logo_geo
ნინო მუმლაძე: პირადი ცხოვრებისთვის მოვიცალე, მაგრამ სახლში ჯდომით ვის გავიცნობ?
- +

31 დეკემბერი. 2020. 19:55

 

 

მსახიობი ნინო მუმლაძე დიდ გაურკვევლობაშია. არ იცის თეატრი ძველებური დატვირთვით როდის ამუშავდება და სპექტაკლებით როდის დაიტვირთება. როცა მიხვდა, რომ უძრაობის პერიოდი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, სხვა პროფესიების დაუფლება გადაწყვიტა და აღარ დააყოვნა. ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის ონლაინ კურსები უკვე გაიარა. ახლა ცდილობს ეს ცოდნა გამოიყენოს და დას ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოების გაყიდვაში დაეხმაროს, როგორ ეგუება სახლში ჯდომას ახალგაზრდა აქტიური მსახიობი, ამის შესახებ „სარკეს“ უამბობს:

 

– ნინო, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ახალ რეალობაში?

 

– ბოლო 15 წელი ამ დროს ისეთი გადატვირთული ვიყავი, რომ საკუთარი გვარ-სახელი მავიწყდებოდა, მოზარდმაყურებელთა თეატრში ახალი წელი ყოველთვის ყველაზე გადატვირთული იყო, დღეში სამ სპექტაკლს ვთამაშობდით. ახლა მხართეძოზე ვარ წამოწოლილი, სოციალურ ჯგუფში მსახიობები ერთმანეთს ხუმრობით ვწერთ „როდის გვაქვს შემდეგი სპექტაკლი?“ რას ვიზამთ, ყველაფერი გაჩერებულია, რაც ხელოვნების სფეროს უკავშირდება.

 

– ზაფხულში თეატრმა მაინც მოახერხა ღის ცისქვეშ რამდენიმე ღონისძიების გამართვა და თქვენც მონაწილეობდით, ეს ალბათ ერთგვარი ამოსუნთქვა იქნებოდა.

 

– კი გაიმართა ფესტივალი, სახელწოდებთი „ასი სკამი ღია ცის ქვეშ“, რომელშიც ყველა თეატრმა მიიღო მონაწილეობა, მსახიობებმა შევასრულეთ ნაწყვეტები ზღაპრებიდან, ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ შექსპირის პიესა „აურზაური არაფრის გამო“. ჩვენი თეატრის მხრიდან კიდევ იყო პატარ-პატარა აქტივობები ღია ცისქვეშ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ზოგადად ვაკეთებთ, თუმცა რა ღონისძიებებზეა საუბარი, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპება, ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში.

 

– რამე გზას ხომ არ მიაგენით ახალ გარემოსთან ადაპტაციის?

 

– ციფრული მარკეტინგის კურსები გავიარე ონლაინ სწავლებით, ასევე სოციალური მედიის კურსებიც, ასე ვთქვათ, ახალი პროფესიები შევიძინე.

 

– რა ტრადიციებია თქვენს ოჯახში დამკვიდრებული ამ დღესთან დაკავშირებით, უკვე მორთეთ ნაძვის ხე?

 

– დიდი ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს, რომელსაც ამ დღეებში დავდგამთ. გვაქვს უამრავი ძველი სათამაშო, რომლებიც ჯერ კიდევ დედაჩემის ბავშვობიდანაა შემორჩენილი. ძველ საახალწლო ატრიბუტებს ახალსაც ვამატებთ ხოლმე, ეს უცვლელი ტრადიციაა, ნაძვის ხე უკვე გადაიძეძგა და აღარ ვიცით, სად წავიღოთ ამდენი მოსართავი.

 

– ეს გატაცებაა თუ შემოსავლის წყაროც?

 

– ყიდის კიდეც, მაგრამ აი, ავშენდით-თქო, ვერ ვიტყვი, ამ საქმიანობას ძალიან ბევრმა მოჰკიდა ხელი და კონკურენტული გარემო შეიქმნა. ახლა მეც უნდა ჩავერთო და ჩემი ახალშეძენილი ცოდნა უნდა გამოიყენო, დას ხელი უნდა შევუწყო ნამუშევრების რეალიზაციაში.

 

– რომელი როლი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო თქვენთვის?

 

– თითოეული სხვადასხვა სპეციფიკის იყო და ეს ძალიან მახარებს, რადგან საშუალება მქონდა საკუთარი თავი განსხვავებულ ამპლუაში გამომეცადა. ნუნუკას როლი იმდენი წელი გრძელდებოდა, ალბათ ყველაზე მეტად გავითავისე. არტისტული თვალსაზრისით ჩცდ უფრო სხვა ფორმატი იყო და კარგი გამოწვევა, ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი შევქმენი, ვიდრე მანამდე მითამაშია.

 

– ჩცდ–ს გადაღებები თუ გაგრძელდა, თქვენ ისევ მიიღებთ მონაწილეობას?

 

– რაც „ჩცდ“ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადავიდა, მხოლოდ ერთხელ მომიწია თამაში.

 

– პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, ამ მხრივ, რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?

 

– სამწუხაროდ, არა. მეგობრები მეუბნებიან დროა ამ საკითხზე იფიქროო, აქამდე სულ ვამბობდი ასეთი ურთიერთობებისთვის არ მცალია-მეთქი, ახლა კი მოვიცალე, მაგრამ სახლში ჯდომით ვის გავიცნობ, არ ვიცი... (იცინის)

 

ხათუნა მაღრაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი