logo_geo
კობა დავითაშვილს სიკვდილის წინ სოხუმი დაესიზმრა
- +

20 დეკემბერი. 2020. 23:50

 

 

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი კობა დავითაშვილი, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ებრძოდა ე.წ. ბეხტერევის მძიმე დაავადებას, იცოდა, რომ კარგად ვეღარ გახდებოდა და, როცა ბოლოს ყველა ორგანო დაზიანდებოდა, ეს დასასრული იქნებოდა.

 

სიკვდილს მაინც არ ელოდაო, გვითხრა მისმა ქვრივმა, ინგა ბიწაძემ, საავადმყოფოში შეყვანისას ექიმებმა მას უთხრეს, ორ დღეში გავწერთ კლინიკიდანო, მაგრამ იმ დღეს, როცა სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მართვით სუნთქვის აპარატზე შეაერთეს... ერთი კვირის შემდეგ კი ისე გარდაიცვალა, ცოლ-შვილთან გამოთხოვებაც ვერ მოახერხა, რადგან პანდემიის გამო საავადმყოფოში არავინ შეუშვეს.

 

კობა დავითაშვილს 5 შვილი დარჩა, 5 ვაჟკაცი. უფროსი 22 წლის არის, ყველაზე პატარა – 12-ის, 3 – უკვე სტუდენტია, 2 კი – ჯერ ისევ სკოლაში სწავლობს.

 

კობა დავითაშვილს ე.წ. ბეხტერევის დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა იჩინა თავი.

 

ეს იშვიათი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა და დიაგნოზირება ასე გვიან იმიტომ მოხდა, რომ სანამ სიმპტომები არ გამოიკვეთება, ვერ დგინდება. სიმპტომების გამოკვეთა კი საშუალოდ 10 წელიწადში ხდება. ზუსტად 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან, ივლისის ბოლოდან დამეწყო მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზემოთ მოიწევდა და წელის ზემოთ ამოვიდა. მკურნალობამ ცოტა შეაჩერა ეს პროცესი და ცოტა ქვემოთ ჩაიწია. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მთავარია, არ გაუარესდეს და სიარული შევძლო.

 

უცნაურია, რომ ეს დაავადება მხოლოდ რენტგენის სურათზე ჩანს და არა ტომოგრაფიაზე, ხერხემლის მალებს შორის დაშორება მცირდება, ბამბუკის შტოს ეძახიან – ხერხემალი აღარ იღუნება, ეს რომ მოხდება, უკვე აშკარაა, რომ ბეხტერევის დაავადებაა.

 

შალვა გადაბაძემ გახსნა ეს ცენტრი, ძალიან დამეხმარა, რომ გონება არ დამეკარგა და მუშაობაც შემძლებოდა, ოზონის ინექციები კეთდება და სხვა თანამედროვე მეთოდებია.

 

ახლა მთავარი ამოცანაა, მდგომარეობა არ გამიუარესდეს და მუშაობა შევძლო, რომ მკურნალობის ფული მქონდეს.

 

მეტად ძვირადღირებული მკურნალობა მჭირდება, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და მადლობას ვუხდი, რომ დამეხმარნენ, ორკვირიანი კურსი გავიარე ტკივილის მართვის, რომელმაც ცოტა მწყობრში ჩამაყენა.

 

ჩემი დეპრესია წლები გრძელდებოდა, თურმე დაავადების სიმპტომი ყოფილა, ძალიან მძიმედ ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა, ექიმთან არ მივდიოდი, გული მწყდებოდა, რომ 2007 წელს არ მომკლეს, რადგან კარგი გმირული სიკვდილი გამოვიდოდა. საერთოდ აღარაფრის ხალისი მქონდა, ვიწექი გამოშტერებული.

 

ამ დროს კი ამ დაავადებისას მუდმივად უნდა იმოძრაო, რომ არ გაქვავდე, ხერხემალი ქვავდება და კაცი ძეგლად იქცევი, ძეგლს არავინ მიდგამს და ასე მაინც ვიქცე – დაავადებაც ასეთი უნდა.

 

მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და თურმე ამ ქვეყანას ეს ჩემი სამსახური არაფერში არგია, როცა ამას მივხვდი, მერე ვთქვი, ახლა ცოლ-შვილს მივხედავ-მეთქი, მაგრამ ვერ მივხედე, რადგან აქეთ გავხდი მისახედი. ჩვენთან ყველა საზიზღრობას იმით ამართლებენ, რომ ცოლ-შვილი ჰყავთ მისახედი,  მე ისე გამომიმუშავდა ჩვევა, ცოლ-შვილი უკანა პლანზე უნდა ყოფილიყო, – ყვებოდა „სარკესთან“ კობა დავითაშვილი.

 

* * *

 

„სამშობლოსთვის ანთებული გული წავიდა ზეციურ საქართველოში. უშენოდ როგორ უნდა ვიცოცხლო, არ ვიცი“, – დაწერა სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის მეუღლემ ინგა ბიწაძემ, ქალბატონი ინგა „სარკეს“ ქმრის უკანასკნელ დღეებზე მოუყვა:

 

– ზაფხულში გახდა ცუდად, მუცელი ეტკინა ძალიან, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ კობამ უარი თქვა, მე ისეთი დაავადება მჭირს, ექიმები ვერ მიხვდებიან და არ მინდაო. ფიქრობდა, რომ თავისი დაავადება გაურთულდა.

 

19 სექტემბერს რომ გადავიყვანეთ „მედიქლაბში“ ვერ მიხვდნენ რა იყო, გვითხრეს, სისტემური დაავადების ბრალია და ეს რევმატოლოგმა უნდა მართოსო, მაგრამ იმავე საღამოს გაირკვა, რომ აპენდიქსი იყო გახეთქილი.

 

– ორი თვე გახეთქილი აპენდიქსით იცოცხლა?

 

– ეს ამბავი არავის სჯერა, მაგრამ ექიმებმა აპენდიქსი ვეღარ ნახეს სხეულში, მხოლოდ წირქი იყო იმ ადგილას, რა მოხდა ორგანიზმში არ ვიცით. ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა, კარგად შეუხორცდა ჭრილობა, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამოვიყვანეთ, ძალიან სუსტად იყო, ყოველდღე უკან-უკან მიდიოდა. ერთ დღეს ლოგინიდანაც ვეღარ ადგა, ყოველდღე გულისრევა ჰქონდა, საშინლად დასუსტდა, მერე კი ხელებიც დაკარგა, ვეღარ ამოძრავებდა, ასე ნელ-ნელა გამომეცალა ხელიდან, ბოლოს თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით წავიყვანეთ საავადმყოფოში.

 

კლინიკაში გვითხრეს, რომ პოლიორგანული უკმარისობა ჰქონდა, ანუ ყველა ორგანოს უკმარისობა, ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და რის წინააღმდეგ ებრძოლათ, ვეღარ იგებდნენ.

 

– თვითონ რას ამბობდა, როგორ იყო ბოლოს?

 

– ტკივილები აღარ ჰქონდა, მაგრამ ძალიან სუსტად იყო, ვეღარ ჭამდა, ბოლოს, ხელები რომ დაკარგა, მისთვის ეს ტრაგედია იყო, აზროვნებაც შეეცვალა, ძალიან მტკივნეული იყო ამის ყურება.

 

– ცოტა ხნის წინ დახმარება ითხოვა.

 

– დიახ, და მაშინვე დაეხმარნენ, ხალხი ანგარიშის ნომერს ითხოვდა, მაგრამ ამბობდა, უკვე დამეხმარა მთავრობა და ხალხის დახმარება აღარ მინდაო.

 

ხელებს რომ ვეღარ ხმარობდა, ყველა ვუვლიდით – მე, ჩემი შვილები, გვეუბნებოდა, პატარას არ დაუძახოთო, არ უნდოდა პატარას ასეთი უსუსური ენახა, უფროსებთან ერთად ვუვლიდი, ამხელა კაცს გადატრიალება და გადმოტრიალება უნდოდა, ვერ ისვენებდა ერთ ადგილას.

 

საავადმყოფოში გვითხრეს ბოლოს, ეტყობა, ცოტა სითხეს იღებდა და თირკმლის უკმარისობა ამის ბრალია, მოვაწესრიგეთ უკვე და ორ დღეში წაიყვანეთ, რომ სახლში მიხედოთ, თორემ აქ უფრო საშიშია ვირუსი არ შეხვდესო, რომ მივედით, უკვე აპარატზე შეერთებული დაგვხვდა.

 

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, არ მომცეს უფლება, მომაკვდავ მეუღლეს დავემშვიდობებოდი და ჩავხუტებოდიო...

 

– ჩვენი მეორე შვილი გერმანიაში სწავლობს სამედიცინოზე და იქ რომ უთხრა თავის ექიმებს არ გვანახებენო, გაგიჟდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, როგორ შეიძლება ოჯახის წევრმა მომაკვდავი ვერ ნახოსო, არც ერთხელ მომცეს უფლება, რომ მენახა და დავლაპარაკებოდი, ეს საშინელებაა, რეანიმაციაში აქ არავის უშვებენ, რაც არაფრით შეიძლება.

 

საავადმყოფოში დაემართა სეფსისი, მაღალი სიცხე ჰქონდა, სეფსისი ისეთი რამაა, წამებში ვითარდება. ჩემმა ბიჭმა გადაამოწმა გერმანიაში პროფესორებთან, უთხრეს, რომ ექიმები აბსოლუტურად სწორად მოქმედებდნენ და იქაც რომ ყოფილიყო, იგივენაირად უმკურნალებდნენ.

 

ფაქტია, რომ „მედიქლაბიდან“ როცა გამოწერეს, ფეხზე ვერ დგებოდა. მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა ოპერაციის შემდეგ, ბოლსო „ალადაშვილის კლინიკაში“ იწვა.

 

არც თვითონ ფიქრობდა, რომ ეს ბოლო იყო და არც მე დამიშვია თუნდაც ერთი წამით, რომ ვეღარ ვნახავდი. არჩევნების ღამეს არ ეძინა, განიცდიდა... ყველაფერს განიცდიდა, სამშობლოზე ბოდავდა, გეფიცებით, ბოლო დღეებში მითხრა, სოხუმში ვიყავიო. მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ცუდად იყო საქმე, შეშფოთება რომ შემატყო, მითხრა კარგი, რა მოხდა, ნუ გეშინია, ძილ-ღვიძილში ვიყავი, ნუ ნერვიულობ, მართლა კი არ ვბოდავო.

 

ჩვენი თორნიკე ახლაც გერმანიაშია, გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი და ვერ ჩამოვიდა, იქიდან ყოველდღე გვიკავშირდებოდა, მასწავლიდა, როგორ მომევლო, მეუბნებოდა, ძვლები დასუსტებული აქვს და ფრთხილად მოიქეცით, რომ არ მოსტეხოთო. ერთი წუთით მაინც რომ დამეშვა ვეღარ ვნახავდი, ალბათ ძალით შევიდოდი.

 

– თორნიკე ექიმი იქნება, დანარჩენები რაზე სწავლობენ?

 

– ლუკა გეოგრაფიულზე სწავლობდა, ახლა მაგისტრატურას გადის, მესამე შვილი ბიოტექნოლოგიურზე სწავლობს, დედ–მამის გზა არც ერთმა აირჩია. გული მწყდება, რომ კობას რაც შეეძლო, ის რესურსი არ გამოიყენა ქვეყანამ, რეალიზებული რომ წასულიყო იმქვეყნად, გული ალბათ ასე არ დამწყდებოდა. თვითონაც სწყდებოდა ამაზე გული.

 

* * *

 

კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, იმ ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც მისი აღდგენილი იყო.

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი