logo_geo
გია ჯაჯანიძე: 60 წლის ხდები, რას ხტუნაობ?!
- +

3 ნოემბერი. 2020. 20:55

 

 

შოუმენსა და ტელეწამყვანს გია ჯაჯანიძეს კორონაპანდემია არ აშინებს და ამ რთულ პერიოდშიც ბედნიერად გრძნობს თავს.

 

გია ჯაჯანიძე: არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს და ისევ ბედნიერი ვარ, ზოგჯერ მიზეზით და ზოგჯერ უმიზეზოდ. რაც შეეხება პანდემიას, წესებს ზედმიწევნით ვიცავ. ნიღბით დავდივარ, ხელებს ხშირად ვიბან. ქუჩაში რომ მხვდებიან უნდათ ხელი ჩამომართვან, მაგრამ ვუხსნი, რომ ცოტა ხანს მაცადონ და მერე ჩავეხუტები. მაინც ასაკში ვარ და თავს ვუფრთხილდები, თუ მაინც უნდა შემხვდეს, შემხვდება.

 

– რაზე დაგაფიქრათ პანდემიამ, რა გადაფასებები მოხდა თქვენში?

 

– სიკვდილზე პანდემიის გარეშეც მიფიქრია, ჩემთვის ეს ამბავი სტრესული არ იყო. პანიკა რომ ატყდა, ყველას ვამშვიდებდი, ცხოვრების წესი ისედაც დარღვეული იყო, ჩემმა ახლობლებმა, თანამშრომლებმა, მეგობრებმა იციან, რომ ხელის ჩამორთმევა და გადაკოცნა არ მიყვარს. ერთადერთი უცნობებს ვეუბნებოდი უარს.

 

პანდემია უკვე დაწყებული იყო, სამეგრელოს ტრასაზე სტენდ აფს რომ ვწერდით და ჩერდებოდნენ მანქანები, საიდანაც ხალხი გადმოდიოდა და მეხუტებოდა. ვერ ვეუბნებოდი ჩახუტება არ შეიძლება-მეთქი, რადგან დაკომპლექსებული ვარ, ვიღაცამ არ იფიქროს ვარსკვლავური შეეყარაო. ადამიანი მოდის სიყვარულით და ახლა ყველას ვეუბნები ღიმილით და სიყვარულით, არ გეწყინოთ ასაკში ვარ-მეთქი და ამით ვმანიპულირებ.

 

– არადა ჩახუტებას იმხელა ენერგია მოაქვს.

 

– თუ კეთილი ადამიანი ხარ ჩახუტების გარეშეც მიიღებ იმ ენერგიას, შვილს ჩაეხუტე, დედას ჩაეხუტე. ძველი ტრადიციის მიხედვით მხარზე რომ ეხუტები, სულ სხვა რამეა. ჩვენში კი ხელის ჩამორთმევა და კოცნა უფრო იციან, არ მიყვარს და რა ვქნა.

 

– როგორი ჯანმრთელობის პატრონი ხართ?

 

– ძალიან ჯანმრთელი ადამიანი ვარ, მალე 60 წლის ვხდები, ცხოვრება გადის და ალბათ დადგება ის პერიოდი რომ შეიძლება რაღაც მეტკინოს, როგორც მოხუცს, თორემ ისე ასაკს ვერ ვგრძნობ ,ხანდახან ისე უხერხულ სიტუაციაში ვვარდები.

 

მაგალითად, „ნიჭიერი“ როცა მიმყავს და იქ ბავშვები გამოდიან, რომლებიც ლახტზე ხტუნაობენ, ერთი წუთით ვიფიქრე, ამაში განსაკუთრებული რა არის–მეთქი და გავვარდი. სამჯერ ავხტი და მეოთხედ რომ ავხტი, ფეხები გამეხლართა. ჯერ ამიტაცა იმ თოკებმა, მერე მაღლიდან რომ წამოვედი, ვთხლიშე თავი იატაკს. ეს იმის ბრალი იყო, რომ ვერ გავიაზრე რამხელა ვარ, 60 წლის ხდები, რას ხტუნაობ?!

 

– „ნიჭიერში“ ერთგვარი გამამხნევებლის როლი გქონდათ, ეს ალბათ თქვენთვის ზედგამოჭრილი ამპლუა იყო.

 

– დიახ და ახლა, რაც პირდაპირი ეთერი დაიწყო, წამყვანი ვარ. ყველას ვგულშემატკივრობ. ყველას ვეუბნებოდი, არ ენერვიულათ. ვცდილობდი ყველა გამემხნევებინა, ყველა ვერ მოდიოდა მშობელთან თუ მეუღლესთან ერთად და იქ მე ვიყავი. მათი დედ-მამა, და-ძმა, მეზობელი. ვცდილობდი ისე გამემხნევებინა, რომ მარტო არ ეგრძნოთ თავი.

 

– როგორ გაატარეთ ზაფხული?

 

– ზაფხული თბილისში გავატარე ბედნიერად, ხან ვკითხულბდი, ხან ვკერავდი, ხან ვხატავდი. ჩემთვის დასვენება განმარტოებაა. ბათუმში სახლი მაქვს, მაგრამ ზღვაზე ვერ გავდივარ, ბევრ ხალხთან ურთიერთობა არ შემიძლია, ვიღლები.

 

– სხვა ადამიანებზე ზრუნვაა ერთგვარი ბედნიერება, თქვენ ვისზე ზრუნავთ?

 

– ფიზიკურად ვერავისზეც ვერ ვზრუნავ იქიდან გამომდინარე, რომ არავინ მყავს საზრუნავი, თუმცა რჩევების მიცემა ვისთვისაც მიწევს, ისინი არამხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები არიან. ყველა სატელეფონო ზარს ვპასუხობ და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ვეხმარები, თუმცა იმდენი მთხოვს დახმარებას, ჩემთვის სულ რომ არაფერი დავიტოვო, ყველას დახმარებას მაინც ვერ მოვახერხებ.

 

– როგორც ვიცი დედასთან ერთად ცხოვრობთ, მასზე თქვენ არ ზრუნავთ?

 

– დედაზე ჩემი ზრუნვა იმით გამოიხატება, რომ თუ მაგვიანდება უნდა დავურეკო და ვუთხრა. 80 წლის არის და არ არსებობს დაწვეს, თუ სახლში არ ვარ, მხოლოდ ამაზე ვკამათობთ – დაწექი, დაიძინე, მოვალ, აბა სად წავალ, იმის გამო რომ დედამ არ იდარდოს, 9-10 საათისთვის უკვე სახლში ვარ.

 

ჩემი წარმატება დედაჩემზეც იყო დამოკიდებული, დედა ვერ გაიხსენებს ფაქტს, როცა მე გავაბრაზე. სამი და–ძმა ვართ და საოცარი სიყვარული ჩაგვინერგა სამივეს. როგორც ბავშვობაში ვიყავით, ისე ვართ ახლაც – ვთამაშობთ.  როცა შიმშილის პერიოდი იყო ქვეყანაში, ჩემი და გაჭრიდა ხოლმე შავ-პურს შუაზე, დანამავდა მურაბის წვენით, ზემოდან მოხარშულ რაღაცებს ადებდა და ტორტს აკეთებდა. გემრიელი იყო და ხალისით ვაჭამდით.

 

ჩემი შვილები ხშირად მოდიან ჩვენთან, მაგრამ განსაზღვრული დრო გვაქვს, მე უნდა დავისვენო, ხმაური არ მიყვარს და ეს ჩემმა შვილებმაც იციან და შვილიშვილებმაც  როცა მოდიან, საერთოდ არ ხმაურობენ.

 

– 80 წლის დედას ალბათ ძალიან უფრთხილდებით ამ პანდემიის პერიოდში.

 

– დიახ, ძალიან ვუფრთხილდები. სტუმარს არავის ვიღებ, გადაიაროს ცოტა ამ პანდემიამ. მეც სულ მახსოვს, რომ რისკჯგუფში ვარ და უფრო ფრთხილი ვარ. ხომ ხედავთ, ახალგაზრდებსაც ემართებათ და რა დღეში არიან, ამიტომ ყველამ უნდა იფიქროს, რომ რისკჯგუფშია და ყველა ფრთხილად იყოს.

 

– როგორია თქვენი ცხოვრების წესი, ვარჯიშობთ?

 

– ჩემი ვარჯიში ბევრი სიარულია, ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ძალიან სწორად ვიკვებები. იმდენ მწვანილს ვჭამ, უხერხულიც კი არის, ვთქვა – დიდი თასით მიდგას და ვჭამ. ასევე ვჭამ ბევრ ხილს. ვეგეტარიანელი ვარ, დღეს ჩემმა ქათამმა სამი კვერცხი დადო, მოვხარშე და ვჭამე. სუპებიც მიყვარს, რძის პროდუქტებიც და ასე ბედნიერად ვიკვებები.

 

– მარტო ყოფნა მიყვარსო ამბობთ, არადა მარტოობის შიში აგიჟებს ადამიანებს, სიბერეშიც მარტო გინდათ ყოფნა?

 

– მე არ მეშინია, ჯერ ერთი მარტო არასოდეს ვიქნები. ჩემთან მოსვლა ყველას უყვარს და საინტერესო ამბების მოყოლა კი ვიცი. თან შვილები მყავს. ჩემთან ყველა მოვა, მაგრამ მაინც მარტო მინდა ვიცხოვრო. წყლის მომწოდებელი არ მეყოლება და ნუ მეყოლება, ვიყო ასე.

 

– ცოტა ხნის წინ „სარკესთან“ თქვით, შეყვარებული ვარო. ახლა რაღაც აღარ ახსენებთ.

 

– მე სულ შეყვარებული ვარ, დღე არ გასულა შეყვარებული არ ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრება მაინც მარტო მინდა, სხვაგვარად არ შემიძლია, საკუთარ თავთან კარგად ვმეგობრობ. ჯერ საკუთარი თავი მავსებს და მერე – სხვები.

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი