logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: ამ ვირუსმა ძალიან დამასუსტა, სუნთქვაც მიჭირს
- +

4 ნოემბერი. 2020. 22:22

 

 

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული, როგორც კი მიხვდა, რომ შეიძლებოდა ეს ვირუსი კონკრეტული ადამიანისგან გადასდებოდა, მაშინვე თვითიზოლაციაში გადავიდა და ამით თავიდან აიცილა კოვიდის მისგან გავრცელების შესაძლებლობა.

 

თავიდან ყველაფერი უსიმპტომოდ დაიწყო, თუმცა აუტანელი სისუსტე ძალების მობილიზებაში ხელს უშლის, როგორც ნოდიკო აქამდე ირწმუნებოდა, მას ეს ინფექცია იანვარში შეხვდა. მოგვიანებით ეს ანტისხეულებზე ჩატარებულმა ტესტმაც აჩვენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კოვიდი მას ან დაუბრუნდა, ან იანვარში სხვა ვირუსი ჰქონდა.

 

„სარკე“ მომღერალს თვითიზოლაციაში მკურნალობის პროცესში დაუკავშირდა.

 

– ნოდიკო, როდესაც კორონავირუსი დაგიდასტურდათ, რა რეაქცია გქონდათ და როგორ მიიღეთ ეს ემოციურად?

 

– ყველაზე მეტად გამიმართლა იმაში, რომ როგორც კი ის ახლობელი ვნახე, რომელსაც შემდეგ სიცხე მისცა, მაშინვე თვითზოლაციაში გადავედი. როცა დაუდასტურდა, მე უკვე კონტაქტი აღარავისთან მქონდა.

 

აღმოჩნდა, ოჯახის ექიმის ლოდინი ფართოდ გავრცელებული პრობლემა იყო კოვიდინფიცირებულებში, ჩემი აზრით ჯანდაცვის სისტემამ მაინც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. აღმოჩნდა, რომ თუ სახლში მკურნალობაზე გადახვალ, არავითარი სერვისი არ გეკუთვნის, არც ანალიზები, დაავადება თუ არ გაგირთულდა, სახელმწიფო მკურნალობის პროცესში არ ერთვება.

 

– სრულიად უსიმპტომო ხართ, არ დაგჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა?

 

– მეც მომიწია კლინიკაში გადასვლა და გამოკვლევების შემდეგ მივხვდი, რომ მძიმე პაციენტი არ ვიყავი. თავად განვაცხადე რომ სახლში გადავიდოდი, ვუთხარი ეს ადგილი უფრო მძიმე პაციენტისთვის გამოიყენეთ-მეთი, სასწრაფომ უარი მითხრა სახლში წაყვანაზე, მითხრეს ტაქსით წავსულიყავი. ამ რისკს არ გავწევდი და საავადმყოფოდან სახლში ფეხით წამოვედი, ამის შემდეგ უკვე ორი დღეა ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, სუნთქვაც ცოტა მიჭირს და ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, კლინიკაში გადასვლა მომიწევს.

 

– ყველაზე უცნაური რა სიმპტომი გაქვთ?

 

– საერთოდ არ გამაჩნია ყნოსვა და გემო, უცნაური სისუსტე მაქვს, აქამდე რომ არ მქონია.

 

– ამბობენ ეს ვირუსი ადამიანს ფსიქოლოგიურადაც დიდ ზიანს აყენებს, როგორ განწყობაზე ხართ?

 

– არ ვარ მშიშარა და პანიკისკენ მიდრეკილი, მინდა ყველას ვთხოვო რომ თუ აუცილებელი არ არის გარეთ არ გავიდნენ, რადგან ძალიან ბევრი უსიმპტომო ადამიანი დადის და ზოგმა საერთოდაც არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია.

 

– ოჯახმა როგორ მიიღო ეს ამბავი, ალბათ მშობლები ძალიან ნერვიულობენ.

 

– ბუნებრივია, ნერვიულობენ, რადგან ისეთი უპროგნოზო ვირუსია, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გართულდეს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ იზოლაციაში ყოფნა დროულად შევძელი და ჩემგან ვირუსი არც ერთ ადამიანს არ გადასდებია.

 

– სანამ ვირუსი უშუალოდ თქვენამდე მოაღწევდა, მანამდე თუ გქონდათ მის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება?

 

– თავიდანვე ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც არაპროგნოზირებადია, მჯეროდა კიდეც და თავსაც მაქსიმალურად ვიცავდი, მაგრამ მიანც შემხვდა. ვისაც არ სჯერა ვფიქრობ მისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, კორონავირუსის არსებობა მთელმა მსოფლიომ დაიჯერა და ძალიან მიკვირს, რომ არ სჯერათ.

 

– რაც ჩართული ხართ კორონავირუსთან ბრძოლაში, რა მთავარი პრობლემა დაინახეთ?

 

– მომრავლებულ ინფიცირებულებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე დღეს არის. ის, ვინც კლინიკაშია, ბევრად დაცულია, რადგან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ვინც სახლშია, მათ ეუბნებიან სანამ არ დამძიმდებით, არაფერი გეკუთვნითო. მე არანაირი თანმდევი დაავადებები არ მაქვს, მაგრამ ვგრძნობ ამ ვირუსმა ძალიან დამასუსტა, ამიტომ ყველას ვთხოვ, თავს გაუფრთხილდნენ, პირბადე ატარონ და დისტანცია დაიცვან.

 

– ფაქტობრივად, მარტოს, თვითიზოლაციაში გიწევთ ბრძოლა ამ დაავადებასთან, ეს ფსიქოლოგიურად რთული არ არის?

 

– იმდენი ადამიანი მირეკავს და მკითხულობს, რომ არც კი ვიცი დღეები როგორ გადის. ყველას დიდი მადლობა ამ სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი ძალა გეძლევა და ოპტიმიზმიც მატულობს.

 

– გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

 

– მადლობა.

 

ავთო ჩიტიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი