logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: მინიმუმ 2-კვირიანი ლოკდაუნი ამოასუნთქებს ქართულ ჯანდაცვას
- +

8 ნოემბერი. 2020. 11:57

 

 

ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში კრიტიკულ ზღვარს გასცდა, გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვა ეპიდემიის ასეთ შემოტევას?! „კვირა“ ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა:

 

– ინფიცირებულთა რაოდენობა მართლაც უკიდურესად საგანგაშო ნიშნულზეა. ქმედითი ღონისძიებები და ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი ხდება. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, სტატისტიკური სურათი საქართველოს საავადმყოფოებში ასეთია: დაახლოებით 2 კვირაა საჭირო თითოეული პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად და საავადმყოფოდან გასაწერად. ამჯერად დაახლოებით 42 000 პაციენტია ინფიცირებული. მათ 20%-ს მაინც რომ დასჭირდეს სტაციონარული მკურნალობა, ჰოსპიტალურ მკურნალობაზე უნდა გადავიყვანოთ 4000 ავადმყოფზე მეტი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის ეს მაჩვენებელი ძალიან დიდია, რომელსაც არათუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნის ჯანდაცვა, ჩვენზე ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ. შემიძლია მოვიყვანო მაგალითად საბერძნეთი, რომლის მთავრობამაც, იმის გამო, რომ ჯანდაცვა ვეღარ უძლებდა ინფიცირებულთა მოძალებას, დააწესა უმკაცრესი შეზღუდვები. მოქალაქეს შეუძლია საცხოვრებელი სახლი დატოვოს მხოლოდ 5 მიზეზით, მათ შორის პროდუქტების საყიდლად და ძაღლის გასასეირნებლად.

 

– მიგაჩნიათ, რომ ჩვენმა ქვეყანამაც ინფექციის მეორე ტალღას მკაცრი ლოკდაუნით უნდა უპასუხოს?

 

– სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ თუ 2 კვირით მაინც გამოცხადდება ლოკდაუნი, დაიხურება ეკონომიკისთვის შედარებით მეორეხარისხოვანი საწარმოები და ბიზნესები, ეს მნიშვნელოვანწილად ამოასუნთქებს ქართულ მედიცინას. დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 181-ზე მეტი მედპერსონალი - ექიმი, მედდა და სანიტარი. თუ ექიმი არ გვეყოლება, ვიღა უპატრონებს ავადმყოფებს?

 

– დღეის მდგომარეობით საკმარისი რაოდენობით გვაქვს სასუნთქი აპარატები განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებისთვის?

 

– როგორც ჩვენი ჯანდაცვის მინისტრისგან და პირველი პირებისგან ვიცი, სასუნთქი აპარატების რაოდენობა 300-ზე მეტია. ჯერჯერობით ეს საკმარისი რაოდენობაა, განსაკუთრებით მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. თუ ასე გაგრძელდა, რასაკვირველია, 300 სასუნთქი აპარატი პაციენტთა მზარდ ნაკადს ვერ გაუმკლავდება.

 

– ბევრი პაციენტი სახლის პირობებში მკურნალობს ექიმის რეკომენდაციისა და მეთვალყურეობის გარეშე. რამდენად საშიშია ასეთი თვითმკურნალობა?

 

– თუ დაავადება შედარებით მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაციენტებმა შეიძლება გამოიყენონ მკურნალობის ტრადიციული მეთოდები, მაგალითად სვან ბევრი სითხე, იმოძრაონ. ვირუსი და ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვიან ერთმანეთს. ამ ბრძოლაში კი ძლიერი იმარჯვებს. თუ პაციენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადაყვანა სტაციონარში აუცილებელია, იქ უკვე ექიმი ერევა პროცესებში და ის წყვეტს დაუნიშნავს თუ არა ავადმყოფს სისხლის გამათხელებლებს თუ ფილტვის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ პრეპარატებს.

 

– სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტაციონარებში ავადმყოფთათვის ადგილები აღარ არის და ყველა საავადმყოფო გადავსებულია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?

 

– არ გამოვრიცხავ, რომ სტაციონარში ადგილები აღარაა, ამდენ ინფიცირებულს, უბრალოდ, ვერცერთი საავადმყოფო ვეღარ უძლებს. თუმცა, აქტიურად მუშაობენ ჩვენი ოჯახის ექიმები და ხშირად შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის მხოლოდ სიტყვასაც კი დიდი ფასი აქვს დასამშვიდებლად.

 

– რაც შეეხება პირბადეს, რომლის ხანგრძლივად ტარებაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვიცვალოთ პირბადეები?

 

- მრავალჯერადი პირბადე ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ იქნება ის ჯანმრთელობისთვის საშიში. რაც შეეხება ერთჯერად სამედიცინო პირბადეებს, ისინი უნდა გამოვიცვალოთ დღეში 2-3-ჯერ. მთელი დღე მისი ხმარება არარეკომენდებულია.

 

– თქვენ აკეთებით პროგნოზს იმის თაობაზე, რომ რაც უფრო ფართოდ გავრცელდებოდა ვირუსი, მით მალე დაკარგავდა იგი ძალას. რა გვაჩვენა პაციენტთა კლინიკურმა სურათმა?

 

– სამწუხაროდ, ეს ვარაუდი, დღეის მდგომარეობით, არ დასტურდება. ვირუსი ძალას იკრებს და კლინიკური კვლევების საფუძველი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, განიცდის თუ არა კოვიდ-19 მუტაციას.

 

– დაახლოებით როდის შეძლებს მსოფლიო პანდემიის დამარცხებას?

 

– მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიღებთ ვაქცინას, ეს კი მხოლოდ წლის ბოლოსაა ნავარაუდები. მანამდე მივყვეთ მკურნალობის ეფექტურ მეთოდს და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.

 

ავტორი: ია დანელია

წყარო : wyaro
big_banner
არქივი