logo_geo
„არც თვითონ ფიქრობდა, რომ ეს ბოლო იყო და არც მე“ - კობა დავითაშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები
- +

12 დეკემბერი. 2020. 01:29

 

 

რამდენიმე დღის წინ, 49 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ის ბეხტერერის დაავადებას ებრძოდა. კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, მეუღლის ბოლო დღეებზე ჟურნალ “სარკეს” მისი მეუღლე ინგა ბიწაძე ესაუბრა.

 

– ზაფხულში გახდა ცუდად, მუცელი ეტკინა ძალიან. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ კობამ უარი თქვა, მე ისეთი დაავადება მჭირს, ექიმები ვერ მიხვდებიან და არ მინდაო. ფიქრობდა თავისი დაავადება გაურთულდა.

 

ხერხემალი ხო ჰქონდა გაქვავებული და ეს ისეთი დაავადება იყო, რომ ეს გაქვავება ბოლოსკენ ნელ-ნელა გადადის ყველა ორგანოზე – თვალებზე, თირკმელებზე… სახლში გამოვიძახე ექიმი, გაუკეთეს ექოსკოპია და გვითხრეს, რომ აპენდიქსი გახეთქილი არ იყო, არადა, მუცელი საშინლად ტკიოდა.

 

რაც დრო გადიოდა უფრო სუსტდებოდა, მაგრამ აღარც ტკივილი ჰქონდა, აღარც მუცელი გამაგრებული და არც სიცხე.

 

19 სექტემბერს ისევ ცუდად გახდა, ძლივს მოგვცა უფლება საავადმყოფოში გადაგვეყვანა. ყველაფერზე გული ერეოდა და წამოგვყვა.

 

იმავე საღამოს გაირკვა, რომ აპენდიქსი იყო გახეთქილი.

 

– ორი თვე გახეთქილი აპენდიქსით იცოცხლა?

 

– ეს ამბავი არავის სჯერა, მაგრამ ექიმებმა აპენდიქსი ვეღარ ნახეს სხეულში, მხოლოდ ჩირქი იყო იმ ადგილას. რა მოხდა ორგანიზმში არ ვიცით. ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა, კარგადაც შეუხორცდა, მაგრამ ყოველდღე უკან-უკან მიდიოდა.

 

ერთ დღეს ლოგინიდან ვეღარ ადგა. დასუსტდა, შემდეგ ხელებიც დაკარგა, ვეღარ ამოძრავებდა. ასე ნელ-ნელა გამომეცალა ხელიდან. ბოლოს თირკმლის უკმარისობით წავიყვანეთ საავადმყოფოში.

 

ექიმებმა გვითხრეს, რომ პოლიორგანული უკმარისო ჰქონდა, ანუ ყველა ორგანოს უკმარისობა. ექიმები გვეუბნებოდნენ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.

 

სუსტად იყო ბოლოს, ვეღარ ჭამდა, ხელები რომ დაკარგა მისთვის ეს ტრაგედია იყო. აზროვნებაც შეეცვალა, ძალიან მტკივნეული იყო ამის ყურება.

 

დაღლილი იყო ყველაფრისგან, ბოლოს მემორჩილებოდა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა. ადრე რომ მიმეყვნა…

 

ექიმმა მითხრა, ნუ იდანაშაულებ თავს, რადგან ისეთი რაღაც სჭირდა, მაინც ვერ გავუმკლავდებოდითო.

 

ხელებს რომ ვეღარ ხმარობდა, ყველა ვუვლიდით – მე, ჩემი შვილები. გვეუბნებოდა პატარას არ დაუძახოთო.

 

არ უნდოდა პატარას ასეთი უსუსური ენახა. უფროსებთან ერთად ვუვლიდი.

 

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, არ მომცეს უფლება, მომაკვდავ მეუღლეს დავმშვიდობებოდი და ჩავხუტებოდიო…

 

– ჩვენი მეორე შვილი გერმანიაში სწავლობს სამედიცინოზე, იქ რომ უთხრა ექიმებს, არ გვანახებენო, გაგიჟდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, როგორ შეიძლება ოჯახის წევრმა მომაკვდავი არ ნახოსო. არც ერთხელ მომცეს უფლება, რომ მენახა და დავლაპარაკებოდი. ეს საშინელებაა!

 

საავადმყოფოში დაემართა სეფსისი. მაღალი სიცხე ჰქონდა. სეფსისი ისეთი რამაა, წამებში ვითარდება. ჩემმა ბიჭმა გადაამოწმა გერმანიაში პროფესორებთან და უთხრეს რომ აქაური ექიმები აბსოლიტურად სწორად  მოქმედებდნენ.

 

“მედიქლაბიდან” როცა გამოწერეს, ფეხზე ვერ დგებოდა, მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა ოპერაციის შემდეგ. ბოლოს ალადაშვილის კლინიკაში იწვა.

 

არც თვითონ ფიქრობდა, რომ ეს ბოლო იყო და არც მე დამიშვია თუნდაც ერთი წამით, რომ ვეღარ ვნახავდი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი