logo_geo
ნანა ლორთქიფანიძე: ერთმა ბიჭმა თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი!
- +

7 დეკემბერი. 2020. 20:25

 

 

ხშირია შემთხვევებში, როდესაც მაყურებელს მსახიობი, მის მიერ შესრულებულ პერსონაჟში ერევა და რეალურ ცხოვრებაში, განსახიერებული როლისთვის სთხოვს პასუხს.

 

ასეთი კურიოზები თითქმის ყველა მსახიობის ცხოვრებაში ხდება.

 

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც ეკრანზე აქტიურად ჩანს და როგორც კინოში ისე სერიალებში ხშირად მონაწილოებს, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მსგავს კურიოზებს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.

 

– „იდეალური დედის“ ახალი სეზონი როდის დაიწყება?

 

– წესით, გადაღებები იანვარში უნდა განახლდეს, თუ კიდევ რაიმე არ შეიცვალა. ძალიან მინდა, რომ დაიწყოს, რადგან საოცრად მიყვარს ეს პერსონაჟი და გადაღებებზეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უკვე სამი სეზონი გადავიღეთ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ისეთი მოლოდინი აქვს მაყურებელს და ჩემს „მესინჯერში“ ისეთი ამბავია – მწერენ, მწერენ და მწერენ. ქუჩაში მეჩხუბა უცნობი ქალბატონი: რა არის, რა უპასუხისმგებლობაა, ჩვენ გელოდებით, ჩართულები ვართ და ისე უცებ რომ შეგვიწყვეტთ ხოლმე სერიებს, ამაზე არ ფიქრობთო.

 

– ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს, მანანას?

 

– მანანას არასტაბილური ხასიათი აქვს, მოჩხუბარია, ჯუჯღუნაა, იმავდროულად, მოსიყვარულეც. საინტერესო პიროვნებაა, ჯუჯღუნის მიუხედავად, მაინც გამოხატავს სითბოს და ვცდილობ, ეს მხარე ყოველთვის დავანახვო მაყურებელს. მზრუნველია, სიძეზედაც კი ზრუნავს, რომელსაც სულ ეჩხუბება. გადაღების დროს სცენარს რომ მომაწვდიან, სულ ვამბობ: კარგი რა, სიძეს ასე როგორ უნდა ელაპარაკოს სიდედრი-მეთქი და ვცდილობ, ცოტათი შევარბილო (იცინის).

 

– თავად როგორი სიდედრი იყავით და როგორი ბებია ხართ?

 

– მგონია, რომ კარგი სიდედრი ვიყავი, მაგრამ რა ვიცი, ეგ ჩემს ყოფილ სიძესთან უნდა გადამოწმდეს (იცინის). მანანასგან განსხვავებით, არასოდეს ვერეოდი მათ ცხოვრებაში, თუ თავად არ ჩამრევდნენ. ბებიას რაც შეეხება, ჩემი შვილი მეუბნება: ყველაზე კარგი ბებია ხარ, მათ შორის, თუკი სადმე ბებია არსებობსო.

 

– ამ პერსონაჟის შემდეგ თითქოს უფრო გაგიცნოთ ხალხმა.

 

– არა, ასეთი პერიოდები ადრეც მქონდა. პირველი სერიალი იყო „შუა ქალაქი“, სადაც რამდენიმე სერიაში ვითამაშე. იქ მერქვა მარინა და გოგა ბარბაქაძე მისწორებდა – მარინეს მეძახდა. ბათუმში ვიყავი, როცა ეს სერიები გავიდა და ნახევარი ბათუმის ბავშვები მომდევდნენ ქუჩაში მარინა-მარინეს ძახილით (იცინის). მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა მაყურებელს ახსოვხარ.

 

„გოგონა გარეუბინდან“ – ამ სერიალში ვთამაშობდი ცუდ ქალს. ერთხელ ხელოვნების სკოლიდან „იმედის“ ტელევიზიაში მოიყვანეს მე-2 თუ მე-3 კლასელები. ერთი ბიჭი დადგა, კოპები შეკრა, თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი. მერე ამ ბავშვს დავდევდი არ ვარ ცუდი, ასეთ როლს ვთამაშობ-მეთქი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი