logo_geo
კმაყოფილია თუ არა სანდრა გადელია „ევროვიზიაზე“ საკუთარი შედეგით და რა გარისკა მან, როცა საქართველოში ჩამოვიდა
- +

13 დეკემბერი. 2020. 23:25

 

 

რიგით მე-18 „საბავშვო ევროვიზიაზე“ საზოგადოების წინაშე, საქართველოს სახელით, 9 წლის სანდრა გადელია წარსდგა სიმღერით: „შენ არ ხარ მარტო“. სანდრამ კონკურსზე მე-6 ადგილი დაიკავა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ისტორიაში პირველად, კონკურსანტებმა სიმღერები არა მასპინძელ ქალაქში, არამედ საკუთარ ქვეყანაში შეასრულეს, თუმცა მთავარი შოუს ტრანსლირება ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან განხორციელდა. კონკურსიs შედეგებზე სანდრასა და მის დედიკოს, ხატია გადელიას ვესაუბრეთ.

 

ხატია გადელია: სანდრა ოთხი წლის იყო, როცა გამოცდილების მისაღებად პირველ კონკურსში გავიყვანე, 6 წლიდან ვოკალის პედაგოგთან დაიწყო მომზადება, შემდეგ კი სხვადასხვა კონკურსში იღებდა მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, ლაპარაკიც სიმღერით დაიწყო, რადგან რამდენიმე ენა ესმოდა და სამ წლამდე გამართულად ვერ საუბრობდა, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობდა. სამაგიეროდ, სულ ღიღინებდა და მელოდიებს იმეორებდა, მაშინ მივხვდი, რომ მუსიკალური ნიჭი ჰქონდა.

 

სანდრა: მონაწილეობა მაქვს მიღებული კონკურსებში მაქსიმ გალკინთან ერთად და „კარაოკეს მეფე“.

 

ხატია: პირველი ფართო პროექტი „ლუჩშე ვსეხ“ იყო. ამას გარდა, ორი წლის წინ ქასთინგზე ვიყავით, სადაც მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში – „პოლა ნეგრის“. ორი წელი მუშაობდა ამ პროექტზე, მთავარი გმირის ბავშვობას თამაშობდა და სცენიდან 10 წუთი სანდრას გამოსვლას ეთმობოდა.

 

– უცხოეთში ცხოვრობთ, როგორ მოხვდით პროექტ „რაინნაში“?

 

– ინტერნეტის საშუალებით „რანინას“ კონკურსს თვალს ვადევნებდი და შარშან, ნოემბერში გავიგეთ, რომ ქასთინგი ტარდებოდა, თუმცა ვერ მოვასწარით ჩამოსვლა და დამატებით ქასთინგზე ჩამოვედით. თავიდან ვორჭოფობდით ჩამოსვლაზე, რადგან „პოლა ნეგრის“ მიუზიკლთან ხელშეკრულება გვქონდა დადებული და არ ვიცოდი, გრაფიკს რამდენად მოვარგებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ გაგვერისკა. წარმატებით გაიარა ყველა შესარჩევი ტური და როცა საბოლოო პასუხი მივიღეთ, დაშოკილები ვიყავით, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, კონკურენცია მაღალი იყო, შესაბამისად, არ ველოდებოდით ათეულში მოხვედრას: სანდრა თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ჩვენი მიზანი არა ხუთეულში გადასვლა, არამედ ათეულში შესვლა იყო, რადგან შესაძლებლობა ექნებოდა, ოთხჯერ ემღერა ქართველი მსმენელისთვის. ერთადერთი, რაზეც ნერვიულობდა, იყო ბავშვები, ეშინოდა, რომ ვერ ნახავდა, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ პროექტს გამოეთიშებოდა, გულშემატკივრის რიგებში აუცილებლად იქნებოდა ბავშვებთან ერთად, რაც ძალიან აბედნიერებდა.

 

– დიდი ხანია, რაც უცხოეთში ცხოვრობთ?

 

– მე აფხაზეთიდან ვარ, 8 წლით ვიყავი, როცა ომი დაიწყო და წამოვედით. ჯერ ბორჯომის ერთ-ერთ სანატორიუმში ვცხოვრობდით და ბავშვობის გარკვეული წლები იქ გავატარე, შემდეგ თბილისში გადმოვედით. მამა რუსეთში მუშაობდა, გადახვეწილი იყო, რომ ორი კაპიკი ეშოვა. მერე, როცა ცოტა მოძლიერდა, მეც სკოლა დავამთავრე და მასთან წავედი მოსკოვში, უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ოჯახიც შემოგვიერთდა, თანდათან გადავდიოდით. საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით და სამ თვეს ვატარებდით. სანდრა მოსკოვში დაიბადა, 9 თვის იყო, როცა პირველად საქართველოში ჩამოვიდა. 2 წლისა ბათუმში, ასევე, თბილისში, ქართულ-ინგლისურ ბაღში დადიოდა, სანდრასთვის საქართველო უცხო ნამდვილად არ არის, როცა პატარა იყო, ნახევარი წელი აქ ვცხოვრობდით, ნახევარი მოსკოვში.

 

– ელოდებდით „რანინაში“ გამარჯვებას?

 

– არ მოველოდით, რადგან ძლიერი კონკურენცია იყო, ყველა ბავშვი იმსახურებდა იმას, რომ „ევროვიზიაზე“ წარედგინა საქართველო. სანდრას ყოველთვის ვეუბნებოდი, შენ გინდა მოიგო, მაგრამ თუ სხვა წავიდა, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს. საერთოდ, მოულოდნელი იყო ეს წარმატება. ქართველი ხალხის საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენით, უამრავი შეტყობინება მოსდის სანდრას სოციალურ ქსელში, თავად ვერც აუდის და მე ვეხმარები, იმდენი სითბო და სიყვარული მოდის საერთოდ უცხო ადამიანებისგან, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, მიხარია, რომ სანდრა ასე შეუყვარდათ.

 

– სანდრამ „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მე-6 ადგილი დაიკავა, რამდენად კმაყოფილები ხართ შედეგით?

 

– სანდრა ძალიან კმაყოფილია თავისი გამოსვლით, შედეგი ასეთია: მისი „ინსტრაგრამ-გვერდი“ აფეთქდა შეტყობინებებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სწერენ და ეუბნებიან, რომ მას მისცეს ხმა, ის იყო მთავარი გამარჯვებული. უამრავი გულშემატკივარი გამოეხმაურა პოლონეთიდან.

 

სანდრა: ზოგმა ჩემი სიმღერის თავისი ვერსია მიმღერა, მოსწონთ სიმღერაც და ის შოუც, რითიც კონკურსზე წარვსდექი.

 

– ხმის მიცემა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და ალბათ, უფრო მეტად ღელავდით, თან ისიც დაემატა, რომ იზოლაციაში იმყოფებოდით.

 

– დიახ, განვიცდიდით, რა თქმა უნდა, რადგან ხმების 50 პროცენტს ხალხი წყვეტდა, ანუ ონლაინ ხმის მიცემას ვგულისხმობ, მათზე იყო დამოკიდებული ჩემი საბოლოო ქულა. იზოლაციაზე არ მინერვიულია, უბრალოდ, მარტო რომ ვიჯექი, მოვიწყინე (იცინის).

 

ხატია: რთულია ონლაინ-კონკურსში მონაწილეობის მიღება, ის ემოცია, რაც კონკურსის მსვლელობისას არსებობს, ამ შემთხვევაში გაკლდება. საბოლოო ჯამში, სანდრამ მიიღო დიდი გამოცდილება, გაიცნო მსოფლიომ და უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც დიდი ნაბიჯია მის მუსიკალურ შემოქმედებაში. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო „რანინას“ ხელმძღვანელს – ქალბატონ ლანა ქუთათელაძეს და მის შემოქმედებით ჯგუფს. იმიჯისთვის, სიმღერისთვის – გიგა კუხიანიძეს და დიდი მადლობა თინათინ ბერძენიშვილს, „საზოგადოებრივი არხის“ დირექტორს მაქსიმალურად გვერდში დგომისთვის.

 

– სანდრა, გარდა სიმღერისა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?

 

სანდრა: – მუსიკალურ სკოლაში დავდივარ და მომწონს ფორტეპიანოზე დაკვრა, ასევე მიყვარს ველოსიპედზე, ჰოვერბორდი, როლიკები, სკუტერი. მომწონს მომღერლობა, განსაკუთრებით, როცა მიუზიკლში ვთამაშობ და სამომავლოდ მინდა ამ ჟანრს გავყვე.

 

ეთო ხურციძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი