logo_geo
უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს სანტა კლაუსის?
- +

23 დეკემბერი. 2020. 02:35

 

 

ალბათ, დამეთანხმებით, რომ წიგნების, ზღაპრების, ჯადოსნური გმირების გარეშე პატარების და არა მარტო პატარების ცხოვრება რუხი, ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა.

 

თითქმის ყველა ბავშვს სჯერა სანტა კლაუსის და თოვლის ბაბუის არსებობის. მშობლების ნაწილი თვლის, რომ ბავშვისთვის თოვლის ბაბუას რწმენა ნიშნავს, იწამოს სასწაულის, გაულამაზდეს და გაუფერადდეს ბავშვობის წლები. ბავშვები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის, მიდრეკილი არიან თანაგრძნობისა და ქველმოქმედებისკენ. ზოგიერთის მოსაზრებით კი ბავშვისთვის ტყუილის თქმა, რომ სანტა კლაუსი არსებობს, დიდი დანაშაულია. უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს სანტა კლაუსის არსებობის, ამის შესახებ მოზარდთა და ბავშვთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრება.

 

– უნდა სჯეროდეს ბავშვს ჯადოსნური სამყაროს არსებობა?

 

— უპრიანია კითხვა ასე დავსვათ — რატომ მოსწონთ ბავშვებს პიტერ პენი, კარლსონი, კონკია, ფერიები? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურია. მათთვის ჯადოსნური სამყარო რეალური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ბავშვებს უჭირთ განასხვავონ, გამიჯნონ რეალური და ჯადოსნური, გამოგონილი სამყარო. ხშირად გვინახავს ანიმაციური ფილმების ყურების შემდეგ ბავშვები მათთვის საყვარელი გმირის როლს როგორ ირგებენ, მათი ლექსიკით როგორ  საუბრობენ, ზუსტად იმავე ტანსაცმელს ითხოვენ. მაგალითად, იღებენ ფანქარს და მას ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ანიჭებენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია. ლოგიკური კითხვა იქნება თუ დაგვაინტერესებს, რატომ უნდა სჯეროდეთ ბავშვებს ჯადოსნური სამყაროსი. ეს აძლიერებს ფანტაზიის უნარს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებას.

 

– რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში სანტა კლაუსს, უნდა სჯეროდეთ თუ არა პატარებს მისი არსებობა?

 

— როგორც კი დეკემბერი დგება, ბავშვები მაშინვე იწყებენ წერილების წერას, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდნენ, ან არ იქცეოდნენ, მაგრამ იქნებ მაინც მიიღონ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ან სანტასგან. ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ კეთილ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობს ლაპლანდიაში, იცის მთელი მსოფლიოს ბავშვების სურვილები, ის ყველას სახლში საკვამურიდან აღწევს, უყვარს რძე და ორცხობილები, საჩუქრებს კი ნაძვის ხესთან ან ბალიშთან ტოვებს. ხშირად ბავშვები ამბობენ: მე კარგად მოვიქცევი, კარგად ვისწავლი, არ დამეზარება სკოლაში წასვლა და ასე შემდეგ, რადგან სანტას ეს აუცილებლად ეცოდინება და ზუსტად იმას მაჩუქებს, რაც მე მინდა. ფაქტია, რომ სანტა ძირითადად დადებით როლს ასრულებს. სასურველი ქცევის მისაღწევად მშობლები ხშირად უმეორებენ შვილებს, მაგალითად, თუ ყოველდღე კონკრეტულ საათზე დაიძინებს, ბეჯითად იმეცადინებს, სანტა ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ახალ წელს. 5 წლამდე ბავშვების 83% თვლის, რომ სანტა ან თოვლის ბაბუა არსებობს და ისინი ყოველ ახალ წელს ელოდებიან.

 

მშობლები ხშირად გრძნობენ თავს დამნაშავედ, რადგან თვლიან, რომ ბავშვებისთვის სანტა კლაუსის შესახებ ისტორიების მოყოლა არის ტყუილი. ტყუილი, რომელიც ბავშვს წყვეტს რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში აცხოვრებს. მშობლები, რომლებსაც ეს მოსაზრება აქვთ, ფიქრობენ, რომ ასეთი ტყუილის შემდეგ ბავშვები განიცდიან ძლიერ იმედგაცრუებას. ამ შეხედულებას განაპირობებს საკმაოდ მყარი არგუმენტები: ძლიერი ფრუსტრაცია, როდესაც ბავშვები იღებენ ინფორმაციას სხვა ბავშვებისგან არასწორი ფორმით და აცნობიერებენ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. ხშირად ის მშობლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სანტას ისტორიას და არ უყვებიან საკუთარ შვილებს, ამბობენ, რომ მათ ძლიერი იმედგაცრუება განიცადეს, როცა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ საჩუქრებს სანტა კი არა, მათი მშობლები ჩუქნიდნენ და მას შემდეგ დღესასწაული აღარ ყოფილა ისეთი ჯადოსნური, როგორც ადრე. ასევე ფიქრობენ, რომ სანტას შესახებ ტყუილი, შესაძლოა, გახდეს მშობლების მიმართ ბავშვების უნდობლობის საფუძველი.

 

არსებობს მოსაზრება, რომ სანტას მითი მშობლებისთვის უფრო არის, ვიდრე მათი შვილებისთვის. მშობლები სანტას როლის მორგებით ბრუნდებიან საკუთარ ბავშვობაში, საუკეთესო ადგილზე და დროში. ძირითადად ის მშობლები იზიარებენ სანტას მითს, რომელთაც ბავშვობაში სასიამოვნოდ ახსოვთ ეს ეტაპი და სიმართლეც მსუბუქად მიაწოდეს გარემოდან.

 

სანტა კლაუსის მითი ბავშვთა ქცევას განსაზღვრავს. ეს ერთგვარი მოტივატორია, მოიქცნენ კარგად და წლის ბოლოს მიიღონ ჯილდო. ხშირად ამბობენ, რომ სანტა არ არის ტყუილი, ეს არის წარმოსახვითი თამაში, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს.

 

– სამომავლო ცხოვრებაში რაში ეხმარება პატარებს ბავშვობაში განცდილი ბედნიერება?

 

— მშობლები, რომლებიც ბავშვობაში სიხარულით ხვდებოდნენ ახალ წელს, წერდნენ სურვილებს, ელოდებოდნენ სანტას და შემდეგ რეალობაც მსუბუქად მიიღეს გარემოდან, საკუთარ შვილებსაც სწორედ ისეთივე ჯადოსნურ სამყაროს სთავაზობენ. ბავშვობაში განცდილი ეს ბედნიერება ხელს უწყობს ემპათიურობას, დიდი შანსია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თვითონაც გახდეს შემდეგ სხვა ადამიანის სანტა და გაუჩნდეს სურვილი, გააბედნიეროს, იზრუნოს მასზე.

 

– სად არის ოქროს შუალედი? რას ურჩევდით მშობლებს, რა წაუკითხონ და მოუყვნენ ბავშვებს ყველაზე ხშირად?

 

— ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის მიუხედავად, რთულია ერთმნიშვნელოვნად განვსაზღვროთ, უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს სანტა კლაუსის.

 

გასათვალისწინებელია რა ფორმით უყვება მშობელი სანტას მითს, სურვილების დაწერის პროცესი როგორ მიმდინარეობს და ა.შ. რამდენიმე რჩევა მექნება მშობლებთან, პირველი — მშობლებმა რჩევა მისცენ საკუთარ შვილებს სანტას დაუწერონ ისეთი სურვილები, რომელთა ასრულებასაც თვითონ შეძლებენ. მაგალითად, თუ დაწერს ბავშვი ლეკვს ან მობილურ ტელეფონს და მშობელი ვერ შეძლებს ასრულებას, ამ შემთხვევაში ფრუსტრაცია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, როცა სხვა გარეშე პირი ეტყვის, რომ სანტა არ არსებობს. მეორე რჩევა, როდესაც უკვე თქვენს შვილებს შეეპარებათ ეჭვი სანტას არსებობაში, უთხარით, რომ არ არის აუცილებელი სანტა ლაპლანდიაში ცხოვრობდეს და საკვამურიდან ძვრებოდეს ჩვენ სახლში, ის შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი იყოს და სურდეს ჩვენი გაბედნიერება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი