logo_geo
ლალი ტოტიკაშვილი: ასაკს არ ვმალავ, თუმცა არც აფიშირებას ვახდენ
- +

30 ნოემბერი. 2020. 00:59

 

 

მოდელი ლალი ტოტიკაშვილი იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, ვისაც დიეტა არასოდეს დაუცავს. ამბობს, რომ გემრიელად ჭამაც უყვარს და გურმანიცაა, თუმცა გენეტიკის წყალობით, ეს მის გარეგნობაზე არ აისახება. არც რაიმე განსაკუთრებულ პროცედურებს იტარებს, რომ ასე საოცრად გამოიყურებოდეს. უბრალოდ, უყვარს ყველაფერში ზომიერების დაცვა და საკუთარი ინდივიდუალიზმის წინ წამოწევა.

 

ლალი ტოტიკაშვილი: ბავშვობაში ძალიან პრანჭია ვიყავი, ვირგებდი დედის ტანსაცმელს და ქუსლიან ფეხსაცმელს, ვდგებოდი სარკესთან და ვმღეროდი (იცინის). დღეში ხუთჯერ ვიცვლიდი სამოსს. გავიპრანჭებოდი, გავიდოდი ეზოში სათამაშოდ და ცოტა ხანში ვბრუნდებოდი, რომ ისევ გამომეცვალა. ზოგადად, არ ვიყავი მომთხოვნი და პრეტენზიული ყიდვის თვალსაზრისით, მშვიდი და დამჯერი ვიყავი, თუმცა, გაპრანჭვა მიყვარდა.

 

– სერიოზულად როდის დაიწყე თავის მოვლა? თმის შეღებვა, მაკიაჟის გაკეთება და ასე შემდეგ.

 

– დაახლოებით, მერვე კლასიდან დავიწყე თავის მოვლა. თმა არ შემიღებია, თუმცა, „რუმიანას“ ვისვამდი და მომწონდა. 16 წლის ასაკში პოდიუმზე მოვხვდი და იქ მიკეთებდნენ მაკიაჟს. სწორედ, ამ ასაკიდან დავიწყე სერიოზულად თავის მოვლა, მაკიაჟის გაკეთება და ინტენსიურად სალონებში სიარული.

 

–  ეთანხმები მოსაზრებას – ქალი იმდენი წლისაა, როგორც გამოიყურებაო, თავად თუ მალავ ასაკს?

 

–  ასაკს არ ვმალავ, თუმცა არც აფიშირებას ვახდენ (იცინის). ნამდვილად ვეთანხმები ამ აზრს – ქალი როგორც გამოიყურება, იმ ასაკის არის და წლოვანება მხოლოდ ციფრებია. სანამ პატარა ხარ, ვერ გრძნობ, მაგრამ ეს ბოლო წლები, როცა მეუბნებიან იმ წლოვანებაზე ნაკლებს, რამდენისაც ვარ, გავაცნობიერე, რომ ზუსტად იმდენი წლის ვარ, როგორც გამოვიყურები (იცინის). საერთოდ, მგონია, შინაგანი განწყობა და ემოციაა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ადამიანის გარეგნობაზე ახდენს ეფეტს. ადამიანის ვიზუალზე მოქმედებს ყველაფერი, რაც ხდება მის შიგნით. თუ არის დასტრესილი, შურიანი, აგრესიული, ბოღმიანი და ასე შემდეგ, ეს გარედანაც ემჩნევა და ვიზუალზე  აისახება. ამას ჩემი ადამიანებზე დაკვირვებით ვამბობ. ხოლო, როცა ხარ ლაღი, პოზიტიური და სიკეთით სავსე – ეს ადამიანს სხვა სხივს მატებს და ვიზუალზეც დადებითად აისახება. როცა გარეგნულ შარმზე ვსაუბრობთ, ასევე, დიდი როლი აქვს გენეტიკასაც.

 

– საკუთარ გარეგნობაში ექსპერიმენტები თუ ჩაგიტარებია – მაგალითად, კვირაში რომ რამდენიმეჯერ იღებავენ თმას.

 

– თმას არ ვიღებავ, ბუნებრივი ფერი მაქვს. თუმცა, ერთხელ, წლების წინ, ჩავატარე ექსპერიმენტი და გრძელი თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი. მომიხდა და ყველა გადაირია. სამი წელი ვიარე მოკლე ვარცხნილობით, თუმცა, მივხვდი, რომ გრძელ თმაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და იმის მერე ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება აღარ მიმიღია. ზოგადად, რომ გითხრათ, გადაყოლილი ვარ კანის მოვლაზე-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, დილით და საღამოს სუფთა  სახის კანზე ვისვამ დამატენიანებელს, წელიწადში რამდენიმეჯერ კი კოსმეტოლოგ-ექიმს მივმართავ და სხვადასხვა პროცედურას ვიტარებ. ზოგადად, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიყვარს. არ მომწონს გადამეტება, არაბუნებრიობა. ბოტოქსსაც ვიკეთებ, ბიორევიტალიზაციასაც, თუმცა, გადამეტების გარეშე. არ ვეთანხმები იმას, რომ ასაკში ქალს ნაოჭი უხდება. თუმცა, არც ძალიან გადაჭიმული სახეები მომწონს, როცა ადამიანის გამომეტყველებიდან არანაირი ემოცია არ მოდის. ამიტომ ვამბობ, თუ სჭირდება ქალს, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ბოტოქსიც, ტუჩის დაბერვაც და ცხვირის კორექციაც, ოღონდ, ზომიერად და არა ისე, დღეს ყველა ერთმანეთს რომ დაემსგავსა. სახის პროცედურის ჩატარება სულ რამდენიმე წელია, დავიწყე და ვფიქრობ, 25 წლის რომ ხარ, ბოტოქსი ძალიან ადრეა. თუ ვინმეს აქვს პრობლემა და ეს ხელს უშლის თვითრეალიზაციასა და ბედნიერებაში, რასაკვირველია, ქირურგიულ ჩარევასაც უნდა მიმართოს. მაგრამ, როცა ეს არ გჭირდება და მაინც ექსპერიმენტზე მიდიხარ, ამას არ ვამართლებ. კიდევ ვამბობ, ვიზუალურად ყველა ისე დაემსგავსა ერთმანეთს, რომ დაკარგა ინდივიდუალობა გარეგნობაში. ხშირად სახეები ერთმანეთში მერევა. მოდას კი არ უნდა აჰყვე, უბრალოდ, ისე უნდა შეიტანო კორექტივები შენს გარეგნობაში, რომ ინდივიდუალურობა არ დაკარგო, არ გადააზედმეტო და არ დაემსგავსო ყველას.

 

– როგორი ჩაცმის სტილს ანიჭებ უპირატებას და თუ ითვალისწინებ მოდის ტენდენციებს?

 

– რაც მიხდება, ვიცვამ იმას. თუმცა, მოდის ტენდენციებსაც ვითვალისწინებ, თუ ჩემს გემოვნებაში ჯდება და მიხდება. ჩემს გარდერობში, ძირითადად, სპორტული ტანსაცმელი სჭარბობს, რადგან ყოველდიურად მაცვია ჯინსი, ბოტასი და მაისური, რაშიც თავს კომფორტულად და გემრიელად ვგრძნობ. თან, ისეთი პერიოდი დაგვიდგა, სპორტული ტანსაცმლის გარდა სხვა სამოსი არც მჭირდება. ქუსლიანი ფეხსაცმელი კარგა ხანია, არ ჩამიცვამს, ჩემთვის უფუნქციო გახდა. არც გადაღებებია, არც დაბადების დღეები, არც ღონისძიებები, არც შეკრებები და მოიწყინეს ჩემმა კაბებმა და ქუსლიანმა ფეხსაცმელებმა კარადაში. ამიტომ, ბოტასი და კეტი გახდა ჩემი ყოველდღიურობა. ზოგადად, არ მომწონს ზედმეტად ვულგარულობა ჩაცმაში. მიყვარს, როცა სხვების ფოტოებს ვათვალიერებ მოკლე კაბასა და ამოღებული ზედათი, თუმცა, მე არ ვიცვამ. არ მგონია, ქალის სილამაზე მხოლოდ თამამ ფოტოებში ჩანდეს. თქვენ წარმოიდგინეთ და არც პირად ფოტოალბომში მომეპოვება ვულგარულად ჩაცმული, თამამი ფოტოები (იცინის).

 

– ყოველთვის სასურველ ფორმაში ხარ და ეს დიეტების დამსახურებაა, ვარჯიშის თუ სწორი კვების?

 

– ბოლო ორი წელია, აქტიურად ვვარჯიშობ. ვცდილობ, ვიკვებო ჯანსაღად, თუმცა, მიყვარს გემრიელად ჭამა, გურმანი ვარ. გასუქებისა და წონის მატების პრობლემა არასოდეს მქონია, ვჭამ, როცა მინდა და რასაც მინდა და სტაბილურ წონაზე ვარ. არასოდეს დამიცავს დიეტა. ტკბილეული არა, მაგრამ ცომეული და გემრიელი კერძები მიყვარს და ბევრს უკვირს: როგორ ინარჩუნებ წონას, რა დიეტას იცავო (იცინის). უცხო ადამიანები მწერენ, რომელ დიეტას იცავთო და რომ ვეუბნები, არანაირს-მეთქი, მე თავად ვვარდები უხერხულ სიტუაციაში – არ ეგონოთ, ვატყუებ. ხშირად, იმასაც მეკითხებიან, რომელ თმის საღებავს ხმარობთო, არადა არასოდეს შემიღებავს თმა და მაშინაც იგივე შეგრძნება მქონდა, ხალხს მატყუარა არ ვეგონო-მეთქი. ჩემს გოგოს ძალიან უყვარს მაკიაჟი, რომელსაც მალევე იცილებს და სულ ვურჩევ, რაც უფრო გვიან დაიწყებს მაკიაჟის გაკეთებას და თმის შეღებვას, მით – უკეთესი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი