ჩვენი ქვეყანა იურიდიულად დამოუკიდებელი არ გახდებოდა, „ფიფა“ თავისი წევრობიდან გაგვრიცხავდა და მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა მატჩებში ვეღარ მივიღებდით მონაწილეობას. ეს იქნებოდა დიდი დარტყმა ფეხბურთზე.

 

დათო ყიფიანი და სხვა ფეხბურთელები მომხრენი იყვნენ, ერთი წლით ისევ გაგვეგრძელებინა სსრ კავშირის ჩემპიონატებში მონაწილეობა. ჩატარდა შეკრება (სტენოგრამა შენახული მაქვს), რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ვინმე ირინე ტალიაშვილმა ფეხბურთელებს უჯიშო, უძარღვო, უსამშობლო, გენის არმქონე უწოდა. დათო ყიფიანი იყო უჯიშო და უძარღვო? ზოგიერთები საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებდნენ და ეს პროფესიად მიაჩნდათ. რეზო თაბუკაშვილმა თქვა – პატრიოტობა კი არ არის პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტობაო... მოკლედ, გამოიყვანეს „დინამო“ სსრ კავშირის ჩემპიონატიდან და „ფიფამაც“ შემადგენლობიდან გაგვრიცხა. ამის შემდეგ თბილისის „დინამომ“ მხოლოდ ოთხი წლისა და 6 თვის მერე ჩაატარა პროფესიული მატჩი.

 

ქართული ფეხბურთი ადრე თუ პირველი იყო კავშირში და სსრ კავშირის ნაკრებში შვიდი ქართველი თამაშობდა, მერე მაჩანჩალა გახდა. დაინიშნა საქართველოს ჩემპიონატები, თბილისის „დინამოს“ !იბერია„ დაარქვეს, 1990 წლის გაზაფხულზე პირველი მატჩი ფოთის „კოლხთან“ გამართა, მაგრამ წააგო 1:0, გოლი საკუთარ კარში გაიტანეს, რაც ფრიად სიმბოლური იყო. ამასთან, ის მატჩი პოლიტიკურ აქციას უფრო ჰგავდა, ვიდრე სპორტულ შეხვედრას. ახლა მიპასუხეთ – ვის ახსოვს ირინე ტალიაშვილი, ნუთუ დათო ყიფიანზე მეტი აქვს გაკეთებული, რომელსაც სტადიონებზე 80 ათასი კაცი ტაშს უკრავდა და უცხოეთში შოთა რუსთაველის სახელთან ერთად მოიხსენიებდნენ?

 

– დათო ყიფიანი, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის მერე, 6 წელი თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 3 წელი – ქუთაისის „ტორპედოს“.

 

– ამ პერიოდში ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მენანება, რომ მსოფლიო დონის დიდი ქართველი ფეხბურთელი ასე გულმოკლული წავიდა ამქვეყნიდან, თუმცა, მახარებს, რომ თან წაჰყვა ქართველი ხალხის სიყვარული და დათო ყიფიანის სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. გარდაცვალების დროს ის 50 წლის იყო.

 

დავით ყიფიანი ყურადღებას აქცევდა დამთხვევებსა და მინიშნებებს. როცა გასახდელში ბუცი მარჯვენა მხარეს გადაბრუნებული ხვდებოდა, ცუდად ენიშნებოდა. ავტობუსიდან სხვა ფეხბურთელზე ადრე არ გამოდიოდა. მეტსახელად ეძახდნენ „კნიაზს“ და „ვერელ ლექტორს“, 21 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა (თავი მოიკლა), ამის შესახებ მან მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავით მგზავრობისას გაზეთიდან შეიტყო. 1-იანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის ცხოვრებაში: დაიბადა 1951 წელს, 1971 წელს მოვიდა დიდ ფეხბურთში (დებიუტი თბილისის „დინამოში“), 1981 წელს მოიგო თასების მფლობელთა თასი დიუსელდორფში, 2001 წელს დაიღუპა... იყო არტისტული, რომელზეც ამბობდნენ, რომ 100:65 კვადრატულ მეტრ საფეხბურთო მოედანზე 90 წუთი სპექტაკლს თამაშობსო...

 

დათო ყიფიანი იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომლის გარდაცვალების გამოც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის წერილი გამოგზავნა, ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო წერილი მიუძღვნა მის ტრაგედიას: „ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე დათოსთან განსაკუთრებული პიგრადი დამოკიდებულება მქონდა, ის საინტერესო იყო უბურთო დამოკიდებულებაშიც, ვეხმარებოდი, როცა კი დასჭირდებოდა, ბევრ რამეს ერთად ვაკეთებდით, მაშინაც კი, როდესაც მოსკოვში მომიწია წასვლა, არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა“.

 

ოჯახს დღემდე შენახული აქვს დავით ყიფიანის „სიმენსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლითაც ბოლოს ისაუბრა. დარჩა ოთხი შვილი, პირველი ქორწინებიდან ქეთინო მიქელაძესთან ორი ვაჟი – ლევანი და ნიკოლოზი, მეორე ქორწინებიდან – ხათუნა აბაშიძესთან (გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მეუღლე) ერთი ვაჟი – გიორგი, ხოლო მეოთხე ქალიშვილი კატო შეეძინა ნანა გორგაძესთან – დავით ყიფიანს ნაბოლარა შვილი არ უნახავს, ყიფიანის გარდაცვალების დროს ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო.

 

ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი