logo_geo
არასდროს მქონია სურვილი, შვილები და ოჯახი მყოლოდა - რის გამო ვერ დაქორწილდნენ თამრიკო ჩხეიძე და მერაბ კოსტავა
- +

20 დეკემბერი. 2020. 20:42

 

 

ჟურნალი „თბილისელები“ გვთავაზობს ინტერვიუს თამრიკო ჩხეიძესთან, რომელიც თავისი ცხოვრების შესახებ გვიყვება.

 

თამრიკო ჩხეიძე:

 

მეათე კლასში ვიყავი. როცა ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. ზოგადად, ბავშვობიდან (არც კი ვიცი, რომელი ასაკიდან) მქონდა ის შეგრძნება და აღქმა, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. ამიტომ, თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. გამიჩნდა სურვილი, რაღაც ჯგუფები შემექმნა. საერთოდ არ მაინტერესებდა გაპრანჭვა, რაც გოგონებს ამ ასაკში ახასიათებთ. ჩვენებმა დაასკვნეს, რომ ჩაცმა-დახურვის ინტერესიც არ მქონდა. ჩვეულებრივი გოგოებისგან განსხვავებით, ჩემთვის ეს არ იყო მთავარი და საინტერესო. თუ ძალიან გაპრანჭულ რაღაცას მიყიდდნენ, ვიწუნებდი და პროტესტს გამოვხატავდი – ეს არ არის ის სტილი, რაც პოლიტიკოსმა ქალმა უნდა ჩაიცვას-მეთქი. იმისთვის, რომ ჩემთვის სტილი შეერჩიათ, დედაჩემმა მონახა ვიღაც მკერავი, რომელიც შესაფერის სამოსს მიკერავდა. სხვათა შორის, ცხოვრებაში არ გამომიყენებია სახის მოვლის საშუალებები და დეკორატიულო კოსმეტიკა.

 

– თქვენი ამგვარი აზროვნება, ხედვა, მკაცრი იმიჯი, თანატოლი გოგოებისგან გამოგარჩევდათ. ალბათ, ამ გადასახედიდან თავადაც ასე ფიქრობთ.

 

– ოჯახში მოსწონდათ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი და ჩემი ანტიკომუნისტური განწყობა. ბებია ყოველთვის უარყოფითად ახსენებდა ამ სისტემას. სწორედ, ამან გამომაფხიზლა და მიმაქცევინა ყურადღება ეროვნულ მოძრაობაზე.

 

– ეროვნული მოძრაობა შემთხვევით არ მიხსენებია, ამით დავიწყე კიდეც საუბარი. აქ თქვენი და იმ ძლიერი სქესისადმი ყურადღებაც ვიგულიხმე, ვისთანაც ოცდაოთხი საათი გიწევდათ ყოფნა. ეროვნულ მოძრაობაში, ფაქტობრივად, სულ მამაკაცები იყვნენ.

 

– არა, არა. მე მათ, ყველას, როგორც მეგობრებს, ისე ვუყურებდი. იყო ეგეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჩემი ინიციატივით არასოდეს ყოფილა. არც ის მიფიქრია, რომ საბოლოო ჯამში, ოჯახს შევქმნიდი. მომავალ მეუღლეს, კახას, ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი – ილია ჭავჭავაძის საზოგადოება რომ შეიქმნა, იქედან, 1988 წლიდან. ერთი წრე იყო. ჩვენთან ახლოს, მეტწილად; ისტორიის ინსტიტუტის ხალხი იყვნენ. საერთო მეგობარი გვყავდა – ზურაბ ცინცაძე, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, ისიც ყოველთვის ამ დისიდენტურ წრეებში ტრიალებდა და მან გამაცნო. კახა მერე შემოვიდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში და დავახლოვდით. 10-11 წელი ვმეგობრობდით. ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ პოლიტიკური თვალსაზრისით. თვითონ, საზოგადოებაშიც, სხვადასხვა პერიპეტიები გადავლახეთ და აღმოჩნდა, რომ ამ დროს ყველაზე ახლო, მჭიდრო ურთიერთობა მასთან მქონდა. საერთოდ, ყველაფერში ძალიან ძნელად ვიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, იმდენად ბუნებრივი იყო ეს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი არც ყოფილა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, იმიტომ რომ ჩვენ დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთი საქმით დაკავებული, იქ უკვე ზღვარი პირად ცხოვრებას, საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებას შორის აღარ არსებობდა. ყველაფერი უკვე საერთო უნდა ყოფილიყო. მე მაშინ 41-ის ვიყავი, კახა – 50-ის. ჩემთვისაც და მისთვისაც ეს პირველი ქორწინებაა.

 

– და დაიწყეთ ერთჭერქვეშ ცხოვრება. სად?

 

– ჩემთან, იმიტომ რომ მე დედა მყავდა იმ პერიოდში მძიმე ავადმყოფი – ინსულტი ჰქონდა გადატანილი. კახასთან კი იყო საშუალება, ისიც მარტო დედასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ დედაჩემს ყურადღება სჭირდებოდა, გამორიცხული იყო დამეტოვებინა. გარდა ამისა, მე ყოველთვის მყავდა ცხოველები – ხან ერთი, ხან მეორე და დედამთლი არ არის მაინცადამაინც ცხოველების მოყვარული.

 

– შვილი არ გყავთ. ასე თქვენ გინდოდათ ყოფილიყო, კახას თუ რამე პრობლემა იყო?

 

– სამწუხაროდ, სანამ დაიბადებოდა, დაიღუპა. ბიჭი უნდა გვყოლოდა. მერეც გვინდოდა, მაგრამ აღარ მოხდა ეგ ამბავი. ცხადია, სასიამოვნო არ იყო, თუმცა არც არადროს მქონია დიდად სურვილი, შვილები და ოჯახი მყოლოდა და ალბათ, ამიტომაც მოხდა ასე.

 

– თქვენ მანამდე ასეთივე მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ მერაბ კოსტავასთან, რომლის გარეშეც და ზოგადად, ეროვნული მოძრაობის მიღმა, მე პირადად თამრიკო ჩხეიძე ვერ წარმომედგინა, მაგრამ ეს იქით იყოს. რა იყო ეს ავარია თქვენთვის, როგორც ქალისთვის. შეიძლებოდა თქვენთვისაც მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, სერიოზული დაზიანებები გქონდათ?

 

– ის, რაც მოხდა, თავისთავად, დიდი ტრაგედიაა.

 

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ძალიან მსუბუქად ვიყავი დაშავებული, მხოლოდ ტვინის შერყევა მქონდა და უმნიშვნელო პატარა „შრამი“ მაქვს შუბლზე, მაგრამ ორი უახლოესი ადამიანი დავკარგე და ეს დღემდე მოუნლებელია, სიცოცხლის ბოლომდე თან გამყვება. ამ ტრაგედიას კიდევ ის აასმაგებდა, რომ მოწყობილი იყო და ისიც, რომ საჭესთან მე ვიჯექი, ჩემთვის ეს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ამ დანაკარგს.

 

– როგორც ვიცი, მას შემდეგ აღარც მჯდარხართ საჭესთან.

 

– კი. იმ ამბების შემდეგ საჭესთან ვეღარ ვჯდები, სერიოზული შიში მაქვს. თუ დავჯდებოდი, მანქანაში მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი, სხვა არ უნდა დამჯდარიყო.

 

– თქვენს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო პერიოდი ყოფილა, მაგალითად, როცა იყავით პოლიტპატიმარი. ჯერ კიდევ პატარა ასაკში მოხვდით ციხეში. რა გრძნობაა ეს ქალისთვის, რა ცნებაა საერთოდ ციხე?

 

– თავიდან ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ მე არ ვიყავი დამოუკიდებელი ბავშვი, ძალიან მიჯაჭვული ვიყავი დედაზე, ბებიაზე. ასეთ გარემოში ცხადია ეს ძალიან მძიმე იყო. ორ წელზე მეტხანს ვიყავი დაჭერილი, მანამდე იყო ისე დაკავებები. პირველი შოკის მერე შევეჩვიე ამ სიტუაციას. ზოგადად, გარემო არ იყო მტრული. საქართველოში ციხის თანამშრომლების მხრიდან პოლიტპატიმრების მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყო.

 

– მაგრამ ციხე არ არის ქალისთვის, ციხის პირობებში ქალის ყოფნა, ელემენტარულად, თავის მოვლის თვალსაზრისითაც კი, აუტანელია. როგორი იყო თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ციხეში?

 

– ჩემი ყოველდღიურობა ციხეში წიგნებით შემოიფარგლებოდა, სახლიდან მოჰქონდათ ჩვენებს, იმიტომ რომ თვითონ ციხის ბიბლიოთეკა მწირი იყო. ვკითხულობდით, ვმეცადინეობდით, ვერთობოდით კიდეც. ციხის ზედამხედველებად ჩვენი თანატოლი გოგოები მუშაობდნენ, შემოდიოდენ ჩვენთან და ხან რას ვთამაშობდით ხან – რას. ეს – ორთაჭალის ციხეში. მერე „კაგებეს“ ციხეში ვიყავი. იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. თან, ზედამხედველები მამაკაცები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ პატიმრებთან პირადი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩაკეტილი სივრცე აუტანელია, თან შენიანებზე ფიქრობ. საერთოდ, ბევრ რამეზე გიწევს დაფიქრება, მაგრამ მერე ეჩვევი ყველაფერს. ჩვენ მანამადე ბევრჯერ დაგვაკავეს, ზოგჯერ ამას კომიკური ხასიათიც კი ჰქონდა. მაგალითად, ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა საქართველოში, მგონი, გასაბჭოების 60 წლისთავთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ მიტინგს ვაპირებდით უნივერსიტეტთან. ეს რომ თავიდან აეცილებინათ, დაგვავლეს ხელი და მილიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ოთხი გოგო ვიყავით, მთელი დღე იქ გავატარეთ. მერე ჩაგვსვეს „რაფში“ და წაგვიყვანეს. არ ვიცოდით, სად მივყავდით და თელავის „ინტურისტში“აღმოვჩნდით. ოფიციალური დაპატიმრება არ აწყობდათ და ასე, იძულების წესით, გაგვიყვანეს ქალაქიდან. ჩვენ რომ ჩავედით, მთელი „ინტურისტი“ დაცალეს. ჩხუბობდნენ – რატომ გვყრითო. უთხრეს, უცხოელ სტუმრებს ველოდებითო. დაახლოებით ერთი კვირა ვიყავით იქ გამოკეტილები. ოფიციანტებიც კი „კაგებეს“ თანამშრომლები მოგვიჩინეს. ოთახებთან იდგნენ. ყველაფერს გვიკეთებდნენ, რამდენჯერაც მოგვშივდებოდა, იმდენჯერ ჩავდიოდით რესტორანში, თან, ჩვენ მეტი იქ არავინ იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი-ორჯერ ექსკურსიაზეც კი ვიყავით.

 

– თუ გინდათ – გამიბრაზდით, თუ გინდათ – ნურაფერს მიპასუხებთ, მაგრამ მერაბ კოსტავაზე მინდა, ისევ გკითხოთ, იმიტომ რომ ეს კითხვა არ მასვენებს. თქვენზე თბილისში იყო მითქმა-მოთქმა, რომ ერთად იყავით.

 

– ჩემი მხრიდან საქმე არასდროს მომწიფებულა ისე, რომ ეგ აზრი დამეშვა, თორემ იყო ეგეთი შემთხვევები, როცა იდგა დღის წესრიგში, ურთიერთობას სერიოზულ სახე მისცემოდა. ცხადია, მერაბთან უფრო ახლოს ვიყავი, მაგრამ ჩემი მხრიდან, ეს არ იყო ტიპური ურთიერთობა, რომელიც შეიძლებოდა, ქორწინებით დასრულებულიყო. ეს იყო ჩვეულებრივ მეგობრობაზე მეტი, არაოდრინარული მეგობრობა, მაგრამ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც ახლა თქვენ მეკითხებით. მე არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ეს ურთიერთობა ტრადიციული გაგებით, ჩვეულებრივი ქორწინებით უნდა დასრულებულიყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი