logo_geo
ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა
- +

22 ნოემბერი. 2020. 21:43

 

 

თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – კორონავირუსულ ინფექციას სრულიად ჯანმრთელი 15 წლის გოგონა ემსხვერპლა.

 

ქეთი კობერიძე კერძო სკოლა „ქორალის“ მე–11 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. საავადმყოფოში დაწვენისას მხოლოდ ხველება ჰქონდა, იქიდან ახლობლებს ურეკავდა, მხიარულობდა. მოულოდნელად კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და მართვით სუნთქვის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო. გოგონა დაახლოებით ორი კვირა კომაში იყო, შემდეგ ექიმებმა ახლობლებს მისი გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს...

 

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი კობერიძეს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რაც მიზეზი გახდა მდგომარეობის დამძიმების, მაგრამ მისი ახლობლები ამას უარყოფენ. კლინიკის ექიმები კი კომენტარზე უარს გვეუბნებიან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბიძის, დედის ძმის, ორმოცზე დაინფიცირდა. ქეთის ბიძაშვილი ანი პაპიაშვილი ამბობს, რომ მისი მამის ორმოცი სექტემბრის დასაწყისში იყო, ქეთი და მისი ოჯახის წევრები კი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს მოხვდნენ, შესაბამისად, ორმოცზე დაინფიცირება გამორიცხულია.

 

ანი პაპიაშვილი ამჟამად ინგლისში იმყოფება, ინტერვიუზე იმ მოტივით დაგვთანხმდა, რომ უარყოს ის ცრუ ინფორმაციები, რაც ქეთის გარშემო აგორდა, ანიმ მამიდაშვილს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

 

„მთელი ბავშვობა მამწარებდი, ჯერ ყველაფერში მბაძავდა (დანახვის ხატს ვეძახდი), მერე სულ ჩემი ნივთები უნდოდა და მეც გიჟივით ვეჩხუბებოდი, ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი, რომ ჩვენს ძველ სახლში ცეკვის სტუდია გავხსენი, სადაც ქეთა ჩემს მოსწავლედ წარმომედგინა და დაუსრულებლად ვაცეკვებდი, თან ბებიაჩვენის სარაფნებს ვიცვამდით და კონცერტებს ვდგამდით, ჩვენი სანზონის სახლიდან მუდამ ჟრიამულის, სიცილის და ბედნიერების ხმა გამოდიოდა.

 

ბებიას და ბაბუას ზღვაზე რომ მივყავდით ქეთა და მე, შეხმატკბილებულები მივდიოდით, მაგრამ ზუსტად ორ დღეში გასაშველებლები ვხდებოდით. მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები, ზღვა იყო – ვერ ვიყოფდით, სულ ვიმუქრებდი, რომ გავწიწკნიდი, იმდენად ნერვებს მიშლიდა. თან ვამატებდი, საერთოდ აღარ მინდა ქეთასთან-მეთქი, თუმცა, როგორც კი ჩვენ–ჩვენს სახლებში მივყავდით, მანქანაში ტირილიანი განშორების საათები დგებოდა.

 

ნელ-ნელა წამოვიზარდეთ და მივხვდით, რომ ჩვენი კავშირი ბიძაშვილ-მამიდაშვილობაზე მეტი იყო, ამის შემდეგ ვთქვით, რომ დები ვიყავით. დავმეგობრდით, დავდაქალდით და სანზონის სახლის კედლებმა უამრავი ჩვენი საიდუმლოება დაიტია...

 

დღეს ჩემს დას ვაცილებ და ვგრძნობ, მთელი ჩემი გული მიჰყვება. მტკივა, რომ ასე შორს ვარ და აქედან გემშვიდობები. შენს გზას მე გავაგრძელებ, ჩემო პაწაწინა დაიკო, გპირდები ყველა იმ სურვილს, რაც გქონდა, შევასრულებ. ექიმობა რომ გინდოდა, გპირდები, რომ იქნები, რადგან ახლა უკვე შენ ჩემში ხარ! მშვიდად განისვენე, ქეთო, ჩემო პატარა დაიკო! არასდროს დამივიწყო, უსასრულოდ მიყვარხარ!“

 

ანი პოპიაშვილი: ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში და ეს არის მიზეზი, რის გამოც ინტერვიუზე დაგთანხმდით, თორემ ისეთ დღეში ვართ ყველა, ლაპარაკის თავიც არავის გვაქვს. ოჯახის წევრებისთვის ასეთი ინფორმაციების გავრცელებას კიდე უფრო დიდი ტკივილი მოაქვს.

 

სამი თვის წინ მამაჩემი დაიღუპა, ქეთათოს ბიძა. მასზეც ათასი სისულელე დაწერეს. მინდა ვთქვა, რომ მამაჩემი ავარიით არ დაღუპულა, ინფარქტით გარდაიცვალა. 43 წლის იყო, არც მამაჩემის ორმოცზე მომხდარა ქეთასა და მისი ოჯახის წევრების დაინფიცირება. მამაჩემის ორმოცი სექტემბრის დასაწყისში იყო და მას მერე თითქმის ერთი თვე ჩვეულებრივად იყვნენ.

 

– ითქვა, რომ ქეთის რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

 

– აბსურდია! ბავშვს არანაირი დაავადება არ ჰქონია, არც თანდაყოლილი და არც ქრონიკული თუ ფარული დაავადებები. როცა საავადმყოფოში დააწვინეს, მაშინ არანაირი გართულება არ ჰქონია, ყოველდღე ველაპარაკებოდი. ერთ დღეს ქეთას სიცხე მისცა, მერე ბებიაჩემსაც. მერე გაუგიათ, რომ ეკლესიაში ვიღაცას კორონა დაუფიქსირდა, თვითონაც დადიოდნენ იმ ეკლესიაში და გადაწყვიტეს ტესტი გაეკეთებინათ ყოველი შემთხვევისთვის. ტესტები დადებითი აღმოჩნდა. მაშინვე მივიდნენ და ბებიაჩემიც და ქეთაც საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს იყო 2 ოქტომბერს, მანამდე მხოლოდ 2 თუ 3 დღე ჰქონდათ სიცხე.

 

ქეთას მხოლოდ ყელი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და ცოტას ახველებდა. ჩვეულებრივი კოვიდის სიმპტომები ჰქონდა, როცა საავადმყოფოში დააწვინეს. მაშინ კლინიკები არ იყო გადატვირთული, კლინიკაშიც ყოველდღე ველაპარაკებოდი, იქ მხიარულად იყო. ვერც წარმოვიდგენდი იმას, რაც მერე მოხდა. ბავშვი საღსალამათი იყო, საერთოდ არაფერი სჭირდა და, როცა ჯანმრთელი ბავშვი შეგყავს კლინიკაში, სავარაუდოდ, რაღაც შეცდომა მოხდა.

 

– მთელი ოჯახი დაინფიცირებულა და წინა დღეს ქეთას ბაბუაც გარდაცვლილა.

 

– დიახ, ქეთას ბაბუაც გარდაიცვალა, მამის მამა.  ქეთას ყოველდღე ველაპარაკებოდი და ვხვდებოდი ხველა ნელ-ნელა ურთულდებოდა.  ბოლოს რომ დავრეკე, იმ დროს აუტყდა ხველა, ვუთხარი ექიმს დაუძახეთ, როგორ გახველებს-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. ამის მერე რომ დავრეკე, მითხრეს რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ. როგორც მითხრეს, დააძინეს, რომ გადასხმები მშვიდად გაეკეთებინათ. არ მინდა ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეიყვანეს და... მერე წამომდგარა საპირფარეშოში შესასვლელად და მაგ დროს გული გაჩერებია. დიდი ხანი დასჭირდათ, რომ გული აემუშავებინათ, გული აუმუშავეს, მაგრამ მერე გვითხრეს ტვინმა შეშუპება დაიწყოო. კვირაზე მეტხანს იყო კომაში და ყოველდღე სასწაულს ველოდით.

 

ინტერნეტში ათას სისულელეს წერენ, ეპილეფსია ჰქონდაო, გულის მანკით იყო დაავადებულიო, ფარული ეპილეფსია არსებობს? ეპილეფსიური შეტევა არასდროს ჰქონია ბავშვს.

 

დღეში ერთხელ თუ ვახერხებდით, ვინმე ჩვენიანი ექიმს გასაუბრებოდა და ნაცნობობით ვიგებდით ამბავს, ჩვენი ნაცნობები მუშაობენ ამ კლინიკაში და მათ ვეკითხებოდით ამბავს. იმდენად უმართავია უკვე კორონაპანდემია საქართველოში, რომ როგორი კარგი კლინიკაც უნდა იყოს, ვეღარ უმკლავდებიან.

 

– ქეთას ბაბუა რა გართულებით გარდაიცვალა?

 

– ქეთას ბაბუა და მამა ერთ პალატაში იწვნენ იმავე კლინიკაში. ბაბუას რომ გაურთულდა მდგომარეობა, ისიც რეანიმაციაში შეიყვანეს. მერე თქვეს, რომ გამოკეთდა და პალატაში დააბრუნესო, სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავით ქეთაზე გადართულები, არც მიკითხავს ბაბუის ამბავი, არც ვიცოდი, რომ ისიც მძიმედ იყო. მერე კი მითხრეს, ქეთას ამბები ესმოდა და ამის გამო ინერვიულაო, პალატაში გადმოყვანილი ისევ შეუბრუნებიათ რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. საშინლად არიან ქეთას მშობლები.

 

– სხვა შვილი ჰყავთ?

 

– კი, მეორეკლასელი გოგონა ჰყავთ კიდევ.

 

– რა ოცნებები გაიყოლა ქეთამ იმ სამყაროში?

 

– მსახიობობა და ექიმობა უნდოდა, ბოლოს რომ ველაპარაკე, ვუთხარი ინგლისური ისწავლე წელს ძალიან კარგად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემთან წამოგიყვანო-მეთქი. ელოდებოდა იმ დღეს, როცა ერთმანეთს ვნახავდით, თებერვალში წამოვედი ინგლისში და მას მერე აღარ მინახავს. მსახიობობა უნდოდა და თამაშობდა კიდეც სერიალში „ნინველი“ ყველა კასტინგზე, სადაც მივიდა, როლზე ამტკიცებდნენ, ვიზუალურად იმდენად გამორჩეული, ისეთი ლამაზი და დადებითი იყო... „ნინველს“ გიორგი ვარდოსანიძე იღებდა და „აჭარა ნეტზე“ იდებოდა სერიები, მთელი ოჯახი ვუყურებდით და ვგულშემატკივრობდით. სექტემბერში კიდევ რაღაც ფილმის კასტინგზე იყო და, როგორც ვიცი, იქაც მთავარ როლზე დაამტკიცეს.

 

სულ ამბობდა, რომ სამედიცინოზე ჩააბარებდა, რადგან ექიმობაც უნდოდა. მეც და ქეთაც ბავშვობიდან ბალეტზე დავდიოდით და ვმღეროდით, ბალეტი ჩვენი ჰობი იყო, ქეთა ჰიპ-ჰოპზეც დადიოდა. ყოველმხრივ ნიჭიერი იყო, ძალიან კარგად სწავლობდა. ქერა გოგო იყო და ცისფერი, ბრიალა თვალები ჰქონდა. იმდენად უყვარდა სიცოცხლე, ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომ ეს ბავშვი აღარ არის.

 

ქეთი კობერიძის კლასელი, დიზაინერ ნანა მელქაძის ვაჟი, ირაკლი ვაჭარაძე ისხენებს:

 

– საუკეთესო გოგო იყო, ძალიან კეთილი და ლამაზი, რომ გავიგეთ კორონა ჰქონდა, ვიფიქრეთ, რომ ჩვეულებრივად გადაიტანდა, მაგრამ საშინელება მოხდა, თურმე გული გაუჩერდა და აუმუშავეს, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

 

ქეთი ბოლოს კარანტინის დაწყებამდე, მარტის დასაწყისში ვნახე, არაფერი სჭირდა, ჯანმრთელი გოგო იყო, კიდევ არ მჯერა, რომ აღარ არის. კორონათი ბევრი არ კვდება და ამას როგორ წარმოვიდგენდით?! ძალიან კარგად სწავლობდა და ბეჯითი იყო, როცა სწავლა მეზარებოდა, ისეთ რამეს მეტყოდა, მოტივაცია მიბრუნდებოდა.

 

მოკრივე ვარ და ჩემპიონატზე გასვლის წინ ისეთ რამეს მეტყოდა... მიდი, ირა, შენკენ ვარო და ეს სიტყვები მეტ მოტივაციას მაძლევდა, ძალიან ლამაზი გოგო იყო, ქერა, ცისფერთვალება...

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი