logo_geo
გიორგი ძამუკაშვილი: ჩემს სიმღერებს ჩემს სხეულზე და სულში არსებული ყოველი ნაიარევი ჩემთან ერთად აქვთ გამოვლილი
- +

7 დეკემბერი. 2020. 17:14

 

 

ავტორ-შემსრულებელმა, მუსიკოსმა, პოეტმა და მსახიობმა გიორგი ძამუკაშვილმა,  წლებია, რაც საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართველ საზოგადოებაში, როგორც ნიჭიერმა ახალგაზრდამ. თუმცა,  უნდა ითქვას, რომ მას ფართო საზოგადოება  მხოლოდ  მუსიკოსის ამპლუაში იცნობს. ბევრს უყვარს. არიან ისინიც, ვისაც მასზე ბევრი არაფერი სმენია, თუმცა, ეს გიორგისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც თავად ამბობს, „პოპულარობა პოპულარობისთვის დიდ სიცარიელეს და უხერხულობას იწვევს“.

 

გიორგი ამჟამად ესპანეთში, ემიგრაციაში იმყოფება, თუმცა, ეს მოცემულობა ხელს არ უშლის იმაში, რომ განვითარდეს თავის მრავალრიცხოვან პროფესიულ საქმიანობაში.

 

გიორგიმ ჩვენს კითხვებს თავისებური ინდივიდუალიზმით უპასუხა.

 

- მოგვიყევით თქვენზე, რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ გიორგი ძამუკაშვილის შესახებ?

 

-  თბილისში დავიბადე, საბურთალოზე, მიცკევიჩის ექვს ნომერში გავიზარდე. ეზოში შესვლისას, ფიზიკურად რა რაკურსის კადრიც ხვდება თვალის ფოკუსში, მაგ კადრიდან იწყება ჩემი სამყაროც. ვინმე იფიქრებს, რომ ამას ქუჩის რომანტიკა მალაპარაკებს, თუმცა - არა.

 

სკოლაშიც საბურთალოზე ვსწავლობდი, საირმეზე, პირველ ექსპერიმენტულში. შემდეგ თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე მაკროეკონომიკის განხრით, მაგრამ ამ ამბავს მხოლოდ მეგობრების შეძენის გამო ვუმადლივარ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ დარგისადმი. მთელ დღეებს „თსუ დრამწრესა“ და „ლიტერატურულ წრეში“ ვატარებდი ძალიან საინტერესო თანატოლებთან ერთად. დრამწრის მთავარი რეჟისორი ზაზა წაქაძე იყო, საოცარი ადამიანი, შემდეგ - ლაშა ამბროლაძე, შემდეგ - გოშა (ვალერიან გორგოშიძე), ლიტერატურულ წრეს კი, ქალბატონი ქეთევან შენგელია ხელმძღვანელობდა. ჩემი ეკონომიკის ფაკულტეტის ლექტორების გულის მოსაგები და ჩემი მორიგ ზარმაც სტუდენტად არშერაცხვის მიზეზიც, ეს ამბები იყო. ხან სპექტაკლზე ვეპატიჟებოდი, ხან პოეზიის საღამოზე, ხან კი სტუდენტური დღეების სცენაზე მხედავდნენ ოთარ რამიშვილთან ერთად. ჰოდა, რაღაცნაირად მპატიობდნენ, რომ ლექციებს ხან ბებიის გარდაცვალების გამო არ ვესწრებოდი და ხან პაპის (არადა, ოთხივე ცოცხალი მყავდა, მენატრებიან). უცებ კი, მაღლივის ნაძვნარში აღმომაჩენდნენ ძმაბიჭებთან ერთად, საეჭვო წარმომავლობის არყითა და „გულიკოს პერაშკით“ ხელში, დამარცხებულის ღიმილით კბილებდაკრეჭილს, რომელსაც ლოყები ძლიერ ამწითლებოდა გამოჭერილის, დანაშაულის შეგრძნებისა და ბახუსის კომბინირებული სიწითლით, მაგრამ როგორღაც, „პროფესიისაგნ განყენებული ნიჭებით“ გამოწვეული ერთგვარი ემოციური ბიუროკრატიით მივაღწიე იმ „დიად ნაპირს“, რასაც ჰქვია ეკონომიკურის დიპლომი და რომლის ფერი, არც კი მახსოვს, როგორია.

 

ამ ოდისეამდე, ფეხბურთელი ვიყავი, მთელი ჩემი არსებით და ემოციურ-ფიზიკური რესურსით ვიყავი ფეხბურთელი. ფეხბურთის სამყაროში „ქეცბათი“ უფრო მიცნობდნენ ვიდრე „ძამუკათი“.  რაღაც პერიოდი ნერვიულ ნიადაგზე ტოტალური ალოპეცია დამემართა და თავი ყოველთვის „ნულზე“ მქონდა გადაპარსული (მანამდეც და მერეც, გრძელ, ხვეულ თმას ვატარებდი, მაგრამ მაინც „ქეცბად“ დავრჩი). ამავდროულად ცხრანომრიანი მაისურიც ძალიან მიყვარდა და ცხადია, წვერსაც არ ვატარებდი. როგორც თავად თემური იტყოდა, „ასე მუჯახედირივით“,  თამაშის სტილითაც თითქოს წავაგავდი თემურ ქეცბაიას. ჩემი მეტსახელიც აქედან მოდის. აქვე მოვიკითხავ თემურს და ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სანაკრებო ისტორიაში,  ყველაზე სამაგალითო პროფესიონალად და მინდორზე თავდადებულ პერსონად მიმაჩნია როგორც ფეხბურთელი. მადლობა მას! 

 

სხვათაშორის, ჩემი გუნდელი მეგობრები დღემდე „ქეცბას“ მეძახიან. თსუ-ს დრამწრის შემდეგ,  ჩემმა მეგობარმა თამო ცინცაძემ „არტოს ბაღში“ არსებულ თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანა, სადაც თვითონაც დადიოდა და აქ დამხვდენენ ჩემი ძვირფასი უფროსი მეგობარი  ბატონი გიორგი სიხარულიძე და ბატონი ვანო ხუციშვილი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე მათთან და ჩემს არტოსბაღელ მეგობრებთან ერთად!

 

შემდეგ იყო  თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ჯერ დრამისა და კინოს მსახიობის პროფესიას დავეუფლე, შემდეგ კი დრამის სარეჟისოროზე ჩავაბარე. ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში დათო ანდღულაძე იყო. სწორედ მან ამიყვანა ჯგუფში. პირველივე საუბრიდან მივხვდი, რომ ამ ადამიანსა და ჩემს შორის რაღაც ძალიან საინტერესო ძაფი გაიბა. ამ ადამიანს ცდა არ დაუკლია ჩვენი დრამატურგიული ცოდნისა თუ მსახიობის ხელობის დაუფლებისათვის.

 

- რამემ ან ვინმემ თუ იქონია გავლენა თქვენი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბების პროცესში? 

 

-  „რამით“ დავიწყოთ! ჩემს დაბადებამდე ჩვენს სახლში „ცხოვრობდა“ გერმანული „classic“- ის ფირმის გიტარა, თავისთვის იყო, ჩუმად. კედელზე ჰქონდა ადგილი მიჩენილი, როგორც ბევრ თბილისურ ოჯახში. ჰოდა, მეექვსე სიმს რომ გამოვკრავდი ხოლმე, ენით აღუწერელ ამოციას განვიცდიდი, ავტომატურ მედიტაციას. სრულიად ჯადოსნური სამყაროს პორტალი იხსნებოდა, რაღაც ძალიან მიღმიერთან დგებოდა კავშირი, რაღაც აუხსნელი ემოციური გამტარი ვხდებოდი. თითისტოლა ბავშვიც კი ვხვდებოდი, რომ ეს  ბევრად საინტერესო დიალოგია, ვიდრე ოდესმე ვინმესთან მქონია. ჰოდა, ექვსი წლის ასაკში სახლში დებოში მოვაწყვე, ლოზუნგით „მე გიტარის სწავლა მინდა“, ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ასე გავიცანი ჩემი კლასიკური გიტარის პირველი პედაგოგი, ჩემი მეგობარი ნანა ბუაჩიძე.

 

მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ, ცოტა ხნით ათწლედშიც ვიყავი, შემდეგ მაიკო ზანგალაძე მასწავლიდა, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ვოკალური სიბლაგვის მეტ-ნაკლებ დაძლევაში. ასევე,  მქონდა მასტერკლასი ჩემს უძვირფასეს უფროს მეგობართან, კონსერვატორიის ლექტორთან, კლასიკური გიტარის პროფესორთან, ბატონ ვაჟა კალანდაძესთან, რომელიც კონსერვატორიაშიც კლასიკური გიტარის სეგმენტს ხელმძღვანელობდა. ბატონმა ვაჟამ იმდენი მომცა როგორც გიტარისტს, რომ უდიდესი ნდობისა და მეგობრული სიყვარულის გარდა, დიდად მადლიერი ვარ მისი, როგორც პროფესიონალის! ბატონ ვაჟას უნდოდა, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ, მე (როგორც შემსრულებელს) კლასიკურ რეპერტუარზე ბევრად მეტად უკვე ფლამენკო მაინტერესებდა, კონსერვატორიაში კი მხოლოდ კლასიკის კურსი იყო.

 

მიუხედავად ამდენი პედაგოგისა, მე რა სტილსაც ვუკრავ, იმ სტილში აბსოლუტურად თვითნასწავლი ვარ, სრული გაგებით თვითნასწავლი. ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი თენგიზ წიტაიშვილი, ძალიან დიდ დროსა და გულს მითმობდა ფლამენკოს ამა თუ იმ დეტალის თეორიულ განხილვაში, მან პირველმა შემოიტანა საქართველოში ფლამენკოს სკოლის ვიდეოგაკვეთილები. სწორედ მასთან „ვნახე“ პირველად პაკო სერანო, ხერარდო ნუნეზი, ტომატიტო და ფლამენკოს სამყაროსთვის სხვა მნიშვნელოვანი გიტარისტები, რომლებთანაც პირადი შეხვედრის ბედნიერებაც მომეცა ესპანეთში ცხოვრების გამო.

 

მაშინ მე ვერ ვხვდებოდი, გიტარა ვისოცკია, ჯიმი ფეიჯი, ჯანგო რეინჰარდი თუ კანისარესი. მაშინ ყველა თანაბრად მიყვარდა, ვინც გიტარასთან რამით ასოცირდებოდა.  ასევე ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძაჩემს, გია ჩანგაშვილს, რომ პაკო დე ლუსია პირველად მისი მეოხებით მოვისმინე.

 

ახლა კი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ „მთავარ დღეზე“ უნდა გიამბოთ.  ერთხელ მამამ და დედამ, ჩემი ძმა და მე ფილარმონიაში წაგვიყვანეს. ექვის ან შვიდის ვიქნებოდი. საღამოს გამოაცხადეს მორიგი არტისტი და საოცრად მუხტიანი ტაშის ხმაში, სცენაზე გიტარით ხელში შემოვიდა ყავისფერსათვალიანი კაცი, რომელმაც ფეხის დასადები სკამი, ოვაციების ქვეშ მშვიდად გაშალა, ზედ ფეხი შემოდო და დაიწყო... ოღონდ დაიწყო არა დაკვრა ან სიმღერა, დაიწყო ჯადოს გაკეთება; ვუსმენდი და თითქოს რაღაცით მეტი ვიყავი, ვიდრე აქამდე, თითქოს, რაღაც  საიდუმლო პორტალი გაიღო, რომელიც მარტო ჩემთვის იყო.  ვიცოდი, რომ მე იქიდან  არ გავიდოდი ზუსტად ისეთი, როგორიც  შევედი. (რამდენჯერ გამიგია ეს ტრაფარეტული ფრაზა რეჟისორებიგან და რამდენჯერ მითქვამს გულში, „ეჰ, მე ვიცი ეგ რაცაა, ბავშვობიდან ვიცი“). ვუსმენდი და ვგრძნობდი საკუთარ სხეულზე კანის თითოეულ ფორას, ეს იყო საშიშად მზარდი ჟრუანტელი, ერთგვარი არტდივერსია,  რომელმაც როგორც კოსმოსში ისე ააფეთქა ჩემში აქამდე უცნობი ენერგია და მზედ დამინთო გულში, რომელიც იმის მერე სულ ანთია.  ეს ადამიანია ოთარ რამიშვილი, რომელიც ჩემთვის მასწავლებელიცაა, უფროსი მეგობარიც და მამაც, რომლის უშუალო მოსწავლეც ვიყავი 14-15  წლის ასაკიდან, ეს ასეც უნდა ყოფილიყო.  ის ყველაზე კეთილი ჯადოქარი იყო, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, ყველაზე თბილი, ყველაზე პირდაპირი და „ნაღდი“, ყველაზე „შენი“, უანგარო და რთულად აღსაზრდელი ბავშვივით მოხულიგნო.   მე ვერასოდეს გადავიხდი იმ ამაგს, რაც მას ჩემი თვითრწმენის გამყარებაში მიუძღვის!  მასთან გატარებულ უამრავ სხვა ჯადოსნურ პერიოდებს რომ თავი დავანებოთ (თუმცა, როგორ), წარმოგიდგენიათ 17 წლის მოზარდისთვის რამხელა სტიმულია, როდესაც ნაჩუქარ კასეტაზე გხვდება წარწერა: „ჩემს საუკეთესო მოწაფეს, ჩემს იმედს და სიამაყეს, გიო ძამუკაშვილს! უნდა მასახელო, მამა! შენი ოთარ რამიშვილი“.

 

 

- მოგვიყევით თქვენი გზის შესახებ, რომელიც პოპულარობამდე გაიარეთ, ასევე, რომელიმე კომპოზიციამ თუ მოგიტანათ განსაკუთრებული წარმატება?

 

-  დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის პოპულარობა ძალიან ეკლექტური და ინფანტილური სიტყვაა. პოპულარობა პოპულარობისთვის იმხელა სიცარიელეს და უხერხულობას იწვევს ჩემში, რომ მეტი არ შეიძლება. მე პოპულარობის შინაარსი მაინტერესებს - რა მოტივითაა ვინმე ან რამე პოპულარული, რა დგას ამ პოპულარობის უკან. მე არც იმის ხარჯზე შემიძლია პოპულარობა, რომ ვიყო პოეტებში მსახიობი“, „მსახიობებში გიტარისტი“ ან „გიტარისტებში პოეტი“, მსგავსი სიმბიოზები ძალიან დიდ „მაკულატურას“ წარმოადგენენ არტსივრცისათვის. საკუთარ თავს სულ ამას ვეუბნებოდი და ვეუბნები: „თუ ხარ რამდენიმე სფეროში ბუნებრივად მნიშვნელოვანი, იყავი! თუ არ ხარ, ნუ მოძებნი ერთი „არაფრის“ ხარჯზე მეორე „არაფერში“ თავის დამკვიდრებას“.

 

რა გზა განვვლე და უბრალოდ ვიცხოვრე. ის, რაც მომეცა და ის, რაც მე მივეცი საკუთარ თავს. ახლაც ამას ვაკეთებ,  ვცხოვრობ და პერიფერიული თვალით ვაკვირდები ჩემზე დამოკიდებულ და ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზშედეგობრიობებს. რაც შეეხება ტექსტუალურ კომპოზიციას, სიმღერამ „მზე“-მ მოიტანა პირველი წარმატება, თუმცა, ცხადია, ეს არ არის ჩემი საუკეთესო სიმღერა.

 

- რთულია ქართველი მსმენელის გულის მოგება?

 

-  მსმენელის გულის მოგება რთული მათთვისაა (საქართველოშიც, ტანზანიაშიც, აშშ-შიც და მონღოლეთშიც), ვინც მიზანმიმართულად ამ ამბავზეა ორიენტირებული. მე მაშინ ვარ მსმენელით ბედნიერი, როდესაც ჩემს მიერ განვლილ პროცესს (ცხოვრების პერიოდს) შეუძლია ემოციური თანამოაზრის შეძენა. ცარიელი შედეგი „მეკიდა“ და ახლაც „მკიდია“. ვის ვატყუებთ, მოხუც ნათესავებს? ეს ყველაფერი სასაცილოა, თუ შენი სიყვარულივით „ნაღდი“ და ბასრი არაა შენი პროცესისგან მიღებული შედეგი -  ნამდვილი, ცოცხალი და ამდენად საშიშიც კი.

 

- ელოდით ხალხისგან ასეთ სიყვარულს?

 

-  როდესაც ადამიანი წერს საკუთარ ტექსტზე საკუთარ მუსიკას (ხშირად კი პირიქით, მუსიკაზე ტექსტს), ანუ რაღაც აქვს სათქმელი, რაც მარტო თავისია. რაც გინდა მცირე მასშტაბის აუდიტორიისთვის იყოს, თავისია და მორჩა. ის მთელი შეგნებული არსით მიდის ამ პროცესამდე, ამას კი წლები სჭირდება, მთელი ცხოვრება სჭირდება, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ასეა, ჩემთვის სხვანაირად გადის დრო, მსმენელისთვის კი - სხვანაირად. ეს მათთვისაა უცებ, ჩემთვის კ,ი ჩემს სხეულზე და სულში არსებული ყოველი  ნაიარევი აქვს ჩემს სიმღერებს ჩემთან ერთად გამოვლილი. ასე რომ, არ გამკვირვებია იმდენად, რამდენადაც, ჩემმა სიმღერამ შეიძლება მიიზიდოს ან განიზიდოს ადამიანი, დააინტერესოს, ან არა. ეს ემოციური ინტელექტის, ლიტერატურული სიმზავის, მუსიკალური შეხედულებების, სპეციფიკათა ინტერესის დამთხვევის და ლირიკული ან სოციალური განწყობის ფაქტორებზეა დამოკიდებული.  მე არასოდეს ვიყავი ისეთივე პოპულარული მასისთვის, როგორც ზოგიერთი თანატოლი, მაგრამ ერთ რამეს კი ნამდვილად გეტყვით - ცრუ თავმდაბლობის გარეშე, ჩემს სიმღერებში სიყალბის ადგილი ფიზიკურად არ აღმოჩნდა.

 

- რა არის თქვენი მოტივაციის ძირითადი  წყარო?

 

- გვინდა თუ არ გვინდა, ემიგრაცია ადამიანის მოტივაციის წყაროებზეც მოქმედებს, მაგრამ თუ მივაღწევთ იმას, რომ მოტივაცია უბრალოდ კიდევ ერთხელ მზის ამოსვლა იყოს, ეს სიყვარული დაგვამშვიდებს. მე განწირული და ყველაფერდაკარგული ადამიანის პირადი სივრცის კოლაფსზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ სიცოცხლის სიყვარულზე.

 

ისე კი,  ჩემი მეგობრების შვილები ყველაზე დიდი მოტივაციაა, რაღა დაგიმალოთ. ის,  რომ და მყავს, ძმა მყავს და მშობლები, ის, რომ მათთვის მე მინდა ვიყო „გიო“, რომელიც „ნაღდია“ როგორც შვილი, როგორც ძმა, როგორც მეგობარი. აი, ჩემს მეგობრებს იმედას და თამოს კიდევ ერთი შვილი შეეძინათ, ჰოდა, ეს არაა მოტივაცია? რას დავახვედრებთ? რას ვეტყვით საერთოდ, აი, ესაა საფიქრალი. საერთოდ კი, ფიქრის თავისუფლება ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ უნარად მიმაჩნია ადამიანთა შესაძლებლობებში.

 

- ბოლო დროს არ ჩანხართ, ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

 

-  წელიწადზე მეტია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ამის გამო არაერთ ჩემთვის საინტერესო ქართულ პროექტზე მომიწია უარის თქმა, რაზეც ძალიან მწყდება გული. ამას სიტყვები არ ეყოფა, როდესაც შენი ბავშვობის ოცნებას იხდენ და ის რეჟისორი გაკავებს სპექტაკლში, ვის გამოც,  ოდესმე პროფესიული გადაკვეთის ოცნებით  ჩააბარე თეატრალურში... და აი, მოხდა! ახდა! მაგრამ... ან, როდესაც ტელესერიალის მხატვრულ სახეზე მუშაობით ცხოვრობ, მთლიანად ამით ხარ მოცული, მაგრამ გიწევს სხვა ქვეყანაში წასვლა... და განა ერთი და ორია ასეთი ამ პერიოდის განმავლობაში... ეს აუტანლად მძიმეა...

 

რაც შეეხება ამჟამინდელ სამუშაოს, დავამთავრეთ ჩემი ახალი საგიტარო კომპოზიციის ჩაწერა.  უკვე კლიპის გადაღებას ვიწყებდით, მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ შეგვაჩერა.  იმედია, მალე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დუტა სხირტლაძეს და სანდრო ელოშვილს. იმედია, ფუჭად არ ჩაივლის მათი გულთბილი მეგობრული თანადგომა და კლიპიც მალე იქნება მზად. მოკლედ, საქმე ბევრია და იმდენად სასიამოვნოდ მომქანცველი პროცესია, რომ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მგონია დედამიწაზე.

 

 

- ქართულ შოუბიზნესზეც რომ გვითხრათ თქვენი აზრი...

 

- ქართული შოუბიზნესი? ასეთი რამეც არსებობს?  არ ვიცი... არ ვიცი... მე უფრო კერძო ფესტივალები მაიმედებს სამშობლოში. არაერთი მაღალი დონის მუსიკალური ფესტივალი იმართება, ერთმანეთისგან პოლარულად განსხვავებულ ჟანრებში, რაც არა მხოლოდ ქართველებს გვითბობს გულს, არამედ უცხოელ სტუმრებს და ტურისტებსაც, რაც ძალიან დამაიმედებელი ფაქტია. ასევე, რამდენიმე კარგი ლიტერატურული ფესტივალი გვაქვს საქართველოში და ორი მაღალი დონის თეატრალური ფესტივალი.

 

ხოლო, რაც უშუალოდ შოუბიზნესს შეეხება, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი მეზობლის შემთხვევაშიც, ადამიანები იმიტომ მღერიან რაიმე დაწესებულებაში, რომ საესტრადო სცენაზე მოხვდნენ.  ჩვენ კი რას ვთავაზობთ ამდენი კოპირებული ვოკალური კონკურსის პროჟექტორების ქვეშ, პირდაპირ ეთერში ლამის გენიოსად მონათლულ კონკურსანტებს?! იმ რესტორნებში სიმღერას, რომელთა მფლობელებიც ადრეფეოდალური  პერიოდის მონათმფლობელებივით ექცევიან ამ მომღერლებს?

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- სამომავლო გეგმები დიდია.  ორი წლის წინ, ქალაქ ბარსელონაში, „esmuc“-ში ჩავაბარე. მართლაც  დიდი ესპანელი გიტარისტის, კანისარესის სამაგისტრო ჯგუფში. დიდი კონკურენციის და ენის არცოდნის მიუხედავად, დისტანციური გამოცდის საფუძველზევე ჩავირიცხე. მაგრამ ჩემს სამშობლოში ჩემთვის არ გამოინახა 6000  ევრო, რომ მე აქ მესწავლა. თვითონ „esmuc“-ში გადაწყვიტეს, რომ ერთი წლით შეენახათ ჩემთვის მაგისტრის სტატუსი და მომავალ წელს უგამოცდოდ ჩამრიცხეს, მაგრამ სამშობლოს მეორედაც არ აღმოაჩნდა ჩემი დაფინანსებისათვის საჭირო თანხა.  სასწავლებელს კი ამ განხრით, იურიდიულად არ აქვს თანადაფინანსება.  ყველაფერი რომ მოგიყვეთ, რამხელა ტრაგიკომედიაც გამოვიარე ამ ამბის გამო, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორმაგად რთულ ვითარებაში. ჩვენ უნდა შევძლოთ, თავაუღებლად ვაკეთოთ ჩვენი საქმე  და შევიყვაროთ ის ფაქტი, რომ დიახაც, სწორედ საქართველოში გადაწყვიტა კოსმოსმა ჩვენი „ჩამოსმა“, რომ ჩვენ ვართ საქართველო; ჩვენ, თითოეული ჩვენგანი საქართველოა და თავისი წილი „თვალებში ჩახედვა“ აქვს მისატანი ბევრად მშვიდ და აზრიან მომავალთან.  იმედია, შევძლებ და მაინც ვისწავლი მომავალ წელს მაინც, რადგან ეს ფაქტი, ქართულ საგიტარო სკოლასაც ნამდვილად სხვა დონეზე წაადგება. მთავარია, სასოწარკვეთაზე გავიმარჯვოთ, თორემ ყველაფერი ხდებოდა, ხდება და მოხდება. გახსოვთ გალაკტიონი? „იქნება, ბევრი რამე იქნება, მაგრამ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით...“

 

 

right_banner big_banner
არქივი