logo_geo
რა საფრთხეს უქმნის კორონა ჩვენს ფსიქიკას და როგორ დავიცვათ თავი კარანტინის სტრესისგან - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
- +

22 დეკემბერი. 2020. 22:56

 

 

პანდემიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ანი თითოეული ჩვენგანს აწუხებს შიში, უგუნებობა, პანიკური შეტევები. მაინც, რა პრობლემებს უქმნის ადამიანის ფსიქიკას თვითიზოლაცია და კარანტინი, მოჰყვება თუ არა ყველაფერ ამას ე.წ. ფსიქიკური პანდემია და, საერთოდ, როგორი განწყობით უნდა შევხვდეთ კოვიდინფექციას? - „ჰოთნიუსი“ დენდრონის ფსიქოკონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელს, ფსიქოლოგიის დოქტორსა და ასოცირებულ პროფესორ ნანა გოგიჩაშვილს ესაუბრა.

 

- რა საფრთხეს უქმნის კოვიდპანდემია ფსიქიკის სიჯანსაღის ხარისხს?

 

- მსოფლიო მასშტაბით, კოვიდპანდემია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსით დაინფიცირების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. შესაბამისად, ცხოვრების ჩვეული სტილის და  რუტინის დარღვევა,  მეგობრებისაგან, კოლეგებისა და ნათესავებისაგან იძულებითი დისტანცირება, განსხვავებული ვალდებულებები და ცხოვრების ონლაინ-რეჟიმი სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რაც თავის მხრივ, საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ფსიქიკის სიჯანსაღის ხარისხს და  თუ ყოველივე ამას ერთვის დადებითი პასუხი კოვიდინფიცირების განსმსაზღვრელ ტესტზე, რომელსაც მოჰყვება კლინიკაში თუ კოვიდ-სასტუმროში ყოფნა/იზოლაცია, შიში გაურკვევლობის წინაშე და ა.შ.  ძალიან მარტივდება სერიოზული სტრესის მიღება, რაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გახდეს შფოთვის და დეპრესიის წინაპირობა.

 

- მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა თუ არა რაიმე კვლევა, თუ რამდენად აზიანებს ადამიანს კოვიდინფექცია?

 

- ოქსფორდის  უნივერსიტეტის  მეცნიერებმა, კველევის შედეგების საფუძველზე (კვლევა გამოქვეყნდა The Lancet Psychiatry-ში) დაადგინეს, რომ ყოველ  მეხუთე ადამიანს, ვისაც დაუდასტურდა COVID-19, აღენიშნება ემოციური სფეროს გარკვეული პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია, განპირობებული იყოს როგორც პაციენტების ემოციური სფეროს რეაქციით, პანდემიითა და ცხოვრების შეცვლილი სტილით გამოწვეულ სტრესულ გარემოზე, ასევე, ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე. კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის პროფესორი ბარბარა ჟაკლინ საააკიანი და იმავე უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირობიოლოგიის დარგის მკვლევარები, კრისტელ ლენგლი და დენიზ ვატანსევერი კი პირდაპირ ამბობენ, რომ თავად კოვიდპანდემიამ და იძულებითმა თვითიზოლაციამ, თავისთავად, ძალზე სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს ფსიქიკაზე.

 

- რა არის აღნიშნული გავლენის წინაპირობა?

 

- ეს არის მწუხარება ახლობლების დაკარგვის გამო, სამსახურის დაკარგვის შოკი, ფინანსური არასტაბილურობა ან დეფიციტი, იზოლაცია და მოძრაობის შეზღუდვები, ოჯახური ურთიერთობების რთული დინამიკა, გაურკვევლობა და მომავლის შიში და ა.შ.

 

კარანტინი, სოციალური დისტანცირება, სახლიდან მუშაობა, ქუჩაში თუ  სუპერმარკეტში ნიღბით სიარული, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციები  Zoom-ისა თუ სხვა ტიპის ონლაინ-პლატფორმაზე  - ყველაფერმა ამან ნამდვილად  შეცვალა ჩვენი ცხოვრების  ყოველდღიური რიტმი და ეს მხოლოდ დიდი ცვლილებების დასაწყისია, რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველა საზოგადოებაში მოხდა. რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას ემოციების მართვის თვალსაზრისით?  - არაერთი მეცნიერი და მედიცინის სფეროს წარმომადგენელი უკვე პირდაპირ აღნიშნავს, რომ კორონავირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააქტიუროს ესა თუ ის ფსიქიკური აშლილობა და გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

 

ვირუსების მიერ ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე ხშირ დაზიანებებს შორის, რომლებიც აღწერილია უცხოურ პუბლიკაციებში, არის ცნობიერების დაქვეითება, ნერვოზული ფონის მატება, ეპილეფსიური გულყრა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,  დეპრესია, შფოთვა,  ყნოსვის, გემოს, განწყობისა და მეხსიერების დარღვევები, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრაციის შეუძლებლობა, ხანგრძლივი დაღლილობა და სხვ.

 

გარდა ამისა, კორონავირუსის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ ფილტვის უკმარისობა, რაც უვითარებს ჟანგბადოვან  შიმშილს და ამ ფონზე შეიძლება სულ სხვა ნერვოზული და ფსიქიკური აშლილობები განვითარდეს. ამასთანავე შესაძლებელია ითქვას, რომ ყველა ზემოთაღნიშნული ცვლილება ფსიქიკის სფეროში, შეიძლება სხვა ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული - პანდემიასთან დაკავშირებული ზოგადი სტრესული გარემოდან,  პაციენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და მათი ცხოვრების წესში არსებითი ცვლილებებით.

 

- ფსიქოლოგიური პრობლემების გაზრდას შეიძლება თუ არა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობა?

 

- ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითიზოლაციაში თუ კარანტინის რეჟიმში ყოფნამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში გაზარდა ოჯახური ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი(მაგალითად, საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30%-ით გაიზარდა, არგენტინაში - 25%-ით, კვიპროსში - 30%-ით, სინგაპურში - 33%-ით. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა კანადაში, გერმანიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც). საინტერესოა ისიც, რომ ე.წ. „დეპრესიის ბარომეტრმა“ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ხშირად ატარებდა დროს საწოლში და სახლში ხშირად ექმნებოდათ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახის წევრებთან.

 

არაერთი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს, ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, გრძნობდნენ იზოლაციის შიშს, რაშიც ის იგულისხმება , რომ  ინფიცირების  შემთხვევაში, ადგილი აქვს იძულებით იზოლაციას, რასაც თავის მხრივ, ახლავს  ახლობლებთან კომუნიკაციის შიში მათთვის ინფექციის გადადების თვალსაზრისით. აქ ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საზოგადოების ნაწილი ინფიცირებულ ადამიანებთან მიმართებაში აფიქსირებს სტიგმატიზაციის გარკვეულ ხარისხს, რაც ასევე ართულებს ინფიცირებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. მსგავს სიტუაციაში მოწყვლადი და მგრძნობიარე ფსიქიკის ადამიანი ადვილად შეიძლება ჩავარდეს პანიკაში და ორიენტირებული გახდეს არა გამოჯანმრთელების პროცესზე, არამედ პირიქით - დანებდეს დაავადებას და ამოეწუროს სასიცოცხლო ენერგია და გამოჯანმრთელების სურვილი. ბუნებრივია, ეს ცალსახად არის არასწორი და მცდარი პოზიცია და თუკი, დაავადებული ადამიანი თავად ვერ მართავს ემოციებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს ანუ პაციენტმა კი არ უნდა წარმოიდგინოს  მოვლენების განვითარების ყველაზე საშინელი სცენარი, არამედ უნდა  შეცვალოს  დამოკიდებულება დაავადების მიმართ. თუ ადამიანს აქვს შინაგანი დამოკიდებულება, რომ „მე ამას ვერ გადავურჩები, მე ამას ვერ მოვერევი და ა.შ.“,  მაშინ ნებისმიერი ინფორმაციული ზემოქმედება ამ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს  და თუ ადამიანი ამ პრობლემას განიხილავს როგორც დაავადებას და მოცემულობას - „ მე ავად ვარ, მაგრამ ვიმკურნალებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვჯანმრთელდე“,  მაშინ მკურნალობის პროცესი სულ სხვაგვარად მიმდინარეობს. თითოეულ ადამიანს   აქვს საკუთარი დაავადების განვითარების ისტორია და თუ ვინმე მძიმედ იყო ავად, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც  იგივე გზას გავივლით.

 

გაერთიანებული სამეფოს შფოთვითი ასოციაციის AnxietyUK – ს წარმომადგენელი ნიკი ლიდბერგი  ამბობს, „მსგავს სიტუაციაში, შფოთვის მთავარი მიზეზი ხდება  სიტუაციის კონტროლის დაკარგვისა და მასთან გამკლავების შიში“.  იგივე პოზიციას იზიარებს საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind-ის ექსპერტი როზი უიტერლი:„შფოთვა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანმა არ იცის რას  ელოდება, ღელავს მომავალზე და ფიქრობს, რომ რაღაც მოხდება. ეს ზუსტად ის გრძნობაა, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარდება“.

 

- რა რჩევას მისცემთ დღევანდელი პრობლემების წინაშე მდგარ ადამიანებს?

 

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ფსიქოლოგების ჯგუფმა, გამოაქვეყნა არაერთი რეკომენდაცია, რომლებსაც ექსპერტებიც და სოციალური ქსელების მომხმარებლებიც ძალიან დადებითად აფასებენ. კერძოდ:

 

შეამცირეთ იმ ახალი ინფორმაციის მიღების რაოდენობა, რომელიც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს და ყურადღებით შეარჩიეთ ინფორმაციის წყარო;

 

მედია სივრცეში ყალბი ინფორმაციების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მიიღეთ ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან, მაგ. სამთავრობო ან ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ვებგვერდებიდან;

 

შეისვენეთ ან აიღეთ გარკვეული პაუზა სოციალურ მედიაში ყოფნის თვალსაზრისით და დაბლოკეთ ყველაფერი, რაც თქვენში შფოთვას იწვევს;

 

 

ეცადეთ, რომ დროის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატაროთ სიახლეების, ინტერნეტისა და სოციალური მედიისგან შორს;

 

ივარჯიშეთ, კარგად იკვებეთ და დალიეთ საკმარისი წყალი; შეძლებისდაგვარად, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში;

 

შეეცადეთ ერთმანეთისაგან გაარჩიოთ დაურწმუნებლობა და შფოთვა, როგორც კი ისინი ეცდებიან დაეუფლონ თქვენ აზრებს და ემოციებს; ამ დროს, ეცადეთ, რომ დამშვიდდეთ, არაფერი არ მოიმოქმედოთ და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოთ;

 

შეეცადეთ საკუთარი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ ის აზრები და გრძნობები, რომლებიც დაგეუფლათ, დროებითია, ხოლო  სიტუაციის თქვენეული შეფასება - სუბიექტურია. საკუთარ თავს უთხარით, რომ შფოთვა მალე გაივლის და არ დაუშვათ თქვენი არასასურველი ემოციური მდგომარეობის გაღრმავება;

 

ფოკუსირება მოახდინეთ მოცემულ მომენტზე, რადგან ახლა, ამ წუთში -  ყველაფერი კარგადაა!!!

 

კონცენტრირდით შეგრძნების ორგანოებზე - რას ხედავ, რა გესმის, რას გრძნობ და ა.შ. შემდეგ დააბრუნეთ თქვენი აზრები იქ, რასაც აკეთებდით იმ მომენტამდე, სანამ შფოთვა შემოგეპარებოდათ და გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი