logo_geo
დოდო გუგეშაშვილი: ჩემი შვილის მკვლელს 20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ დამკვეთი თავისუფალია
- +

4 ნოემბერი. 2020. 23:05

 

 

2018 წლის 7 თებერვალს თბილისში საშინელი მკვლელობა მოხდა. საცხოვრებელ ბინაში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, თავად ქალბატონი დოდო კი გულმკერდის არეში დაჭრეს.

 

მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი თავის ერთადერთ ვაჟთან ერთად დიღმის მასივში, მე-13 სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მკვლელი მათ დილის 10 საათისთვის ესტუმრა. იცოდა, რომ დედა-შვილი სახლში იყვნენ, ჯერ დედას ესროლა, მერე შვილს დაუმიზნა. დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი სახლიდან გაიქცა, რომ მკვლელი მას დადევნებოდა და ამით შვილი ეხსნა საფრთხისგან, მაგრამ მკვლელმა სწორედ მისი ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს... დანაშაული 2018 წელს მოხდა.

 

მომხდარიდან თითქმის 2 წლის შემდეგ 2020 წლის 24 იანვარს, სამართალდამცავმა ვინმე ზაზა მურჯიკნელი დააკავეს, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნოდარ გუგეშაშვილი სწორედ მან მოკლა, დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრა. მურჯიკნელი ბრალდებას დღემდე უარყოფს. დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობისთვის, ასევ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაზა მურჯიკნელს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

დოდო გუგეშაშვილი:

 

– ჩემმა ადვოკატებმა მოითხოვეს ნაფიც მსაჯულებს წარემართათ სასამართლო პროცესი და ამან დიდი დრო წაიღო. ორი დღე მე ვეკითხებოდი. ყველა პროცესზე პანდემიის გამო თითო მხარის მხოლოდ 3 წარმომადგენელი ესწრებოდა. მე მხოლოდ ჩემი გამოკითხვების დროს მივედი. ჩემი ადვოკატი გია ტაბლიაშვილი ერთი ჩემი და ერთიც, ჩემი შვილის მეგობარი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს პროცესებზე.

 

– ბრალდებულს შეხვდით?

 

– მკვლელს ჰქონდა მცდელობა არ გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესებზე, მაგრამ ვერ ასცდა იქ მოსვლას. ცრუობდა, რომ ცუდად იყო, მაგრამ ექიმები მიუხვდნენ, საავადმყოფოშიც გადაიყვანეს და როგორც აღმოჩნდა, არაფერი აწუხებდა.

 

ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ისაა მკვლელი და ჩემმა რამდენიმე მეზობელმაც ამოიცნო, მიუხედავად ამისა, მაინც არ აღიარებს დანაშაულს. საოცრად მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ საგამოძიებოდან ამ საქმეზე და საქმე გაიხსნა ტელეფონის მეშვეობით. იმ ტელეფონის გარდა, რომლიდანაც მუდამ რეკავდა, კიდევ ჰქონდა ე.წ. შავი ტელეფონი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთან დაერეკა.

 

ერთხელ კი მოხდა ისე, რომ მისი ტელეფონით მე ვისარგებლე. ჩემ გვერდით იყო, როდესაც ჩემს ტელეფონზე ანგარიში ამოიწურა და მისი ტელეფონით ჩემს ვაჟს დავურეკე. როგორც ჩანს, მაშინ აერია და შეცდომით მომაწოდა თაივსი ტელეფონი, საიდანაც მე დავრეკე ჩემს შვილთან.

 

– ანუ ხშირი ურთიერთობა გქონდათ?

 

– რაღაც პერიოდში გაქრებოდა და მერე ისევ გამოჩნდებოდა. სახლშიც მოდიოდა გაუფრთხილებლად. ერთხელ მოვიდა მაშინ, როცა მე მარტო ვიყავი, ერთხელ კი მაშინ, როცა ჩემი შვილი იყო მარტო. მერე ვიხსენებდი, რომ სხვა დროს ხელში არასოდეს არაფერი ეჭირა, ბოლოს კი პოლიეთილენის პარკით მოვიდა, რომელშიც ყუთი იდო და ყუთში იარაღი.

 

ჩვენს სახლში არასოდეს არაფერს შეხებია, არც წყალი დაულევია და არც ყავა. არ მოუწევია სიგარეტი, ასე ცივსისხლიანად შემოვიდა ნაცნობობაში და ამზადებდა ამ მკვლელობას.

 

ამ ნაცნობობის მიუხედავად ყველაფერს უარობდა, ამბობდა, რომ არც მე მიცნობდა და არც ჩემს შვილს. ჩემი დროებითი საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე ქუჩის კამერებიდან აღმოჩნდა, რომ წინა დღეებში ჩემს სახლთან იყო ავტომანქანით. ბევრი ძლიერი ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებს გაუკვირდებოდათ, ისე აქვთ ნამუშევარი.

 

მე საქმის მასალებს ბოლომდე არ ვიცნობ, რადგან იმ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ძალიან მძიმე ოპერაცია გავიკეთე. მკვლელი ამბობს, რომ შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს სახლთან, როდესაც ჩემი ბინიდან გამოვიდა და კიბეზე ჩარბოდა, მე ვიყვირე, რომ ის იყო მკვლელი და მეზობლებმა ამოიცნეს, ამის გარდა, უამრავი მტკიცებულებაა.

 

როცა ეს მურჯიკნელი პატიმრობაში აიყვანეს, გამოძიებამ სახლში დაუმონტაჟა მოსასმენი აპარატურა და ეს ტექსტი გასაჯაროვდა სასამართლო დარბაზში. აღმოჩნდა, რომ მთელი მისი ოჯახი ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის დაფარვაში, სახლში ამბობდნენ, როგორ გადააგდეს იარაღი, როგორ ეძებდნენ ცრუ მოწმეებს და ა.შ.

 

თავის სიტყვაში უთქვამს ამ ქილერს, მანქანით იმიტომ აღმოჩნდი მათ სახლთან 6 თებერვალს, რომ ვტაქსაობდი და შეიძლება მგზავრი მყავდა 7-ში კი მეგობართან მივედი სტუმრად და ის არ დამხვდა სახლშიო. რამდენი ხანი აკაკუნე კარზე, ერთი საათის მერე რომ ჩაიქროლეო, უთქვამს, ხაჭაპური ვიყიდე, ჩამოვჯექი და ვჭამეო. არადა, ვინც დაასახელა, მათ თქვეს, რომ სახლში იყვნენ და მათთან არავინ მისულა. თან ამ ოჯახმა აღწერა თავიანთი განცდები, როცა ამ მკვლელობის შესახებ გაიგეს და ამ ჩვენებაზე მკვლელს პასუხი არ ჰქონდა.

 

მისი ადვოკატი ცდილობდა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში, აპელირებდა იმაზე, რომ მე არსად მქონდა ჩვენებაში ნათქვამი, რომ შემეძლო მკვლელი ამომეცნო. 11 თებერვალს, როდესაც აპარატი მომხსნეს საავადმყოფოში ექიმებს არ მიუციათ გამომძიებლისთვის ჩემი დაკითხვის უფლება და 12-ში დამკითხეს. მაშინ ვთქვი და ეს საქმის მასალებში დევს, რომ აღვწერე მისი ფიზიკური მონაცემები.

 

ამ ჩვენებაში, რომელიც თან მაქვს, წერია: „ყვრიმალები ოდნავ განზე გაწეული ნიკაპისკენ, მუქი ფერის თვალები, ჩვეულებრივი ცხვირი, სწორი ტუჩები. მას მუდმივად ეფარა ქუდი და ეცვა ხელთათმანები, ამიტომ თმა და ხელები ფაქტობრივად არ დამინახავს, მაგრამ მისი სახ კარგად მახსვოს და მისი ამოცნობა, როგორც პირადად ნახვით, ასევე ფოტოსურათით უპრობლემოდ შემიძლია“.

 

ეს ჩვენება მივეცი, მაგრამ არც საჯაროდ და არც მეგობრებისთვის არ მითქვამს, რომ მას ამოვიცნობდი, ეს იყო ჩემი ტაქტიკა, რადგან შეიძლებოდა ეს ინფორმაცია გასულიყო, მისი კვალი არ ვიცოდი და სახელიც ტყუილი იყო, ზურად გამეცნო, მე რომ ეს საჯაროდ მეთქვა, შეეძლო, თავისუფლად დაეტოვებინა საქართველო.

 

12–მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, არადა ისინი ალბათ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, სხვადასხვა დამოკიდებულების მქონეები იყვნენ მოვლენებისა და საგნების მიმართ.

 

ნაფიცი მსაჯულები ძალიან მძიმე პირობებში მუშაობდნენ, დილიდან დაღამებამდე ისხდნენ დარბაზში და გაფაციცებით უსმენდნენ თითოეული დეტალსა და ეპიზოდს, მათი ეს უპირობო ვერდიქტი არის საზოგადოების დამოკიდებულება ამ სისხლიანი მკვლელების მიმართ, არც ვიცი ვინ არიან, პირბადეებით ისხდნენ და არაფერი ვიცი მათ შესახებ იმის გარდა, რომ მაღალი დონის ადამიანები არიან. ბარაქალა მათ ქალობას და კაცობას!

 

ბრალდება 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და მას 20 წელი მიესაჯა. საკმაოდ დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ იფიქროს და გადახარშოს, ღირს თუ არა გაამხილოს, ვინ მისცა ამ საზარელი მკვლელობის შეკვეთა. მას მერე, როცა გამოძიებამ უმაღლესი სტანდარტის დაცვით სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, დარწმუნებული ვარ, მალე დამკვეთზეც გავლენ.

 

– თქვენი ვერსია არ არის, რა ამოძრავებდა ზაზა მურჯიკნელს, რატომ გაგიმეტათ დედა-შვილი სასიკვდილოდ.

 

– ახალი ჯერი გამოძიებაზეა, მოტივი ამ მკვლელობისა უცნობია. არასოდეს მქონია ქილერთან გადაკვეთა, გამეცნო ისე, ვითომ ჩემი მეგობრების მეგობარი იყო, ისინი ვერ იპოვა და მე შემთხვევით შემხვდა. ახსენებდა ახალაიას, თუ როგორ დაყარა ბიჭები უპატრონოდ.

 

– ვინ არის ზაზა მურჯიკნელი, როგორია მისი ბიოგრაფია?

 

– ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო სპეცრაზმელი თავისი მიხვრა-მოხვრით, საბოლოოდ მართლაც ასე აღმოჩნდა. თავის დროზე ის ყოფილა იგორ გიორგაძის სპეცრაზმში და მერე კუდ-ის სპეცრაზმელი. მუხროვანის ე.წ. ამბოხის გამოა გასამართლებული, გია კრიალაშვილი რომ ჩაცხრილეს ამბოხის დროს, მაგ დროს ყოფილა იქ და დაიჭირეს.

 

ვხედავდი, როგორ მუშაობდა გამოძიება და არავის მივეცი უფლება პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არავინ ჩავრთე ამ საქმეში, რადგან არ მქონდა საფუძველი მათთვის ნდობა არ გამომეცხადებინა.

 

დამიბარეს და წინ დამიწყეს 4 ფოტოსურათი, მაშინვე ამოვიცანი მკვლელი... რომ დავინახე მკვლელი ჩემი შვილისთვის თავში სროლას აპირებდა, გარეთ გამოვვარდი, მეგონა გამომყვებოდა.

 

სკამი ავიღე და ისე გამოვვარდი, რომ ხელი არ შეშლოდა ჩემს გამოკიდებაში. ვცდილობდი, მომეშორებინა ჩემი შვილისთვის და მე გამომკიდებოდა. გულში დაჭრილი მაინც დავდიოდი, როცა მივხვდი, რომ არ მომდევდა, უკან აბრუნება კიბეზე ვეღარ შევძელი, მაგრამ მაინც მოვახერხე და მეზობლებს ვანახე რომ ის იყო მკვლელი.

 

ზუსტად მაშინ შუქი ჩაქრა, დილა იყო და ყველაფერი ჩანდა, მაგრამ კიდევ კარგი, შუქი ჩაქრა, თორემ ლიფტით ისე ჩავიდოდა ქვემოთ, ჩემ გარდა ვერავინ დაინახავდა.

 

ხმით, სიარულის მანერით ვიცანი. სპეცრაზმელებს სიარულის დამახასიათებელი მანერა აქვთ და ხმითაც ამოვიცნობდი, სიარულითაც და რასაკვირველია, სახითაც, სანამ ასე შემოძვრებოდა ჩვენთან, მისი არსებობაც კი არ ვიცოდი. შესაბამისად, პირადი მოტივი არ ჰქონია, აშკარაა, რომ ვიღაცის დავალებით მოქმედებდა.

 

6 თებერვალს ერთად ჩამოვედით ლიფტით და მაშინ სელფის გადაღება მთხოვა, რაზეც უარი ვუთხარი. როგორც ჩანს, ამ სელფით მკვლელობის დამკვეთს აჩვენებდა, რომ იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც შეასრულებდა დაკვეთას.

 

პირველად, როცა ვითომ შემთხვევით გამეცნო და მერე მოაყოლა, რომ ახალაიამ დაღუპა, მაშინ მარტო არ იყო მანქანაში. ვინც გვერდით ეჯდა, გამარჯობაც არ უთქვამს ჩემთვის. ჩემი ვარაუდით, ის არ იყო ქართველი და არ უნდოდა ეს გამეგო ან ვიცნობდი და არ უნდოდა დამენახა. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და დარწმუნებული ვარ, მალე გაირკვევა, ვისი დაკვეთით მოქმედებდა.

 

– როგორ გრძნობთ თავს ახლა, როგორ გაგრძელდა ცხოვრება?

 

– ახლა სახელმწიფო ზრუნავს ჩემს უსაფრთხოებაზე, რადგან დაჭერილია მხოლოდ ქილერი და არ ვიცით ვინ არის დამკვეთი. ჩემი მოკვლაც უნდოდა, პირველად მე მესროლა, ორი მილიმეტრით ასცდა გულის სარქველს ტყვია. მაშინ მე ფაქტობრივად ჩემმა ვაჟმა გადამარჩინა, მისი ხალათი მეცვა და ისე იყო გადაფენილი გულისპირზე, ვერ ისროლა ზუსტად, რომ გულის მთავარ სარქველს მოხვედროდა პირდაპირ და ორი მილიმეტრით ასცდა.

 

– ბოლოს რომ ოპერაცია გაიკეთეთ, ამ ნასროლს უკავშირდება?

 

– არა, ეს არ არის ამ ნასროლთან კავშირში, მაგრამ კავშირშია ამ ტრაგედიასთან, რომელმაც გამოიწვია ძალიან მძიმე რამ და გავიკეთე ოპერაცია. ზუსტად ვიცი, ჩემმა შვილმა მიმიყვანა იქამდე, რომ მკვლელი განსასჯელის სკამზე მეხილა. დარწმუნებული ვარ, ეს ქილერი ზაზა მურჯიკნელი და ჩემი შვილი იქამდეც მიმიყვანენ, რომ ვნახავ დასჯილს ამის დამკვეთებს.

 

ახლაც ჩართული ვარ ვეტერანების საკითხებში, ვცდილობ ჩემს შვილს არ ვატკინო და არ ვაწყენინო, ფეხზე უნდა ვიდგე, არ უნდა დავჩაჩანაკდე, რადგან ჩემს შვილს ეწყინება ჩემი დაჩაჩანაკება.

 

– ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მიერ განვლილი ცხოვრებიდან რაიმეს ხომ არ ნანობთ? დაგიშვიათ რომ ეს თავდასხმა ვიღაცის შურისძიებაა?

 

– არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ თუ ვინმეს შურისძიება ამოძრავებდა, აქამდე მოახერხებდა, რადგან მე დავდიოდი ყველგან, ვმოძრაობდი ფეხით დღისითაც და ღამითაც. მიყვარს ფეხით სიარული და არასოდეს დავდიოდი შეიარაღებული. ამ დროს მე არა მხოლოდ შენახვის, ტარების უფლებაც მაქვს და ამდენი წლის განმავლობაში თუ რაიმე პირადი მტრობა იყო, ჩემი შვილი რასთან იყო კავშირში? როგორც ჩანს, შეკვეთა იყო ოჯახის ამოწყვეტაზე.

 

ყველა თავის გასავლელ გზას გადის, მე ეკალ-ბარდებით გასასვლელი გზა მქონდა, ზოგს ეკალ-ვარდებით, ზოგი კი მარტო ვარდებით გადის ამ გზას. როგორც ჩანს, ჩემი გასავლელი იყო ეს გზა, რომელიც არასოდეს ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, სულ ეკალ-ბარდები იყო და ერთადერთ ნათელ წერტილში, რაც გამაჩნდა და რითაც ვსულდგმულობდი, დამარტყეს, ძალიან კარგი შვილი მყავს, ძალიან...

 

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი