logo_geo
ჯიმი აბესაძე: არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც 28 წამში საერთო ენას ვერ გამოვნახავ
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:01

 

 

 

„ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი ამპლუის მორგება ჯიმი აბესაძეს მოუწია. ეს ძალიან სპონტანურად მოხდა და ამის მიუხედავად, იუმორისტმა თავი ყველაფერს კარგად გაართვა, მაგრამ თურმე, ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად.

 

ჯიმი აბესაძე: ვისარგებლე გიორგი გაბუნიას ავადმყოფობით. გიოს კოვიდი დაუდასტურდა და ჩვენმა პროდიუსერმა – ზვიად ბლიაძემ თქვა, ჩავარდა ეს გადაცემაო და დავიშალეთ. გვიან ღამით მირეკავს და მეუბნება, ხვალ გადაცემა შენ უდა წაიყვანოო. ძალიან ვინერვიულე და სიმართლე გითხრათ, მერე თავიდან ბოლომდე ვერც ვუყურე. მონოლოგში ვთქვი კიდეც, ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, ჩემი და გიოს ავადმყოფობით მივაღწიე-მეთქი (იცინის). საერთოდ, როცა რამე მიზანი მაქვს დასახული, სანამ ბოლომდე არ მივიყვან, ვერ მოვისვენებ. მაგალითად, ჩემს ოჯახში სტუმარს თუ აგვიანდება, დილით მოსასვლელი საღამოს ცხრაზე რომ მოვიდეს, მანამდე მე საჭმელს ვერ შევჭამ და მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ მივუჯდები სუფრას. გაბუსთან ჩემს შემოსვლებს უკვე მივეჩვიე, მაგრამ ეს ახალი გამოწვევაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი იყო, ძალიან რთული აღმოჩნდა. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და სხვა დროს თუ სულ ენერგიულად ვარ, იმ დღეს რომ მელაპარაკებოდნენ, არაფერი მესმოდა. ერთი სული მქონდა, როდი „მივახრჩობდი“ ამ გადაცემას. გიოს ვეუბნებოდი, სწრაფად დაბრუნდი, თორემ უკვე ათი წლის სიცოცხლე დავკარგე-მეთქი.

 

– როცა გადაცემა ნახა, რა გითხრა?

 

– მე და გიო ოჯახის წევრები ვართ, ჩემი ძმაა. მარტო მისი აზრი მაინტერესებდა და მითხრა: ბიჭო, ჯიგარი ხარ, საღოლ, მიყვარხარო. ამან ძალიან გამახარა. ვაიმე, რომ მახსენდება გადაცემის ჩაწერამდე როგორ ძაღლივით ვიღრინებოდი, ახლაც ვღელავ. ღამე ვიჯექი და გამთენიამდე სცენარს ვმეცადინეობდი. ყველაფერმა რომ ჩაიარა, მეგონა, თავიდან დავიბადე. ქართველებმა ვიცით იმის დაბრალება, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩერო და მინისტრობა შესთავაზო, უარს არ გეტყვის, მაგრამ შეიძლება, სულაც არ იცოდნენ, იქ რას გააკეთებენ. ამ დამოკიდებულებას ძალიან არ ვემხრობი. ვიღაც იტყვის: როგორ ვერ წაიყვან, შემოსვლები ხომ გაქვს ამ გადაცემაში, „პოსტივიზე“ პატარა გადაცემაც მიგყავსო, მაგრამ „ჯიმი ჩუ“ სულ სხვა მასშტაბის გადაცემაა, ეს შოუ კი უფრო კლასიკურ წამყვანს მოითხოვს და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მერე სოციალურ ქსელში კომენტარებიც წავიკითხე და იმდენი კომპლიმენტი იყო, ცოტა ხნით ჩემი თავი შემიყვარდა. ამხელა შოუს წამყვანი ვიყავი ერთი დღით და ახლა შემოსვლები შემაშინებს? (იცინის).

 

– იმ მომენტში ვერავის ვეკონტაქტებოდიო, როცა სხვა დროს, თურმე, ისეთი აქტიური ხარ, გიჟს გეძახიან.

 

– ზვიო მეძახის ხოლმე ძალიან ხშირად, ჩვეულებრივი გიჟი ხარო. იმიტომ, რომ ძალიან აქტიური ვარ და ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. სულ უნდა ვმოძრაობდე, ბავშვობიდან ასეთი ვარ, მაგრამ დიდი მუშაობისას ხალხმრავალ ადგილებს გავურბივარ. ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან ძალიან აქტიური ვარ, კონტაქტურიც, არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც 28 წამში ვერ გამოვნახავ საერთო ენას, მაგრამ ხალხმრავლობას ვერიდები. ამასთან ერთად, ძალიან გულჩვილი ვარ. შემიძლია, ფილმის გამო ვიტირო. ქუჩაში ერთი რომ მეორეს ჩაგრავს და მე მისი დახმარება არ შემიძლია, შეიძლება ვიტირო.

 

– როცა შენთვის ძვირფას ადამიანს უჭირს...

 

– ვერ ვხვდები, რა გავაკეთო. წლის და ექვსი თვის ბიჭი მყავს. უფროს დასთან ერთად თამაშობდა და ახალფეხადგმული თავით კედელს დაეჯახა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ახლა მეზობლები მეუბნებიან, შენ სახეს რომ ვუყურებდით, ვერ ვხვდებოდით, რა გჭირდაო. ვერ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა და პირველსა და მეოთხე სართულს შორის დავრბოდი. როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანია საფრთხეში, ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. ამიტომ ჩემი მეუღლე და და, სულ ამბობენ ხოლმე, ჯიმი არის ადამიანი, რომელსაც პრობლემაზე არ უნდა ელაპარაკო და ისე ღმერთმა მოგცესო. პრობლემის დროს ძალიან ვიბნევი, თან, ძალიან მშიშარა ვარ, რაც ჩემს სიცოცხლეს ერთი პროცენტით მაინც შეუქმნის საფრთხეს, ახლოს არ გავეკარები. ძალიან ფრთხილი ვარ, მეუბნებიან ხოლმე, რომ ყველაზე გაწონასწორებული მძღოლი ვარ, საკუთარ სიცოცხლეს რისკქვეშ ვერასდროს დავაყენებ.

 

– სიყვარულის ამბებში ძალიან მორიდებული ყოფილხარ.

 

– კი, ერთი გოგო მიყვარდა ბავშვობაში, მე ვერ ვეუბნებოდი და ჩემმა მეგობრებმა უთხრეს ამის შესახებ. მახსოვს, რამდენიმე დღე სკოლაშიც ვერ მივდიოდი და მეგობრები დამცინოდნენ. ჩემს კლასელებს, ალბათ, ვერასდროს წარმოედგინათ, რომ თეატრალურში ჩავაბარებდი და ჩემს ცხოვრებას თეატრს დავუკავშირებდი. იუმორის ნიჭი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ძალიან მორიდებული ვიყავი. თუ ცხოვრებაში რამეს მივაღწიე, ეს დედაჩემის დამსახურებაა. დედა სულ ჩემთან ერთად იყო სკოლაში, ახლა მე რომ ვერ მირეკავს, ჩემს მეუღლეს ურეკავს და ჩემს ამბავს კითხულობს. და მყავს – ნანუჩი და ხანდახან მეუბნება ხოლმე, დედას მე ეგრე არ ვუყვარვარ და ნაშვილები ხომ არ ვარო?! ჩემზე ყოველთვის გართულება ჰქონდა. სკოლაში თუ არ მოდიოდა, გზაში მხვდებოდა, რატომ დაიგვიანეო. ხიფათიანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ავადმყოფური შიში ჰქონდა. მოედანზე რომ ვთამაშობდი, გვერდით ჩაივლიდა, ვითომ სხვაგან მიდიოდა, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ უნდოდა ჩემთვის გადმოეხედა. ახლაც უკვე ორი შვილი მყავს და მაინც სულ ხაზზეა. დიდი მადლობა მას, ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. გოგოებისადმი დამოკიდებულებას რაც შეეხება, მოზრდილ ასაკშიც მქონდა სიყვარულში გამოტყდომის კომპლექსი. ჩემი კონტაქტურობიდან გამომდინარე, არავისთან მიჭირს ურთიერთობა, მაგრამ თუ გოგო მომწონდა, მაშინ ყველაფერი იცვლებოდა. საბედნიეროდ, ჩემს მეუღლესთან ასე არ მოხდა.

 

– მეუღლისთვის თუ გაგიკეთებია რაიმე სიგიჟე, სიურპრიზი?

 

– ჩემი მეუღლე სულ ამბობს ხოლმე, მიხარია, შენნაირი მამაკაცი რომ შემხვდაო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახის სიყვარულია. ჩემს მეუღლეს არასდროს აქვს ეჭვიანობის საბაბი. ოჯახში ყოფნა ჩემთვის უდიდესი კომფორტია, მე და ჩემს მეუღლეს ბევრი გვაქვს გამოვლილი და ყველაფერს ერთად მივაღწიეთ. მაგრამ თარიღები სულ მავიწყდება და ჩემი მეუღლის დაბადების დღეს და ჩვენი ქორწინების თარიღს ჩემი და მახსენებს ხოლმე, მე მარტო ჩემი და ჩემი შვილების დაბადების დღეები ვიცი. ეს უყურადღებობით არ მომდის, ძალიან გაფანტული ვარ.

 

 

ქეთი კაპანაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი