logo_geo
თამთა კოსტავა: სიმართლე გითხრათ, ზვიადი ისე ძალიან არ მიყვარდა
- +

21 დეკემბერი. 2020. 01:02

 

 

თამთა კოსტავა – ეს სახელი და გვარი თბილისში ბევრისთვისაა უცნობი. ის მერაბ კოსტავას ქალიშვილია, რომელიც ამერიკაში დედასთან ერთად წავიდა გარკვეული მიზეზების გამო.

 

თამთა პროფესიით მხატვარ-გრაფიკოსია. მამას გარეგნულად და შეუპოვარი ხასიათით ჰგავს.

 

გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც თამთა პატარაობას იხსენებს.

 

– თამთა, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და რატომ წახვედით ამერიკაში, როგორ ცხოვრობთ, ხომ არ გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა?

 

– 13 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი და ოცი წლის შემდეგ დავბრუნდი. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ აქედან წავეყვანე. ნათესავმა, გია მეფისაშვილმა მიგვიპატიჟა და დაახლოებით ერთი თვე ვცხოვრობდით მასთან სახლში, მერე ქირით გადავედით. წასვლაში ჯაბა იოსელიანი დაგვეხმარა. დედაჩემმა სამსახური იშოვა, მე სკოლაში ვსწავლობდი, მერე კომპიუტერი შევისწავლე, ფსიქოლოგიის სწავლაც დავიწყე, ოთხი წელი სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. პროფესიით გრაფიკოსი ვარ და ასე ვცხოვრობდით. სანამ თინეიჯერი ვიყავი, დედაჩემი მინახავდა, მერე მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. რა თქმა უნდა, თავის დამკვიდრება ძნელია, მაგრამ, ვინც ჯერ კიდევ პატარა ასაკში წავიდა უცხოეთში, მისთვის ბევრად ადვილია, სიტუაციას შეეგუოს. ბავშვობიდან ვხატავ. აქ მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა. იქ ჯგუფურ გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას. ამდენად, საინტერესოდ დაიწყო ჩემი იქაური ცხოვრება. ჩვენ ამერიკაში საკუთარი სახლი არ გვაქვს, ოცი წლის განმავლობაში ვქირაობდით. ახლა რომ ჩავალ, ისევ მომიწევს ბინის დაქირავება.

 

– ხატვის ნიჭი ვისგან გამოგყვათ?

 

– სახლში ბაბუა ხატავდა, დედაჩემის მამა და, ალბათ, მისგან გამომყვა. მამაჩემი პროფესიით მუსიკისმცოდნე იყო, ლექსებსაც წერდა, პუბლიკაციებიც ჰქონდა, მაგრამ, არ ხატავდა.

 

– მაშინ პატარა იყავით, მაგრამ, ახლა რომ მამათქვენი ცოცხალი იყოს და ეროვნული მოძრაობა არსებობდეს, ისევ იმ შემადგენლობით და შემართებით, თუ დადგებოდით მათ გვერდით, ანუ, გახდებოდით მათი თანამებრძოლი?

 

– თუ მაგის შეგნება მექნებოდა, დავდგებოდი, მაგრამ, მაშინ, პატარა გოგოსთვის რთული გასაგები იყო ყველაფერი ეს. მახსოვს, მიტინგებზე როგორ დავყვებოდი მამას. არაფერი გამეგებოდა, რა ხდებოდა ირგვლივ, მხოლოდ ის მესმოდა, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ, რას მოითხოვდნენ, რა უნდოდათ – ეგეთი დეტალები არ მესმოდა.

 

– კითხვებს არ უსვამდით?

 

– არა. როცა ჩვენთან სახლში მოდიოდა, ძირითადად, ვთამაშობდით. პოლიტიკური კითხვები არ მქონდა. სხვისთვის, შეიძლება, ეროვნული ლიდერი იყო, ჩემთვის კი ის მამა იყო. ერთხელ, ეზოში ვთამაშობდით ბავშვები. ერთი ბავშვი ამბობს, მამაჩემი რუსეთშია და რომ ჩამოვა, საჩუქრებს ჩამომიტანსო. სახლში ავედი და დედაჩემს ვეკითხები, მამა რომ ჩამოვა, რას ჩამომიტანს-მეთქი. მაშინ მამაჩემი ციმბირში იყო გადასახლებული. დედაჩემმა მითხრა – იდეებსო. არ ვიცოდი, ეს სიტყვა რას ნიშნავდა, ჩავედი ეზოში და ბავშვებს გახარებული ვეუბნები: მამაჩემი რომ ჩამოვა, იდეებს ჩამომიტანს-მეთქი.

 

– თანდათან, რაც დრო გადის, რა გრძნობა გეუფლებათ იმ ადამიანების მიმართ, რომლებისვისაც საქართველოს იქით არაფერი არსებობდა? რა იყო თქვენთვის, როგორც მერაბ კოსტავას შვილისთვის, მნიშვნელოვანი მაშინ და რა არის დღეს?

 

– ძალიან დიდი ადამიანი იყო მამა და, გული მტკივა, რომ არ არის დაფასებული. მამაჩემს და ზვიად გამსახურდიას უნდა შეძლებოდათ ის, რომ ადამიანებისთვის ჩაენერგათ არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ, თავის საქმის სიყვარულიც. თითოეულ ადამიანს თავისი მოწოდება აქვს. ეროვნულ მოძრაობაში არ არის აუცილებელი მიტინგზე იდგე და იყვირო.

 

– რა პარალელებს გაავლებდით მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შორის, როგორები იყვნენ ისინი თქვენს თვალში?

 

– მამა ძალიან ემოციური ადამიანი იყო, ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სიყვარული შეეძლო. მახსოვს, თავის მეგობრებთან დამატარებდა. ზვიადთან მივყავდი ხოლმე კოლხურ კოშკში, ცოტნესთან და გიორგისთან ვთამაშობდი. ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ ცოტნეს ნახვა მინდოდა. ეს ადამიანი უმიზეზოდ არის დაპატიმრებული, არაფერი დაუშავებია. რაც შეეხება ზვიადს, სიმართლე გითხრათ, ისე ძალიან არ მიყვარდა. იგი ბიძად, მამაჩემის ძმად მიმაჩნდა. თუ შეიძლება, ცოტნეზე ვიტყვი რაღაცას. პატიმარს უფლება აქვს, თავისი სიტყვა თქვას. ცოტნე რომ ლაპარაკობდა სასამართლოზე, მოსამართლე არ აცდიდა, ყოველ თხუთმეტ წუთში აწყვეტინებდა ლაპარაკს. ცოტნემ დარბაზი დატოვა. ავდექი და ვთქვი: მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასაც იმავეს უკეთებდნენ, როცა დაიჭირეს – არ ალაპარაკებდნენ და, სირცხვილია, ასე რომ იქცევით-მეთქი. გამომაგდეს დარბაზიდან. რაც ცოტნეს გაუკეთეს, ასე მგონია, მე გამიკეთეს. ერთი-ორჯერ ვცადე, მენახა, ამანათიც გადავეცი, მაგრამ, რატომღაც, ნახვის უფლება არ მაქვს. არადა, ზვიად გამსახურდიას ჰქონდა უფლება, მერაბ კოსტავა გადასახლებაში ენახა. ცოტნე აქ ზის, თბილისში, მე მერაბ კოსტავას შვილი ვარ და, არ შემიძლია, მივიდე და ვნახო.

 

– დედათქვენი რა აზრის იყო, თქვენ რომ მიტინგებზე დაჰყვებოდით მამას?

 

– დედა არ იყო წინააღმდეგი. მაგ პერიოდში სკოლები, ფაქტობრივად, დახურული იყო, გაკვეთილები არ ტარდებოდა და მიტინგებზე მივდიოდით, მაგრამ, რა აზრი ჰქონდა იქ სიარულს! საქართველო დღეს თავისუფალი სულაც არ არის, მე ვერ ვგრძნობ ამას. დამოუკიდებლობა იმას არ ნიშნავს, რომ საზღვრები, დროშა გქონდეს და პრეზიდენტი გყავდეს. დამოუკიდებლობა ის არის, როცა ერი განვითარებულია; დამოუკიდებელი ხარ მაშინ, როცა შეგიძლია, თავი შეინახო. მაგრამ, როგორ უნდა შეინახო, როცა ნახევარი საქართველო საზღვრებს გარეთ არის გასული? დღეს სირცხვილადაც ითვლება, თქვა, პატრიოტი ვარ და ერის მომავლის მჯერაო. გლობალური სამყარო უნდათ, შექმნან, ეროვნული არ სურთ. ჩამოვედი, გავიარე ვერაზე და მეწყინა, როცა დავინახე, რომ 51-ე სკოლას ინგლისურად აწერია – მერაბ კოსტავას სახელობის სკოლა. ამერიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ, აქ რომ ჩამოვდივარ, არანაირად არ მინდა, ჩემს ქუჩებზე და სკოლების ფასადებზე ინგლისური წარწერები ვიკითხო. იმ ამერიკელებმა, თუ ძალიან უნდათ ჩვენთან ტურისტებად ჩამოსვლა და ჩვენი კულტურის გაცნობა, ნება იბოძონ და ქართულად ილაპარაკონ. ამერიკაში რომ ჩადიხარ იქ არავის სიამოვნებს, როცა სხვა ენაზე მეტყველებ.

 

– როგორი იყო თქვენი მშობლების ურთიერთობა?

 

– დედა და მამა ერთად არ ცხოვრობდნენ, თუმცა გაყრილები არ იყვნენ. მე რომ გავჩნდი, მამაჩემის სახლში მიმიყვანეს. რაღაც პერიოდის შემდეგ დედა წამოვიდა იმ სახლიდან, რადგან მაგ დროს მამა გადასახლებაში იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მამაჩემი ჩემს აღზრდაში მონაწილეობას დიდად არ იღებდა, მთლიანად პოლიტიკაში იყო გადართული და დედაზე და ბებიაზე იყო მინდობილი.

 

– რაზე საუბრობდნენ მერაბ კოსტავას ოჯახში?

 

– მამა ათი წელი იყო ციმბირში. შეეძლო, არ მოხვედრილიყო იქ, თუ მოინანიებდა, მაგრამ, არ მოინდომა. მე არ ვიცი, ოჯახში რაზე საუბრობდნენ, პატარა ვიყავი, თუმცა, ვიცი, რომ დედამისს წერილებს სწერდა. ეს წერილები რუსულ ენაზე იწერებოდა, რადგან სხვანაირად გამოგზავნა არ შეიძლებოდა – კითხულობდნენ. მერაბ კოსტავა არ იყო ოჯახის კაცი და ვერც იქნებოდა, რადგან ერის სამსახურში იდგა.

 

– მამათქვენი, ეროვნული მოძრაობის რამდენიმე წევრთან ერთად, ქუთაისში მოსახლეობასთან შესახვედრად მიდიოდა, როცა საშინელ ავარიაში მოყვა. მხოლოდ თამრიკო ჩხეიძე გადარჩა. როგორ გახსენდებათ ის დღე?

 

– უნივერსიტეტში მივდიოდი და ტროლეიბუსში გავიგე, მერაბ კოსტავა გარდაიცვალაო. საშინელი ტირილი მოვრთე, მამაჩემია-მეთქი, ვთქვი. რომ გაიგეს, ვისი შვილიც ვიყავი, ვიღაცეებმა სახლში ამომიყვანეს. ბოლომდე არ ვიჯერებდი, სანამ არ მოასვენეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი