logo_geo
ლევან დოლიძე: ლავრენტი ბერიას დედა, რომლის შვილიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა, კასპის უპატრონოთა სახლში, უკიდურეს გაჭირვებაში მშიერი აღესრულა!
- +

19 ნოემბერი. 2020. 23:37

 

 

საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე, მწერალი და პუბლიცისტი ლევან დოლიძე საბჭოთა კავშირის მარშლის, ლავრენტი ბერიას ოჯახის ტრაგედიაზე საუბარს აგრძელებს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ მისი ვაჟის სერგო ბერიას უნიკალური შესაძლებლობები, კავშირები და პროექტები არათუ ვერ გამოიყენა, არამედ კაცი „გადააგდო“ და საქართველოდან გულმოკლული გააქცია:

 

– „მალაია ნიკიტსკაიაზე“ სტალინი მოსკოვში ლავრენტი ბერიას ხშირად სტუმრობდა და სტუმრობის მიზეზი ხშირად ქართული საჭმელები გახლდათ, რომელსაც დიდი ბელადი მონატრებული იყო მაშინ, როცა ბერიას მეუღლე ნინა გეგეჭკორი მშვენიერ ქართულ კერძებს ამზადებდა. სტალინი იმდენად ვერ ეგუებოდა რუსულ კერძებს, ბერიამ თავისი პირადი მზარეული ალექსანდრე რთველაძე, რომელიც თბილისიდან ჩამოიყვანა, სტალინის განკარგულებაში გადაიყვანა, რასაც იგი ძალიან აფასებდა. რაც შეეხება სახლს თბილისში, ქიაჩელის ქ. №5/7-ში, მესამე სართულზე მდებარე საკუთარი ბინა ლავრენტი ბერიამ თავის თანამშრომელს, უშიშროების პოლკოვნიკ ბერიშვილს დაუთმო, რომლის შთამომავლებიც ამ სახლში დღემდე ცხოვრობენ, ხოლო სახლი სოლოლაკში, მაჩაბლის №11-ში ლავრენტი ბერიამ თავისთვის დაიტოვა. როცა ლავრენტი საქართველოში ჩამოდიოდა, სწორედ ამ სახლში ათევდა ღამეს. საშინელი ანგარიშსწორების შემდეგ, ცხადია, ბერიებს სოლოლაკის ბინაც ჩამოართვეს.

 

– ბატონო ლევან, მაინც რა სიტუაციაში დაუახლოვდნენ სტალინი და ბერია ერთმანეთს?

 

– შევთანხმდეთ, რომ სტალინის თანხმობის გარეშე საბჭოთა კავშირის არცერთ მოკავშირე რესპუბლიკაში ცეკას მდივანი არ ინიშნებოდა. ლავრენტი ბერია სტალინის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ პირველ რიგში, მის მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების გამო მოექცა. მოგეხსენებათ, ბერიამ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობზე ამოაშრო ჭაობი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მალარიის ბუდე იყო და სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობას მუსრს ავლებდა. ბერიამ ააშენა ხიდები, საქართველოში შემოიტანა და გააშენა ციტრუსები – მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და ა.შ. ყველაზე მთავარი – ლავრენტი ბერიამ ააშენა და გაამშვენიერა თბილისი. ფაქტია, რომ საქართველოს დედაქალაქი მე–20 საუკუნის დასაწყისში ერთი დიდი სოფელი იყო, რომლისგანაც ლავრენტი ბერიამ ევროპული დონის ქალაქი შექმნა თავისი სანაპიროებით, ცირკით, სტადიონით, გამწვანებული ფუნიკულიორითა და უამრავი მშვენიერი შენობით. 1945 წლის აპრილში, როცა საქართველოში პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიდა და თან ეროვნული განძი ჩამოიტანა, მან ბერიას მიერ აშენებული თბილისი ვერ იცნო და ნანახით აღტაცებული დარჩა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ სტალინმა დაწვრილებით იცოდა და ბერია, როგორც ლიდერი და საქმის გამკეთებელი ხელმძღვანელი, ძალიან მოსწონდა. სწორედ ამან განაპირობა ის ამბავი, რომ 1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანეს და უძლიერესი უწყების – საბჭოთა კავშირის შინსახკომის ხელმძღვანელად დანიშნეს. მალე მოსკოვში გადავიდა მისი ოჯახიც – მეუღლე და შვილი.

 

– სერგო ბერია რომელ სკოლაში მიაბარეს?

 

– სერგო მოსკოვის 25-ე საშუალო სკოლაში მიაბარეს, სადაც ძირითადად საბჭოთა კავშირის პარტიული ხელმძღვანელებისა და უმაღლესი პარტიული და სამხედრო ელიტის შვილები თუ შვილიშვილები სწავლობდნენ. 14 წლის სერგო ბერია ულამაზესი ჭაბუკი იყო, გოგონებშიც ძალიან პოპულარული გახლდათ და გამოირჩეოდა როგორც ზრდილობით, ისე აკადემიური მოსწრებითა და საუცხოო ევროპული მანერებით. გერმანელი გუვერნანტის წყალობით, რომელიც ბერიების ოჯახმა თბილისიდან მოსკოვში გადმოიყვანა, სერგომ ბრწყინვალედ იცოდა გერმანული და მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა... ამ სკოლაში სწავლობდნენ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, რომელიც სერგოზე ორი წლით უმცროსი იყო, მაქსიმ გორკის შვილიშვილი, ულამაზესი მარფა და ანასტას მიქოიანის შვილები. სვეტლანამ – სტალინის ქალიშვილმა, რომელიც თავიდანვე ძალიან ცხელსისხლიანი გოგონა იყო, სერგო ბერიას თვალი თავიდანვე დაადგა და მოსვენებას არ აძლევდა. სვეტლანამ სერგო ჯერ კიდევ გაგრაში ყოფნის დროს გაიცნო, სადაც სერგო და ნინა გეგეჭკორი ერთად ისვენებდნენ. მაშინ სვეტლანა აფხაზეთში მამასთან ერთად ჩამოვიდა. მოკლედ, 1938 წელს სერგო რომ მოსკოვში გადავიდა, სვეტლანას ის უკვე იცნობდა. ერთი სიტყვით, სტალინის ქალიშვილს ბერიას ვაჟი უყვარდა! სვეტლანა კი არა, ულამაზეს და უჭკვიანეს სერგო ბერიაზე მთელი სკოლის ულამაზესი გოგონები იყვნენ შეყვარებული. რაც ყველაზე მთავარია, სერგო ბერია იყო საოცრად გულადი და პატრიოტი ახალგაზრდა. ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით, რომ 1941 წელს ის ფრონტზე გაიპარა და ბერიას დაზვერვამ მაშინვე შინ დააბრუნა. ნინამ და ლავრენტიმ შვილს საქციელი მოუწონეს – როცა შენი ტოლები იბრძვიან, დედის კალთას არ უნდა ამოეფაროო! ომი სულ ახალი დაწყებული იყო, როცა 1941 წლის ივლისში, საკუთრივ გერმანიის ტერიტორიაზე, პომერანიაში, იგეგმებოდა თავდასხმა პენემიუნდეს უდიდეს სარაკეტო ბაზაზე, სადაც მუშაობდა ფონ ბრაუნი... მედესანტეთა შორის უნდა ყოფილიყო სერგო ბერია, მაგრამ ეს ოპერაცია ჩავარდა.

 

– რატომ?

 

– ჩავარდა იმიტომ, რომ გერმანელებმა ორი კაცი მოკლეს, ხოლო მერე უამინდობამაც გაართულა საქმე და გაფრენა ვეღარ შედგა. მოგვიანებით საბჭოთა სპეცსამსახურები თურქეთიდან და ირანიდან ცდილობდნენ ამ ოპერაციის დაგეგმვას, რაშიც საბჭოთა დივერსანტებს ქურთებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა. მოკლედ, ლავრენტი ბერიას ერთადერთი ვაჟიშვილი არსად დამალულა და სამშობლოს დასაცავად ყოველთვის წინა რიგში იდგა. სკოლაში სწავლის დროს სერგო ბერიას მაქსიმ გორკის შვილიშვილი მარფა პეშკოვა შეუყვარდა, რომელიც უდედმამოდ იზრდებოდა. მოგეხსენებათ, მაქსიმ გორკი, რომელსაც ტუბერკულოზი ჭირდა, 1921 წელს იტალიაში წავიდა სამკურნალოდ... მაგრამ, ფაქტობრივად, ეს იყო გაქცევა საბჭოთა კავშირიდან. გორკი ლენინის ხელისუფლებითა და ოქტომბრის რევოლუციით საშინლად იმედგაცრუებული იყო. ამის გამო მოკლეს კიდეც, ხოლო მისი ვაჟი მაქსიმ პეშკოვი – მარფას მამა, ჯერ გაალოთეს და შემდეგ, მოწამლეს. მარფა პეშკოვა გახლდათ ულამაზესი გოგონა, რომელსაც სერგოს მიმართ საკუთი გრძნობა ჰქონდა. მარფა და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა თანაკლასელები იყვნენ და ერთ მერხზე ისხდნენ. ახალგაზრდები – სერგო ბერია და მარფა პეშკოვა 1947 წელს დაქორწინდნენ, რაც სტალინის ქალიშვილისთვის საშინელი შოკი იყო...

– რას გულისხმობთ?!

– სვეტლანა – სტალინის ქალიშვილი ვერ ისვენებდა და სერგო ბერიას ცოლს, მარფა პეშკოვას ურეკავდა – შენ ჩემი მეგობარი არ ხარ! – რატომ? – ეკითხებოდა მარფა. – არ იცოდი, რომ სერგო მე მიყვარდა?! ცოლად არ უნდა გაჰყოლოდი! – კი მაგრამ, შენ ხომ გათხოვდი გრიშა მოროზოვზე? – მერე რა, გავიდოდა ერთი ხუთი წელი და სერგო ცოლად მე მომიყვანდა!

 

– სვეტლანა ამ დროს გათხოვილი იყო!

 

– დიახ, საქმეც ის არის, რომ სვეტლანა უკვე გათხოვილი გახლდათ ებრაელ გრიშა მოროზოვზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ასეთ სიბინძურეს მაინც სჩადიოდა. ცხადია, სერგომ ამ ყველაფრის შესახებ იცოდა და სვეტლანას დანახვა არ უნდოდა. ლავრენტი ბერიას რძალი ისე მოსწონდა, რომ აღმერთებდა. ლავრენტიმ და ნინამ ახალგაზრდებს თავიანთი ორსართულიანი „ოსობნიაკის“ ნახევარი დაუთმეს იზოლირებული შესასვლელით – სად უნდა წახვიდეთ ან ბინა სად უნდა იქირაოთ, ჩვენთან ერთად იცხოვრეთო! მარფა პეშკოვა მართლაც დიდებული გოგონა აღმოჩნდა – წესიერი, კარგი ხასიათის, ულამაზესი... ცნობილ ქართველ მსახიობს ლია ელიავას ჰგავდა. წყვილს ბავშვი – პატარა გოგონა რომ შეეძინა, ნინა გეგეჭკორმა, რომელიც მეცნიერებათა კანდიდატი იყო და ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში მუშაობდა, სამსახური დატოვა და შვილიშვილის გაზრდა თავის თავზე აიღო. მარფა პეშკოვა იგონებს: ისეთი მოსიყვარულე ბაბუა, როგორიც ლავრენტი ბერია იყო, არ მინახავს... სულ მეხვეწებოდა, შენ დაისვენე, ბავშვს მე გავასეირნებო! ლავრენტი და ნინა ბავშვს შუაში ჩაიწვენდნენ და სულ მის ფერებაში იყვნენ... მარფასა და სერგოს მეორე შვილიც გოგონა შეეძინათ, ხოლო 1953 წლის 26 ივნისს, როცა ლავრენტი ბერია საკუთარ სახლში დახვრიტეს და მერე სერგოს, ნინას და მარფას აგარაკზე მიადგნენ, ოჯახი მესამე შვილს ელოდებოდა და მარფა პეშკოვა რვა თვის ორსული იყო. ასე დაიბადა 1953 წლის აგვისტოში სერგო ბერიას ვაჟი – სერგო ბერია.

რომ არა ცნობილი აკადემიკოსები – კურჩატოვი, ხარატონი და სოციალისტური შრომის სამგზის გმირი ბორის ვანიკოვი, ნაძირალა ნიკიტა ხრუშჩოვი სერგო ბერიას აუცილებლად დახვრეტდა! 1960 წლის 1 მაისს, პირადის მსვლელობის დროს, ნიკიტა ხრუშჩოვი ლენინის მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა, როცა სამთავრობო ტელეფონიდან დაურეკეს. ნიკიტამ ყურმილი აიღო თუ არა, მაშინვე მოახსენეს – ნიკიტა სერგეევიჩ, სვერდლოვსკის ცაზე ჩვენმა რაკეტებმა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი „უ-2“ჩამოაგდეს, რომელსაც ამერიკელი მფრინავი ფრენსის პაუერი მართავდა! ეს სწორედ სერგშო ბერიას მიერ დაპროექტებული რაკეტები იყო –„დედამიწა – ჰაერი“. მაშინვე შექმნა სხვა მოდიფიკაციის რაკეტებიც, მაგალითად, „ჰაერი – ჰაერი“. სერგო ბერიას სულ ექვსი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტის მოდელი ჰქონდა დამუშავებული და შექმნილი, რომელიც კორეის ომში წარმატებით გამოიყენეს და ამერიკელებს სისხლი გაუშრეს.

 

– ჯაშუში ფრენსის პაუერი, თუ არ ვცდები, მერე საბჭოთა აგენტ რუდოლფ აბელში გაცვალეს!

 

– დიახ, სწორედ ასე იყო... ამერიკელები შოკში ჩავარდნენ, რადგან არ ეგონათ, თუ საბჭოთა კავშირს ექენობდა რაკეტა, რომელიც 16 კილომეტრ სიმაღლეზე მათ თვითმფრინავს ჩამოაგდებდა. ფრენსის პაუერი საბჭოთა კავშირში თურქეთიდან შემოფრინდა და გეზი ურალისკენ აიღო... თვითმფრინავი სადაზვერვო გადაღებებს აწარმოებდა, მაგრამ შეამჩნიეს და ჩამოაგდეს. სულ ორი რაკეტა ისროლეს, მაგრამ პირველი მიზანს ასცდა. როგორც ამბობენ, პირველი რაკეტის ფუჭი გასროლა იმან განაპირობა, რომ რაკეტის დამიზნებაში შეცდომა დაუშვეს.

 

– „ბუტირკის“ ციხის შემდეგ სერგო ბერიას და დედამისის ნინა გეგეჭკორის ბედი როგორ წარიმართა?

 

– დაახლოებით 1954 წლის ბოლოს სერგო და ნინა „ბუტირკიდან“ გაათავისუფლეს და სწორედ შორეულ სვერდლოვსკში უკრეს დედა-შვილს თავი, სადაც სერგო ისევ დახურულ ქარხანაში რაკეტებზე მუშაობდა. ძველი ჩეკისტები, ლავრენტი ბერიას ერთგული კადრები, რომლებიც ყველაფერს კარგად ხვდებოდნენ, დედა-შვილს ეხმარებოდნენ... ხშირი იყო შემთხვევები, როცა მათ მანქანას გაუჩერებდნენ და ეტყოდნენ – თუ გნებავთ, სამსახურამდე მიგიყვანთ! ნუ გვიწყენთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ვერაფერს ვშვრებით! ნინა გეგეჭკორს საშინლად გაუჭირდა სვერდლოვსკში ცხოვრება, ის ვერ შეეგუა მკაცრ პირობებს და 1964 წლის ოქტომბერში ისე ცუდად გახდა, რომ კინაღამ მოკვდა.

როგორც კი ხელისუფლებაში ბრეჟნევი მოვიდა და პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა, 1965 წელს სერგო ბერია კიევში, დეიდას ოთხოთახიან ბინაში გადავიდა, სადაც დედასთან, თავის 14 წლის ქალიშვილთან და 11 წლის ვაჟთან ერთად მოეწყო... სერგომ მუშაობა დაიწყო კიევის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „კომეტაში“, სადაც თავიდან სარაკეტო-კოსმოსური სისტემების მთავარი კონსტრუქტორი იყო. ალექსანდრე ნადირაძეს, გალაკტიონ ალფაიძესა და ვახტანგ ვაჩნაძეს სერგო ძალიან კარგად იცნობდა. სერგო ბერიას ერთი ქალიშვილი ფინელ დიპლომატს გაჰყვა ცოლად. გოგონას საზღვარგარეთ არ უშვებდნენ... სერგო შევიდა ანდროპოვთან და 5 წუთში მოუგვარეს პრობლემა – სერგოს ქალიშვილს საზღვარგარეთის პასპორტი მისცეს!

 

– მარფა პეშკოვას რა დაემართა?

 

– სამწუხაროდ, სერგო და მარფა ამ საშინელი ტრაგედიების შემდეგ დაშორდნენ და მათი ოჯახი დაინგრა... მარფამ და ბავშვებმა ვერ გაუძლეს სვერდლოვსკის საშინელ კლიმატს და მოსკოვში წავიდნენ, მოგვიანებით ცოლ-ქმარი გაიყარა კიდეც.

 

– სერგო ბერია საქართველოში ვისთან ჩამოდიოდა და საერთოდ თუ ჩამოდიოდა?

 

– სერგო საქართველოში თავის დეიდაშვილთან, ექიმ თემურ მახათაძესთან ჩამოდიოდა და თბილისში, კლარა ცეტკინის ქუჩაზე რჩებოდა. ერთხელ, როცა კომუნისტების დროს ჩამოვიდა, რათა ბებია ენახა, ალექსი ინაურმა გამოიძახა და უბრძანა – 24 საათში საქართველოში შენი „დუხი“ არ ვნახოო!

 

– ლავრენტი ბერიას დედამ და სიდედრმა – სერგო ბერიას ბებიებმა რამდენ ხანს იცოცხლეს?

 

– ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ არც დედამისს – მართა ჯაყელს და არც დარიკო ჩიქოვანს – ნინა გეგეჭკორის დედას დიდხანს არ უცოცხლიათ... 1954 წელს ორივე კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის უპატრონოთა სახლში გაამწესეს და, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს. დიახ, ლავრენტი ბერიას დედა, რომლის შვილიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა, კასპის უპატრონოთა სახლში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, მშიერი აღესრულა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მართა ჯაყელი დაბრმავდა, 1955 წელს ნინა გეგეჭკორმა მოახერხა და რაღაც სასწაულით ინახულა დედაც და დედამთილიც. ნინას მარცხენა ხელის მტევანზე ძვალი ჰქონდა ამობურცული... დაბრმავებულმა მართა ჯაყელმა რძალს ხელი ჩამოართვა თუ არა, მაშინვე იცნო – ვაიმე, შვილო, ნინა, შენ ხარ?! ერთიც და მეორეც მწარედ აქვითინდნენ... ნინამ, რა თქმა უნდა, დედამისი დარიკო ბესარიონის ასული ჩიქოვანიც ნახა... ლავრენტი ბერიას დედაც და სიდედრიც 1955 წელს კასპის უპატრონოთა სახლში გარდაიცვალნენ და იქვე, მიგდებულ ადგილას დამარხეს. წლების შემდეგ ბერიას სიძემ, ყრუ-მუნჯი დის ანეტას ქმარმა ლევან ლოლაძემ ეს ცხედრები დიდი გაჭირვებით მოაგროვა, ნინა გეგეჭკორის ფერფლიც ჩამოიტანა და თბილისის ზღვის სასაფლაოზე ყველა ერთად დაკრძალა. ამ საფლავებს მხოლოდ სერგო ბერიას ფერფლი აკლია, რომელმაც დაიბარა, რომ საქართველოში დაემარხათ. უდიდესი მოაზროვნე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიგლოტი მეცნიერი და სამხედრო ინჟინერი სერგო ბერია, რომელიც 2000 წლის 11 ოქტომბერს აღესრულა „სერგო ალექსის ძე გეგეჭკორის“ გვარ-სახელით, ჯერჯერობით ისევ უკრაინის მიწაზე განისვენებს. სერგო ბერიას შევარდნაძის დროს საქართველოში ძალიან დიდი გეგმები და პროექტები ჰქონდა, მაგრამ ქართველებმა კაცი ჯერ „გადააგდეს“, ხოლო შემდეგ საქართველოდან გულმოკლული გააქციეს! ამის შესახებ ვანო სტურუას შვილიშვილმა, ქართული ენციკლოპედიის წამყვანმა რედაქტორმა, ქალბატონმა ირინა გოგოლაშვილმა მიამბო.

 

– მაინც რა გეგმები ჰქონდა?

 

– ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოგითხრობთ!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი