logo_geo
მეგი საჯაია: კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიმართ ერთგვარი სტიგმა ჩამოყალიბდა - საავადმყოფოები უარს ამბობენ მათ მიღებაზე
- +

5 დეკემბერი. 2020. 00:01

 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკაა. პარალელურად, გართულებულია ჰოსპიტალიზაცია და მძიმე პაციენტებიც ან საერთოდ ვერ გადაჰყავთ კლინიკაში, ან 2-3 დღის შემდეგ მიდის სასწრაფო დახმარება ადგილზე. ვირუსს ემსხვერპლნენ როგორც ასაკოვანი, ასევე ახალგაზრდა ადამიანები. სოციალურ სივრცეში შექმნილია ბევრი ჯგუფი თუ პლატფორმა, საიდანაც ადამიანებს კვალიფიციური რჩევების მიღება შეუძლიათ. "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია" ჟურნალისტებისა და ექიმების გაერთიანებაა. ორგანიზაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და პაციენტთა უფლებადამცველი მეგი საჯაია გვიყვება, რამდენად ხშირად ირღვევა დღეს პაციენტების უფლებები, რა პრობლემებია პროცესის მართვაში და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება:

 

- ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პაციენტების უფლებები ხშირად ირღვევა. ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც გვირეკავენ და გვთხოვენ, ჰოსპიტალიზაციაში დავეხმაროთ. დაგვიანებით გადაჰყავთ კლინიკებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი 2-3 დღე ვერ მიდის პაციენტამდე. გარდა ამისა, სასწრაფოს ექიმები თავად პაციენტებს სთხოვენ, გაიგონ, რომელ კლინიკაშია თავისუფალი ადგილები, მიმართონ ნაცნობებს, თუ ვინმე ჰყავთ და მერე მივლენ გადასაყვანად. სასწრაფო უკვე ვეღარ აგვარებს ჰოსპიტალიზაციის პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ზუსტად ვერ დავთვლი, რამდენ ადამიანს დავეხმარეთ. პირადი კონტაქტებით ვურეკავთ კლინიკების დირექტორებს, ვთხოვთ, რომ ძალიან მძიმე პაციენტებისათვის ადგილები გამოძებნონ. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მარინე ბაიდაურსა და გვანცა გასვიანს, რომლებიც პროცესის მართვაში გვეხმარებიან. უამრავი ადამიანი განწირული ხმით გვირეკავს და გვეუბნება, რომ პაციენტი ახველებს სისხლს, მოთენთილია, 2-3 დღის განმავლობაში არაფერი უჭამია, აქვს სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი კონტაქტებით ვეღარ ვახერხებთ მათ საავადმყოფოში მოთავსებას, ჯანდაცვის სამინისტროს ვუკავშირდებით. ძალიან სერიოზული პრობლემაა ასევე ისიც, რომ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიმართ ერთგვარი სტიგმა ჩამოყალიბდა. კორონავირუსის გარდა, შესაძლოა მათ კიდევ ჰქონდეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა და საავადმყოფოები უარს ამბობენ მათ მიღებაზე. მაგალითად, 55 წლის ქალბატონს სისხლდენა ჰქონდა. იყო კოვიდ-ინფიცირებული. გინეკოლოგებთან გადიოდა ონლაინ კონსულტაციას და იღებდა შესაბამის პრეპარატებს, თუმცა მდგომარეობა არ ემორჩილებოდა ბინაზე მკურნალობას და აუცილებელი იყო მისი სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა. რომელი კლინიკაც კი იგებდა, რომ ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, უარს ამბობდა მის მიღებაზე. რომ არა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჩარევა, მას საავადმყოფოში ვერ დავაწვენდით.

 

გუშინწინ 26 წლის გოგონა, 11 კვირის ორსული, ტირილით დამიკავშირდა. სისხლდენა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად სერიოზული არ იყო, შეიძლებოდა ნაყოფის შენარჩუნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანა. იქვე სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკამ არ მიიღო. უთხრეს, რომ სპეციალიზებულ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ და იქ მიეღო შესაბამისი მომსახურება. გოგონა სასწრაფოდანაც არ ჩამოსულა. სასწრაფოს ექიმებმა დარეკეს და მისთვის ადგილი არსად გამოიძებნა. შესაბამისად, კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს. შეუშვეს პაციენტი და ტკივილგამაყუჩებლად უბრალოდ ციტრამონი მისცეს. უკვე კოლტები რომ წამოუვიდა და ძლიერი ტკივილი დაეწყო, ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვდა, რომ ეშველათ. ბოლოს ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ექოსკოპია რომ გადაუღეს, აღმოჩნდა, რომ ბავშვი დაკარგა. ახლა ეს პაციენტი ძალიან ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშაა.

ამიტომ, უნდა გავარკვიოთ, ვის ეხება მსგავსი სიტუაციის მართვა, ჯანდაცვის სამინისტროს, კერძო კლინიკებს, ოჯახის ექიმს თუ სხვას. რა უნდა ქნან პაციენტებმა, როდესაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა შეექმნებათ და თან დაერთვება კორონავირუსი? საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კლინიკის ხელმძღვანელებს შორის. პაციენტები არ უნდა დაზარალდნენ იმის გამო, რომ კორონავირუსი აქვთ. ბევრი გადაუდებელი შემთხვევაა, როდესაც ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებიან.

 

- იმ განცხადებების ფონზე, რომ ქვეყანაში არის თავისუფალი საწოლები და საჭიროების შემთხვევაში, არც ერთი ადამიანი არ დარჩება გადაუდებელი დახმარების გარეშე, პარალელურად გვესმის მსგავსი ამბები, რაზეც თქვენ საუბრობთ. რატომ არის ამხელა აცდენა განცხადებებსა და რეალურ სურათს შორის?

 

- გუშინ ვუსმენდი ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლას. თქვა, რომ ქვეყანაში 610 თავისუფალი საწოლია. თავიდან შეეშალა და გაცილებით მეტიც თქვა. ამ გამოსვლის შემდეგ განწირული ხმით დამირეკა გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა და მთხოვდა, რომ ადგილზე მივსულიყავი.

მივედი სპეციალური ეკიპირებით და ინტერვიუ ჩავწერე 19 წლის თეკლა თორდიას დედასთან. გოგონა კორონავირუსით დაიღუპა. ბავშვი წლინახევრიდან ინსულინდამოკიდებული იყო და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა. დედა ითხოვს პასუხს, თუ 610 თავისუფალი საწოლია, რატომ არ გამოიძებნა მისი შვილისთვის ერთი ადგილი, რომ გადარჩენილიყო. ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მშობლებმა მიუტანეს სასტუმროში ინჰალაცია და სიცხის დამწევები. უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ყველას, იქნება ეს სამინისტრო, კლინიკები თუ ექიმები. ექიმებსაც ძალიან სეროზული პრობლემები აქვთ. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ვინმეს ყური ავუწიოთ. ძალიან ბევრი პაციენტი გადავარჩინეთ, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით. მინდა ვიფიქრო, რომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ქვეყანაში რეალურად ხდება. სურათი კი მძიმეა. ერთადერთი მიზეზით მომმართა თეკლას დედამ, რომ მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდოს. ყველას ეუბნება, რომ არავის იმედზე იყვნენ, ყველას დაუკავშირდნენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან იყვირონ, ჟურნალისტებს დაურეკონ და შვილები გადაარჩინონ. არავის ვაშინებ და არ მინდა, პანიკა დავთესო. პირიქით, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" გვერდზე ლაივჩართვები გვაქვს, რომ ადამიანებს რეკომენდაციები და საჭირო რჩევები მივცეთ, დავამშვიდოთ. ჩვენც ვცდილობთ სხვებთან ერთად, ამ გზით განიტვირთოს 112 და სპეციალისტებისგან მოუსმინონ კვალიფიციურ რჩევებს. საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი მეუბნება, რომ გავლენიანი ადამიანები ურეკავენ და სთხოვენ, საავადმყოფოში მოათავსონ ისინი, ვისაც კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ აქვთ. ამასობაში სხვისი მშობელი კვდება სადღაც, თუნდაც სოფელში. ემიგრაციიდან გვწერენ ადამიანები და გვეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეა სასწრაფო ვერ მიდის და მშობლები გადავურჩინოთ. ძალიან რთული სიტუაციაა.

 

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ანალიზის გაკეთების საშუალება არ აქვთ. ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იკეთებს. კერძო ლაბორატორიები ძალიან კარგად მუშაობენ და დიდ ფულსაც შოულობენ. რჩევა თუ სჭირდება, ჩვენი ფედერაციის ექიმები არაფერს იშურებენ, ხოლო ვისაც საავადმყოფოში გადაყვანა უნდა, არ მახსოვს შემთხვევა, როცა ვერ მოვახერხეთ მძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. თუმცა იყო ფაქტი, რომ უკვე დაგვიანებული იყო და პაციენტი, სამწუხაროდ, მეორე დღეს დაიღუპა.

ექიმებიც გვწერენ და მინდა ასეთი საკითხი დავაყენო: უამრავი სამარშრუტო ტაქსია გაჩერებული. თანამშომლები იხვეწებიან, რომ თითო კლინიკას 3-4 სამარშრუტო ტაქსი მიამაგრონ, რომელიც დილასა და საღამოს მათ ტრანსპორტიტებას უზრუნველყოფს. გადაიხდიან თანხას, რაც ღირს მგზავრობა. სამედიცინო პერსონალს დღეს დახმარება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მიზერული ხელფასები აქვთ საიმისოდ, რომ ყოველდღე ტაქსით იარონ სამსახურში. ზოგიერთი კლინიკა ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ზოგი - ვერა. მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლობაც სახელმწიფომ უნდა აიღოს. ის გაჩერებული სამარშრუტო ტაქსები გამოყონ და ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას. ექიმებიც ადამიანები არიან და მათაც სჭირდებათ დახმარება.

 

- კიდევ რა პრობლემაა, რაც ხელს უშლის პროცესის მართვას?

 

- დღეს სააფთიაქო ბიზნესი ყვავის. ადამიანები საჭმლის ნაცვლად, წამალს ყიდულობენ. მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ მოსახლეობას დაეხმარონ. ძალიან ცნობილი კლინიკის დირექტორი, უკეთილესი ადამიანი, რომელიც უამრავჯერ დაგვეხმარა ჰოსპიტალიზაციაში, გვეუბნება, რომ აფთიაქიდან წამალს არ აძლევენ, თუ ორი კვირის თანხას წინასწარ არ გადარიცხავს. ამას ითხოვენ კლინიკისგან, რომელიც კორონავირუსის გამოჩენის პირველივე დღიდან, ამ ბრძოლაშია ჩართული. ხომ შეიძლება, რომ დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა, მოგებასა და მილიონების შოვნაზე არ ვიფიქროთ?

აქვე მინდა გითხრათ, მე, მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მადონა კოიძე და საქველმოქმედო ფონდი "მომავლისთვის" ვაპირებთ, უახლოეს დღეებში პრესკონფერენცია გავმართოთ და ჩვენი ინიციატივა წარვადგინოთ. ძალიან გვინდა დავეხმაროთ იმ ჯგუფს, რომელიც დღეს ყველაზე მეტად დაუცველია. მარტოხელა მოხუცებს ვგულისხმობ. ხშირად გვწერენ მეზობლები, რომ მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო არ მიდის. ფედერაციაში მოგვმართავენ მოხუცები, რომლებსაც არავინ ჰყავთ და სჭირდებათ უბრალოდ სიცხის დამწევი მედიკამენტი. გვყავს მოხალისეები, რომლებიც შეძლებენ, რომ მოხუცებს საჭირო პრეპარატები მიუტანონ. გიორგი ღოღობერიძესთან და ჩვენი ფედერაციის წევრ ექიმებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პირველადი დახმარების მედიკამენტების სია, რომელიც ყველა მოხუცს, ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, ბინაზე მკურნალობისას უნდა ჰქონდეს. მივმართავთ და ვთხოვთ სააფთიაქო ბიზნესს, შევიმუშაოთ გეგმა, რომ პირველ ჯერზე მედიკამენტების 100 პაკეტი გამოიყოს. მადონა კოიძისა და აღნიშნული ფონდის ინიციატივით, გაზაფხულზე ყველა დიდ სუპერმარკეტში გამოიყო კუთხე, სადაც მომხმარებელი გაჭირვებული ადამიანებისათვის პროდუქციას დებდა. ისინი იღებდნენ ამ პროდუქტებს და მარტოხელა მოხუცებზე ანაწილებდნენ. ჩვენი ბენეფიციარები სწორედ მარტოხელა მოხუცები იქნებიან. ასევე შეგვიძლია მოვიქცეთ მედიკამენტების შემთხვევაში და მოხალისეები მიუტანენ ყველას, ვისაც სჭირდება. მოვუწოდებთ ბიზნესს, თუ დღეში 100 და 200 ფასიან კვლევას აკეთებენ ბინაზე მისვლით, იქნებ გამოგვიყონ 2-3 ადგილი, რომ განსაკუთრებული საჭიროების მარტოხელა მოხუცისთვის ეს კვლევები უფასოდ ჩავატაროთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა ტიპის დახმარება აღმოვუჩინოთ. ავიღოთ ყველამ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. არ არის დაპირისპირების დრო. ყველა უნდა გავერთიანდეთ.

 

თამარ იაკობაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი