logo_geo
ალექსანდრე გვარიშვილი: დღეს საქართველო ბოლო ბასტიონია დასავლეთისთვის კავკასიაში
- +

17 ნოემბერი. 2020. 18:00

 

კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებები საკმარისად მოიძევება, მათი უმეტესობა არსებულ რეალობაზე აკეთებს აქცენტს და ცოტა ვინმე თუ საუბრობს მოვლენის მნიშვნელობაზე სამომავლო სტრატეგიის გათვლით. ვესაუბრებით ლონდონის უნივერსიტეტის, კინგს კოლეჯის ომის ხელოვნებისა და სამხედრო სტრატეგიის დიპლომანტს ალექსანდრე გვარიშვილს, რომელიც, თავის დროზე, ედუარდ  შევარდნაძის დროს, გახლდათ უშიშროების საბჭოს წევრი, მუშაობდა პრეზიდენტის სამხედრო ინსპექციაში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების და შეიარაღების კონტროლის მთავარ სამმართველოში.

 

- ბატონო ალექსანდრე, საინტერესოა თქვენი, როგორც ექსპერტის აზრი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. რა საფრთხეების შემცველია ძალთა ახალი გადანაწილება საქართველოსთვის?

 

- სანამ სამომავლო საფრთხეებზე ვისაუბრებთ, თვალი გადავავლოთ  რეგიონში განვითარებულ  მოვლენებს, ვინაიდან ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამასთან   რადიკალური. მაგალითად, თუ ადრე სომხეთი რუსეთის უპირობო სტრატეგიულ პარტნიორად  აღიქმებოდა, ხოლო აზერბაიჯანში აღინიშნებოდა საქართველოსთან ერთად სწრაფვა ევროკავშირისა და აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავებისკენ, დღეს სურათი საპირისპიროა; ფაშინიანის მთავრობის მიერ დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსეთმა აღიქვა სახიფათო სამომავლო პერსპექტივად და  გადაწყვიტა სადამსჯელო გაკვეთილის ჩატარება. პარალელურად ალიევის რუსეთთან დამთბარმა პოლიტიკამ ორი ქვეყანა მიიყვანა ურთიერთობის ისეთ ეტაპზე, როდესაც უკვე საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მოგეხსენებათ, კავკასიაში რუსეთს თავისი დიდი ინტერესი აქვს და არც არცახისა თუ ყარაბაღის საკითხი იყო გამონაკლისი.  ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიცვალა რეალობა ყარაბაღში რუსეთის განწყობის მიხედვით. თურქეთის მომძლავრება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მისი კავკასიისადმი ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანია ერდოღანის  მთავრობისთვის, რომ ევროპა-NATO-სთან  ურთიერთობის დაძაბვასაც  არ მოერიდა, ანუ ჩაერთო აგრესიულ კონფლიქტში,  რომელიც დასავლურ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. თურქეთი უკვე ღიად თამაშობს „თავის თამაშს“ დასავლეთისგან დამოუკიდებლად და ძნელია არ დამეთანხმოთ, რომ ყარაბაღის სიტუაციამ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ  ევროატლანტიკურ ინტერესებს მიაყენა. როგორ გამოიყენა ვითარება რუსეთმა - ერთი მხრივ, დასაჯა სომხეთი მცდელობისთვის, გასულიყო რუსეთის ვექტორიდან, მეორე მხრივ, აღკვეთა აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი პროექტი და ის საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. ამით, სომხეთიცა და აზერბაიჯანიც საკუთარი გავლენის ქვეშ დიდი ხნით „დაიბევა“, ხოლო თურქული ექსპანსია რეგიონში საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ გაზარდა  სამხედრო წარმომადგენლობა კავკასიაში. მოდით დავხედოთ დღევანდელ რუქას, სადაც რუსული სამხედრო შენაერთებია დატანილი  და მივხვდებით, თუ რამდენად გაიმყარა პოზიციური უპირატესობა კავკასიაში.

 

- მომხდარმა ყველაზე მეტად სომხეთი დააზარალა, საქართველო რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა?

 

- გეთანხმებით. სომხეთის შემდეგ ამ მოვლენებმა საქართველო და ევროატლანტიკური ინტერესები დააზიანა. კავკასიაში ევროატლანტიკური პროექტის მარცხი გარდაუვალი იქნება, თუ დაიკარგა კონტროლი საქართველოზეც, რომელიც დღეს ბოლო ბასტიონია დასავლეთისთვის კავკასიაში. თუ ამჯერად დასავლეთმა  არ გადაიხადა რეალურ ღირებულებაზე ბევრად მაღალი ფასი, შესაძლოა დაკარგოს ყოველგვარი დასაყრდენი რეგიონში. ამჟამად განიხილება ორი შესაძლო ვარიანტი, ესენია სასწრაფო გაწევრიანება NATO-ში, ხოლო მეორე - აშშ-ის სამხედრო ბაზის სასწრაფო განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე (მიზეზის მოძებნა არ იქნება ძნელი). ისმება კითხვა - არის თუ არა ეს ხსნა ჩვენთვის? ამდენი ძალის რეგიონში კონცენტრირება ერთი მხრივ მისცემს საქართველოს გარკვეულ გარანტიებს, ხოლო მეორე მხრივ დაძაბულობა არნახულ ნიშნულს მიაღწევს. არ შეიძლება დავივიწყოთ თურქეთის ინტერესი აჭარის მიმართ, ისევე როგორც აზერბაიჯანთან დავითგარეჯის მოუგვარებელი საკითხი. თურქულ-აზერბაიჯანული ერთობა ამჯერად მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალით არის გაკონტროლებული, რომელსაც თავისი საფრთხეებიც გააჩნია.  ამგვარ ერთობას ყარაბაღის შემდეგ მხოლოდ მადის გახსნას თუ ვუწინასწარმეტყველებ, რაც საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი ქრისტიანი ქვეყნისთვის, დამატებით საშიშროებას წარმოადგენს. არც ის არის დასავიწყებელი, რომ აზერბაიჯანს პრეტენზია მთელ ყარაბაღზე აქვს და არა მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს და რუსეთი გაიყვანს თუ არა ჯარს, ეს იქნება სიგნალი თურქეთ-აზერბაიჯანისთვის, რომ გზა ხსნილია დანარჩენი ტერიტორიის დასაკავებლად. ირანში მცხოვრები დიდი რაოდენობით აზერბაიჯანელიც არ უნდა გამოგვრჩეს რეგიონის ანალიზისას.

 

- ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული და რა დოზით?

 

 - მოიგო პირველ რიგში რუსეთმა, შემდეგ თურქეთმა და მხოლოდ შემდეგ აზერბაიჯანმა. წააგო სომხეთმა,  შემდეგ - საქართველომ და დასავლეთმა! რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ძალები კავკასიაში, აზერბაიჯანის სწრაფვა თურქეთისკენ კონტროლის ქვეშ მოაქცია და  საკუთარ გავლენას დაუმორჩილა  დიდი ხნით. თურქეთმა დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის ერთგული პარტნიორია, ამასთან,  გზა გაჭრა სომხეთზე, რაც დიდი ხნის ოცნება იყო და ამით რეგიონში გაიმაგრა პოზიციები. NATO-მ და ევროკავშირმა სრული კრახი განიცადეს და ახლა საქართველო ბოლო ბასტიონია დასავლეთისთვის, თუმცა, გარშემორტყმული ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქული მილიტარისტული ალიანსის მიერ. რა თქმა უნდა, თუ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ფასთან შეუდარებლად მაღალი ფსონი  არ დადო საქართველოზე, მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. საქართველოს მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ აგრესორს - რუსეთსა და თურქეთს შორის. თუმცა, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება დაგვიანებულიც  იყოს და ყველაფერი უჩვენოდ გადაწყდეს.  შემთხვევითი არ არის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, მას არანაირი კავშირი არჩევნებთან არ აქვს. მთავარი კავკასიაში ამერიკისთვის შექმნილი არასასურველი სცენარია. პომპეომ თურქეთი ისე მოიარა, რომ არც ერდოღანს და არც მთავრობის სხვა წევრს არ შეხვდა და შემოიფარგლა რელიგიურ ლიდერებთან ურთიერთობით, მათ შორის მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრით. ეს კიდევ ერთი  სიგნალია, რომ თურქეთი დამოუკიდებელი აქტორია, თავის თამაშს თამაშობს და ამ თამაშში რელიგიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს! პერსპექტივაში, შესაძლოა, დადგეს საქართველოზე რუსეთ-სომხეთისთვის სახმელეთო დერეფნის მოთხოვნის საკითხი. ვინაიდან გამოიკვეთა რუსეთ-თურქულ-აზერბაიჯანულ-ირანული კავშირი რიგ საკითხებში და საქართველო, როგორც კავკასიის ეგრეთ წოდებული „გასაღები“ ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს როგორც ზემოთ ხსენებული კავშირისთვის, ასევე ევროპისა და ამერიკისთვის.

 

- ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის და ძალიან მძიმე სურათი ხომ არ დაგვიხატეთ?

 

- შესაძლოა, მაგრამ ასეთია რეალური ვითარება და აქედან გამომდინარე პერსპექტივაც. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ სასიკეთო შედეგებსაც, რომელიც დამოკიდებულია  კავკასიაში „მოთამაშე“ დიდი ვეშაპების აქტიურობასა და შეძლებაზე.

 

 

 

big_banner
არქივი