logo_geo
რა უმძიმეს დაავადებას ებრძვის ზურა დოიჯაშვილი
- +

19 ნოემბერი. 2020. 15:07

 

 

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელში უმძიმეს სენს ებრძვის. ადამიანი, რომელიც სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდება, რომელიც საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების წყალობით განსაკუთრებულად უყვართ, ახლა საწოლსაა მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

 

ქეთი ვადაჭკორია, მეუღლე:

 

„ზურა უკვე რვა თვეა რეანიმაციაშია. დიაგნოზი გვიან დაისვა, რადგან იშვიათი დაავადება აქვს, რომლის დადგენაც საკმაოდ რთულია. მსოფლიო მედიცინა უძლურია ამ დაავადების წინაშე, მისი განკურნება შეუძლებელია და უფრო ადრეც რომ გაგვეგო, სამწუხაროდ, მაინც ვერაფერს გავხდებოდით, რადგან ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ესაა გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ზურა აპარატზეა მიერთებული, კიდურებს ვერ ამოძრავებს, ვერ ლაპარაკობს, ხმა არ აქვს, ტრაქეოსტომია გაუკეთეს, ყელში მილი აქვს ჩადგმული და საერთოდ, მთელი სხეული მილებით აქვს დაფარული. ფილტვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვს და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, აპარატის დახმარებით ვუნარჩუნებთ სიცოცხლეს. აპარატიდან რომ გამორთონ, მისი ცხოვრება დამთავრდება.

 

– გონებრივად როგორ მდგომარეობაშია, თუ აცნობიერებს, რა ხდება?

 

– თვენახევარი კომაში იყო, შემდეგ გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ სრულად ვერ აცნობიერებს ამ ვითარებას. იყო პერიოდები, როცა ადეკვატური იყო, მაგრამ ეს დაავადება უკვე გონებაზეც მოქმედებს. აქ რეანიმაციაშიც და ორმოცი წელია, მის გვერდით ვარ და მის თვალებში ვხედავ, რომ ჩემს ხმას ცნობს, მასზე რეაგირებს, მაგრამ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხი არ აქვს. მაგალითად, ამ წუთას ვერ აღიქვამს, სად არის, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეგონა, საქართველოში იყო.

 

– რას ამბობენ ექიმები?

 

– მეუბნებიან, რომ ეს განუკურნებელი სენია და მედიცინა უძლურია მის წინაშე. მისი გართულებები პირდაპირ ფილტვებს ურტყამს და ზურას უკვე მერვედ აქვს ფილტვების ანთება, ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ-ერთი ასეთი გართულების დროს, ის მდგომარეობიდან ვეღარ გამოვა, გამოსავალი არ არსებობს.

 

– სანამ მისი მდგომარეობა ასე დამძიმდებოდა, თავად როგორი განწყობა ჰქონდა, თუ იცის, რას ებრძვის?

 

– არა, არ გვითქვამს, სიმპტომები ერთი წლის წინ დაეწყო. თავიდან ფიქრობდნენ, ტუბერკულოზთან გვქონდა საქმე, ტუბერკულოზის ჩხირი ნამდვილად გააქტიურებული იყო და ორი თვე ვმკურნალობდით, მაგრამ ზურას მდგომარეობა უარესდებოდა. შემდეგ სუნთქვის პრობლემები დაეწყო და მისი ბოლო წინადადება იყო, მას შემდეგ ზურას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აღარც დაულაპარაკია –ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, რომ თბილისის ქუჩებში არ გამატარო, ნუთუ ასე უნდა წავიდე ამქვეყნიდანო?! იმ ღამეს შეაერთეს აპარატზე და ორი თვე კომაში იყო. კომიდან გამოყვანის შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ პრობლემა მხოლოდ ტუბერკულოზში არ იყო, განსაკუთრებულ დაავადებასთან გვქონდა საქმე, რომლის დადგენაც შემდგომი გამოკვლევებით მოხდა.

 

– აქედან რომ წახვედით, მაშინაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა?

 

– არანაირი, 2013 წელს გულის პრობლემები ჰქონდა და შუნტირება გაუკეთდა. ისრაელში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა, ყოფითი პრობლემის გამო წამოვედით, მთელმა საქართველომ იცის, რომ უსახლკაროდ დავრჩით. ზურას არავის შეწუხება არ უნდოდა, არ უყვარდა ტირილი და ხვეწნა-მუდარა. მისი უახლოესი მეგობრები გვერდით გვედგნენ, მაგრამ მომღერლებს, განსაკუთრებით ზურას მეგობრებს, არანაირი ბიზნესი არ გააჩნიათ, თუმცა ბოლომდე გვერდით ედგნენ, რითაც შეეძლოთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, ამიტომ გადაწყვიტეთ, აქ წამოვსულიყავით ხუთი წლით: გვეშრომა, თბილისში ისევ შეგვეძინა საკუთარი სახლი და უკან დავბრუნებულიყავით.

 

– ვიცით, რომ ზურამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა.

 

– ჩვენ ნამდვილად არ გვითაკილია ფიზიკურად შრომა, ზურამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება რომ გართულდა, წონაში კლება დაიწყო და ექიმებთან სიარული დაგვჭირდა, მერე ბუნებრივია, ვეღარ შეძლებდა. არ გვქონია იმდენი დრო, რომ ბინაზე ფიქრი მოგვესწრო. ადაპტაციასაც დრო სჭირდება, აქ არანაირი შრომა არაა სათაკილო და ყველაფერი გიფასდება, მე უფრო ადვილად ვუყურებ ამას, მაგრამ კაცისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველი ხალხის სიყვარულსა და აპლოდისმენტებში გაატარა, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარი სამშობლოზე, ძალიან ძნელი იყო ფსიქოლოგიურად, მაგრამ თავს იმხნევებდა და მეც მამხნევებდა. არც სიმღერისთვის დაუნებებია თავი და კონცერტშიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

 

– მსგავს სიტუაციებში საზოგადოება ძალიან ბევრს დაეხმარა ფინანსურად, არაერთი სოციალური აქციით გაერთიანებულან, თქვენს შემთხვევაში არ ყოფილა მსგავსი მცდელობა?

 

– არის ასეთი მომღერალი და რეჟისორი გიორგი შალვაშვილი, მართალი რომ გითხრათ, ის და ზურა დიდი ძმაკაცები არ ყოფილან, მაგრამ ამ ადამიანმა რამდენიმე დღის წინ ზურას შესახებ ისეთი სტატია დაწერა, რომ წავიკითხე, გაოგნებული ვიყავი. ჩემთვის უცხო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სახელითა და გვარდით ვიცნობდი, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გულთან, მეგობრები ნამდვილად კითხულობენ ზურას, მათ შორის დათო ლოლიაშვილი, რომელიც ძალიან მეხმარება მორალურად თუ ეკონომიურად. ებრაელი გოგონების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი, ძალიან ბევრჯერ შემომთავაზეს, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეო, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვიცი, ეს ზურას არ მოეწონებოდა, მე გავაგზავნე წერილი „ქართუ ფონდში“, იქ არც ანგარიშის ნომერი მიმითითებია და არც ფული მიხსენებია, მაგრამ პასუხიც კი არ მიმიღია. რამდენიმე წერილი იმ ბიზნესმენებსაც გავუგზავნე, ზურას რომ ძმას ეძახდნენ, არც მათგან მიმიღია პასუხი. ვერავის დავავალდებულებ, დამეხმაროს, მაგრამ როცა ადამიანი ასეთ ამბავს გიყვება კაცზე, რომელსაც ძმას ეძახდი და პასუხის ღირსადაც არ ჩათვლი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია.

 

– მთელი ცხოვრება გაკავშირებთ ამ ადამიანთან და თქვენ როგორ ხართ ამ ყველაფრის ფონზე?

 

– 15 წლის ვიყავი, ზურამ რომ გავიცანი და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ეს ყველაფერი ძალიან ძნელი გადასატანია ჩემთვის, ძნელია, ასეთ მდგომაროებაში უყურო ადამიანს, რომელიც სიცილსა და ანეკდოტებში გიტარით ხელში გატარებინებდა ცხოვრებას. აი ვიცი როგორ ვუძლებ, ალბათ, ღმერთი მაძლევს ძალას და უნდა გავუძლო, იმიტომ, რომ ზურას ახლა სჭირდება ჩემი გვერდში დგომა. არ დარჩენილა ქვეყანა, საიდანაც არ მირეკავენ და ზურას მდგომარეობას არ მეკითხებიან. ვიცი, რომ არ დარჩენილა საქართველოში ეკლესია, რომელშიც ზურასთვის არ ლოცულობენ. ამ ტკივილს ვერ გავუძლებდი, მაგრამ მაძლიერებს ისიც, რომ ამ წუთას წმინდა მიწაზე ვდგავარ, თუმცა, მერჩივნა, საქართველოში ვყოფილიყავი და ზურას საბოლოო სურვილი ამესრულებინა. ჩემთვის ყველაზე მძიმე ესაა, ვიცი, რომ ეს მისი ბოლო სურვილია, მე ეს გაცნობიერებული მაქვს, ვინმემ შეიძლება თქვას, რა ადვილად ამბობსო, ეს ჩემთვის ნამდვილად არაა ადვილი სათქმელი, მაგრამ ეს ასეა. ზურას ძალიან უნდოდა თბილისის ქუჩებში გაევლო და ისევ ემღერა თავისი „მელიქიშვილის გამზირი“.

 

 

ქეთი მოდებაძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი