logo_geo
„ასე თუ გაგრძელდა და თეატრში არ შეგვიშვეს, ხომ მოვკვდები?! – უსამსახუროდ დარჩენილი მსახიობების განწყობა
- +

27 ნოემბერი. 2020. 02:03

 

 

თუ ვინმეს შეეხო პანდემია და გააჩერა, ერთ-ერთი პირველი მსახიობები არიან. ყურებჩამოყრილ, უიმედოდ და უსაქმოდ დარჩენილებს თეატრი ენატრებათ. საყვარელი საქმის გარეშე ცოტა ხანი გაძლება კიდევ შეიძლება, მაგრამ ამას რომ ფინანსური სიდუხჭირე ერთვის, მძიმე სურათს ქმნის. მსახიობი იმ პროფესიის ადამიანია, თუნდაც შესამოსავლისთვის სხვა სფეროს რომ ნაკლებად ითავსებს. მთელ რესურსს ითხოვს და თან მსახიობებს ეს პროფესია ისე ძალიან უყვართ, რომ გაჭირვების მიუხედავად, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ. პროფესიის ერთგული თუ ვინმეა, პირველ რიგში – მსახიობი.

 

აი, ასეთ ხალხს არ აქვს დღეს სამსახური, საქმე, შემოსავალი. სამწუხაროდ, ერთადერთნი არ არიან…

 

შეშინებული ვარ, საერთოდ ხომ არ მოგვისპობენ თეატრს-მეთქი? თუ არადა, სულ მიტინგებია ამ პარლამენტის წინ, ავდგები და იქ ვითამაშებ მონო სპექტაკლს. ხალხი ირევა, გაივლიან-გამოივლიან, ხომ შემომხედავენ, ტაშს დამიკრავენ, ალბათ. გავიხარებ ჩემს ჭიას და უკან წამოვალ.

 

– ამაზე მართლა გიფიქრიათ?

 

– როგორ არ მიფიქრია? ასე თუ გაგრძელდა და თეატრში არ შეგვიშვეს, ხომ მოვკვდები?! საერთოდ არ მინდა არაფერი. ვნახავ თანამოაზრეებს, შევიკრიბებით და პარლამეტის წინ იმ გადასარევ ფილაქნებზე ვითამაშებთ. აბა, რა ვქნათ, ეს სიცარიელე რომ არ შევივსოთ? ეს მართლა სულიერი სიკვდილია. აბსოლუტური რობოტი ვარ. რასაც ვაკეთებ, მექანიკურია. ჩვეულებრივი რუტინა – რა გავუკეთო საჭმელი, “ლარიანში” ახალი ტილო მაქვს საყიდელი, რომ იატაკი კარგად მოვხეხო… არ მინდა! მე 13 წლიდან ვმუშაობ და ვერ ვჩერდები.

 

რაღაც უნდა მოიფიქრონ. ზაფხულში ვაკის პარკში რომ ვითამაშეთ აქციით – “ასი სკამი”. ელექტრო მაღაზიებმა ხომ შეიძლება თეატრებს სპონსორობა გაუწიონ და ღია სცენები დაათბონ. ან სულაც აჩუქონ გამათბობელი. როგორც ახალ წლის კონცერტებს ათბობენ. მოედნებზე, პარკებში ვითამაშებდით. მონდომებაა საჭირო, თორემ ყველაფერი შესაძლებელია.

კიდევ კარგი ნანა ჯორჯაძემ გადამიღო ფილმში და ღმერთმა გაახაროს.

 

ალეკო მახარობლიშვილი: – ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა. ვერაფერს ვიზამთ. ამ უცნაურ ავადმყოფობაზე ვართ დამოკიდებული.

 

თეატრის ნაწილი, სადაც ცოტა ადამიანია დაკავებული, მუშაობს.

თემურ ჩხეიძესთან 16 მსახიობიანი პიესა გავაჩერეთ და ახლა ორკაციან პიესაზე ვმუშაობთ. შმიტდის “იდუმალი ვარიაციების” სამაგიდო რეპეტიციას, ბატონ თემურთან, მე და გია ბუჯანაძე გავდივართ. შორიშორს ვსხედვართ, ვიცავთ დისტანციას, ნორმებს. არ ვიცი, როდის დაგვრთავენ თამაშის ნებას, ან საერთოდ ვითამაშებთ თუ არა. რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმას ვაკეთებთ. მთლად უსაქმოდ არ ვარ.

 

 მიშა გომიაშვილი: – ვსვამ წამლებს და ვარ. მადლობა მოკითხვისთვის. ყველაფერი გაჩერებულია, ვზივართ ასე უკაპიკოდ, უფულოდ, უსამსახუროდ და გაჩერებული პროექტებით. გარშემო ამდენი ხალხი იღუპება… შეიძლება თბილისში ვინმე ახლობელი არ გყავდეს კორონა-მაიმუნობისგან გარდაცვლილ ადამიანებში? მძიმე ვითარებაა…

 

 ალეკო ბეგალიშვილი: – თეატრის კარები ჩაგვირაზეს, ბარები სანამ დაიკეტებოდა, ვუკრავდი. გახმოვანება მქონდა, ხვალიდან ისიც იკრძალებაო, მითხრეს. იქიდან ჰონორარი უნდა ამეღო, თუ გავჩერდებით, ვინ მომცემს წინასწარ? ასე უმოქმედოთ ვარ, არაფერს არ ვაკეთებ.

 

ელექტრო გიტარა მაქვს სახლში შეერთებული და იმაზე ვიფხან ნერვებს. მიდის უბანში დალევა და ასე შემდეგ. ხანდახან ონლაინშიც მიწევს დალევა. პირველი პანდემიის დროს ონლაინში ვქეიფობდი. აბა, რა გვექნა, მთელი საქართველო ასე არ იყო?..

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი