logo_geo
შოშია - მოხერხებული „მკურნალი“
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:24

 

 

შოშია პატარა, ლამაზი ჩიტია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ. შოშიასებრთა ოჯახში 120-მდე სახეობაა, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ორი გვხვდება – ჩვეულებრივი და ვარდისფერი შოშია ანუ ტარბი. ამერიკის კონტინენტზე მე-20 საუკუნემდე ეს ფრინველი არ ბინადრობდა. მისი მოშენება აშშ-ში დაიწყეს და თანდათან მთელ კონტინენტზე მომრავლდა. ამ ფრინველის შესახებ გვიამბობს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარ-ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი.

 

ნიკა პაპოშვილი:

– შოშია მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ფრინველია. მისი ბუნებრივი არეალია ევროპა და აზია, ამერიკასა და ავსტრალიაში ის ადამიანმა გაავრცელა. როგორც ჩანს, შოშიებს ამერიკაში გადაფრენაში ოკეანე უშლიდა ხელს, თუმცა საქმეში ადამიანის ჩარევის შემდეგ ჩვეულებრივი შოშია (იგივე ჩვეულებრივი შროშანი) თითქმის ყველგან გვხვდება. ის ბინადრობს ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილში, სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რაც შეეხება ტარბს, ის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ბინადარია, ამიტომ მისი ნახვა ძალიან უხარიათ ე.წ. ბერდვოჩერებს, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან. ტარბი აზიის დასავლეთ ნაწილში, კავკასიაში, უკრაინასა და ბულგარეთში გვხვდება ანუ გავრცელების ვიწრო არეალი აქვს. ორივე სახეობა წონით და შესახედავად ერთმანეთს ჰგავს. მათი განსხვავება გაზაფხულზე მხოლოდ ქოჩრით, ვარდისფერი ნისკარტითა და შეფერილობით შეიძლება – ტარბის მკერდი, მუცელი, ზურგი და მხრები ვარდისფერი შეფერილობისაა. სამაგიეროდ, მათი ბარტყების ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. შოშია მწერებით იკვებება და დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. ის შესანიშნავი მგალობელია, განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი მოსმენა გაზაფხულზე, როცა მთელი ღამის განმავლობაში შეუსვენებლად გალობს.

 

– ბევრს ჰგონია, რომ შოშია შავი ფერის ჩიტია, თუმცა სულ სხვა შეფერილობა აქვს.

 

– მხოლდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩვეულებრივი შოშია შავია, მაგრამ გამრავლების პერიოდში მისი ბუმბული მოლურჯო-მომწვანო ხდება და ძალიან ლამაზ შეფერილობას იძენს. ამ ფრინველს ნისკარტი ყვითელი აქვს, გამრავლების პერიოდში კი მამრების ყვითელი ნისკარტი მონაცრისფრო ხდება. ყვითელი ნისკარტითა და მუქი შეფერილობით შოშია ძლიერ წააგავს შავ შაშვს, მაგრამ მისგან განსხვავებით, მიწაზე გადაადგილებისას კი არ ხტუნავს, დააბიჯებს. ჩვეულებრივი შოშია ბეღურაზე დიდია, შეიძლება ორჯერ დიდიც კი იყოს.

 

– ეს ფრინველები მხოლოდ საქართველოს ბარში ბინადრობენ თუ მთაშიც კარგად გრძნობენ თვს?

 

– შოშია სიცივეს ვერ უძლებს, ამიტომ ზამთრობით მთაში თითქმის არ გვხვდება. მთაში მხოლოდ გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე – გადაფრენის დროს ჩნდებიან. ისინი საცხოვრებლად უფრო თბილ ადგილებს ირჩევენ, სადაც ზამთრის ცივი თვეები უფრო იოლად გადააქვთ.

 

– ადამიანების სიახლოვეს როგორ ეგუება ეს ფრინველი?

 

– ძალიან კარგად, რადგან მისთვის ხელსაყრელია შენობების ნაპრალებისა და ხვრელების ბუდეებად გამოყენება. სოფლებში შოშიები სახლებშიც კი ბუდობენ, თუმცა ადამიანებს მათთან ერთგვარი კონფლიქტი აქვთ – შემოდგომაზე, როცა ნაყოფი მწიფდება, სხვადასხვა მცენარის ნაყოფს სიამოვნებით მიირთმევენ. ყველაზე მეტად შოშიას ბალი და კენკრა უყვარს, რაც ხშირად იწვევს ადამიანთა უკმაყოფილებას. ამის გამო ბუდეებს ხშირად უნგრევენ, ზოგიერთი ხოცავს კიდეც ამ ფრინველებს. საქართველოში შოშიებზე ყოველ წელიწადს ნადირობენ, მიუხედავად იმისა, რომ შოშიას მაღალი ღირებულების ხორცი არა აქვს. ზამთარში ადგილობრივ პოპულაციას ჩრდილოეთიდან მოსული ინდივიდებიც ემატება და რამდენიმე ათასი ფრინველისგან გუნდები ყალიბდება, რომლებმაც შეიძლება თვითმფრინავების მოძრაობასაც კი შეუქმნას პრობლემა.

 

– როგორ?

 

– ზოგჯერ შოშიები და სხვა ფრინველები თვითმფრინავებს ეჯახებიან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ამ მხრივ განსაკუთრებით სარისკო ადგილებია ნაგავსაყრელები, სადაც ზამთარში ათასობით შოშია იკრიბება და ნარჩენებით იკვებება. რამდენიმე ათასი ფრინველი ჰაერში ერთად რომ აფრინდება და ულამაზეს ფიგურებს ხაზავს, მართლაც სასიამოვნო სანახავია, მაგრამ თუ იქვე ახლოს აეროპორტია, შესაძლოა ფრინველებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნან ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს.

– ბუნებაში ვინ არის შოშიის მთავარი მტერი?

 

– შოშიის მთავარ მტრად შეიძლება მივიჩნიოთ ლელიანის კატა, რადგან ეს ფრინველები ლელიანს დასაძინებლად იყენებენ, საღამოობით იქ იკრიბებიან და ღამეს ათევენ, მთვლემარე ფრინველი კი ადვილი მოსახელთებელია ლელიანის კატისთვის, თუმცა ამ შანსს არც მელია უშვებს ხელიდან. ფრინველებს შორის მისი მტრები არიან მიმინო და შევარდენი, თუმცა მრავალრიცხოვნობის გამო შოშიების პოპულაციას მათი თავდასხმები საფრთხეს ვერ უქმნის. კიდევ ერთი საინტერესო თვისება უნდა გამოვყო, რომელიც შოშიას ახასიათებს – მე კარგა ხანს ვაკვირდებოდი და აღვრიცხავდი ქვემო ქართლში გავრცელებულ ფრინველებს. ამ რეგიონში შოშია ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სახეობაა. ხშირად ვხედავდი, როგორ დაჰყვებოდნენ შოშიები ცხვრებს, ძროხებსა და სხვა შინაურ ცხოველებს – ბეჭებზე ასხდებოდნენ და ტკიპებს აცლიდნენ. ეს მეტად საინტერესო ქცევაა, შოშიები ერთგვარ „მკურნალებად“ გვევლინებიან და ცხოველებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვთ. საქმე ორივე სახეობისთვის სასარგებლოა – შოშიებისთვისაც და ცხოველებისთვისაც, რომლებიც პატარა ჩიტებს არ იგერიებენ და არაფერს უშავებენ.

 

– დასასრულს, როგორ მრავლდებიან შოშიები?

 

– ეს ფრინველი მონოგამიურია. გაზაფხულზე მამრი ერთ მდედრს ირჩევს და შოშიების ოჯახიც იქმნება. შოშიები ხშირად ბუდობენ კოლონიებად და ერთ ნაგებობაში შეიძლება რამდენიმე ასეული და ათეული შოშიის ბუდე აღმოაჩინოთ. ბუდობას აპრილ-მაისში იწყებენ და 5-6 კვერცხს დებენ. ბუდეში ყოველთვის დედალი ჯდება, რომლის საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეა. ბარტყები ორ-სამ კვირაში დამოუკიდებლად იწყებენ ფრენას. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი წელიწადში ორჯერ მრავლდებიან, თუმცა ეს თვალსაზრისი არგუმენტებს მოკლებულია. საერთოდ, შოშიები გამრავლებას მაისში იწყებენ და ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ბუნებაში ბევრი ახალგაზრდა შოშია ჩნდება. ერთად თავმოყრილი შოშიების გუნდი მეტად ლამაზი და შთამბეჭდავი სანახავია არა მხოლოდ სპეციალისტის, არამედ ბუნების ნებისმიერი მოყვარულისთვისაც.

 

ხათუნა ჩიგოგიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი